უნდა ვისწავლოთ

“ანაბანაა” ის ფაქტი, რომ ზოგადად პროცესის დასრულება არ ხდება, უფრო კონკრეტულად - მიღებული უკუკავშირი, პროცესის შემდგომი შეფასება და განვითარება, სუსტი მხარის გაუმჯობესება და ძლიერი მხარის შენარჩუნება ჩვენთან ძალიან დიდი იშვიათობაა, რაც წარუმატებლობის საფუძველია. კიდევ უფრო კონკრეტულად, გვიჭირს მიღებული გადაწყვეტილების ანალიზი, განხორციელებული პროექტების შეფასება და ნასწავლი “გაკვეთილების” გათვალისწინება. 

ხშირად ასე ხდება განათლების სისტემაშიც, რასაც, სამწუხაროდ, სტატისტიკაც ადასტურებს. ჩვენი ქვეყნის განათლების ხარისხი, მათ შორის საუნივერსიტეტო, ბევრად ჩამორჩება ევროკავშირის ქვეყნებისა და დასავლეთის საშუალო განათლების მაჩვენებლებს. ამიტომაც ისმის კითხვა, რატომ ხდება ეს ყველაფერი? რატომ არ შეიძლება, რომ ქართული განათლებაც იკავებდეს წამყვან პოზიციებს?

მიზეზი, ბუნებრივია, ბევრია და კომპლექსური, თუმცა გამოვყოფ რამდენიმეს: 

სათანადო ყურადღება არ ექცევა წინა პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებს, რეფორმებს, ცვლილებებს. კერძოდ, არ ხდება სისტემური და სრულყოფილი ანალიზი იმისა, თუ რა იყო სწორი და რა - არასწორი, რა გაკეთდა ისეთი, რაც გააუმჯობესებდა ხარისხს და პირიქით. პრაქტიკულად არ არის ლოგიკური ბმა იმ რეფორმებსა და ცვლილებებს შორის, რაც დაიწყო გუშინ, გუშინწინ და ინიციირებულია დღეს ან დაგეგმილია სამომავლოდ. 

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ცვლილებების სურვილი ყოველთვის იყო დაანონსებული და მეტ-ნაკლებად განხორციელებული, ეს ცვლილებები ან არ იყო თანამიმდევრული, ან არ ინერგებოდა პრაქტიკაში, სხვაგვარად რომ ვთქვათ, დიდი იყო და არის ნაპრალი გაცხადებულ და რეალურ მიზნებს, ქმედებებს შორის.

 მეტი კონკრეტიკისთვის, მინდა, კიდევ უფრო სიღრმისეულად და დეტალურად ვისაუბრო უმაღლეს განათლებაზე. მიზნის გამოცნობა მარტივია, ამაზე ყველა თანხმდება, - ეს არის განათლების ხარისხის გაუმჯობესება. ისმის კითხვა, თუ როგორ უნდა მოხდეს ყოველივე ეს? პასუხი მრავალფეროვანია და, შესაბამისად, კომპლექსური. მაგალითისათვის მინდა, ყურადღება გავამახვილო ფაქტორზე, რომელსაც კონკურენცია ჰქვია. ლოგიკურია, რომ უნდა გაიზარდოს კონკურენცია განათლების სერვისის მიმწოდებლებს (მაგ., უმაღლესი საგანმანათლებლო უნივერსიტეტები, სკოლები და ა.შ.) შორის. შემდეგი კითხვა: როგორ უნდა მოხდეს კონკურენციის გაზრდა? ჩემი მოსაზრებით, სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე არა რომელიმე კონკრეტული მიმართულებით ან მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტების საშუალებით, არამედ ყველა უნივერსიტეტის, სკოლის და ა.შ. საშუალებით. კონკურენტული გარემო უნდა იყოს საერთო, რომ საბოლოოდ სტუდენტმა, მოსწავლემ საკუთარ თავზე გამოსცადოს ხარისხიანი განათლების სარგებელი.

განვიხილოთ ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი. თუ პროგრამული დაფინანსება (სახელმწიფოს მიერ შერჩეული პროგრამები, რომლებიც ხორციელდება მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში) ერთ აბიტურიენტზე წელიწადში შეადგენს 2,250 ლარს და ბენეფიციართა რაოდენობა არის დაახლოებით 10 ათასი აბიტურიენტი, სქემა შესაძლებელია გადაკეთდეს შემდეგნაირად, რაც ლოგიკურია, რომ გაზრდის კონკურენციას და შეთავაზებული განათლების ხარისხს: შემცირდეს ბენეფიციართა რაოდენობა და გაიზარდოს ერთი აბიტურიენტისთვის გამოყოფილი დაფინანსების მოცულობა. ასევე აუცილებელია, დაფინანსება შეთავაზებული იყოს თავისუფალი არჩევანის რეჟიმში და არა კონკრეტული უმაღლესი სასწავლებლის კატეგორიის მიხედვით. დაფინანსების “მფლობელი” სტუდენტი თავად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას, თუ სად მიიღოს მისთვის სასურველი განათლება. 

დასავლეთის ქვეყნების მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ასევე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ამაღლდეს პროფესიული განათლების კუთხით ცნობადობა და ინტერესი, რაც ხელს შეუწყობს აბიტურიენტებს, არჩევანი შეაჩერონ სხვადასხვა პროფესიული უნარის განვითარებაზე, გაიზარდოს დასაქმების მაჩვენებელი და ა.შ.

კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა კონკურენციის საკითხს. 

კონკურენცია არის განათლების ხარისხის გაზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი - კონკურენცია ფართო გაგებით. 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: რა არის ძირითადი განსხვავება წამყვანი ქვეყნების განათლების ხარისხსა და ჩვენი ქვეყნის განათლების ხარისხს შორის? ეს არის მიდგომა, დამოკიდებულება, რომელიც არის გახსნილი, იღებს ცვლილებებს, არასტანდარტულ მიდგომებს, თავისუფლებას, ექსპერიმენტს, რაც, თავის მხრივ, აყალიბებს შემოქმედებით და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს. მე ვიტყოდი, რომ ჩვენი განათლების სისტემა დღეს უფრო ჩაკეტილობასა და დოგმატურ მიდგომებზეა ორიენტირებული, ვიდრე თავისუფლებაზე, გახსნილობასა და ინოვაციურობაზე. სასურველი იქნებოდა, რომ ჩვენი განათლების სისტემაც ზემოაღნიშნულ გზას დაადგეს, თუმცა ეს ნამდვილად არ გულისხმობს იმას, რომ რეგულაციები არ არსებობდეს, უნდა არსებობდეს - გონიერი, ჯანსაღი ფორმითა და დოზით. 

საერთო სისტემურ პრობლემებზე რომ ვისაუბროთ, კვლავ აქტუალური რჩება ქვეყანაში რეგულაციები და განათლების მენეჯმენტის არასათანადო დონე, რომლის პრობლემაც აშკარაა.

დაბოლოს, განათლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, არ არის საკმარისი ცალკე აღებული შესანიშნავი მიზანი, ან ვადები, პასუხისმგებელი რგოლი, პიროვნება და გამოყოფილი რესურსები... 

“ანაბანაა” ის ფაქტი, რომ პასუხი უნდა გვქონდეს მინიმუმ შემდეგ კითხვებზე:

რა?

როდის?

ვინ?

რამდენი?

როგორ შევაფასოთ?

და ა.შ

განათლება განათლების ხარისხი განათლება საქართველოში

წინა სტატია

სს “ნენსკრა ჰიდრომ” სვანეთში სკოლებსა და საბავშვო ბაღებს აღჭურვილობა გადასცა
06 თებერვალი, 2018

შემდეგი სტატია

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები - TOP 20
07 თებერვალი, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა