ჩინურ-რუსული ხელშეკრულება გაზის თაობაზე

ათი წლის მანძილზე რუსეთსა და ჩინეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკება იმით დასრულდა, რომ გაკეთდა განცხადება 400 მილიარდი დოლარის ღირებულების, ბუნებრივ აირთან დაკავშირებული, 30-წლიანი შეთანხმების დადების შესახებ. ვლადიმირ პუტინი ამ შეთანხმებას ახასიათებს, როგორც ბრწყინვალე გამარჯვებას: რუსეთმა კიდევ ერთი ახალი, გრძელვადიანი და მსხვილი მომხმარებელი მოიპოვა. იგი ახდენს ამის საჯარო დემონსტრირებას, რითაც იმის თქმა სურს, რომ, მიუხედავად უკრაინის მიმართ მისი აგრესიისა, არათუ არ განიცდის დიპლომატიურ იზოლირებას, არამედ სტრატეგიულად მძლავრი ახალი მოკავშირეც კი იშოვა, რომელიც ასევე ეკონომიკური სიძლიერით მსოფლიოში რიგით მეორე ქვეყანაა.

ეს ყველაფერი სარეკლამო აჟიოტაჟს უფრო ჰგავს. პუტინი, ბუნებრივია, ამ შეთანხმებას ისე ატრიალებს, როგორც მას სურს. მისი მიზანია, რომ ის „ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენად“ წარმოაჩინოს, მაგრამ სინამდვილეში ეს შეთანხმება დიადი სულაც არ არის. 400 მილიარდი დოლარი 30 წელზე გაყავით და მიიღებთ წლიურ 13 მილიარდ დოლარს. დღეს გლობალური ეკონომიკის სიდიდე თითქმის 80 ტრილიონ დოლარს აღწევს. აღნიშნული კონტრაქტის ტარიფებს ამ კონტექსტით თუ განვიხილავთ, მაშინ ეს კონტრაქტი აღნიშვნის ღირსი ძლივს იქნება. მაგალითად, AT&T-ის მიერ DirecTV-ის შეძენის წინადადება უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს.

სტრატეგიული ალიანსი? ჩინეთთან შეთანხმების დადება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რუსეთის მთავარ სუსტ მხარეს, რომელიც შემდგომში მდგომარეობს: მიუხედავად მისი უსაზღვრო რესურსებისა და მოსახლეობის განათლების მაღალი დონისა, რომელიც მნიშვნელოვანი რაოდენობის ნიჭიერ მეცნიერსა და მათემატიკოსს მოიცავს, რუსეთი ნავთობის, გაზისა და რამდენიმე სახის სხვა ბუნებრივი რესურსის ექსპორტზე დამოკიდებული, ერთი, შემაძრწუნებლად სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა.

საქმის ამგვარი ვითარება ქვეყნის ცუდად მართვაზე მიუთითებს. ჩვენს მაღალტექნოლოგიურ ეპოქაში რუსეთი უნდა იყოს მამოძრავებელი ძალა, ლოკომოტივი და არა მისი შემადგენელი ნაწილი. ამ ქვეყანას მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების უნარი შესწევს, მაგრამ თუ ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები ოდესმე თავიანთ ეკონომიკურ, სამხედრო და დიპლომატიურ ქმედებებს გააერთიანებენ, მოსკოვის პარალიზებას ადვილად შეძლებენ. რუსეთის ყველა მეზობელმა კარგად იცის, რომ პუტინის პოლიტიკის გაზიარება სტაგნაციასა და შევიწროებას ნიშნავს. აშშ-მ და ევროპამ გადაჭარბებული საგადასახადო, არასტაბილური ფულადი, სულის შემხუთველი საკანონმდებლო-ნორმატიული აქტებისა და გაბერილი საზოგადოებრივი სექტორების იდიოტური ეკონომიკური პოლიტიკის წყალობით, საკუთარი თავი უმიზეზოდ დაისუსტეს. აშშ ამ ხელოვნურად შექმნილი ბარიერების წინააღმდეგ, 2016 წლის არჩევნების შემდეგ, გადამწვეტ ზომებს მიიღებს. 2014 წლის შუალედური არჩევნები აღორძინების პროცესს დასაბამს დაუდებს. ევროპა ან ყოველ შემთხვევაში, მისი ნაწილი, უხალისოდ გაჰყვება მის მაგალითს, როგორც ეს მან 1980-იან წლებში გააკეთა მას შემდეგ, რაც რონალდ რეიგანმა გადასახადები შეამცირა, ინფლაცია დაამარცხა და სახელმწიფო რეგულირების სისტემა გააუქმა.

რაც შეეხება ჩინეთის აკვიატებას თავისი ბუნებრივი რესურსების გაუსაფრთხოების შესახებ, მისმა ჩინოვნიკებმა უნდა წაიკითხონ ადამ სმიტი, იმისათვის, რომ გაიგონ – ვაჭრობაა სიმდიდრის წყარო. მსხვილი, სწრაფად მზარდი ეკონომიკა, ომის დროის გარდა, გარანტიაა იმისა, რომ რესურსებზე დამოკიდებული კომპანიები, თავიანთი პროდუქციის გაყიდვის მცდელობის მიზნით, თქვენს ზღურბლს აატალახებენ. მათ თქვენი ფული სურთ.

 

 კარგი კაცი წასულა

მოულოდნელი გმირი, „ცივი ომის“ პერიოდში საბჭოთა კომუნიზმის წინააღმდეგ გმირულად მებრძოლი, კენ ტომლინსონი, 1 მაისს, 69 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა. კენი საკვანძო როლს თამაშობდა ორ, არასათანადოდ შეფასებულ ორგანიზაციაში, Voice of America-სა („ამერიკის ხმა“) და Radio Free Europe/Radio Liberty-ში („რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“), რომლებსაც ძალზე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით იმ ქვეყნისთვის ძირის გამოთხრაში, რომელსაც რონალდ რეიგანი „ბოროტების იმპერიას“ უწოდებდა.

ტოტალიტარული რეჟიმები, ისეთი, როგორიცაა საბჭოთა კავშირი და მაოისტური ჩინეთი, აბსოლუტური კონტროლის შესანარჩუნებლად, ინფორმაციაზე მონოპოლიის ქონას საჭიროებენ. თუ ხალხს სიმართლის გასაგებად სხვა საშუალება არ ექნება და ეს ქვეყნები მსოფლიოს შესახებ ზუსტი ახალი ამბების გადაცემაზე და იმაზე, თუ რა ხდება მათ საკუთარ ქვეყანაში, უარს ეტყვიან, ეფექტური ოპოზიცია, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება.

ამიტომაც მოსკოვი „ამერიკის ხმასა“ და „რადიო თავისუფალ ევროპას/რადიო თავისუფლებას“, მომაკვდინებელ იარაღად თვლიდა. ეს ორგანიზაციები საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის მარიონეტულ რეჟიმებში მცხოვრებ ხალხს სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფორმაციას აწვდიდნენ. ამ რადიომაუწყებლების გადაცემების ჩასახშობად საბჭოთა კავშირი დიდ სახსრებს ხარჯავდა და უზარმაზარ პროპაგანდისტულ ძალისხმევას ახორციელებდა დასავლეთში მათთვის მხარდაჭერის ძირგამოსათხრელად. საბჭოთა კავშირს ესმოდა, რომ ყოველდღიურად იდეური ბრძოლა მიმდინარეობდა და რომ კომუნიზმი, ასეთი კონფრონტაციის გამო, ცოცხალი ვერ გადარჩებოდა.

საოცარია, მაგრამ დიპლომატების უმეტესობამ, საგარეო პოლიტიკის გურუებმა და პოლიტიკოსებმა მეტისმეტად დაბალი შეფასება მისცეს სსრკ-თან მებრძოლ რადიოგადაცემების, სავარაუდოდ, „რბილ ძალას“. მათ შორის, ერთი თვალსაჩინო გამონაკლისი, ყოფილი რადიომაუწყებელი, რონალდ რეიგანი იყო. გახდა რა პრეზიდენტი, რეიგანი, კონგრესის მიერ უგულებელყოფილი და მიტოვებული, პოლიტიკურად არაპოპულარული ორგანიზაციების გაძლიერებასა და გამოცოცხლებაზე გადავიდა. ამ მიზნით მან დაარწმუნა კენ ტომლინსონი, იმხანად შესანიშნავი ჟურნალისტი, რომელიც ჟურნალ Reader’s Digest-ში, სარედაქტორო კარიერის კიბეზე მაღლა და მაღლა სწრაფად ადიოდა, რომ „ამერიკის ხმას“ სათავეში ჩასდგომოდა. კენ ტომლინსონი ასეც მოიქცა და ორი წლის განმავლობაში, აღჭურვილობის მისადაგებასა და გადაცემების გამოსწორების საქმეში უდიდეს წარმატებას მიაღწია. საბჭოელები კმაყოფილები არ იყვნენ.

კენის Digest-ში დაბრუნებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, რეიგანმა ის დაარწმუნა, რომ შესულიყო Board for International Broadcasting-ში („საერთაშორისო მაუწყებლობის საბჭო“), რომელიც „რადიო თავისუფლების“ სამეთვალყურეო ორგანო იყო. მოსკოვს, „ამერიკის ხმაზე“ მეტად, „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“ სძულდა, რადგან ისინი „სუროგატული“ მაუწყებლები იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს გადაცემები ინდივიდუალურად იყო შედგენილი და თითოეულ ქვეყანაზე მისადაგებული. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს რადიომაუწყებლობა ქვეყნის საზღვრებს შიგნიდან ხორციელდებოდა.

მე წილად მხვდა პატივი, „საერთაშორისო მაუწყებლობის საბჭოს“ თავმჯდომარე ვყოფილიყავი. კენი კარგად სწორედ იქ გავიცანი. „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება“ მუდმივ თავდასხმებს განიცდიდა როგორც ამერიკელი და ევროპელი მემარცხენეების, ასევე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რომელიც განუწყვეტლივ ცდილობდა ჩვენი ბიუჯეტებისა და ჩვენი მისიისთვის საბოტაჟი გამოეცხადებინა. კენი, პოლიტიკური დანაშაულის მოსაგერიებლად, აბსოლუტურ მზადყოფნაში იმყოფებოდა. მას ჰქონდა შესანიშნავი პოლიტიკური ინსტინქტები და მკაფიო შეგრძნება იმისა, თუ როგორ უნდა ეწარმოებინა უსასრულო ბიუროკრატიული ბრძოლები სახელმწიფოსა და სხვა სამთავრობო სააგენტოებთან. ის ასევე აღჭურვილი იყო პრაქტიკული გამჭრიახობით, გააჩნდა უნარი იმისა, რომ სწორად ემოქმედა სხვადასხვა პრობლემის გადაჭრისას, განსაკუთრებით, პერსონალთან დაკავშირებულ იმ საკითხებში, რომლებიც მათ მიერ რადიოს მართვას შეეხებოდა. მას სიამოვნებას ანიჭებდა მუშაობა რეიგანის მსგავს ადამიანებთან, რომლებსაც კარგი პოლიტიკური ამბებისა და ანეკდოტების დიდი მარაგი ჰქონდათ.

ამ წლების განმავლობაში კენის დაუღალავ ძალისხმევას, სხვა მნიშვნელოვან საქმეებთან ერთად, უშედეგოდ არ ჩაუვლია. 1989 წელს „ბოროტების იმპერია“ დაიშალა, ხოლო 1991 წელს თვით საბჭოთა კავშირიც დაიყო 15 სხვადასხვა სახელმწიფოდ (რომელთა გაერთიანებასაც ახლა პუტინი ცდილობს). ნგრევა დაიწყო პოლონეთმაც Solidarity-ის („სოლიდარობა“) გაბედული მუშაობის წყალობით, რომელსაც სათავეში ნავსაშენის მუშა, ლეხ ვალენსა, ედგა. როდესაც მას შეეკითხნენ, თუ რა როლი ითამაშა „რადიო თავისუფალმა ევროპამ“ ამ არაჩვეულებრივ მოვლენებში, ვალენსამ კითხვას კითხვითვე უპასუხა, – „რა არის დედამიწა მზის გარეშე?“

კენმა „საერთაშორისო მაუწყებლობის საბჭო“ 1994 წელს დატოვა, მაგრამ პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა 2000 წელს ის უკან, სახელმწიფო სამსახურში დააბრუნა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაციაში თანამდებობაზე დანიშნა.

აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებით საზღვარგარეთ მაუწყებლობის ყველა ძალისხმევა ერთადერთ სააგენტოში – Broadcasting Board of Governors-ში („მმართველთა მაუწყებლობის საბჭო“) გაერთიანდა. 2002 წელს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კენი ამ ორგანიზაციის თავმჯდომარედ დანიშნა. ეს თანამდებობა მას 2007 წლამდე ეკავა. მიუხედავად ძალზე მწირი პოლიტიკური დახმარებისა, კენმა დააარსა მაუწყებლობის სატელევიზიო სადგური, რომელიც ახლო აღმოსავლეთზე იყო მიმართული. მან ასევე მოახერხა უფრო მეტი მაუწყებლობა დაემატებინა ირანსა და ამ რეგიონის სხვა ცხელ წერტილებში, მაგრამ ვაშინგტონის სიჩლუნგე ამ ძალისხმევების მნიშვნელობის მიმართ, როგორც ყოველთვის, კედელივით აღმართულიყო. კენს მეფისოდენა ძალაუფლება რომ ჰქონოდა, ის ბევრად უფრო მეტს გააკეთებდა და შედეგად, ცივილიზაცია დღეს ბევრად უფრო უსაფრთხო იქნებოდა. 2009 წელს დაწყებული ირანელების სახალხო აჯანყებაც კი, რომელიც შეიძლებოდა „სოლიდარობის“ მსგავს მოძრაობაში გადაზრდილიყო, რომ არა ობამა, რომელმაც ნათლად აგრძნობინა ყველას, რომ ამის მომხრე არ იყო, სათავეს კენის მიერ თავის დროზე შესრულებული სამუშაოდან იღებდა.

2003 წელს კენი Corporation for Public Broadcasting-ის („საზოგადოებრივი მაუწყებლობის კორპორაცია“) თავმჯდომარედ აირჩიეს, რომელიც ვაშინგტონის მიერ საზოგადოებრივ ტელევიზიასა და რადიოზე დახარჯულ ფულს ზედამხედველობას უწევს. კენს, გარკვეულ გადაცემებში პოლიტიკური ბალანსის შეტანის მამაცური მცდელობა ჰქონდა, თუმცა ამასთან დაკავშირებით გააფთრებულ წინააღმდეგობას წააწყდა. მის მიერ გატარებული პოლიტიკისა და საკუთარი პრინციპულობის გამო ის მრავალრიცხოვანი – და უსაფუძვლო – თავდასხმის სამიზნე გახდა. სამარცხვინოა, მაგრამ არც თეთრ სახლს და არც კონგრესმენ რესპუბლიკელებს ამ შემოტევების დროს მის მიმართ პოლიტიკური თვალსაზრისით არანაირი ეფექტური მხარდაჭერა არ გამოუხატავთ. კენი მუდმივად მეგობრობას მიწევდა. როდესაც 1996 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ვიყრიდი კენჭს, ის და მისი ლამაზი და კეთილი მეუღლე, რებეკა, ძალისხმევას არ იშურებდნენ, რომ დამხმარებოდნენ.

კენის ცხოვრება ახალგაზრდებისთვის შთამაგონებელ მაგალითად გამოდგება. ის იყო ბეჯითი და ამბიციური (მამამისი ახალგაზრდა გარდაიცვალა და კენმა იცოდა, რომ ცხოვრების გზა თვითონ უნდა გაეკვალა), მამაცი (უთანასწორობის გამო, ის ბრძოლაზე უარს არასოდეს ამბობდა), პრინციპული (მისი სიყვარული სამშობლოსადმი და ღირებულებები, რომლებიც ამ სიყვარულს სიდიადეს ანიჭებენ, უაღრესად ღრმა იყო), შეუპოვარი (როდესაც მას დარტყმას აყენებდნენ, ძირს არასოდეს ეცემოდა), ბრძენი (მას ძალიან კარგი ტაქტიკური გონება ჰქონდა, როდესაც რაიმე მიზნისკენ მიისწრაფოდა ან პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობდა და ყოველთვის იცოდა, როდის უნდა დაერტყა ირიბად და როდის – პირდაპირ), რელიგიური (მისი მორალური კომპასი არასოდეს განიცდიდა რყევებს), ოჯახის ერთგული (უილსა და ლუკასში აისახა კენისა და რებეკას მიერ მათ მიმართ გამოჩენილი ზეაღზრდის უნარები) და, ყველაზე უკეთესი, – არასაკმარისად – ბეისბოლზე შეყვარებული.

წინა სტატია

გონიერების კრიზისი
08 ივლისი, 2014

შემდეგი სტატია

შევძლებთ თუ არა ისტორიის გაკვეთილების შეთვისებას?
11 ივლისი, 2014
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
მისი აღმატებულება BENTLEY
კომპანიები | ივნ, 12, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა