მსოფლიო რიცხვებში

ჩვენ თავი მოვუყარეთ საკვანძო ეკონომიკურ მაჩვენებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის შესახებ, რათა მსოფლიოს წამყვანი მკვლევარი ორგანიზაციებისა და ანალიტიკოსების პროგნოზებზე დაყრდნობით, მოკლედ მოგითხროთ ამ ქვეყნების მიმდინარე მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ.

ევროპა

ავსტრია

ეკონომიკური ზრდა: 2.0%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $49,723 (PPP $55,380)

ინფლაცია: 1.8%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -0.8

მოსახლეობა: 8,6 მილიონი

2017 წელს პოლიტიკური სიტუაცია ავსტრიაში მნიშვნელოვნად შეიცვალა, ვინაიდან არჩევნების შემდეგ მთავრობა ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ” ჩამოაყალიბა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი სებასტიან კურცმა დაიკავა, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა. მიმდინარე წელს ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არ არის და სავარაუდოდ ისეთივე იქნება, როგორიც 2017 წელს.

ბელგია

ეკონომიკური ზრდა: 1.6%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $45,063 (PPP $49,210)

ინფლაცია: 1.7%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -1.9

მოსახლეობა: 11.5 მილიონი

ეკონომიკური რეფორმის გატარება ბელგიის კოალიციური მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. მოსალოდნელია სხვადასხვა საკითხზე უთანხმოება და დაპირისპირება, რამაც შესაძლოა ეკონომიკურ გარემოებებზეც მოახდინოს ზეგავლენა. ყველაზე დიდი დაპირისპირების საგანი ქვეყნის ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკაა, რაზეც სამთავრობო კოალიციაში შემავალი ოთხი პარტია ამ დრომდე თანხმდება.

ბულგარეთი

ეკონომიკური ზრდა: 3.3 %

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $8,723 (PPP $21,620)

ინფლაცია: 2.0%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -0.6

მოსახლეობა: 7 მილიონი

ქვეყნის ახალმა ხელისუფლებამ  ნაწილობრივ მოაგვარა ის პრობლემები, რაც წინა მთავრობის გადადგომის შემდეგ წარმოიშვა. აღნიშნული პროცესების გარდა, წელს მნიშვნელოვანი ევროკავშირის მხრიდან გაზრდილი ფულადი დახმარება იქნება, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოემსახურება, რაც ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

ხორვატია

ეკონომიკური ზრდა: 2.6%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $14,152 (PPP $26,620)

ინფლაცია: 2.0%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -1.6

მოსახლეობა: 4,2 მილიონი

ხორვატიას კოალიციური მთავრობა მართავს, სადაც დომინანტური პოზიცია კონსერვატორებს უჭირავთ. სავარაუდოდ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი რიგგარეშე არჩევნებს გამართავს, რათა მისმა პარტიამ მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაიმყაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკური რეფორმის ჩავარდნის ალბათობა მაღალია. თუკი რიგგარეშე არჩევნებში პრემიერ-მინისტრის კონსერვატორული პარტია გაიმარჯვებს, სავარაუდოა, რომ ახალი მთავრობა საჯარო ხარჯების შემცირებას შეეცდება.

ჩეხეთი

ეკონომიკური ზრდა: 2.9%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $22,031 (PPP $39,060)

ინფლაცია: 2.0%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -0.3

მოსახლეობა: 10.6 მილიონი

მილიარდერი ბიზნესმენის, ანდრეი ბაბიშის ანტიისტებლიშმენტური პარტიის გამარჯვების შემდეგ, ბევრი შიში და მერყევი პროგნოზები გაჩნდა გასულ წელს ჩეხეთის შესახებ. ბევრი პარალელს დონალდ ტრამპთანაც ავლებდა. თუმცა, მიუხედავად გაურკვევლობისა, გასული პერიოდის ტენდენციებმა დაგვანახა, რომ ბაბიში პოპულიზმიდან ცენტრისკენ გადაიხარა და მისი მთავრობა  პრობიზნესური აჯენდით მოქმედებს. სავარაუდოა, რომ ჩეხეთში წელს კორუფციასთან ბრძოლა და საჯარო სექტორის რეფორმირება იქნება მთავარი მოვლენა, საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილებასთან ერთად. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდაც უფრო სტაბილური გახდება.

დანია

ეკონომიკური ზრდა: 1.7%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $59,399 (PPP $53,400)

ინფლაცია: 1.7%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -0.4

მოსახლეობა: 5,6 მილიონი

შუახანს გადაცილებული მოსახლეობის სტიმულირება და მათი აქტიურ სამუშაო ძალად დარჩენა, დანიის პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი მთავარი ინიციატივაა მიმდინარე წლისთვის. ამ გზით   მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის ხელშეწყობას გეგმავს, თუმცა სავარაუდოდ,   ეს პროგრესი საკმაოდ ნელი იქნება.

ესტონეთი

ეკონომიკური ზრდა: 3.5%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $19,791 (PPP $33,300)

ინფლაცია: 3.0%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -0.4

მოსახლეობა: 1.3 მილიონი

საგადასახადო სისტემის გამარტივება, პრივატიზაცია და სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების გაზრდა - ეს სამი მიმართულება იქნება 2018 წელს ესტონეთის მთავრობის მთავარი სამოქმედო გეგმა. პოლიტიკურ ნაწილში მთავარი გამოწვევა პროდასავლურ კურსთან ერთად, რუსეთთან ურთიერთობების სტაბილიზაცია იქნება. 

ფინეთი

ეკონომიკური ზრდა: 1.7%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $48,875 (PPP $46,,460)

ინფლაცია: 1.2%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -1.3

მოსახლეობა: 5.5 მილიონი

მმართველი კოალიციიდან გამოსვლის შემდეგ სავარაუდოა, რომ ფინეთის ულტრამემარჯვენე პარტია გააძლიერებს მთავრობაზე ზეწოლას ოპოზიციიდან და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მოლაპარაკებებს ჩააგდებს. ამ კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონული მთავრობისა და ჯანდაცვის სისტემის მიმართულებით განსახორციელებელი ნაბიჯებია, რომლებიც, სავარაუდოდ, ამ განხეთქილებას შეეწირება. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდა მცირედით შემცირდება.

საფრანგეთი

ეკონომიკური ზრდა: 1.7%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $40,758 (PPP $45,860)

ინფლაცია: 1.3%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -2.9

მოსახლეობა: 65.2 მილიონი

შრომითი რეგულაციების შემსუბუქება, საგადასახადო სისტემისა და სოციალური პოლიტიკის რეფორმირება მაკრონის მთავრობის მთავარი საზრუნავი იქნება. აღნიშნული პოლიტიკის გატარებაში მას ხელს უწყობს პარლამენტში მისი პარტიის კომფორტულ და დომინანტურ  მდგომარეობაში ყოფნა. აღნიშნული პოლიტიკიდან სრული სარგებლის მიღებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება, თუმცა ეკონომიკის გამოცოცხლება მიმდინარე წელსვე გახდება თვალსაჩინო. სავარაუდოა, რომ ოპოზიცია ძირითადად ქუჩიდან და სავაჭრო კავშირებიდან შეეცდება წინააღმდეგობის გაწევას.

გერმანია

ეკონომიკური ზრდა: 1.8%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $47,022 (PPP $52,670)

ინფლაცია: 1.5%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): 0.6

მოსახლეობა: 82.8 მილიონი

ანგელა მერკელს კანცლერობის მეოთხე ვადაში საერთოს გამონახვა ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე ძალებთან მოუწევს, რათა მთავრობამ ფუნქციონირება შეძლოს. მისი ერთ-ერთი მთავარი დილემა მემარჯვენე პოპულიზმთან გამკლავება იქნება, რომლის განსახიერებაც პარლამენტში პარტია“ალტერნატივა გერმანიისთვის” იქნება. საგარეო ფრონტზე ძირითად გამოწვევად რუსეთი და ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის პროცედურა დარჩება.

საბერძნეთი

ეკონომიკური ზრდა: 1.8%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $18,736 (PPP $27,600)

ინფლაცია: 1.0%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -1.2

მოსახლეობა: 11 მილიონი

2018 წელს საბერძნეთში მთავრობის შეცვლის ალბათობა ძალიან მაღალია, ვინაიდან ულტრამემარცხენე„სირიზას” და „დამოუკიდებელი ნაციონალისტების” კოალიციის უმრავლესობა მხოლოდ სამი დეპუტატითაა გამყარებული. საბერძნეთის  ევროზონიდან გასვლა უახლოეს მომავალში შესაძლწებელია, თუმცა მიმდინარე წელს ამის ალბათობა დაბალია.

უნგრეთი

ეკონომიკური ზრდა: 3.4%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $15, 668 (PPP $30,140)

ინფლაცია: 2.9%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -2.7

მოსახლეობა: 9.7 მილიონი

უნგრეთთან დაკავშირებული პრობლემები წელსაც დღის წესრიგში დარჩება. ავტორიტარიზმისკენ გადახრილი ორბანის მთავრობის პირობებში, ცენტრალური ბანკისა და საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობა კვლავ ეჭვქვეშ დადგება. მთავრობის მიერ შემუშავებული პოლიტიკის საფუძველზე,  გასული პერიოდის მსგავსად, ეკონომიკური ზრდა კვლავ გაგრძელდება.

ირლანდია

ეკონომიკური ზრდა: 3.0%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $72,975 (PPP $79,340)

ინფლაცია: 0.3%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -0.7

მოსახლეობა: 4.8 მილიონი

ირლანდიის ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს ზომიერი იქნება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში უფრო მაღალი, ვიდრე ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი. პოლიტიკური არასტაბილურობისა და მთავრობის შესაძლო ცვლილების გარდა, 2018 წელს ერთ-ერთი მთავარი საკითხი რეფერენდუმი იქნება, რომელიც აბორტის ლეგალიზებას შეეხება. შესაძლებელია, რომ სიტუაცია რომის პაპის ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდეს.

იტალია

ეკონომიკური ზრდა: 1.0 %

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $34,074  (PPP $41,590)

ინფლაცია: 0.9%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -2.1

მოსახლეობა: 59.3 მილიონი

იტალიას კიდევ ერთი ახალი არჩევნები ელის, რაც წლის მთავარი მოვლენა იქნება. სავარაუდოა, რომ მოსახლეობის გულს ერთპიროვნულად ვერავინ მოიგებს და კოალიცია გარდაუვალი იქნება. კვლავ ყურადღების ცენტრში დარჩება 81 წლის სილვიო ბერლუსკონი, რომელიც პროცესებში მონაწილეობისთვის აქტიურად ემზადება და სავარაუდოა, რომ შემდეგი მთავრობის ფორმირებაშიც საკუთარი როლი ექნება.

ლატვია

ეკონომიკური ზრდა: 2.8%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $16,129 (PPP $21,120)

ინფლაცია: 3.0%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -1.9

მოსახლეობა: 1.9 მილიონი

ლატვიის პოლიტიკაში წლის მთავარი მოვლენა ოქტომბერში გასამართი საპარლამენტო არჩევნები იქნება, რომელიც  სავარაუდოდ მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის შექმნით დასრულდება. ხელისუფლების პრობლემა კი კვლავინდებურად მოსახლეობის ეკონომიკური უთანასწორობა და გადაბერება დარჩება, რაც მომდევნო წლებშიც იჩენს თავს.

ლიტვა

ეკონომიკური ზრდა: 1.8%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $18,736 (PPP $27,600)

ინფლაცია: 1.0%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -1.2

მოსახლეობა: 2.8 მილიონი

ლიტვის მთავრობის მთავარი საზრუნავი ენერგოუსაფრთხოების გამტკიცება და ამ კუთხით, ქვეყნის როლის გაზრდა იქნება. ეკონომიკა ძირითადად შიდა ხარჯვებისა და ინვესტიციების ნიადაგზე განიცდის პროგრესს. მძვინვარე ალკოჰოლიზმთან ბრძოლა კიდევ ერთი საზრუნავია, რაზეც მთავრობა ენერგიის დახარჯვას გეგმავს.

ნიდერლანდები

ეკონომიკური ზრდა: 2.3%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $ 50,736 (PPP $55,800)

ინფლაცია: 1.4%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ):  0.4

მოსახლეობა: 17.2 მილიონი

2017 წლის ბოლოს დასრულდა ქვეყნის ყველაზე გრძელი პოსტსაარჩევნო  მოლაპარაკებები მთავრობის ჩამოყალიბებაზე, რომელიც საბოლოოდ ოთხი პარტიის თანამშრომლობით შედგა. პოლიტიკურ ნაწილში მიღწეული სტაბილურობის პარალელურად, კარგი მდგომარეობაა ეკონომიკაშიც. ევროკავშირის სტანდარტებით,  ქვეყნის მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი ძალიან კარგი ექნება.

ნორვეგია

ეკონომიკური ზრდა: 1.8%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $79,848 (PPP $62,600)

ინფლაცია: 1.8%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): 3.8

მოსახლეობა: 5.4 მილიონი

მიმდინარე წელს ნორვეგიის მთავრობა შეეცდება ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის გამოყენებით ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას ისეთ სექტორებში, რომლებიც ნავთობის ინდუსტრიასთან კავშირში არაა. აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ ნავთობის ინდუსტრიის ზრდა შენელდა. პოლიტიკურ ნაწილში რაიმე არასტანდარტული შემთხვევების მოლოდინი ნაკლებია, ვინაიდან 2017 წელს არჩეულ მთავრობას შემდეგი ოთხი წლის პერიოდში არაფერი ემუქრება.

პოლონეთი

ეკონომიკური ზრდა: 3.4%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $14,768 (PPP $30,840)

ინფლაცია: 2.2%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -2.6

მოსახლეობა: 38.3 მილიონი

ეკონომიკური ზრდა და უმუშევრობის კლება პოლონეთში დღეისთვის ყველაზე მცირე პრობლემაა და ამ მხრივ ქვეყანა ევროპის კონტინენტზე ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. პრობლემები თავს დემოკრატიის, ოპოზიციისა და მედიასთან მიმართებით იჩენს თავს, რაც ბოლო დროს ქვეყნის მთავრობასა და ევროკავშირს შორის განხეთქილების მიზეზი გახდა. სავარაუდოა, რომ აღნიშნული დაპირისპირება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება და რეალური ცვლილებები ნაკლებადაა მოსალოდნელი.

პორტუგალია

ეკონომიკური ზრდა: 1.7%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $22,506 (PPP $33,340)

ინფლაცია: 1.3%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -1.6

მოსახლეობა: 10.3 მილიონი

ბოლო პერიოდში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით, მთავრობის პოზიციები ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა 2019 წლამდე (სამთავრობო ციკლის დასრულებამდე) კვლავ შესაძლებელია. ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელს „მორიდებული” მაჩვენებლით იქნება.

რუსეთი

ეკონომიკური ზრდა: 1.5%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $10.719 (PPP $24,740)

ინფლაცია: 4.0%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -1.3

მოსახლეობა: 147 მილიონი

რუსეთის მთავრობის მთავარი გამოწვევა ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა იქნება, ისეთ დამაბრკოლებელ მდგომარეობაში, როგორიცაა დასავლეთის მხრიდან არსებული  სანქციები და ნავთობის სექტორის შესუსტება. პოლიტიკურ ნაწილში თითქმის ყველაფერი უცვლელადაა - ვლადიმირ პუტინი მეოთხე საპრეზიდენტო ვადისთვის ემზადება, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკული ხმა კი თითქმის არ ისმის. არჩევნებში მოსახლეობის აქტიური მონაწილეობა და პუტინის დიდი ანგარიშით გამარჯვება მნიშვნელოვანია, რათა ლეგიტიმაციის მაღალ მაჩვენებელზე აქცენტები სამომავლოდაც გაგრძელდეს.

*** მიმდინარე წელს რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება ფეხბურთში, რაც ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ მოვლენას წარმოადგენს.

სლოვაკეთი

ეკონომიკური ზრდა: 3.5%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $17,391 (PPP $33,970)

ინფლაცია: 1.7%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -1,4

მოსახლეობა: 5.5 მილიონი

სამუშაო ადგილებისა და ხელფასის რაოდენობის ზრდა სლოვაკეთის ეკონომიკურ ზრდას ბოლო სამი წლის ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე აიყვანს. სავარაუდოა, რომ გაიზრდება სლოვაკეთში ნაწარმოები მანქანების ექსპორტი და ინფრასტრუქტურის მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების რაოდენობა. მიმდინარე წლის მთავარი გამოწვევა ადმინისტრაციული რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლა იქნება.

სლოვენია

ეკონომიკური ზრდა: 3.1%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $23,260 (PPP $37,200)

ინფლაცია: 1,5%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -1.5

მოსახლეობა: 2.1 მილიონი

ხელისუფლების მთავარი დაპირება ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებაა, რის განხორციელებაც სამთავრობო კოალიციის დაშლის რისკებს საგრძნობლად ზრდის. მომდევნო არჩევნები ივლისში გაიმართება, თუმცა  ერთპიროვნული გამარჯვების პროგნოზირება ძნელია. მიმდინარე წელს სწორედ ეს ორი საკითხი იქნება ყურადღების ცენტრში.

ესპანეთი

ეკონომიკური ზრდა: 2.8%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $30,688 (PPP $40,120)

ინფლაცია: 1,0%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -2,4

მოსახლეობა: 46.4 მილიონი

ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ მიმართული ტენდენციების მიუხედავად, ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა კვლავ მერყევი რჩება. პრემიერ  მარიანო რახოის მთავრობა, რომელსაც ვადა 2020 წელს ეწურება, დიდი ალბათობით ვადის ამოწურვამდე დაიშლება, რისი მიზეზიც შესაძლოა მიმდინარე წლის ბიუჯეტზე მისაღწევი შეთანხმება გახდეს. სამომავლო ეკონომიკური რეფორმების განხორციელება მანამდე არ მოხდება, სანამ ქვეყანას ძლიერი და მაღალი ლეგიტიმაციის მქონე მთავრობა არ ჩაუდგება სათავეში.

შვედეთი

ეკონომიკური ზრდა: 2.4%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $56,628 (PPP $33,340)

ინფლაცია: 1.8%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): 0.9

მოსახლეობა: 10.3 მილიონი

მემარცხენე-ცენტრისტული კოალიციისგან შემდგარ მთავრობას ვადის ამოწურვამდე სულ რამდენიმე თვე დარჩა. სექტემბერში გასამართი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობას, სავარაუდოდ, მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია დააკომპლექტებს. . მანამდე კი მოქმედი მთავრობა აქცენტს ჯანდაცვასა და განათლების სისტემაში უფრო მეტი ფულის ინვესტირებაზე გააკეთებს.

შვეიცარია

ეკონომიკური ზრდა: 1.4%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $84,599 (PPP $66,780)

ინფლაცია: 0,6%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): 0.2

მოსახლეობა: 8.5 მილიონი

შვეიცარიის მთავრობის მთავარი საზრუნავი ევროკავშირთან ურთიერთობის ჰარმონიზაციაა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ანტისაიმიგრაციო და ულტრამემარჯვენე პარტიებისთვის ხელშემწყობი განწყობები იზრდება. ქვეყნის აღმასრულებელ ორგანოში მყოფი„შვეიცარიის სახალხო პარტიის” წარმომადგენლები მაქსიმალურად შეეცდებიან საკუთარი ინიციატივის გატანას და ანტისაიმიგრაციო საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნას.

თურქეთი

ეკონომიკური ზრდა: 4.1%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $10,745 (PPP $26,720)

ინფლაცია: 8.0%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -2,3

მოსახლეობა: 81.9 მილიონი

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ ხელისუფლებაში რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და მისი გუნდი მძლავრადაა წარმოდგენილი. პუტჩის ჩახშობისა და რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ კრიტიკული მედიის გაჩუმებისა და პროქურთულ ოპოზიციასთან დაძაბულობის ჩახშობის დრო დადგა. პოლიტიკური გარემოებებით გამოწვეული ფაქტორების მიუხედავად, თურქეთის ეკონომიკა კვლავ სწრაფად გაიზრდება და ინვესტიციების შემცირება მასზე დიდ ზეგავლენას ვერ მოახდენს.

უკრაინა

ეკონომიკური ზრდა: 1.3%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $2,794 (PPP $8,970)

ინფლაცია: 10.6%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -2,5

მოსახლეობა: 42.2 მილიონი

საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან უკრაინისთვის დახმარების გაზრდა წელსაც იგეგმება, თუმცა დაპირებული რეფორმები უფრო და უფრო ნელი ტემპით მიმდინარეობს, რამაც შესაძლებელია, პრობლემები არაერთი მიმართულებით შექმნას. პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, პეტრო პოროშენკოს ხელისუფლება სავარაუდოდ გადაურჩება რიგგარეშე არჩევნებს და მომდევნო წლამდე საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას შეძლებს. ძალიან მაღალი ალბათობით, ევროკავშირი კვლავ გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, რომლებიც ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესდა და ვადა მიმდინარე წლის ივნისში ეწურება.

დიდი ბრიტანეთი

ეკონომიკური ზრდა: 1.3%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $38,175 (PPP $45,650)

ინფლაცია: 2.5%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -3.5

მოსახლეობა: 65.9 მილიონი

ბრექსითი და მის ირგვლივ განვითარებული პროცესები იქნება ცენტრალური საკითხი დიდ ბრიტანეთში, მიმდინარე წლის განმავლობაში. საინტერესოა, როგორ გადაწყდება მთავრობის შიგნით არსებული დაპირისპირებაც, რომელიც ევროკავშირთან არსებულ სამომავლო ურთიერთობებს ეხება. ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ ყველა ტიპის ინსტიტუციური ურთიერთობა სწრაფად უნდა შეწყდეს, მეორე ნაწილი კი არ იზიარებს ამ მოსაზრებას და ევროკავშირთან გარკვეული ტიპის ინსტიტუციურ თანამშრომლობას ეთანხმება. გასული სამი წლის მსგავსად, ეკონომიკური ზრდა კვლავ მცირე იქნება.

აზია

 

ავსტრალია

ეკონომიკური ზრდა: 2.4%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $51,620(PPP $50,920)

ინფლაცია: 2.1%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -2.1

მოსახლეობა: 24.8 მილიონი

მმართველი ლიბერალ-ნაციონალური კოალიციის დაშლის შემდეგ ავსტრალიაში ნაადრევი არჩევნების ჩატარების შანსმა მიმდინარე წელს მოიმატა. ამ დროისთვის, არჩევნების გამართვის შემთხვევაში, მაღალია იმის ალბათობა, რომ მთავრობა მემარცხენე ძალებმა დააკომპლექტონ, რაც საჯარო ხარჯების გაზრდას გამოიწვევს ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებით.

ბანგლადეში

ეკონომიკური ზრდა: 6.9%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $1,609 (PPP $4,190)

ინფლაცია: 5.3%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -5.2

მოსახლეობა: 166.4 მილიონი

კარგი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიუხედავად, ბანგლადეშის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მოსახლეობის ნაწილის პროტესტი იქნება, რომელიც საჭმელსა და საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებს. ასევე ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ხელფასების ზრდაა. სხვა მხრივ, 2019 წლამდე ბანგლადეშის მთავრობას რაიმე მნიშვნელოვანი საფრთხე არ ემუქრება.

ჩინეთი

ეკონომიკური ზრდა: 5.8%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $9,223 (PPP $18,350)

ინფლაცია: 1.8%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -4.4

მოსახლეობა: 1.38 მილიარდი

სი ძინპინი ჩინეთის ბოლო დროის ყველაზე ძლიერ მმართველადაა აღიარებული, რაც გასულ წელს მისთვის ნდობის მესამეჯერ გამოცხადებაშიც გამოიხატა. სავარაუდოა, რომ მისი პოპულარობა შემცირდება, ვინაიდან მას  არაერთი რადიკალური რეფორმა და გამოწვევა აქვს დასაძლევი. ყველაზე სასწრაფო და მნიშვნელოვანი, ვალდებულებების სანაცვლოდ განხორციელებული ეკონომიკური ექსპანსიების შეჩერება იქნება, რაც ავტომატურად შეაფერხებს ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს.

ჰონგ-კონგი

ეკონომიკური ზრდა: 2.2%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $48,807 (PPP $63,480)

ინფლაცია: 2.3%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): - 0.4

მოსახლეობა: 7.4 მილიონი

ჰონგ-კონგის მთავარი გამოწვევა შიდა დემოკრატიასთან დაკავშირებული პრობლემები იქნება. ეკონომიკაში მდგომარეობა გაუარესდება საგარეო ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით, რაც, პირველ რიგში, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებით იქნება გამოწვეული. 

ინდოეთი

ეკონომიკური ზრდა: 7.8%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $1,970 (PPP $7,720)

ინფლაცია: 4.3%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -3.2

მოსახლეობა: 1.35 მილიარდი

2018 წელს ინდოეთი ყველაზე სწრაფად მზარდი დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა იქნება. პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის რამდენიმე მიმართულებით აქვს რადიკალური რეფორმების გატარების გეგმა, რაც, სავარაუდოდ, წარმატებით გამოუვა. წელს მისი მმართველობის ბოლო წელი დაიწყო, თუმცა სავარაუდოა, რომ 2019 წლის არჩევნებზე დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, რაც ეკონომიკური რეფორმების თამამად განხორციელებაში კიდევ უფრო დაეხმარება.

იაპონია

ეკონომიკური ზრდა: 1.0%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $39,806 (PPP $44,220)

ინფლაცია: 0.4%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -5.0

მოსახლეობა: 127.2 მილიონი

პრემიერ-მინისტრი შინზო აბე, გასული წლის ოქტომბერში მიღწეული წარმატების შემდეგ, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გადახედვით, ეკონომიკური ზრდისა და მდგრადობის გაზრდას შეეცდება. შინზო აბეს კოალიცია საკანონმდებლო ორგანოში კომფორტულ უპირატესობას ფლობს, რაც დასახული გეგმების განხორციელებაში კიდევ უფრო დაეხმარება.

ყაზახეთი

ეკონომიკური ზრდა: 2.3%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $8.268 (PPP $50,920)

ინფლაცია: 6.2%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -1.6

მოსახლეობა: 18.4 მილიონი

კორუფციასთან ბრძოლა და შეზღუდული სამოქალაქო თავისუფლებები კვლავ რჩება ქვეყნის განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად. უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე ნავთობპროდუქციაზე ფასების კლება. პოლიტიკურ ნაწილში სტაბილურობაა მოსალოდნელი, ვინაიდან პრეზიდენტის პოსტს კვლავ ნურსულთან ნაზარბაევი იკავებს, რომლის მმართველობის ოცდამერვე წელი დაიწყო.

პაკისტანი

ეკონომიკური ზრდა: 5.5%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $1,661(PPP $50,920)

ინფლაცია: 3.8%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -4.6

მოსახლეობა: 200.8 მილიონი

ქვეყნის ბიზნესკლიმატი კვლავ არამიმზიდველი და არასტაბილურია, რაც ინვესტიციების მოზიდვასა და ბიზნესის წახალისებას საგრძნობლად უშლის ხელს. სავარაუდოდ, გაუფასურდება ეროვნული ვალუტაც, თუმცა ეს პროცესი არჩევნების შემდეგაა ნავარაუდები, რომელიც სულ რამდენიმე თვეში გაიმართება.

სინგაპური

ეკონომიკური ზრდა: 2.0%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $56,320(PPP $95,070)

ინფლაცია: 1.4%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -1.7

მოსახლეობა: 5.7 მილიონი

ჩინეთის ეკონომიკაში არსებული პრობლემები ზეგავლენას მოახდენს სინგაპურის ეკონომიკაზეც, თუმცა საგრძნობი ზიანის მიღება ნაკლებად შესაძლებელია. სხვა მხრივ, რაიმე მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც ეკონომიკაზე ან პოლიტიკაზე ზეგავლენას მოახდენს, დღეისთვის არ არსებობს.

სამხრეთი კორეა

ეკონომიკური ზრდა: 2.3%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $29,902 (PPP $50,920)

ინფლაცია: 1.7%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -0.6

მოსახლეობა: 51.2 მილიონი

ჩრდილო კორეასთან გამწვავებული ურთიერთობების სტაბილიზაცია და სამხედრო დაპირისპირების თავიდან არიდება წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება. ჩინეთის ფაქტორი, ამ შემთხვევაშიც ყველაზე დიდი დაბრკოლება იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. მთავრობა ასევე შეეცდება, რომ ვიწრო კორპორაციული მმართველობის სტილი შეიცვალოს და ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელება გამორიცხული სულაც არ არის.

ტაივანი

ეკონომიკური ზრდა: 1.3%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $23,614 (PPP $51,710)

ინფლაცია: 0.7%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): 0.7%

მოსახლეობა: 23.5 მილიონი

2018 წელს ტაივანის მთავრობა მინიმალური გასამრჯელოს ზღვრის გაზრდას, ბავშვებისა და მოხუცების მოვლაზე მეტი ფულის დახარჯვას, საპენსიო სისტემის რეფორმირებასა და უფრო მძლავრი სოციალური პოლიტიკის დანერგვას შეეცდება. ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირება კიდევ ერთი მიმართულება იქნება, რასაც მთავრობა მიმდინარე წელს გეგმავს.

უზბეკეთი

ეკონომიკური ზრდა: 4.2%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $1,840 (PPP $6,850)

ინფლაცია: 15.0%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): 0.6

მოსახლეობა: 32.7 მილიონი

ისლამ კარიმოვთან შედარებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა - შავკათ მირზიიოევმა უფრო მეტად გამჭვირვალე და დემოკრატიული მმართველობის მეთოდი აირჩია. უზბეკეთის მთავრობა წელს საგარეო ინვესტიციების მოზიდვას შეეცდება, განსაკუთრებით საჭირო ეს ნაბიჯი მას შემდეგ გახდა, რაც ნავთობიდან მიღებულმა შემოსავლებმა კლება დაიწყო. დაგეგმილია ფინანსური და ადმინისტრაციული რეფორმების განხორციელება.

ვიეტნამი

ეკონომიკური ზრდა: 6.5%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $2,304 (PPP $7,270)

ინფლაცია: 4.0%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -5.1

მოსახლეობა: 96.5 მილიონი

კომუნისტური მთავრობა კვლავ მძლავრადაა ხელისუფლებაში და პოზიციებსაც არ თმობს, თუმცა კორუფციისა და სიღარიბისგან გაბრაზებული მოსახლეობის დამორჩილება კიდევ უფრო რთული გახდება, ვიდრე ეს აქამდე იყო. ეკონომიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით, სავარაუდოდ, რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგმება, რაც პირველ რიგში მთავრობის როლის შემცირებას მოემსახურება. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, ვიეტნამი 2018 წელს აზიის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა იქნება.

ჩრდილო და სამხრეთი ამერიკა

კანადა

ეკონომიკური ზრდა: 2.0%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $46,340 (PPP $47,150)

ინფლაცია: 1.7%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -2.4

მოსახლეობა: 37.0 მილიონი

საშუალო კლასის გაძლიერება და მწვანე პოლიტიკის გატარება წელსაც დომინანტ პოზიციებს დაიკავებს კანადის მთავრობის აჯენდაში. გასული ორი წლისგან განსხვავებით, ოპოზიციური ძალები ნელ-ნელა იბრუნებენ მხარდაჭერას, რაც ჯასტინ ტრიუდოს ხელისუფლებას მეტი წნეხის ქვეშ ამყოფებს. გასულ წელს კანადის ეკონომიკური ზრდა ყველაზე მაღალი იყო, ქვეყნის უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში. წელს მსგავსი შედეგის მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა, კერძო და საჯარო სექტორის მაღალი აქტიურობის ხარჯზე ეკონომიკა კვლავ სტაბილურად განაგრძობს განვითარებას.

მექსიკა

ეკონომიკური ზრდა: 1.9%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $9,338 (PPP $18,920)

ინფლაცია: 3.9%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -2.3

მოსახლეობა: 130  მილიონი

მექსიკას წელს ახალი პრეზიდენტი ეყოლება, რომელიც დიდი ალბათობით მემარცხენე ორიენტაციის ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი იქნება. მთავრობის ძირითადი საზრუნავი მიმდინარე წელს ბიზნესის მიმართულებით გასატარებელი ცვლილებები და აშშ-ის მხრიდან  სხვადასხვა მიმართულებით შესაძლო პროტექციონალისტური პოლიტიკის გამკლავება იქნება.

აშშ

ეკონომიკური ზრდა: 2,2%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $61,454 (PPP $61,454)

ინფლაცია: 2.0%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -3.7

მოსახლეობა: 329  მილიონი

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი ნაკლებად რეალური ხდება, შესაბამისად, მიმდინარე წელს ამ მხრივ რაიმე ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. ტრამპის ადმინისტრაციისთვის შემაფერხებელი იქნება საკუთარ პარტიასთან არასახარბიელო ურთიერთობები, განსაკუთრებით კი კონგრესში, რაც ხელს შეუშლის პრეზიდენტის მიზნების სრულყოფას. აშშ-ის ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 2%  იქნება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამპროცენტიან ნიშნულთან ახლოს მივიდეს.

არგენტინა

ეკონომიკური ზრდა: 3,3%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $14,373  (PPP $23,100)

ინფლაცია: 14,6%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -5.6

მოსახლეობა: 44.7

პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე მდუღარე და დაძაბული პროცესების მიუხედავად, არგენტინის ეკონომიკა წელს, 2011 წლის შემდეგ, ყველაზე სწრაფად გაიზრდება. მემარჯვენე-ცენტრისტი პრეზიდენტის, მაურისიო მაკრის ძირითადი მიზანი მომდევნო წლებში სტაბილური და მზარდი ეკონომიკური ზრდის მიღწევა იქნება.

ბოლივია

ეკონომიკური ზრდა: 3.5%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $3,428  (PPP $7,830)

ინფლაცია: 4.4%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -4.9

მოსახლეობა: 11.2 მილიონი

ევო მორალესი მორიგი ტრიუმფისთვის ემზადება და მიმდინარე წელს მთავარი, 2019 წელს გასამართი არჩევნებისთვის მზადება იქნება. მეოთხე საპრეზიდენტო ვადის მოპოვებისთვის მემარცხენე მორალესის მთავარი ხელშემშლელი ფაქტორი ნავთობპროდუქტებზე ფასების ვარდნა იქნება, რაც ავტომატურად შეამცირებს შემოსავლებს და მოსახლეობას კრიტიკულად განაწყობს.

ბრაზილია

ეკონომიკური ზრდა: 2.0%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $9,858 (PPP $16,010)

ინფლაცია: 34.0%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -7.1

მოსახლეობა: 209 მილიონი

შრომითი კანონმდებლობის მოდერნიზება და საპენსიო სისტემაში ცვლილებების გატარება ბრაზილიის პოლიტიკაში მიმდინარე წლის მთავარ საკითხებს წარმოადგენს. ოქტომბერში გასამართი არჩევნები ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანი თარიღი იქნება და ანალიტიკოსებს სავარაუდო პროგნოზების გაკეთება ამ დრომდე უჭირთ. ცნობილია, რომ პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობის მიღებას აპირებს ყოფილი პრეზიდენტი ლულა და სილვა, რომელიც წარსულში არაერთ სკანდალში გახვეულა.

ჩილე

ეკონომიკური ზრდა: 2.7%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $16,422 (PPP $25,510)

ინფლაცია: 2.7%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -2.4

მოსახლეობა: 18.2 მილიონი

მარტის დასაწყისში ჩილეში არჩევნები გაიმართება, სადაც მოქმედი პრეზიდენტი და მისი გუნდი სავარაუდოდ გამარჯვებას ვერ მიაღწევენ, რაც დიდწილად კორუფციული სკანდალებით და ეკონომიკური პროგრესის შენელებით იქნება გამოწვეული. მისი კონკურენტი და არჩევნების მთავარი  ფავორიტი სებასტიან პინიერა იქნება, რომელსაც წარსულში ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი უკვე ეკავა. მისი გამარჯვების შემთხვევაში, დაგეგმილია გადასახადების შემცირება და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით რეფორმების განხორციელება.

კოლუმბია

ეკონომიკური ზრდა: 2.5%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $6,577  (PPP $15,090)

ინფლაცია: 2.7%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -2.8

მოსახლეობა: 159.5 მილიონი

კოლუმბიის მთავრობასა და სამხედრო-პარტიზანულ ორგანიზაცია „FARC”-ს შორის 2016 წელს დადებული სამშვიდობო შეთანხმება ყველაზე მნიშვნელოვან ფაზაში წელს გადავა, ვინაიდან აქამდე მალვაში მყოფი ორგანიზაციის წევრები არჩევნებში მონაწილეობასა და კონგრესში ადგილის მოპოვებას შეეცდებიან. მიმდინარე წლის მარტში  პრეზიდენტ ხუან მანუელ სანტოს უფლებამოსილების ვადა გაუვა და სავარაუდოდ მისი შემცვლელი მისივე პარტიის წევრი, ხერმან ვარგას ლერასი იქნება. ბოლო პერიოდში მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯები ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.

კუბა

ეკონომიკური ზრდა: 1.8%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $8,989  (PPP $13,280)

ინფლაცია: 5.0%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -5.5

მოსახლეობა: 11.5 მილიონი

თებერვლის ბოლომდე 86 წლის რაულ კასტრო პრეზიდენტის პოსტს დატოვებს, თუმცა დიდი ალბათობით კუბის კომუნისტური პარტიის ლიდერისა და სამხედრო ძალების მეთაურის პოსტს კვლავ შეინარჩუნებს. საბაზრო ეკონომიკისკენ მცირე ნაბიჯების გადადგმა კვლავ სავარაუდოა, რაც კუბის ეკონომიკის გაჯანსაღებას მოემსახურება, თუმცა მთავარი პარტნიორის - ვენესუელის კრიტიკულ მდგომარეობაში ყოფნა მნიშვნელოვან ნეგატიურ ზეგავლენებს გამოიწვევს. ნებისმიერ შემთხვევაში, 2018 წელი კუბის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი იქნება, ვინაიდან კასტროების 59-წლიანი მმართველობის შემდეგ ქვეყანას ახალი პრეზიდენტი ეყოლება.

ვენესუელა

ეკონომიკური ზრდა: -6.0%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $7,407  (PPP $12,760)

ინფლაცია: 1,104%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -15.8

მოსახლეობა: 31.8 მილიონი

მონაცემთა გრაფაში ჩამოთვლილი მონაცემებიც საკმარისია იმის გასაგებად, თუ რა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება ქვეყანა. ვენესუელის ხელისუფლების მთავარი გამოწვევა კვლავ იგივე რჩება - ჰიპერინფლაცია და შესაძლო დეფოლტი. სამწუხაროდ, კრიზისიდან გამოსვლის გზები ჯერჯერობით არ ჩანს. ნაკლებად სავარაუდოა,რომ პრეზიდენტ მადუროს ხელში, ვენესუელას მინიმალური პროგრესის შანსი გააჩნდეს, თუნდაც შორეულ პერსპექტივაში.

ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა

ანგოლა

ეკონომიკური ზრდა: 2.4%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $4,338 (PPP $6,660)

ინფლაცია: 15.8%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -8.4

მოსახლეობა: 31მილიონი 

გასულ წელს პრეზიდენტის პოსტი დატოვა ჟოზე ედუარდო სანტუშმა, რომელიც ქვეყანას ოთხი ათეული წლის განმავლობაში მართავდა. მისი შემცვლელისგან ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ხელშეწყობის მოლოდინი დიდია, თუმცა მიმდინარე წელს მთავარი ბარიერი ნავთობპროდუქციაზე ფასების კლება იქნება, რაც ქვეყნაზე მძიმედ აისახება.

ეგვიპტე 

ეკონომიკური ზრდა: 4.2%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $2,519 (PPP $12,570)

ინფლაცია: 18.8%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -19.2

მოსახლეობა: 95.4  მილიონი 

აპრილში გასამართ არჩევნებზე ეგვიპტის მოქმედი პრეზიდენტი  მთავარი ფავორიტია და ამომრჩევლების ყველაზე მეტ ხმას სწორედ ის მოაგროვებს. სავარაუდოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთავრობას მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს ეკონომიკის დაბალანსებისა და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესების კუთხით, რაც საყოფაცხოვრებო პირობებს გააუმჯობესებს.

ეთიოპია

ეკონომიკური ზრდა: 5.7%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $700 (PPP $1,930)

ინფლაცია: 7.3%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -3.3

მოსახლეობა: 107.5მილიონი

პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში დაძაბულია, რასაც შესაძლებელია ეთნიკურ საფუძველზე აღმოცენებული დაპირისპირებაც დაემატოს  - ორომოსა და ამარას ეთნიკური ჯგუფების მხრიდან. ამ ჯგუფის წევრები თავს მარგინალიზებურად და დაჩაგრულად მიიჩნევენ. ბოლო პერიოდში დაწყებული ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება და ექვსპროცენტიანი მაჩვენებლის სიახლოვეში იქნება.

ირანი

ეკონომიკური ზრდა: 5.7%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $5,879 (PPP $22,060)

ინფლაცია: 13.5%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -2.0

მოსახლეობა: 82  მილიონი

პრეზიდენტის პოსტზე ხელახლა არჩეული ჰასან რუჰანი რეფორმისტულ ფრთას წარმოადგენს, თუმცა ირანულ კონტექსტში ეს ბევრს არაფერს ნიშნავს და მხოლოდ შედარებით ნაკლებად რელიგიურ კონსერვატიზმს გულისხმობს. ირანისა და ტრამპის ადმინისტრაციის დაძაბული ურთიერთობა იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი მიმდინარე წელს და ამ მხრივ ხელისუფლებას გაცილებით უფრო მეტი წინდახედულობის გამოჩენა მოუწევს, ვიდრე ობამას პრეზიდენტობის პერიოდში.

ისრაელი

ეკონომიკური ზრდა: 4.4%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $44.019 (PPP $41,022)

ინფლაცია: 1.3%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -2.0

მოსახლეობა: 8.8 მილიონი

ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიმდინარე წელს შესაძლებელია რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს, სადაც ის მთავარი ფავორიტი იქნება. აღნიშნულის თქმის საფუძველს ოპონენტების სისუსტე, ეკონომიკური მიმართულებით კარგი მდგომარეობა და ტრამპის ადმინისტრაციის ძალიან დიდი მხარდაჭერა იძლევა. აღნიშნულ კონტექსტში სავარაუდოა, რომ მთავრობა პრიორიტეტულად ისეთი პროგრამების დაფინანსებას მიიჩნევს, რასაც საზოგადოების მხრიდან პოზიტიური რეაქციამოჰყვება.

კენია

ეკონომიკური ზრდა: 6.1%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $1,731  (PPP $3,480)

ინფლაცია: 6.5%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -6.0

მოსახლეობა: 51 მილიონი

კენიის ხელისუფლება 2018 წელს აქცენტს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებასა და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებაზე გააკეთებს. საგარეო პარტნიორებთან ურთიერთობების გაუმჯობესება და ახალი კომერციული ბაზრების გაჩენა მიმდინარე წლისთვის  პრიორიტეტული საკითხი იქნება. კენიის ეკონომიკური ზრდა ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე აფრიკის კონტინენტის საშუალო მაჩვენებელი.

მაროკო

ეკონომიკური ზრდა: 3.2 %

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $ 3,245  (PPP $8,730)

ინფლაცია: 1.2%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -3.6

მოსახლეობა: 36.2 მილიონი

პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის როლების გაძლიერების მიუხედავად, მაროკოს მეფის - მუჰამედ მეოთხის ძალაუფლება კვლავ დიდია, მას  ზურგს მოსახლეობის მხარდაჭერა უმაგრებს. ეკონომიკური ზრდა წელს შემცირდება, რაც აგროსფეროში  არსებული ცუდი მდგომარეობით იქნება გამოწვეული.

ნიგერია

ეკონომიკური ზრდა: 2.2%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $ 1,850  (PPP $5,960)

ინფლაცია: 13.9%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -2.3

მოსახლეობა: 196 მილიონი

2018 წელს ნიგერიაში ხელისუფლების ტრანზაციის შანსი დიდია, რამაც შესაძლოა არასტაბილური მდგომარეობა წარმოშვას. ქვეყნის პრეზიდენტს, მუჰამადუ ბუჰარის მძიმე დაავადება აღმოაჩნდა, რაც მის პოლიტიკაში ყოფნის შანსებს ამცირებს. გადადგომის შემთხვევაში, ძალაუფლებას მისი ხელქვეითი - იემი ოსინბაჯო მიიღებს, რაც ძალაუფლების ცენტრის ჩრდილოეთიდან სამხრეთით გადატანას გულისხმობს. აღნიშნული ფაქტორი კი ნიგერიის კონტექსტში, სადაც ქვეყნის გეოგრაფიული დაყოფა მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ხაზგასასმელია. რადიკალური ისლამისტებისგან მომავალი საფრთხე, სეცესიური მოძრაობები და სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური კონფლიქტები აღნიშნული პროცესის შემთხვევაში კიდევ უფრო სახიფათო გახდება.

საუდის არაბეთი 

ეკონომიკური ზრდა: 2.3%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $21,042 (PPP $55,450)

ინფლაცია: 3.1%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -8.3

მოსახლეობა: 33.6 მილიონი

პრინცი მუჰამად ბინ სალმანი ბოლო ხანს  განსაკუთრებით გააქტიურდა პოლიტიკაში და უკვე დროის საკითხია, თუ როდის შეცვლის იგი მეფე აბდულ აზიზ ალ საუდის. პრინცის მიზანი ეკონომიკური რეფორმების განხორციელება და  საზოგადოებრივ ცხოვრებაში არსებული ნორმების ლიბერალიზაციაა.  ნავთობზე ფასის კლება ქვეყნის ეკონომიკაზე მთავარი ნეგატიური ზეგავლენის მქონე ფაქტორი იქნება.

სირია

ეკონომიკური ზრდა: 3.4%

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $1,852  (PPP $3,970)

ინფლაცია: 30.2%

საბიუჯეტო ბალანსი (% მშპ): -8.3

მოსახლეობა: 18.5 მილიონი

სირია მიმდინარე წელსაც მსოფლიოს ჰეგემონი ქვეყნების ინტერესთა სფერო და პოლიტიკური თამაშების ინსტრუმენტი იქნება. რუსეთი და სირია კვლავ განაგრძობენ მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერას, ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი სამიზნე კი“ისლამური სახელმწიფოს” ბაზებისა და ტერორისტების განადგურება იქნება.

ეკონომიკური ზრდა მშპ ინფლაცია მსოფლიო რიცხვებში

წინა სტატია

Economic Growth In The Region
09 თებერვალი, 2018

შემდეგი სტატია

EIB-ის დირექტორთა საბჭომ ნენსკრა ჰესის პროექტის დაფინანსება ერთხმად დაამტკიცა
12 თებერვალი, 2018
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა