გარემოს დაცვა ბიზნესისთვის ხელსაყრელია

მე ნამდვილად შემიყვარდა საქართველო. აქ გატარებული წლების მანძილზე მე ძალიან ბევრი ქართველი გავიცანი, რომლებიც თავიანთი მშვენიერი ქვეყნის მიმართ სიყვარულს გამოხატავდნენ.

მაგრამ, როდესაც საქმე გარემოს ეხება, ბევრი ქართველი ისე იქცევა, თითქოს ხვალინდელი დღე აღარასოდეს დადგება. რატომ?

მე ვიტყოდი, მოვიდა დრო, გარემოზე სერიოზულად ვიფიქროთ არა მხოლოდ რამდენიმე „გარემოს დამცველმა“, არამედ ყველამ. ვინაიდან ჩვენ ყოველთვის ზემოქმედებას ვახდენთ გარემოზე, თითოეული ადამიანი ვალდებულია, შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთოს მის დასაცავად.

ამის გასაკეთებლად ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს. ჩამოგითვლით რამდენიმეს: საქართველო უფრო ლამაზი იქნება ხეებზე ჩამოკიდებული პოლიეთილენის პარკების გარეშე. ადამიანები უფრო ჯანმრთელები იქნებიან და უფრო კარგად იგრძნობენ თავს, თუ ნაგავში არ გადაყრიან ელემენტებს, ძველ წამლებს, არ გადააქცევენ სინჯარებიდან ქიმიურ ნივთიერებებს. საშუალოვადიან პერსპექტივაში, ასეთ ჯანსაღ, მშვენიერ ქვეყანაში და არა დაბინძურებულ ადგილას, ტურისტებს ჩამოსვლა და დასვენება კიდევ მოუნდებათ.

რაც შეეხება ბიზნესს, როდესაც საქმე გარემოს დაცვის საკითხებს ეხება, მისი წარმოებისთვის გარკვეული უპირატესობები არსებობს. პირველი: შეგიძლიათ ფულის დაზოგვა. გარემოს დაცვა, პირველ რიგში არის რესურსების შენარჩუნება. თუ თქვენს კომპანიას უფრო გონივრულად დაგეგმავთ, ის ნაკლებ ენერგიას გამოიყენებს, ნაკლებ წყალს, ნაკლებ ნედლეულსა და ნაკლებ საწვავს ტრანსპორტისთვის; თუ თქვენ ორივე მხრიდან დაბეჭდილ ფურცლებს გადაამუშავებთ, ლოგისტიკას უკეთესად დაგეგმავთ და ა.შ. – თქვენ ფულს დაზოგავთ. როდესაც საქმე გარემოსდაცვით აზროვნებას ეხება, წამყვან და რიგით კომპანიებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება წარმოიქმნება. რიგითი კომპანიები ხშირად იმ მოსაზრებას ეყრდნობიან, რომ „გარემოს დაცვა ხარჯიანია“. ამით იქნებ უბრალოდ ამტკიცებენ, რომ ეს ძალიან ძვირია? პირიქით, ეს უფრო ნაკლები ხარჯებით მეტის გაკეთებას ნიშნავს. ეს ფულს ზოგავს.

მე ვიცი, რომ გარემოსდაცვით მოთხოვნებს საქართველოში ჯერჯერობით სათანადო ადგილი არ უკავია, მაგრამ მიუხედავად ამისა, არსებობს რამდენიმე მიზეზი მათი შესრულებისა, ვინაიდან ისინი თქვენს ბიზნესს სამომავლოდ თავისი ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარებიან. როდესაც ნავთობის, წყლის ან ელექტროენერგიის ფასები იზრდება, კომპანიას, რომელიც რესურსებს უფრო ეფექტურად იყენებს, საგრძნობლად მეტი უპირატესობა ექნება. სხვებისთვის ეს შეიძლება ბიზნესის დაკარგვას ნიშნავდეს.

კიდევ ერთი არგუმენტი ეკოლოგიური აზროვნების მხარდასაჭერად – თქვენი ბრენდის გამყარებაა. დღესდღეობით კორპორაციების სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა საერთაშორისო ნდობის გაღრმავების წინაპირობაა. ექსპორტზე დამყარებული ეკონომიკის დროს, მაგალითად, შვედეთში, რომელსაც შედარებით მცირე შიდა ბაზარი გააჩნია, ისევე, როგორც საქართველოს, კომპანიებს ზრდისთვის, საერთაშორისო ბაზრებზე ერთმანეთთან კონკურირება სჭირდებათ. საწარმოებმა მდგრადი განვითარების საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად უნდა იმოქმედონ და იდეალურ შემთხვევაში, ამ სტანდარტებს გადაამეტონ. დღეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი კომპანიის ამბიცია არ უკავშირდება საერთაშორისო ბაზრებზე გასვლას, თქვენ უკვე მაინც შეგიძლიათ შექმნათ, ივაჭროთ ან იყოთ მიმწოდებელთა უფრო მსხვილი ჯაჭვის ნაწილი და, შესაბამისად, იმ სტანდარტებთან გქონდეთ შეხება. გარდა ამისა, მდგრადი ბიზნესი პროგრესულად მდგრადი საქართველოს იმიჯს ხელს უწყობს. ეს კომერციული არგუმენტია.

მე ვიტყოდი, რომ ბიზნესს საუკეთესო შესაძლებლობა აქვს, გაუძღვეს საქართველოს გზას 21-ე საუკუნეში, როდესაც საქმე გარემოს მიმართ დამოკიდებულებასა და ქცევას ეხება. თუ თქვენ თქვენი ქვეყნის წინა პლანზე ნახვა გსურთ, მიიყვანეთ ის იქ! ყოველ ნაბიჯს მნიშვნელობა აქვს. ყოველი გამოუყენებელი პლასტმასის ბოთლი, ყოველი გაუვლელი კილომეტრი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის ყოველი ბოთლი, წყლის ყოველი დაზოგილი ლიტრი, სამუშაო საათების შემდეგ გამორთული ყოველი ნათურა: ყველა ეს პატარა ნაბიჯი ერთად გარემოს არა მხოლოდ გააუმჯობესებს – დამოკიდებულებასაც შეცვლის და ამგვარად გრძელვადიან, მდგრად განვითარებას ხელს შეუწყობს.

დიანა იანსე გახლავთ შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში. იმისთვის, რომ გაიგოთ უფრო მეტი, თუ რას აკეთებს შვედეთი საქართველოში, დაამატეთ ტვიტერზე Embassy @SwedeninGE-ს ან ესტუმრეთ საელჩოს საიტს: www.sida.se/English/Countries-and-regions/Europe/Georgia-/Our-work-in-Georgia/

წინა სტატია

მწვანე მონსტრი
23 ივნისი, 2014

შემდეგი სტატია

ინტერნეტკომერცია. სასურველი ნივთის ძიებაში
24 ივნისი, 2014
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
მისი აღმატებულება BENTLEY
კომპანიები | ივნ, 12, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა