როცა გამარჯვებული არავინაა

ყოველთვის, როდესაც საკითხი ეხება საკანონმდებლო რეგულაციებს, საზოგადოება მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად იყოფა. ერთნი მხარს უჭერენ ყველა ტიპის რეგულაციას, რადგან სწორედ მკაცრ ზედამხედველობასა და ჩარჩოებში ხედავენ მართვის ამოსავალ წერტილს. მოწინააღმდეგებს კი მიაჩნიათ, რომ რეგულაციას მხოლოდ შეზღუდვები და განვითარების შეფერხება მოაქვს. მე არც მომხრე ვარ და არც მოწინააღმდეგე, მე გადაწყვეტილებების გონივრულად მიღებას ვუჭერ მხარს. გონივრულ რეგულაციას შეუძლია ბაზრის სწორად ფორმირებას შეუწყოს ხელი, დააწესოს ბიზნესის კეთების სწორი პრინციპები და ხელი შეუწყოს ჯანსაღი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას. ხოლო დაუფიქრებელი შეზღუდვების დაწესებას ბაზრის დანგრევაც კი ძალუძს. არასწორი რეგულაციის მიღებამ და გატარებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეაფერხოს ქვეყნის განვითარება და ბიზნესს შეუქმნას ხელოვნური ბარიერები, შექმნას არასტაბილურობის განცდა და ინვესტორებს გაუჩინოს ნეგატიური საინვესტიციო მოლოდინები.

დასავლეთ ევროპის და სხვა განვითარებულ ქვეყნებში საკანონმდებლო ცვლილების მიღებამდე გამოიყენება რეგულაციების გავლენის შეფასების სისტემა (Regulatory Impact Assessment), რომელსაც შემოკლებით RIA-ს უწოდებენ. RIA-ს საშუალებით ცვლილებების დაგეგმვის პროცესში წინასწარ ხდება ამ ცვლილების მოსალოდნელი შედეგების, ყველა შესაძლო დადებითი და უარყოფითი ეფექტის შესწავლა. RIA ასევე გულისხმობს რეფორმის განხორციელების სხვადასხვა ალტერნატივის შეფასებასაც, რათა გამოვლინდეს მათ შორის ყველაზე ეფექტიანი საშუალება. RIA-ს დანერგვა საშუალებას იძლევა, სახელმწიფომ თავიდან აიცილოს დამაზიანებელი რეგულაციები. RIA-ს დანერგვით მცირდება ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება და ცვლილებები იგეგმება მხოლოდ ყოვლისმომცველი ანალიზის საფუძველზე.

სასურველია, რომ უახლოს მომავალში საქართველოშიც დამკვიდრდეს ეს პრაქტიკა. მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე, საფუძვლიანი კონსულტაციები გაიმართოს იმ სექტორთან, რომელსაც რეფორმა შეეხება. საქართველოში ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი ბოლო მაგალითი იყო სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებები. 2016 წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლებიც ძალაში 2017 წლის 15 იანვარს შევიდა და გარკვეული შეზღუდვები დაუწესა საფინანსო სექტორს. ამ ცვლილებებიდან ცალკე აღსანიშნავია ეფექტიანი საპროცენტო განაკვეთის საშუალებით სესხის პროცენტის ზედა ჭერის დაწესება. პროცენტის განსაზღვრის შემთხვევაში გაცემული სესხის წლიური ეფექტიანი საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%-ს. აღსანიშნავია, რომ ეს მუხლი ეხება ყველა საფინანსო კომპანიას, მიუხედავად მათი სპეციფიკისა, რამაც არაერთგვაროვანი გავლენა მოახდინა სექტორზე. ეფექტიანი პროცენტის ფორმულაში სესხის ვადიანობა მნიშვნელოვან ცვლადს წარმოადგენს. რაც უფრო მოკლეა სესხის ვადა, მით ნაკლებია ნომინალური საპროცენტო განაკვეთი. 100% ეფექტიანი საპროცენტო განაკვეთი პრობლემას არ წარმოადგენს იმ სასესხო პროდუქტისათვის, რომელიც ხანგრძლივობით გამოირჩევა. ონლაინსესხის შემთხვევაში კი, რადგანაც ეს კომპანიები ძირითადად 30-დღიან სესხს გასცემდნენ, სერიოზულ პრობლემას ქმნის. რეგულაციების შემდეგ უმეტესმა სწრაფი სესხის კომპანიებმა თვიურ 5.4%-ში გააგრძელეს მუშაობა, რამაც მათი უმრავლესობის დახურვა გამოიწვია. პროცენტის ასეთი დაბალი განაკვეთი ვერ პასუხობს პროდუქტის წინაშე მდგარ საკრედიტო რისკებს, შესაბამისად, ბიზნესს არამოგებიანს ხდის. ამის დამატებით, სწრაფი სესხის კომპანიებს დაევალათ, რომ ეფექტიანი საპროცენტო განაკვეთის დათვლისას კლიენტის მხრიდან ბანკომატიდან გამოტანის საკომისიოც გაითვალისწინონ. მაშასადამე, ირიბად მათ უწევთ ბანკომატის საკომისიოს სუბსიდირებაც.

რეგულაციების მეორე ნაწილი 2017 წლის 1 ივნისს ამოქმედდა, რომელმაც მართლაც საჭირო მოთხოვნები დაადგინა, მათ შორის სარეკლამო მასალების შემუშავებისა და კლიენტისათვის ინფორმაციის მიწოდების წესზე.

რიგი ცვლილებები შევიდა კრედიტის წინსწრებით დაფარვის წესსა და განაკვეთთან დაკავშირებით. კერძოდ: დადგინდა წინსწრებით სესხის დაფარვისას პირგასამტეხლოს სახით დაწესებული განაკვეთები და მათი ოდენობა განისაზღვრა წინსწრების მომენტიდან სესხის დაფარვამდე დარჩენილი დროის შესაბამისად. ამასთან, მაქსიმალური განაკვეთი განისაზღვრა წინსწრებით დასაფარი ნარჩენი ძირის 2%-ის ოდენობით. გარდა ამისა ფინანსურ ორგანიზაციებს დაეკისრათ მომხმარებლებისთვის ორი ახალი, ალტერნატიული გრაფიკის შეთავაზების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ იფარება კრედიტის საწყისი ძირითადი თანხის 20%, არანაკლებ 500 ლარის ოდენობით.

ფინანსურ ორგანიზაციებს დაეკისრათ ვალდებულება, შეიმუშაონ სესხის ამოღების ეთიკის კოდექსი და მომხმარებლებთან ურთიერთობისას დაიცვან ზნეობისა და საქმიანი ურთიერთობების საუკეთესო პრაქტიკით მიღებული ნორმები, იმოქმედონ კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე.

სამწუხაროდ, ისევ ყურადღების მიღმა დარჩა ფინანსური რეზერვების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ბანკიცა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაც სესხის გაცემის ნაწილში თვისებრივად მსგავს ბიზნესს აწარმოებენ, ბანკისათვის დაშვებულია რეზერვის ხარჯში გამოქვითვა, ხოლო მიკროსაფინანსოსთვის – არა. ეს ცალსახად არათანაბარ პირობებში აყენებს მიკროსაფინანსო სექტორს, ხელს უშლის მის განვითარებას და არაკონკურენტულ მდგომარეობაში აყენებს საბანკო სექტორთან მიმართებით. განვლილი თვეების განმავლობაში მიღებული ცვლილებებით რეგულატორი შეეცადა, დაეახლოებინა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ბანკის რეგულირების მეთოდი. იმედს ვიტოვებთ, რომ სათანადო სახელმწიფო უწყებები ანალოგიური მეთოდით მიუდგებიან რეზერვების საკითხსაც.

ჩვენ კი ერთი წლის თავზე უკვე შეგვიძლია შევაფასოთ ამ ცვლილებების ეფექტი საფინანსო ბაზარზე. ფაქტია, რომ უდიდესი დარტყმა მიიღო ონლაინსესხის კომპანიებმა. რამდენიმე ათეული კომპანიიდან ბაზარზე მხოლოდ მსხვილი საერთაშორისო კომპანიები დარჩნენ. თუმცა მათაც სერიოზული პრობლემები ექმნებათ, რადგან არსებული საპროცენტო განაკვეთებით ეს სექტორი აღარ წარმოადგენს მოგებიან ბიზნესს. მაშინ როდესაც ე.წ. ციფრული ფინანსები წარმატებით მუშაობს ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა შვედეთი, ფინეთი, დანია, ესპანეთი, ჩეხეთი და ა.შ. მისი ადგილი არ აღმოჩნდა საქართველოში. ონლაინსესხის კომპანიების შევიწროებით ბაზარზე სესხზე მოთხოვნა, ბუნებრივია, არ გამქრალა. შესაბამისად, არსებობს საშიშროება, რომ გაჩნდნენ კომპანიები, რომლებიც ჩრდილოვანი ეკონომიკის ფარგლებში გააგრძელებენ მუშაობას.

გარდა ამისა, კომპანიების დახურვამ, ბუნებრივია, ასეულობით სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოიწვია და ბიუჯეტს დააკარგვინა ის შემოსავალი, რომელსაც სახელმწიფო იღებდა მოგების გადასახადის თუ საშემოსავლო გადასახადის სახით. ინვესტორების ნაწილს კი გაუჩნდა არასტაბილურობისა და დაუცველობის გრძნობა. როგორც წესი, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების რამდენიმე დღეში მიღება, ხოლო მისი ამოქმედებისათვის ორკვირიანი ვადის გაწერა, არ გზავნის პოზიტიურ სიგნალს ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე. შესაბამისად, დაზარალებულია როგორც სახელმწიფო, ისე ბიზნესი და საზოგადოების ნაწილი, რომელიც კეთილსინდისიერად იყენებდა სწრაფ ონლაინსესხს, რომელიც ტექნოლოგიურმა განვითარებამ მოიტანა.

რეგულაციები Regulatory Impact Assessment საკანონმდებლო ცვლილებები

წინა სტატია

რამდენ ხანს ეყოფა ბიძინა ივანიშვილის ქონება საქართველოს
12 თებერვალი, 2018

შემდეგი სტატია

Forbes Media Acquires UK Online Publication, The Memo
13 თებერვალი, 2018
საცხოვრებელი კომპლექსი, რომელმაც დროს გაუსწრო
მენეჯერები | აპრ, 16, 2018
ყველაზე რეიტინგული სასტუმროები საქართველოში
რეიტინგი | აპრ, 17, 2018
ტრადიციული მასპინძელი
კომპანიები | აპრ, 20, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა