Forbes Media შეისყიდის გაერთიანებული სამეფოს ონლაინ გამოცემას The Memo

სტრატეგიული შესყიდვის შედეგად შეიქმნება სრულყოფილი ევროპული სარედაქციო გუნდი, რაც გააძლიერებს ფორბსის წარდგენას ევროპაში.

12 თებერვალს, Forbes Media-მ გამოაცხადა ბრიტანული ონლაინ ბიზნეს გამოცემის The Memo შეძენის შესახებ. თანხა მითითებული არ არის. გარიგების შედეგად შეიქმნება პირველი სრულყოფილი სარედაქციო გუნდი, რომელიც ფოკუსირებული იქნება ევროპულ კონტენტზე. ევროპის მიმართულების რედაქტორის ფუნქციას შეასრულებს ალექს ვუდი.

The Memo-ს შეძენა ევროპის მიმართულებით კომპანიის უფრო მასშტაბური გაფართოების გეგმის ნაწილია და საშუალებას მისცემს გამომცემელს, გააძლიეროს პოზიცია ევროპაში და ევროპული კონტენტი Forbes.com-ზე. ფორბსი განიხილავს ევროპის უფრო ფართო დაფარვას და ევროპაში მისი ავტორების ქსელის გაფართოებას. ფორბსის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკ ფედერლი, აღნიშნავს: „ეს სტრატეგიული შესყიდვაა, რომელიც მრავალპლატფორმიანი ინციატივის ნაწილია. ინიციატივა მოწოდებულია ზრდისთვის და ევროპელი მკითხველის ინტერესების უკეთესი მომსახურებისთვის. ოფიციალური სარედაქციო გუნდის ფორმირება ლონდონში ამ სტრატეგიის ძალზე მნიშვნელოვანი ელემენტია. კეთილი იყოს ალექსისა და მისი ნიჭიერი გუნდის მოსვლა ფორბსში“.

ალექს ვუდი დაუყოვნებლივ შეუერთდება ფორბსს, როგორც ევროპის მიმართულების რედაქტორი, The Memo-ს თანამშრომლებთან ერთად, რომელთა შორის არიან ალექსანდრა ჩარალამბუსი, კიტი ნოულესი და ოლივერ სმითი. ახალი სარედაქციო გუნდის მხარდასაჭერად, ლონდონის ოფისი, რომელსაც ჩარლზ იარდლი ხელმძღვანელობს, მარტში გადავა ახალ, გაფართოებულ საოფისე შენობაში.

გადასვლასთან დაკავშირებით, ალექს ვუდმა აღნიშნა: „როგორც ჟურნალისტს, მაქვს პატივი ევროპის ყველაზე მოწინავე ლიდერებთან ვიმუშაო და, 2015 წელს გადავწყვიტე, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადამედგა და თავად გავმხდარიყავი მეწარმე. სამი წლის თავზე, სიხარულით ვუერთდები ფორბსს - მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მედია ბრენდს - რათა ჩამოვაყალიბო პირველი სრულყოფილი ევროპული სარედაქციო გუნდი. ჩვენ კონტინენტის ყველა კუთხეში შევიხედავთ და გავუზიარებთ ევროპელ მეწარმეთა და ბიზნესის წარმატების ამბებს ფორბსის გლობალურ აუდიტორიას.“

შესყიდვის ფარგლებში, The Memo-ს კონტენტის მთლიანი კატალოგი გადაეცემა Forbes.com-ს და განთავსდება ევროპისთვის განკუთვნილ გვერდსა და სექციებში. 1-ლი მარტისთვის, მოხდება The Memo-ს საიტის გადამისამართება Forbes.com-ზე.

„ფორბსი ევროპის მიმართულებით ძალზე სწრაფად ფართოვდება სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით, რაც მოიცავს სარედაქციო სტატიებს, მოვლენებსა და ფრანჩაიზინგს“, აღნიშნა ჩარლზ იარდლიმ, ფორბს ევროპის მმართველმა დირექტორმა. „2017 წელს ჩვენ აღვნიშნეთ ევროპის პირველი CMO სამიტი და უკვე 2018-ში გამოვაცხადეთ პირველი 30 წლამდელთა ევროპის სამიტის შესახებ, რომელიც ამსტერდამში გაიმართება, ხოლო მაისში გამოვუშვებთ ჩვენს CEO სამიტის ფრანჩიზას. ყოველივე ეს, ევროპელი რედაქტორის დანიშვნასა და გაერთიანებულ სამეფოში სრულყოფილი სარედაქციო გუნდის შექმნასთან ერთად, დაანახვებს მსოფლიოს, რომ ფორბსი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გაამყაროს თავის პოზიცია რეგიონში.“

ფორბსის ყურადღება ვუდმა მიიქცია ფორბსის 30 წლამდელთა სიის საშუალებით, როდესაც, 2016 წელს, ის აირჩიეს სიის „მედია კატეგორიის“ ჟიურის წევრად. რენდალ ლაინი, ფორბსის კონტენტ ოფიცერი, აღნიშნავდა: „ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ალექს ვუდთან და The Memo-სთან პარტნიორობა, მადლობელი ვართ, რომ აღმოვაჩინეთ ეს ადამიანი 30 წლამდელთა სიის მეშვეობით, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ინდუსტრიის მოწინავე მოთამაშეებს. ალექსი იდეალური ადამიანია იმისთვის, რომ უზრუნველყოს ფორბსის სარედაქციო წვდომა და ბრენდი ევროპულ ბაზარზე“.

The Memo-ს შესყიდვასთან დაკავშირებით, ფორბსს კონსულტირებას უწევდნენ London Tech City-ს იურისტები, Temple Bright-ი და საერთაშორისო იურიდიული ფირმა Fieldfisher LLP-ი.

Forbes Media:

Forbes Media არის გლობალური მედია, საბრენდინგო და ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ფოკუსირებულია ახალ ამბებზე და ბიზნესის, ინვესტირების, ტექნოლოგიების, მეწარმეობის, ლიდერობისა და მდიდართა ცხოვრების წესის  შესახებ ინფორმაციაზე. კომპანია ჟურნალებს Forbes-ს და Forbes Asia-ს, ასევე Forbes.com-ს გამოსცემს. ფორბსის ბრენდი დღევანდელ დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყოველთვიურად 117 მილიონ ადამიანს და 70-ზე მეტ ქვეყანაში 40 ლიცენზირებულ ადგილობრივ გამოცემას აწვდის თავის ბიზნეს გზავნილს ამ ჟურნალების, Forbes.com-ის, ტელევიზიის, კონფერენციების, კვლევების, სოციალური და მობილური პლატფორმების მეშვეობით. Forbes Media-ს ბრენდის დამატებითი სფეროები მოიცავს კონფერენციებს, უძრავ ქონებას, განათლებას, ფინანსურ სერვისებს და ტექნოლოგიური ლიცენზირების ხელშეკრულებებს.

The Memo:

The Memo არის ლონდონის ონლაინ ბიზნეს გამოცემა, რომელიც მისმა რედაქტორმა, ალექს ვუდმა დაარსა 2015 წლის აპრილში. The Memo გამოდის ინტერნეტში ყოველდღიურად და აქვეყნებს დიდი ყურადღებით შერჩეულ ახალ ამბებს, კომენტარებს და მაღალი პროფილის ინტერვიუებს ადამიანებთან, რომლებიც რეალურად ცვლიან სამყაროს თავიანთი საქმიანობით. The Memo-ს თვეში 630,000-ზე მეტი უნიკალური მნახველი ყავს. The Memo-ს სარედაქციო გუნდში შედიან ჯილდოს მფლობელი ავტორები, ანალიტიკოსები და კრეატიული პროფესიების წარმომადგენლები, რომლებიც იძიებენ ინოვაციებს და სრულიად ახალი სახით წარუდგენენ მკითხველს ახალი ამბების დაიჯესტებს, მიმოხილვებს, ინტერვიუებს, ვიდეო სერიებს, მოვლენებს და ყოველდღიურ ელექტრონულ ბრიფინგებს.

IN ENGLISH.

Forbes Media The Memo ალექს ვუდი

წინა სტატია

იანვარში საქართველოს ექსპორტი 25.7 პროცენტით გაიზარდა
13 თებერვალი, 2018

შემდეგი სტატია

სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს და მსოფლიო ეკონომიკაში
13 თებერვალი, 2018
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა