„პაშა ბანკი“ საქართველოში

„პაშა ბანკი“ საქართველოში

„პაშა ბანკი“, აზერბაიჯანის წამყვანი კორპორაციული და საინვესტიციო ბანკი, მხოლოდ ნაწილია ამავე სახელწოდების მქონე საინვესტიციო ჰოლდინგისა, რომელიც დაზღვევის, ქონების მართვის, სამშენებლო მასალების წარმოების, ტურიზმისა და სხვა ბიზნესების აქტივებს ფლობს. 2013 წლის სექტემბრიდან „პაშა ბანკი“ საქართველოშიც ფუნქციონირებს. მიმდინარე მდგომარეობასა და განვითარების სტრატეგიაზე Forbes-ი „პაშა ბანკის“ ქართული ოფისის კომერციულ დირექტორს, გოგა ჯაფარიძეს ესაუბრა.

რატომ გადაწყვიტა „პაშა ბანკმა“ – აზერბაიჯანის წამყვანმა კორპორაციულმა და საინვესტიციო ბანკმა – საქართველოში შემოსვლა?

ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის რეგიონალური ვაჭრობის გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივებს. მატულობს იმ აზერბაიჯანული ბიზნესების რაოდენობა, რომლებსაც ინვესტიციები აქვთ განხორციელებული საქართველოში. „პაშა ბანკს“, როგორც რეგიონალურ ფინანსურ ინსტიტუტს, შესაძლებლობა აქვს სრული საბანკო მომსახურება შესთავაზოს კორპორაციულ სექტორს ყველა ამ ბაზარზე ბაქოს, თბილისისა და სტამბულის ოფისების მეშვეობით. ვფიქრობთ, რომ საქართველოს კორპორაციული სექტორის საგრძნობ ნაწილს დააინტერესებს რეგიონალურ ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა.

რა ფაქტორებმა განაპირობა „პაშა ბანკის“ მიერ საქართველოს არჩევა პირველ უცხოურ ბაზრად?

ორ ქვეყანას შორის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რეგიონალური საინვესტიციო პროექტები, საქართველოში გამჭვირვალე და მიმზიდველი გარემოს არსებობა ბიზნესისათვის – გადაწყვეტილების მიღება ყველა ამ ზემოჩამოთვლილმა ფაქტორმა განაპირობა.

რა მომსახურებებს სთავაზობს ბანკი საკუთარ კლიენტებს და რომელია ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებები?

„პაშა ბანკი“ კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს. ასევე ვახორციელებთ დაგროვილი ქონების მართვას ინდივიდუალური კლიენტებისათვის, ამ ეტაპზე ჩვენი სათავო ოფისის მეშვეობით.

მოთხოვნად მომსახურებებს რაც შეეხება, სტაბილურად მაღალია მოთხოვნა საბრუნავი საშუალებების მოკლევადიან დაფინანსებაზე, თუმცა უკანასკნელი თვეების განმავლობაში ასევე იგრძნობა მოთხოვნის ზრდა კაპიტალური აქტივების დაფინანსებაზე.

2014 წლის მარტის ბოლოს „პაშა ბანკმა“ საკუთარი სააქციო კაპიტალი სამჯერ – 103 მილიონ ლარამდე – გაზარდა და კაპიტალის მიხედვით საქართველოს ბანკთა ათეულში, ხოლო აქტივების მიხედვით 15 წამყვან ბანკს შორის მოხვდა. რამ განაპირობა დამფუძნებლების მხრიდან ამგვარი ნდობა ბაზრის მიმართ?

ქართული კერძო სექტორი კორპორაციული მმართველობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვისა და ფინანსური გამჭვირვალობის ზრდის კუთხით უკანასკნელი წლების განმავლობაში მუდმივად პროგრესირებს. რისკების შემცირების ტენდენცია განაპირობებს ჩვენი დაინტერესებისა და, შესაბამისად, ამ ბაზრისათვის განკუთვნილი კაპიტალის ზრდას. სააქციო კაპიტალის გაზრდის შემდეგ შეგვიძლია ერთი მსესხებლის სახელზე დაახლოებით 15 მილიონ ლარამდე სესხი გავცეთ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს მიმზიდველობას კორპორაციული სექტორის, მათ შორის ყველაზე მსხვილი მოთამაშეებისათვის,

„პაშა ბანკი“ საქართველოში იმავე ბიზნესმოდელით ამოქმედდა, რაც გააჩნია მის დამფუძნებელ ბანკს აზერბაიჯანში. ქართული ბაზრის სპეციფიკა ხომ არ უბიძგებს ბანკს გარკვეული კორექტივები შეიტანოს საკუთარ ბიზნესსტრატეგიაში?

კორპორაციული სექტორის დაფინანსება „პაშა ბანკის“ სტრატეგიული მიმართულებაა როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში. ამავე დროს ამ ბაზრებს შორის საგრძნობი განსხვავებებიცაა, ამდენად წარმატებული საქმიანობისათვის ადგილობრივი გარემოს სპეციფიკის გათვალისწინება მნიშვნელოვანია. სხვადასხვა ბაზარზე მოქმედ კომპანიებს შესაძლოა განსხვავებული საჭიროებები გააჩნდეთ. „პაშა ბანკის“ შეთავაზებები საქართველოში მორგებულია ადგილობრივი ბაზრის რეალობას, თუმცა ეს არ მოითხოვს სტრატეგიის მნიშვნელოვან ცვლილებას.

„პაშა ბანკმა“ ორგანიზება გაუწია და საკუთარი ფინანსური რესურსი ჩადო ვაჭრობის დაფინანსების კონფერენციაში, რომელიც თბილისში საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან თანამშრომლობით ჩატარდა. აგრეთვე, „პაშა ბანკის“ სპონსორობით ციურიხში საქართველო-შვეიცარიის ბიზნესფორუმი გაიმართა. რა სარგებელი მოაქვს ბანკისთვის ამგვარ აქტივობებს?

ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებასთან დაკავშირებული კონფერენციებისა და ფორუმების ორგანიზებას და დაფინანსებას „პაშა ბანკი“ მომავალშიც გააგრძელებს. ამ გზით ბანკი, ერთი მხრივ, ეხმარება არსებულ და პოტენციურ კლიენტებს, გაეცნონ სიახლეებს მათთვის საინტერესო სფეროში, მეორე მხრივ კი ასეთი ფორუმები არსებული ბიზნესკონტაქტების გაღრმავების და ახალი კონტაქტების დამყარების კარგი საშუალებაა. რაც შეეხება სავაჭრო დაფინანსების პროდუქტებისა და სერვისების საპრეზენტაციო კონფერენციას, მისი მიზანი იყო, ამ თემატიკით დაინტერესებული ბიზნესებისათვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია ამ პროდუქტებსა და სერვისებზე. ჩვენი სათავო ბანკი აზერბაიჯანული ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია სავაჭრო დაფინანსებაში, რაც მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ასევე საქართველოში მოღვაწე „პაშა ბანკისთვის“.

რამდენად შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკასა და რეგულაციებს ვაჭრობის დაფინანსების ის ინსტრუმენტები, რომელთაც ქართული საბანკო სექტორი სთავაზობს კლიენტებს?

ამ ტიპის ინსტრუმენტები გამოიყენება საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების დასაფინანსებლად. ქართული ბანკის კონტრაგენტს ასეთ შემთხვევაში ერთი ან მეტი უცხოური ბანკი წარმოადგენს. შესაბამისად, სავაჭრო დაფინანსების ინსტრუმენტები საქართველოში სრულად შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკასა და რეგულაციებს.

მცირე და საშუალო ბიზნესიც ისევე პრიორიტეტულია თქვენთვის, როგორც მსხვილი კომპანიები?

მცირე და საშუალო ბიზნესი მსხვილ კორპორაციულ სეგმენტზე არანაკლებ საინტერესოა. ჩვენ ნაწილობრივ უკვე ვთავაზობთ ამ ტიპის შედარებით უფრო მსხვილ მოთამაშეებს სრულ საბანკო მომსახურებას. ვგეგმავთ ამ სეგმენტის მომსახურების ეტაპობრივ გაფართოებას.

როგორ ხედავთ საინვესტიციო საბანკო მომსახურების განვითარების შესაძლებლობას საქართველოში?

ამ მხრივ ჩვენს ბანკს აზერბაიჯანში დიდი გამოცდილება აქვს. მრავალ საერთაშორისო აღიარებას შორის აღსანიშნავია „აზერბაიჯანის საუკეთესო საინვესტიციო ბანკის“ წოდება, რომელიც მოგვენიჭა International Finance Magazine-ის მიერ 2013 წლის დეკემბერში. საქართველოს რაც შეეხება, ჩვენ მუდმივად ვეწევით ბაზრის მონიტორინგს და ვსწავლობთ მოთხოვნას. ამ ეტაპზე საინვესტიციო საბანკო მომსახურების შეთავაზებას ვახორციელებთ ბაქოს ოფისიდან, თუმცა მომავალში შესაძლებელია თბილისშიც შევქმნათ ამ მიმართულებით მომუშავე ჯგუფი.

როგორ აისახება საქართველოს პოლიტიკური პროცესი საბანკო სფეროს ეკონომიკურ აქტივობაზე?

საბანკო სექტორი განვითარებად ბაზრებზე ზოგადად უფრო მგრძნობიარეა პოლიტიკური კონიუნქტურისადმი, ვიდრე განვითარებულ ეკონომიკებში. ფინანსურ ბაზრებზე მყისიერად აისახება არა მარტო ფაქტობრივი ინფორმაცია, არამედ ასევე პროგნოზები და მოლოდინები მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სავარაუდო სცენარის შესახებ. განვითარებადი ბაზრების შემთხვევაში ბევრად რთულია მოვლენებისა და პროცესების პროგნოზირება, რაც ზრდის რისკების საერთო დონეს ეკონომიკაში. ეკონომიკური და საერთო განვითარების შედეგად მატულობს პროგნოზირების ხარისხი და კლებულობს რისკების დონე. საქართველო, როგორც განვითარებადი ბაზარი, ასევე მიჰყვება განვითარების ამ ციკლს.

როგორც უცხოურმა კომპანიამ, რომელიც საქართველოში შიდა და უცხოური ინვესტიციების წახალისებას ცდილობს, როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ საქართველოს საინვესტიციო კლიმატი?

საინვესტიციო კლიმატი ბევრი ადგილობრივი და რეგიონალური თუ გლობალური კომპონენტისაგან შემდგარი ცნებაა და ქვეყანას მხოლოდ ნაწილობრივ შეუძლია მის ფორმირებაზე ზემოქმედება. სახელმწიფო აპარატის სხვადასხვა უწყების გამართული მუშაობა, საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა, ეფექტური სასამართლო სისტემა – ყველაფერი ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისათვის. საქართველო ამ თვალსაზრისით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიის სახელმწიფოებს თუ არ ჩავთვლით, ერთ-ერთ საუკეთესო მდგომარეობაშია. „პაშა ბანკის“ მიერ განხორციელებული ინვესტიცია საქართველოში თავად მეტყველებს იმაზე, თუ რას ვფიქრობთ საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ.

მოსალოდნელია „პაშა ბანკის“ მიერ თურქეთში ადგილობრივი ბანკის შეძენა. როგორია „პაშა ბანკის“ რეგიონული განვითარების სტრატეგია?

ამ ტრანზაქციის შემდეგ „პაშა ბანკს“ უკვე შეუძლია კლიენტებისათვის კორპორაციული საბანკო მომსახურების სრული სპექტრის შეთავაზება როგორც აზერბაიჯანსა და საქართველოში, ასევე თურქეთში. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი რეგიონალური განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანი – კორპორაციული საბანკო მომსახურებისა და დაგროვილი ქონების მართვის სერვისის შეთავაზება კლიენტებისათვის მთელ რეგიონში.

როგორია „პაშა ბანკის“ ამბიციები საქართველოში – აპირებს თუ არა იგი ადგილობრივი ბაზრის ძირითად მოთამაშედ ჩამოყალიბებას და საკუთარი ბიზნესაქტივობის სფეროთა რიცხვის გაზრდას?

საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ არ ვგეგმავთ საცალო საბანკო ბაზარზე შესვლას. კორპორაციულ სექტორზე ფოკუსირების პარალელურად ეტაპობრივად გავზრდით მცირე და საშუალო საწარმოთა დაფინანსებასაც. ბაზრის ძირითად მოთამაშედ ჩამოყალიბება ჩვენი განვითარების ამ ეტაპის ამოცანას, ცხადია, არ წარმოადგენს. ჩვენი მიზანია, ადგილი დავიმკვიდროთ საქართველოს საბანკო ბაზარზე და ჩვენი საკრედიტო პორტფელისა და კლიენტთა რაოდენობის სტაბილური ზრდის ტენდენცია შევქმნათ.

რომელი მიმართულებებია პრიორიტეტული ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკიდან გამომდინარე?

სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებს „პაშა ბანკის“ საქმიანობაში ტრადიციულად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. 2012 წელს „პაშა ბანკმა“ მიიღო საპატიო ჯილდო „საუკეთესო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა ევროპაში“ EMEA Finance magazine’s-გან, აზერბაიჯანში განხორციელებული პროექტებისთვის. ბანკი საქართველოშიც აგრძელებს ამ ტრადიციას და სხვადასხვა პროექტს შორის გამოარჩევს განათლებისა და კულტურის დარგის პროექტებს, რომლებსაც სპონსორობას გაუწევს და სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ფარგლებში დააფინანსებს. ახლახან, საერთაშორისო სავაჭრო პალატის ინიციირებით სტუდენტთა შორის მოწყობილ ბიზნესკეისების კონკურსში „პაშა ბანკის“ გუნდმა, რომელსაც თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენდნენ, I ადგილი დაიკავა. სტუდენტებმა წარმოადგინეს პროექტი თემაზე „საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი ‘პაშა ბანკისთვის’“.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *