რეფორმების ელჩი

ნიკა გილაური საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრია, რომელმაც პოსტი სულ რაღაც 39 წლის ასაკში დატოვა. დღეს ის ხელმძღვანელობს “რეფორმატიქსს” – გლობალურ კომპანიას, რომელსაც თავად “მთელ მსოფლიოში ყველაზე მცირე ზომის გლობალურ კომპანიას” უწოდებს. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ ამ ბუტიკური ტიპის საკონსულტაციო კომპანიამ თავისი არსებობის სულ რაღაც ხუთი წლის მანძილზე საკმაოდ შთამბეჭდავი პორტფოლიო შეკრა: პროფესიულ რჩევებს აწვდის ოცზე მეტ მთავრობას, სამ კონტინენტზე. საჯარო სამსახურიდან კერძო სექტორში გადმობარგების შემდეგ ნიკა გილაურმა წიგნის დაწერაც მოასწრო. “პრაქტიკული ეკონომიკა” – ასე ჰქვია წიგნს, რომელიც დეტალურად აღწერს საქართველოში გატარებულ რეფორმებს.

რა შეიძლება საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ურჩიოს განვითარებადი სამყაროს ლიდერებს თავისი საკონსულტაციო კომპანიის – რეფორმატიქსის – მეშვეობით? ზუსტად ის, რასაც ის თავის გუნდთან ერთად წლების განმავლობაში საქართველოში აკეთებდა: სტრატეგიებისა და ფორმულების შემუშავება სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, ასევე, ინოვაციური მიდგომების დანერგვა საჯარო პოლიტიკაში.

დიახ, სწორედ ეს, უნარებზე დაფუძნებული მიდგომა, მართვის ეს პრაქტიკული ნოუ-ჰაუ, რეფორმირების გამოცდილება და საერთაშორისოდ აღიარებული, საუკეთესო მოდელების ცოდნა აქცევს ერთი შეხედვით მარტივ საკონსულტაციო სერვისს ახალი თაობის მრჩეველ ორგანიზაციად: “რეფორმატიქსი” კლიენტის იდეებს კონკრეტულ ნაბიჯებად აქცევს, მიზნებს კი – კონკრეტულ შედეგებად. მთავრობებთან მუშაობის დროს “რეფორმატიქსი” განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ბიუროკრატიის ოპტიმალური ზომის მიღწევაზე, მიმზიდველი ბიზნესგარემოს შექმნაზე, საჯარო სექტორის სერვისების სწრაფ და მოქალაქეებზე ორიენტირებულ მიწოდებაზე.

მოკლედ რომ ვთქვათ, “რეფორმატიქსს” საქართველოს რეფორმები განვითარებად სამყაროში ექსპორტზე გააქვს და ამით საქართველოს ცნობადობის გლობალურად გაზრდას ემსახურება.

“რეფორმატიქსის” დამფუძნებელი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურია. თავის ბუტიკური ტიპის საკონსულტაციო კომპანიას ის თავის ყოფილ მრჩევლებთან – თამარ კოვზირიძესა და ვახტანგ ლეჟავასთან ერთად უძღვება. კომპანია რჩევებს გასცემს ძირითადად ეკონომიკურ რეფორმებთან, საჯარო მმართველობასა და ბიზნესგარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე.

ნიკა გილაური თავისი ცხოვრების უდიდეს ნაწილს ჰაერში ატარებს. თვითმფრინავშიც იმ რჩევებზე ფიქრობს, რაც განვითარებადი ქვეყნების ლიდერებს საქმეს გაუადვილებს. ასეთი დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ნიკა გილაურმა Forbes Georgia-სთან ექსკლუზიური ინტერვიუსთვის მაინც მოიცალა.

ერთმანეთს სასტუმრო “იოტაში” შევხვდით. ნიკა გილაური ენერგიული ნაბიჯებით შემოდის ინტერვიუსთვის არჩეულ სივრცეში, ფართო ღიმილით მიწვდის ხელს, ერთმანეთის პირისპირ ვსხდებით და ინტერვიუც იწყება.

მოდი, სულ თავიდან მივყვეთ. რატომ არის საქართველოს რეფორმები დანარჩენი მსოფლიოსთვის რელევანტური დღეს?

ამის მთავარი მიზეზი ის ეკონომიკური ძვრებია, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. ამ პროცესს მე ეკონომიკურ გადაწყობას ვუწოდებ. დღეს ეკონომიკური გადაწყობის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ერთი მიზეზია ნავთობის ფასების ვარდნა, თუმცა მთავარი მიზეზი მაინც ტექნოლოგიური პროგრესია. ამ ტიპის ეკონომიკური გადაწყობა მსოფლიოში ყოველ 30-50 წელიწადში ერთხელ ხდება. მაგალითად, საბჭოთა კავშირის დაშლა იყო ერთი ასეთი მასშტაბური გადაწყობა – ერთდროულად ძალაუფლების, ეკონომიკისა და პოლიტიკის დონეზე. დღეს მსოფლიო კიდევ ერთი გადაწყობის მომსწრეა. საინტერესო დროში გვიწევს ცხოვრება.

ამ გადაწყობას თავისი მოგებულები და წაგებულებიც ეყოლება, არა?

ყველა მასობრივ ძვრას ჰყავს მოგებულები და წაგებულები. დღეს ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც ტექნოლოგიური ცვლილება ახალი ტრენდი ხდება. ამის გამო, სულ უფრო მეტი ინვესტიცია მიედინება არა განვითარებადი ქვეყნებისკენ, როგორც ეს ერთ დროს იყო, არამედ განვითარებული სამყაროსკენ. 5-10 წლის წინ ინვესტორთა ფული საქართველოში და ყოფილი საბჭოთა სივრცის ქვეყნებსა თუ აღმოსავლეთ ევროპაში ბანდდებოდა. ამის მთავარი მიზეზი დაბალი გადასახადები და იაფი მუშახელი იყო. დღეს მხოლოდ ეს მოცემულობა საკმარისი აღარ არის. ტექნოლოგიები იმდენად მოგებიანი ხდება, რომ დღეს ინვესტორს ურჩევნია, თავისი ფული დააბანდოს, ვთქვათ, კალიფორნიაში, სადაც ერთ-ერთი უძვირესი უძრავი ქონებაა, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუშახელი ჰყავთ. მაგრამ, მეორე მხრივ, კალიფორნიის მსგავს ადგილას დიდი ფულის შოვნის მეტი შანსია.

ეს ტრენდი გაგრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, დიდი მოთხოვნა არსებობს ინვესტიციებზე და, მეორე მხრივ, განვითარებად ქვეყნებს შორის კონკურენცია გაცილებით გაზრდილია. ამ ფაქტს კი იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ამ ქვეყნებმა შედეგი უნდა აჩვენონ. მათ სარფიანად უნდა “მიჰყიდონ” თავიანთი ქვეყნების ეკონომიკა ინვესტორს და სწორედ თავიანთ ქვეყანაში მოიზიდონ. ამასთან, მათ უნდა შექმნან ისეთი ბიზნესგარემო, სადაც ბიზნესის წარმოება ადვილი იქნება.

ლოგიკურია. თუმცა, თუ თქვენ აქცენტს აკეთებთ ტექნოლოგიების განვითარებასა და იმ უდიდეს როლზე, რასაც თანამედროვე მსოფლიოში ტექნოლოგია თამაშობს, მაშინ რას სთავაზობს “რეფორმატიქსი” თავის პარტნიორებს? რა ტიპის რეფორმებს შეუძლია დააბალანსოს ტექნოლოგიების ნაკლებობის ფაქტი განვითარებად ქვეყნებში?

კარგი კითხვაა. “რეფორმატიქსს” ამ სიტუაციაში სამმაგი დატვირთვა აქვს. პირველი, ჩვენ ვეუბნებით მთავრობებს, რომ ამ სიტუაციაში ინვესტიციის მოზიდვა გარდაუვალი აუცილებლობაა – და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანაში ფული შემოდის და დასაქმების შესაძლებლობები ჩნდება; პირველ რიგში იმიტომ, რომ ინვესტიციას მოაქვს ტექნოლოგიური ტრანსფერი. მეორე, ეს ქვეყნები – ვგულისხმობ ყოფილი საბჭოთა სივრცის დიდ ნაწილს, როგორც უკვე ვთქვი, აზიის უდიდეს ნაწილს, არაბულ სამყაროსა და აღმოსავლეთ ევროპის ნაწილს – ეს ქვეყნები თვითონ არ ავითარებენ ტექნოლოგიებს. ისინი უფრო მეტად მოიხმარენ მათ. თუ მათ ტექნოლოგიური ნოუ-ჰაუს მიღება სურთ, მაშინ მათ უნდა მოიზიდონ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. მოდი, მოვიყვანოთ ძალიან მარტივი მაგალითი: წარმოიდგინეთ, რომ “ტესლა” საქართველოში აბანდებს ფულს. ან ყაზახეთში, ან რეგიონის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ამ ინვესტიციის შედეგი ის არის, რომ თავიანთ ტექნოლოგიას აცნობენ თქვენს ქვეყანას. ისინი ასწავლიან ტექნოლოგიის მოხმარებას, რაც შემდეგ ახალ ტრენდად იქცევა. ამის მიღწევა მხოლოდ ამ გზით, ინვესტიციის მოზიდვით არის შესაძლებელი და საკუთარ ქვეყანაში ისეთი ბიზნესგარემოს შექმნით, რომელიც “ტესლას” და სხვა მსხვილ ინვესტორებს ბიზნესის წარმოებას გაუმარტივებს. კიდევ რას ვაკეთებთ? ჩვენ ვეხმარებით მთავრობებს, ისე შეცვალონ თავიანთი რეგულაციები და წესები, რომ ბიზნესგარემო ინვესტიციებისთვის და ინვესტორებისთვის მეგობრული იყოს. ჩვენ ყველაფერს ინვესტორის გადმოსახედიდან ვაფასებთ, რაც, უნდა ვთქვათ, საკმაოდ რთულია. სინამდვილეში, მთავრობების უმეტესობას ამ თვალსაზრისით პრობლემა აქვს. ჩვენი საჭიროებაც სწორედ აქ იჩენს თავს. “რეფორმატიქსს” ძალიან მცირე, მაგრამ ამავდროულად ძალიან საინტერესო ნიში აქვს არჩეული.

საქართველოს რეფორმების ექსპორტზე გატანის ნიში...

ზუსტად. ჩვენ ვეხმარებით მთავრობებს, გაამარტივონ კანონები და რეგულაციები და შექმნან უკეთესი ბიზნესგარემო. ჩვენ ასევე ვეხმარებით მათ ფინანსური და ფისკალური ფორმულებით, რომლებიც მათ ქვეყნებს კიდევ უფრო მეტად მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვის.

გაქვთ წარმატების ისტორიები, რომელთა გაზიარებაც ჩვენთვის შეგიძლიათ?

მცირე პრობლემა, რომელიც თან ახლავს ჩვენს საქმიანობას, ის არის, რომ რიგ შემთხვევებში შეზღუდულები ვართ თანამშრომლობის დეტალების გამჟღავნების თვალსაზრისით. მაგალითად, რამდენიმე ქვეყანაში მართლა დიდ წარმატებას მივაღწიეთ – მათ შორის, აფრიკის ერთ-ერთ უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში – მაგრამ ამ ისტორიების გაზიარება არ შეგვიძლია, რადგან გაუმჟღავნებლობის პირობა გვაქვს დადებული. თუმცა ბევრ შემთხვევაში ასეთი პირობა არ არსებობს. წარმატების ერთი ისტორია ყაზახეთში გვქონდა. იქ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ვმუშაობდით. ეს ის პერიოდია, როცა ნავთობის ფასმა ვარდნა დაიწყო. ყაზახეთი ნავთობის ექსპორტიორი ერთ-ერთი უმსხვილესი ქვეყანაა და მათსაკუთარი ეკონომიკის დივერსიფიცირება და ნავთობზე დამოკიდებულების შემცირება გადაწყვიტეს. ქვეყნის მთავრობამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რაც შეიძლება მეტად განევითარებინა ეკონომიკის სხვა დარგები.

...და ამით შეემცირებინა ე.წ. ნავთობის წყევლის – oil curse-ის ეფექტი.

ზუსტად. ერთი მხრივ, ნავთობი კარგი რამ არის, რადგან მას დამატებითი შემოსავალი მოაქვს, მაგრამ ნავთობზე დამოკიდებულება ნიშნავს, რომ მის ფასზე ხარ დამოკიდებული, ფასი კი შეიძლება პერიოდულად იცვლებოდეს. ნავთობის ფასი დრამატულად თუ შემცირდება, ქვეყნის ეკონომიკა შეიძლება საგრძნობლად დაზარალდეს. ყაზახეთმა ეკონომიკის დივერსიფიცირების პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ სხვა კონსულტანტებთან ერთად დაგვიქირავა ყაზახეთის მთავრობამ იმისთვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემო შეგვექმნა. ჩვენ მათთან მუშაობა ე.წ. ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეფორმების დანერგვით დავიწყეთ: განვსაზღვრეთ ის რეფორმები, რომლებიც ყაზახეთის პოზიციებს გააუმჯობესებდა მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ “ბიზნესის წარმოების სიმარტივის” რეიტინგში. . პირველივე წელს საკმაოდ კარგ შედეგს მივაღწიეთ: ყაზახეთი ჯერ 77-იდან 41-ე ადგილამდე დაწინაურდა, შემდეგი კი 35-მდე. ცხადია, ჩვენი წვლილი ამ შედეგში ძალიან მცირეა, მაგრამ მჯერა, რომ ყაზახეთს ამ მომენტის დაჭერაში დავეხმარეთ. რამდენიმე წლის წინ საქართველო ამავე რეიტინგში ტოპ-ათეულში შევიყვანეთ. მიხარია, რომ 2017 წელს საქართველომ ისევ გაიმეორა ეს შედეგი – ეს დიდი მიღწევაა. იმედი გვაქვს, რომ იმავე შედეგს ჩვენი პარტნიორების შემთხვევაშიც მივაღწევთ.

როგორც მივხვდი, დღეს თქვენი მთავარი პარტნიორები მთავრობებია. თუ არის ინტერესი კერძო სექტორის მხრიდან?

დღეის მდგომარეობით ჩვენი კლიენტების უმრავლესობა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს წარმოადგენენ. თუმცა გარკვეულ ინტერესს კერძო სექტორისგანაც ვხედავთ – განსაკუთრებით, სხვადასხვა ქვეყნის მაკროეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით აინტერესებთ კონსულტაციების მიღება. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი კლიენტები მაინც მთავრობები არიან. უკვე 20-ზე მეტ ქვეყანასთან ვიმუშავეთ აფრიკაში, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, ასევე, სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყანაში. გვქონდა მცირე გამოცდილება ლათინურ ამერიკაშიც. ჩვენი მთავარი მიზანია, ლათინური ამერიკის მთავრობებიც მოვიზიდოთ თანამშრომლობისთვის, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ასეთი მაგალითი გვაქვს.

რამდენი ხანია, რაც კონსულტირებას ეწევით?

მას შემდეგ, რაც მთავრობა დავტოვე ხუთი წლის წინ.

და ეს პირველივე არჩევანია, თუ სხვა წინადადებებსაც იხილავდით?

პირველივე არჩევანია. როდესაც საჯარო პოსტს ტოვებ, რაღაც ახლის კეთება გინდა. შეიძლება ბევრმა არ დაიჯეროს, მაგრამ მთავრობის უმაღლესი პოსტი ჩემს ანგარიშზე ნეგატიური ბალანსით დავტოვე. საპარტნიორო ფონდში რამდენიმე თვეს დამეხმარა, მაგრამ საჯარო სამსახურის შემდეგ ახალი ცხოვრება და ახალი ბიზნესი უნდა დამეწყო – ყველაზე უკეთ კი ეკონომიკური რეფორმების მენეჯმენტი გამომდიოდა და, როგორც გამოჩნდა, ამ უნარზე მოთხოვნა იყო. მე 39 წლის ვიყავი და გადავწყვიტე, რომ საკუთარი კომპანიის შექმნა კარგი იდეა იყო. ისეთი რამის კეთება მინდოდა, რისი გამოცდილებაც პირადად მქონდა – ეს კი იყო მართვა, ინოვაციური ხედვებისა და მიდგომების დანერგვა, ლიდერობა... “რეფორმატიქსს” უნიკალურობა ის გახლავთ, რომ ყოველი ჩვენგანი პრაქტიკოსია. ჩვენ საშუალო დონის კონსულტანტები არ ვართ, მხოლოდ თეორიული ან აკადემიური გამოცდილებით. ჩვენ ყველას ეს საქმე პირადად გვიკეთებია.

როგორია საკონსულტაციო ბაზარი ზოგადად? მაღალია თუ არა ამ მხრივ კონკურენცია და რა არის “რეფორმატიქსის” კონკურენტული უპირატესობები? ერთი, რაც გავიგე, ის არის, რომ ყველანი პრაქტიკოსები ხართ...

ეს არის ჩვენი ნიში. შეიძლება არც დაიჯეროთ, მაგრამ ამ კუთხით გლობალურად ძალიან დიდი კონკურენციაა. ჩვენ შედარებით მცირე ზომის კომპანია ვართ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი ძალიან მსხვილ კომპანიებს შეხვდებით. მაგრამ ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა, რომ ჩვენ გვიკეთებია ის საქმე, რაზეც დღეს რჩევებს ვიძლევით. ჩვენ თვითონ დაგვიშვია შეცდომები. ჩვენ გვინახავს წარმატების ისტორიები და რეფორმების რეფორმირებაც ჩვენით გაგვიწევია. ჩვენ გვესმის მთავრობების, რადგან მათ პოზიციებზე გვიმუშავია. როდესაც მე რომელიმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ვესაუბრები, მხოლოდ კონსულტანტი კი არ ესაუბრება თავის კლიენტს, ყოფილი პრემიერი მოქმედ პრემიერს ესაუბრება. ეს მათთვის განსხვავებული ენაა, განსხვავებული გაგება. სწორედ ეს გვაქცევს უნიკალურ კომპანიად. არც ისე ბევრმა ყოფილმა საჯარო მოხელემ გადაწყვიტა, საკუთარი საკონსულტაციო კომპანია დაეფუძნებინა და რეალურად ემუშავა ან დღეს მუშაობს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან. უფრო ხშირად ასეთები აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ან თეორეტიკოსები არიან, რომლებიც შემოდიან ამ ბიზნესში და ცდილობენ, საკუთარი თეორიები გაყიდონ. ჩვენ თეორიებს არ ვყიდით. ჩვენ ვყიდით პრაქტიკულ გამოცდილებას.

ანუ ამბობთ, რომ სხვების შეცდომებზე სწავლა შესაძლებელია?

დიახ, ეს არის მთელი არსი. ჩვენი რჩევები იმპლემენტაციასთან დაკავშირებული რჩევებია. ეს არის ჩვენი საქმიანობის მთავარი ამოსავალი – რეფორმების იმპლემენტაცია. კონსულტანტები უფრო ხშირად მოდიან, ამზადებენ დეტალიზებულ, სქელტანიან ანგარიშს თქვენი საქმიანობის შესახებ – ე.წ. SWOT ანალიზს. კარგად ფორმულირებულ დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი ყველა რეკომენდაცია, სად არის პრობლემა და რა უნდა გაკეთდეს მის აღმოსაფხვრელად. გადმოგცემენ ამ დოკუმენტს და მიდიან. თქვენ რჩებით და არ იცით, როგორ გამოიყენოთ ის რჩევები, რაც თქვენი კონსულტანტებისგან მიიღეთ. ჩვენ ასე არ ვიქცევით. ჩვენ არა მხოლოდ გიხსნით, თუ რა უნდა გაკეთდეს, არამედ ყოველდღიურ რეჟიმში პრაქტიკულად გაჩვენებთ, რა და როგორ უნდა გააკეთოთ.

... იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგი დადგეს.

დიახ. ამას ვუწოდებ ახალი თაობის კონსულტირებას. ჩვენ ვამბობთ: ჩვენ განვსაზღვრავთ, რა არის სუსტი მხარეები, პრობლემები და შემდეგ თქვენთან ერთად ვიმუშავებთ მათ გადაჭრაზე.

რაც, სავარაუდოდ, ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და დიდ დროს ჰაერში...

ნამდვილად ასეა. რამდენიმე თვის წინ გამოვთვალე და აღმოჩნდა, რომ იმაზე მეტი ვიფრინე, ვიდრე ეს თურქული ავიაპილოტისთვის არის ნებადართული. ჩემი ცხოვრების უდიდეს ნაწილს თვითმფრინავში ვატარებ.

რამდენადაც ვიცი, “მაქკინზისთანაც” გადაიკვეთეთ. დეტალებს ხომ ვერ გაგვიმხელთ?

კომპანიის დასახელება არ შემიძლია, მაგრამ, დიახ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მენეჯმენტ-საკონსულტაციო კომპანიასთან. ძალიან საინტერესოა, რადგან ისინი წარმოდგენილები არიან ბევრ ისეთ ქვეყანაში, რომლებზეც ჩვენ ხელი არანაირად არ მიგვიწვდება. რამდენიმე ქვეყანაზე აფრიკაში, მაგალითად, სადაც ჩვენ არავის ვიცნობთ. ამ კომპანიას კი მთელ მსოფლიოში ძალიან მძლავრი წარმომადგენლობა აქვს. გლობალურად ცნობილი ბრენდია და საკმაოდ მჭიდროდაც ვთანამშრომლობთ. ჩვენ საკმაოდ წარმატებულად ვიმუშავეთ არა მხოლოდ აფრიკაში, რამდენიმე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყანასთან, არამედ არაბულ სამყაროშიც – აქაც ერთ-ერთ უმსხვილეს ქვეყანას ვუწევთ კონსულტაციებს და ვხედავთ საკმაოდ ნაყოფიერ ნაბიჯებს ნავთობის ინდუსტრიისგან დივერსიფიცირების თვალსაზრისით. ძალიან საინტერესოა ტრანზიტული ეკონომიკის მქონე ქვეყნების მთავრობებთან მუშაობა, რომელთაც ნამდვილად სურთ ეკონომიკის განვითარება და რომელთაც ნამდვილად უნდათ უკეთესი ბიზნესგარემოს შექმნა და ფისკალური პოლიტიკის გაუმჯობესება.

რეფორმირების პოლიტიკური ნება ყოველთვის არის, თუ შეგხვედრიათ “ჯიუტი” მთავრობებიც?

ჩვენ ასეთ მთავრობებთან არ ვმუშაობთ, რადგან არ გვინდა, დრო დავკარგოთ. ყველა ძალისხმევამ, რომელსაც ჩვენ გავწევთ, შედეგი უნდა მოიტანოს. ჩვენ არ ვდებთ კონტრაქტებს მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ მათი რაოდენობა დავითვალოთ. ჩვენ წარმატების ისტორიები გვინდა. ჩვენ ისეთ მთავრობებთან თანამშრომლობა გვინდა, რომელთაც აქვთ პოლიტიკური ნება, გაატარონ საჭირო რეფორმები, შეცვალონ წესები, ყველაფერი სცადონ, რაც კონკრეტულ ქვეყანას იმ მომენტში სჭირდება. თუ არ არსებობს პოლიტიკური ნება, საკონსულტაციო კომპანიას არაფერი შეუძლია.

და ალბათ საპირისპიროც სწორია: წარმატების ისტორიები თუ დაგროვდება, ამ ტიპის პოლიტიკური ნებაზე მოთხოვნაც გაიზრდება...

ეს არის სწორედ ფორმულა. რაც მეტად ვიმუშავებთ სხვადასხვა მთავრობასთან, ვისაც რეფორმირების პოლიტიკური ნება აქვს, მით მეტი წარმატების ისტორია დაგროვდება და მით უფრო ადვილი იქნება საქართველოს რეფორმების გლობალურად გატანა. როგორც ჩანს, საქართველოს რეფორმებზე მოთხოვნაც მაღალია – ჩემი წიგნი დაბეჭდა Palgrave Macmillan-მადა, ერთ-ერთი უმსხვილესი საგამომცემლო სახლის ინფორმაციით, წელს ის ბესტსელერია და საიტიდან ყველაზე ჩამოტვირთვადიც – ჩამოტვირთვების რაოდენობა 40 ათასს აჭარბებს.

საჯარო პოსტის დატოვების შემდეგ თქვენ მემუარები არ დაგიწერიათ, საქართველოს რეფორმების შესახებ დაწერეთ წიგნი. ცოტა უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ თემაზე.

გადავწყვიტე, კარგი იქნებოდა, თუ გარკვეულად შეჯამდებოდა ის რეფორმები, რაც ჩვენ გავატარეთ და ამ გადაწყვეტილების მიზეზი ძალიან მარტივი იყო. სადაც უნდა წავსულიყავი, სულ მეკითხებოდნენ, რამე თუ დაწერილა ამ რეფორმების შესახებ. ყოველთვის მინდოდა რამის ჩვენება, მაგრამ ვერაფერს ვპოულობდი.

ახლა გამახსენდა მსოფლიო ბანკის გამოცემა, სადაც საქართველოს წარმატებული რეფორმები მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკად იყო დასახელებული...

დიახ, მსოფლიო ბანკმა დაწერა წიგნი საქართველოს რეფორმების შესახებ, რამდენიმე მოკლე სტატიაც იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან და რამდენიმე სხვა ფინანსური ინსტიტუტისგან. მაგრამ არ არსებობდა არანაირი წიგნი ან რეფორმების უფრო ღრმა სისტემური მიმოხილვა, რითაც ჩემი კლიენტები ან პოტენციური კლიენტები საჭიროების შემთხვევაში იხელმძღვანელებდნენ. ასე რომ გადავწყვიტე, რატომაც არა, დავწერ წიგნს. ეს წიგნი დღეს ჩემი სავიზიტო ბარათია. ეს წიგნი მემუარი ნამდვილად არ არის, თუმცა რამდენიმე პიროვნულ ისტორიას მაინც წაიკითხავთ. მაგალითად, როგორ დავინიშნე ენერგეტიკის მინისტრად, ან როგორ ვუმკლავდებოდით პრობლემებს, 2008 წელს რუსეთის ინტერვენციას რომ მოჰყვა. თუმცა ამ წიგნის 90% მაინც რეფორმებზეა და იმაზე, თუ როგორ იმართებოდა ეს ღრმა და ყოვლისმომცველი რეფორმები პრაქტიკაში.

წიგნს სათაურად “პრაქტიკული ეკონომიკა” შეურჩიეთ...

ასე გადავწყვიტე, რადგან მივხვდი, რომ მნიშვნელობა აღარ ჰქონდა იმ თეორიულ ცოდნას, რომელიც მივიღე, იმ ეკონომიკურ სკოლებს, რომლებსაც გავეცანი, როცა პრემიერი გავხდი, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში უბრალოდ არ მუშაობს. დიახ, ეს სიმართლეა. პრაქტიკაში მხოლოდ პრაქტიკული ეკონომიკა ამართლებს – როდესაც გადაწყვეტილებებს ყოველი კონკრეტული მომენტის შესაბამისად იღებ. ეს არის და ეს. შენ ასევე იაზრებ, რომ შეიძლება შეცდომა დაუშვა და შენ დგამ ამ ნაბიჯს და რეფორმების რეფორმირებას ახდენ. საბოლო ჯამში, რაღაც კარგს იღებ: ფორმულას, რომელიც კონკრეტული სექტორისთვის მუშაობს, როგორც მივიღეთ ენერგეტიკაში, საბაჟოზე, საგადასახადო კუთხით და ა.შ. მიღწევაა, როდესაც კონკრეტულ პრობლემას ჭრი კონკრეტულ ქვეყანაში კონკრეტულ სფეროში. ამას არავითარი კავშირი არა აქვს თეორიასთან. აქ მთავარი პრაქტიკული ეკონომიკაა. ამ ტიპის პრაქტიკული ფორმულები ძალიან საჭიროა მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში.

ეკონომიკის გადაწყობის პირობებშიც?

დიახ.

რატომ?

მიმაჩნია, რომ თუ ფორმულა გამართულად მუშაობს, მაშინ ის თვითგანვითარებადია კონკრეტული სექტორისთვის. ასევე მიმაჩნია, რომ სწორი რეფორმები შევიმუშავეთ: მაშინაც იმუშავეს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და მომავალშიც იმუშავებენ.ინვესტიციები კი ყოველთვის საჭირო იქნება. ამ რეფორმებს თვითგანვითარებადი ფორმულები აქვთ – სწორედ ამიტომ, მათი საჭიროება დღეს არა მხოლოდ საქართველოშია, არამედ – დანარჩენ განვითარებად მსოფლიოშიც. ამიტომაც დღესაც არ კარგავენ აქტუალობას და პოპულარობას.

როგორ ხედავთ “რეფორმატიქსის” მომავალს?

ჩვენ ჩვენს თავს ვუწოდებთ ყველაზე მცირე ზომის გლობალურ კომპანიას. და ეს მართლაც ასეა. როცა დავიწყეთ, მხოლოდ სამნი ვიყავით – მე და ჩემი მრჩევლები: ვატო ლეჟავა და თამარ კოვზირიძე. დღეს უკვე ოცდაათამდე თანამშრომელი გვყავს, მათ შორის, დროებით დაქირავებული მრჩევლებიც, რომლებიც სხვადასხვა პროექტზე მუშაობენ სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი მიზანია, მართლაც გლობალურები გავხდეთ. დღეს სამ კონტინენტზე ვართ წარმოდგენილები. სერიოზული სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის ქვეყნებში, და ჯერაც არ აგვითვისებია შორეული აღმოსავლეთის პოტენციალი. ჩვენი უახლოესი მიზანია, განვითარებადი მსოფლიოს უფრო დიდ ნაწილს გავაცნოთ საქართველოს რეფორმები.

საქართველოსთან მიმართებით პირადი გეგმები თუ გაქვთ?

ვცდილობ, საქართველოში მოვიზიდო ინვესტიციები. ჩემს საყვარელ – ენერგეტიკის სექტორთან დაკავშირებული რამდენიმე პროექტი მაქვს. საქართველოში ჰესის აშენება მინდა – ამდენად, დიახ, აქაურობასთან დაკავშირებით მაქვს გეგმები. ამას გარდა, საქართველოში პირველ სოციალური მედიის აპლიკაციას უნდა დავუდო საფუძველი. მისი სახელი ტრულაილა იქნება. ბევრ ქვეყანას აქვს ლოკალური აპი, საქართველოს არ ჰქონდა და გადავწყვიტე, პირველი მე ვიყო.

ინტერვიუ ინგლისურ ენაზე.

VIDEO:

 

--------------------

პრაქტიკული ეკონომიკის მიმოხილვა:

საქართველოს ეკონომიკური ტრანსფორმაცია და სახელმწიფო რეფორმა 2004-2012 წლებში. გამოცემულია Palgrave Macmillan-ის მიერ.

თუკი თქვენ პოლიტიკოსი, საჯარო მოსამსახურე, კონსულტანტი ან უბრალოდ აქტიური მოქალაქე ბრძანდებით, რომელსაც აინტერესებს, როგორ მუშაობენ სახელმწიფოები და როგორ შეიძლება მათი ტრანსფორმაცია, მაშინ ნიკა გილაურის ეს წიგნი – პრაქტიკული ეკონომიკა – თქვენთვისაა.

წიგნი მარტივ და გასაგებ ენაზეა დაწერილი. იგი მოიცავს პირად ისტორიებსაც და სავსეა რეფორმების ინიციირებისა და აღსრულების პრაქტიკული გამოცდილებით.

ნიკა გილაური საქართველოს ენერგეტიკის (2004-2007), ფინანსთა (2007-2009) და პრემიერმინისტრი (2009-2012) გახლდათ. წიგნი ამ პერიოდის საქართველოში განხორციელებული რეფორმების დეტალურ ანალიზს გვთავაზობს. ამ წიგნში ადვილად აღმოაჩენთ ყველა მიზეზს, რატომაა საქართველოს გამოცდილება რელევანტური გარდამავალ პერიოდში მყოფი ქვეყნებისთვის და ასევე, როგორ მოახერხა საქართველომ გარღვევა შემდეგი მიმართულებებით: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, მთავრობის ოპტიმიზირება, ბიზნესისთვის მეგობრული გარემოს შექმნა, საგადასახადო და საბაჟო რეფორმა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების პრივატიზაცია, ენერგოსექტორის რეფორმა და მთავრობის ხარჯების გონივრული განკარგვა – სახელმწიფო შემწეობების, ჯანდაცვის, განათლებისა და შესყიდვების სფეროების საჭიროებებზე მოსარგებად.

ვნახოთ, რას ამბობენ წიგნის შესახებ გამოჩენილი მკითხველები:

სიმეონ დიანკოვი, ბულგარეთის ყოფილი ვიცეპრემიერი და ფინანსთა მინისტრი: “მე თავად გახლდით მოწმე რეფორმათა იმ უზარმაზარი ტალღისა, რომელიც საქართველომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ააგორა. ამ რეფორმებმა ქვეყანა სულ რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ რეფორმატორად აქცია. ეს წიგნი მშვენივრად ყვება ამბავს, თუ როგორ განხორციელდა ეს ცვლილებები”.

დევიდ ფაინი, McKinsey & Company-ის მთავარი პარტნიორი: “შთამბეჭდავია... ბატონი გილაური საქართველოს სწრაფი ეკონომიკური გამოცოცხლებისა და ზრდის მაღალპროფესიონალურ ანგარიშს გვთავაზობს, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაზე ადვილად მორგებადია”. 

კარიმ მასიმოვი, “ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი: “სავალდებულო საკითხავია ყველასთვის, ვისაც აქვს მგზნებარე სურვილი, საკუთარ ქვეყანაში სწრაფი და აგრესიული რეფორმების გატარებისთვის მყარი საფუძველი შექმნას”.

ფრენსის ფუკუიამა, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი და  Mosbacher-ის დირექტორი: “საქართველო ერთ-ერთი იშვიათი და შესანიშნავი წარმატების მაგალითია ქვეყნებისთვის, რომლებიც სისტემურ კორუფციასა და სახელმწიფოს დისფუნქციას ებრძვიან. ყოფილი პრემიერმინისტრი – ნიკა გილაური მომხიბვლელ ანგარიშს გვთავაზობს, თუ როგორ შეძლეს ეს”.

ნიკა გილაური რეფორმატიქსი პრაქტიკული ეკონომიკა ტრულაილა

წინა სტატია

Small Business Optimism Drops While It Grows With Large Businesses
13 თებერვალი, 2018

შემდეგი სტატია

ფასების ზრდის ტემპი საქართველოსა და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში
14 თებერვალი, 2018
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
გლობალური ქსელის თბილისელი შვილობილი
Forbes Woman | ივნ, 28, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა