დემოკრატიის ინდექსის მიხედვით საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყანაა

დემოკრატიის ინდექსის მიხედვით საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყანაა

დემოკრატიის რეიტინგს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Economist-ი აქვეყნებს. დემოკრატიის დონე საარჩევნო პროცესის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკაში მონაწილეობისა და პოლიტიკური კულტურის მიხედვით არის განსაზღვრული. რეიტინგში 2016 წელს საქართველო 82-ე ადგილზე იყო, 2017 წელს კი 79-ე ადგილზე (167 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა. 5.93 ქულით საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება.

The Economist ჰიბრიდულ რეჟიმს შემდეგნაირად განმარტავს: არჩევნები ტარდება ხარვეზებით, ხშირად არჩევნები არ არის თავისუფალი და სამართლიანი, ადგილი აქვს ოპოზიციურ პარტიებზე და კანდიდატებზე მთავრობის ზეწოლას, სერიოზული სისუსტეებია პოლიტიკურ კულტურაში, მთავრობის მუშაობაში, ადგილი აქვს კორუფციას და სუსტია კანონის უზენაესობა, სამოქალაქო საზოგადოება სუსტია, ზეწოლაა ჟურნალისტებზე და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი.

საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა – 4.29 მთავრობის ფუნქციონირებაში აქვს, ყველაზე მაღალი – 8.67 ქულა კი საარჩევნო პროცესსა და პლურალიზმში.

რეიტინგში პირველ ადგილს 9.87 ქულით ნორვეგია იკავებს, შემდეგ მოდის ისლანდია და შვედეთი. ბოლო, 167-ე ადგილზე ჩრდილოეთ კორეაა 1.08 ქულით. რუსეთი 135-ე ადგილზეა, რუანდასა (134-ე ადგილი) და ზიმბაბვეს (136-ე ადგილი) შორის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *