ქვანახშირის უკანასკნელი მაგნატი

ქვანახშირს წინ შავი დღეები ელის? ნუ ეტყვით ამას მილიარდერ კრის კლაინს. ის დარწმუნებულია, რომ ყველაზე ბინძურ საწვავს კვლავაც აქვს ნათელი მომავალი და ქმნის იმას, რაც, მისი ღრმა რწმენით, უკანასკნელი მოქმედი ქვანახშირის მაღარო იქნება. 

მასაჟისტმა დამტვრეული ძვლები და ნაიარევები იგრძნო და ჰკითხა კრის კლაინს, რით შოულობდა სარჩოს. კლაინმა უპასუხა, რომ ენერგობიზნესში იყო. რომელ ენერგობიზნესში? – დაინტერესდა ქალი. მზის პანელები თუ ქარის წისქვილები? არა, არა, – მიუგო კლაინმა. ნავთობს ხომ არ მოიპოვებდა? არა, არც ეგ. აბა, რა? „ქვანახშირის მაღაროები მაქვს“, – უთხრა კლაინმა. ხმის ამოუღებლად, ქალმა მასაჟი შეწყვიტა და ოთახიდან გავიდა. კლაინი ერთხანს იცდიდა, მაგრამ მასაჟისტი აღარ დაბრუნებულა. ის კურორტს არ ასახელებს („შესაძლოა, კიდევ მომინდეს იქ წასვლა“). და ნაიარევები? ნაიარევები აპალაჩის მაღაროებში, მიწისქვეშ გატარებული წლების შედეგია, სადაც ნახშირი ისეთი თხელი ფენებით იყო დაფარული, იქ მუშაობა „მთელი დღე მაგიდის ქვეშ ცოცვასავით“ იყო, მაღაროს ჭერისგან დასერილი ზურგი კი „მწერის ნაკბენების შეგრძნებას“ ტოვებდა.

59 წლის კლაინი კაპიტალისტთა შორის ყველაზე არქაულ და არაპოპულარულ ფიგურას წარმოადგენს. ის ქვანახშირის მაგნატია. არ ადარდებს, ხალხს რომ არ მოსწონს. მან იცის, რომ სამყაროს ენერგოსაჭიროებათა 40% ქვანახშირზე მოდის. „ხალხი იმსახურებს ყველაზე იაფ ენერგიას, – ამბობს ის. – აბა, უთხარით, ღარიბებს ინდოეთსა და ჩინეთში, რომ საიმედო, ხელმისაწვდომი ფასების მქონე ელექტროენერგიას არ იმსახურებენ“.

ქვანახშირს სიკვდილამდე ბევრი უკლია. მართალია, ამერიკის თიხაფიქლოვანი გაზის ბუმისა და ჩინეთში გამკაცრებული რეგულაციების გამო, გლობალური მოთხოვნა სუსტდება, მაგრამ International Energy Agency-ს თანახმად, მოთხოვნა 2000-ის მაჩვენებელს მაინც 50%-ით აღემატება და წელიწადში 7.2 მილიარდი ტონა ქვანახშირი მოიხმარება. ნახშირჟანგზე დაწესებული გადასახადის – ტონაზე $30-ის – გათვალისწინებითაც კი, ქვანახშირს შეუძლია, ბუნებრივ აირსა და განახლებად ენერგორესურსებს ფასზე კონკურენცია გაუწიოს. კრის კლაინი კი, რომელსაც საკუთარი მაღაროების მართვის 40-წლიანი გამოცდილება აქვს და ამ წლების მანძილზე მის მიერ დახვეწილ ოპერაციათა ეფექტიანობას ეყრდნობა, განიზრახავს, ინდუსტრიაში უკანასკნელ ქმედით კაცად იქცეს და ენერგოდამშეული მომხმარებლები სამყაროს სხვადასხვა კუთხეში დაბალხარჯიანი კანადური ქვანახშირით მოამარაგოს.

კლაინის აზრით, ქვანახშირის წინააღმდეგ გამართული ჯვაროსნული ლაშქრობა უგუნურებაა: „მე ჰაერიდან გოგირდის, ვერცხლისწყლისა და აზოტის ოქსიდის მოცილებას სრულად ვიზიარებ... ეს საღი აზრია“, მაგრამ მიიჩნევს, რომ, საბოლოო ჯამში, „გლობალური აგრილება“ გაცილებით დიდი საფრთხე იქნება. „მჯერა, რომ ჩვენი შვილები, თავიანთი ცხოვრების მანძილზე, იტყვიან, ნეტავ, ერთ ტონაში მათთვის მეტი გადაგვეხადა, მეტი CO2 რომ გაეშვათ ჰაერშიო“ (ადვილი დასავიწყებელია ის გარემოება, რომ სულ რაღაც 1970-იანებში, ყინულის ხანის დადგომის შიში კლიმატთან დაკავშირებული მეინსტრიმული დიალოგის ნაწილი იყო). სწორედ ამიტომ, კლაინს არ ქენჯნის სინდისი, $2-მილიარდიანი ქონება იმგვარი დიდი ფსონებით რომ მოაგროვა, რამაც მას აპალაჩიადან ილინოისამდე, ახლა კი კანადაში ამოაყოფინა თავი. მან ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჯარო ბაზარზე ბრუნვადი ქვანახშირის მომპოვებელი, Foresight Energy, შექმნა, ხოლო ორი წლის წინ თავისი წილის უმეტესი ნაწილი თითქმის $1.4 მილიარდად გაყიდა. მას შემდეგ, $150 მილიონი ახალ მაღაროში ჩაღვარა, რომელიც ახალ შოტლანდიაში მდებარებს და რომელმაც, შესაძლოა, საუკუნის შუა პერიოდისთვის, 500 მილიონი ტონა ერთობ სარფიანი მეტალურგიული ქვანახშირი აწარმოოს. ასევე, კლაინს აქვს ნებართვა, კიდევ 1.7 მილიარდი ტონა დასავლეთ კანადაში, მაღარო Vista-ში მოიპოვოს.

„რომ იცოდეთ, საიდან დავიწყე...“ – ამბობს ნოსტალგიანარევი ხმით. ელეგანტური და ახოვანი აღნაგობის (მეტრი და 80 სანტიმეტრია სიმაღლეში), დინჯად ლაპარაკობს, ბოხი, უკმეხი ტემბრით, თითქოს შეჩვეულია, რომ საკუთარი აზრები არ უნდა გაამხილოსო. კლაინის მამა, პოლი, მაღაროელი იყო, ბეკლიში (დასავლეთი ვირჯინია) მდიდრების მაღაროებს მართავდა, გასამრჯელოს კი იმის მიხედვით გამოიმუშავებდა, რა ოდენობის ქვანახშირსაც მოიპოვებდა მისი ბრიგადა. კლაინი რომ წლის წლის იყო, მამა მას გრუნტით ავსებული ყოველი პატარა ტომრის სანაცვლოდ ერთ ცენტს აძლევდა, ამ გრუნტს კი შემდეგ ქვანახშირის ფენებში ასაფეთქებელი ნივთიერებების მოსათავსებლად იყენებდნენ. როცა სახლში სახურავიანი კართანა ჩამოენგრათ, ნათელი გახდა, რომ პატარა კრისი გრუნტს სახლის ძირიდან თხრიდა. „ამან მასწავლა, რამხელა მნიშვნელობა აქვს სახურავის საბრჯენების დაპროექტებას“, – ამბობს ის. მიწისქვეშ პირველად 15 წლისა ჩავიდა. ინსპექტორების გამოჩენისას, მაღაროელები მას საგანგებოდ მალავდნენ ხოლმე. და როგორ თვლის კლაინი, ღარიბულად გაიზარდა? „ამაზე მეტი სიღარიბე რაღა უნდა იყოს?!“

კლაინის პირველი, შელახული ჩაფხუტი ბეკლიში, მისი ვეება სახლის ბუხარს ამშვენებს. აქ ღრმულს გარშემო ჯებირი აუშენა და ტბა გააკეთა. საკმაოდ დიდია – წყლის თხილამურებისთვისაც გამოდგება და 400 ფუტის სასრიალოთიც იწონებს თავს. აქვე ნახავთ კარტინგის გზასა და საძოვარს, სადაც რქოსან თუ ჩლიქოსან ცხოველებს 150 ფუნტის იტალიური მეცხვარე ძაღლები იცავენ; ცხოველთა შორის არის ფაბიო – თეთრი ულაყი, რომელიც ძვირფას საჯინიბოში სხვა ცხენებს შორის ამაყად დგას. კლაინს ოთხი შვილი ჰყავს. პირველი ცოლი კიბოთი გარდაეცვალა, მეორეს გაცილებულია. ოთხი წელი ტაიგერ ვუდსის ყოფილ ცოლს, ელინ ნორდეგრენს ხვდებოდა.

კლაინის თოფების საცავში 50 ცეცხლსასროლი იარაღია, მათ რიცხვში, Magnum .44 და Gatling-ის თოფი. თვეში ერთხელ, აღრიცხვის წარმოების მიზნით, მასთან აშშ-ის ალკოჰოლის, თამბაქოსა და ცეცხლსასროლი იარაღების ბიურო სტუმრობს. რამდენიმე წლის წინ კლაინი გამოძალვის მცდელობის მსხვერპლი გახდა, რაც მისი შვილებისთვის საფრთხეს შეიცავდა. „აბა, ერთი, მოვიდნენ“, – ამბობს და იღიმის.

დღეს ის დასტა ქაღალდებით გვხდება. ნახავთ არქიტექტურულ პროექტს მისი კუნძულისთვის ბაჰამის კუნძულებზე და ძველი ფოტოების ასლებს. შავ-თეთრ სურათზე პატარა კლაინია გამოსახული პატარა სახლის წინ. ბავშვობაში, გართობის მიზნით, თურმე პლასტმასის ბოთლის თავსახურებს ქვანახშირის მატარებელთა ლიანდაგების ქვეშ აბრტყელებდა, ეს ლიანდაგები კი ლამის სახლის გვერდით იყო დაგებული. „მატარებელზე ავძვრებოდი, რამდენიმე მილს გავივლიდი და მერე სხვა მატარებელს მოვახტებოდი შინ დასაბრუნებლად“.

მას მერე კლაინი ტრანსპორტირების სხვა საშუალებებს იყენებს. წელიწადში 400 საათს ჰაერში ატარებს, მეტწილად – თავის $ 500-მილიონიან Embraer Lineage 1000-ში; დაფრინავს სახლიდან სახლში, ავსტრალიისა და კოლუმბიის მაღაროების საგანგებო შემოწმებაზე თუ, გნებავთ, Forbes-ის კამერების ბრიგადის ახალ შოტლანდიაში გადასაყვანად, სადაც აპრილიდან მაღარო Donkin-ს ამუშავებს. თავის თვითმფრინავებისადმიც იმავე ფილოსოფიას იყენებს, რასაც კაპიტალური აღჭურვილობისთვის: „საუკეთესოს ვყიდულობთ და მაგრად ვამუშავებთ“.

მიწისქვეშ, 1,000 ცხენის ძალაზე მომუშავე სამრეწველო მანქანები ქვანახშირს ბზრიალა კლანჭებით აცლიან ზედა ფენას; სახურავის მბურღავები ჭერში ფოლადის ძელებს აჭედებენ, რათა კლდოვანი მასა ადგილზე მყარად იდგეს. კლაინმა თავიდანვე შეამჩნია, თუ რამდენად მეტი ქვანახშირის წარმოება შეეძლო საიმედო აღჭურვილობით. ნაყოფიერება და მოგებები ძლიერ კორელაციაშია მანქანის მუშა მდგომარეობასთან. თუ რომელიმე საკვანძო მანქანა გაფუჭდა ან ნაწილები დასჭირდა, კლაინი უმალ გაგზავნის თავის თვითმფრინავს, რათა კონტინენტის ნებისმიერი კუნჭულიდან სათადარიგო ვარიანტი მოიპოვოს. მარტივი არითმეტიკაა: ყოველი წუთი, რომელსაც მისი ბრიგადები დედამიწიდან ქვანახშირის ამოღებაში არ ატარებენ, ასობით დაკარგულ დოლარს უდრის შემოსავლის სახით. და, კი, ეს საშიში საქმეა. „წინათ უფრო ბრუტალური იყო, – ამბობს კლაინი. – ვცდილობთ, სამუშაო მაქსიმალურად გავამარტივოთ“. 

1980-ში, როცა კლაინი 22 წლის იყო, მამამისს გულის შუნტირების ოპერაცია ჩაუტარდა, პარტნიორმა კი შესთავაზა, შენი ბიზნესის წილს $50,000-ად ვიყიდიო. „მამაჩემი ამას აპირებდა“, მაგრამ კლაინი დარწმუნებული იყო, რომ მას ნებისმიერ ადამიანზე უფრო ყაირათიანად და ჭკვიანურად შეეძლო მუშაობა. „იქით ჩვენ რომ ვიყიდოთ მისი წილი-მეთქი, ვიკითხე“ და ასეც მოიქცნენ. ყოველი გროში ისესხეს. პირველი ორი კვირა კლაინი დღეში 16 საათს მუშაობდა ისე, რომ მზის შუქიც არ უნახავს. მოკლედ, ყველაფერს აკეთებდა, საჭირო თანხები რომ გადაეხადა. ყოველ წარმატებასთან ერთად, ძალისხმევას აორმაგებდა. მაგიდაზე თავის ფოტოებს ალაგებს 1980-იანებიდან: გაღიმებულია, ულვაშებიანი და ერთ-ერთი პირველი მაღაროს წინ დგას, რომელსაც თავისი ქალიშვილის პატივსაცემად Candice-ი დაარქვა. მისი პირველი დიდი წარმატება Pioneer Fuel-ს უკავშირდება – მაღაროს, რომელიც $1 მილიონად შეიძინა და მალევე $17 მილიონად გაყიდა.

იყიდა Lamborghini და 200-ფუტიანი იახტა, სახელად Mine Games-ი, მაგრამ ფულის უმეტესი ნაწილი კვლავ აპალაჩის გრუნტში დააბრუნა. დანერგა მუშახელთან დამეგობრებული ინოვაციები, როგორიცაა, მაგალითად, სამრეწველო მანქანებისთვის განკუთვნილი კაბინები ჰაერის კონდიცირებით. და, დოლარის მონეტების სახით, დღიური ბონუსების გაცემა დაიწყო იმის მიხედვით, თუ რამდენ ფუტ ქვანახშირს მოიპოვებდა იმ დღეს ბრიგადა. „წავა კაცი სახლში და მას ცოლს მისცემს ან ლუდს იყიდის“, – ამბობს კლაინი. წლის ბოლოსთვის, გადასახადების დასაფარად, ჩეკებსაც იძლეოდა. „ეს ხალხი მისთვის კედელში შევარდებოდა“, – ამბობს დამოუკიდებელი სამთო ინჟინერი ენდი ფოქსი, რომელმაც კლაინი მაშინ გაიცნო, როცა ეს უკანასკნელი, გზად პლაჟისაკენ, მის ოფისთან წითელი Porsche 928-ით მივიდა და ხუთი ტომარა ქვანახშირი გადასცა გასაანალიზებლად.

და მაინც, ეს არ კმარა ინოვაციურობისათვის. „ცოტათი იღბალიც გჭირდება“, – ამბობს კლაინი. 1990-იანების მიწურულს, საკმარისი რეზერვები შეეძინა საიმისოდ, რომ ექვსი ახალი მაღარო აეშენებინა. Enron-ი ბუნებრივი აირით იყო მდიდარი და ქვანახშირში, განსაკუთრებით კი ქვანახშირით ვაჭრობაში, განეზრახა დივერსიფიცირება. სამი მაღაროს აშენების მიზნით, სესხისა და სააქციო კაპიტალის სახით, კლაინმა Enron-ისგან $85 მილიონი აიღო. 2001 წელს Enron-ის კოლაფსის შედეგად, მან კვლავ იყიდა წილი $13 მილიონად, შემდეგ მიმოიხედა და მსგავსი წილი $151 მილიონად მიჰყიდა ArcLight Capital Partners-ს. 2003-ისთვის, აპალაჩიის ქვანახშირი უკვე მთლიანად მიეტოვებინა.

2000-იანების დასაწყისში, აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომ (EPA) მკაცრი ზომები მიიღო მჟავური წვიმის ისეთ გამომწვევთა წინააღმდეგ, როგორიც გოგირდის დიოქსიდია. ქვანახშირის ინდუსტრია ამ პროცესს მღელვარებით ადევნებდა თვალს. რეგულაციების დასაქვემდებარებლად ყველაზე სწრაფი გზა ბევრი ენერგოკომპანიისთვის გოგირდის მაღალი შემცველობის ქვანახშირის ყიდვის (მაგ., ილინოისიდან) შეწყვეტა იყო გოგირდის დაბალი შემცველობის ქვანახშირის ნაირსახეობათა (მაგ., ვაიომინგიდან) სასარგებლოდ. გოგირდის მაღალი შემცველობის რეზერვთა პანიკაში ჩავარდნილ მფლობელებს ისღა დარჩენოდათ, საიჯარო ხელშეკრულებები ვადის ამოწურვამდე მიეყვანათ და საქმიდან გასულიყვნენ.

ახალი კომპანიის, Foresight Energy-ს მეშვეობით, კლაინმა გოგირდის მაღალი შემცველობის 3 მილიარდი ტონა რეზერვების დაგროვება დაიწყო ილინოისში, ტონას 30 ცენტზე იაფად ყიდულობდა ისეთი კომპანიებისგანაც კი, როგორიც Exxon Mobil-ია. რა იცოდა კლაინმა ისეთი, რაც არ იცოდნენ დანარჩენებმა? მას სჯეროდა ტექნოლოგიის და შეგულიანებული იყო ელექტროსადგურების იმგვარი ინოვაციებით, როგორიც სკრუბერებია. ეს სისტემები ტოქსინებს მანამდე შთანთქავს, სანამ ისინი საკვამურში გადაინაცვლებენ და ამით ამ ტოქსინებს საშუალებას აძლევს, განაგრძნონ გოგირდის მაღალი შემცველობის ქვანახშირის წვა. ამასთან, კლაინი შეჩვეული იყო ფულის ისეთ მაღაროებში კეთებას, სადაც ქვანახშირის ფენათა სისქე სულ რაღაც 3 ფუტს თუ აღწევდა. ილინოისში კი ფენების სისქე 6 ფუტი ან მეტი იყო. „თუ შესაძალებელია, ვერტიკალურ მდგომარეობაში დადგე, გაცილებით სასიამოვნოა“.

„დიდ რისკად არ ვთვლიდი“, – ამბობს კლაინი. კერძო სააქციო კაპიტალისთვის ხელის მოკიდება ერთი პირობით გადაწყვიტა: არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები. „არ უნდოდა, მის საქმეში ცხვირი ჩაეყოთ“, – ამბობს ბარტოუ ჯოუნსი, პარტნიორი Riverstone Holdings-იდან, რომელმაც 2007-დან 2008 წლამდე $600 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. არა მხოლოდ დათანხმდნენ, არამედ, ჯოუნსის თქმით, „იქით ვითხოვდით დაჟინებით“. კლაინმა $2 მილიარდი ოთხ მაღარო-კომპლექსში ჩადო, რაც მალე ამერიკაში ყველაზე ნაყოფიერ მიწისქვეშა ოპერაციად იქცა: ერთი მაღაროელი, საათში, საშუალოდ, 13 ტონას მოიპოვებდა, ხარჯი ტონაზე $23 იყო, პროდუქცია კი წელიწადში 20 მილიონ ტონას შეადგენდა.

კლაინმა გოგირდის მაღალი შემცველობის ილინოისური ქვანახშირისთვის ბაზარი შექმნა. „ქვანახშირი უბრალო ნედლეული არ არის, – ამბობს ჯოუნსი. – აირივით ვერ გაუშვებ გაზსადენში“. კლაინმა ელექტროსადგურები თავის ქვანახშირზე გადაიბირა, რისთვისაც მათი გოგირდის მშთანთქავ ინოვაციებში თავისი ჯიბიდან იხდიდა ფულს. მისისიპიში ნავსადგომები იყიდა და ინდუსტრიული რკინიგზა ააშენა, რათა ინდოეთსა და ევროპაში მიმავალ გემებზე 100 ვაგონიდან ქვანახშირი გადმოეტვირთა. კლაინს ინვესტორთა წილების ანაზღაურება სჭირდებოდა. 2014-ის დასაწყისში Foresight-მა პირველად საჯარო შეთავაზებაზე $2.5-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაცია მოიპოვა. ადრეულ 2015-ში Riverstone-მა აქციები ფულად აქცია და თითქმის გაიორმაგა კაპიტალი, თანაც ეს იმ დროს, როცა ქვანახშირის არაერთი გიგანტი, მაგალითად, Peabody Energy და Alpha Natural Resources-ი, გაკოტრებისკენ მიექანებოდნენ. Foresight-ის სიმყარემ (დანარჩენებთან შედარებით), ის მომხიბლავ სამიზნედ აქცია 77 წლის ქვანახშირის მაგნატისთვის, რობერტ მარისთვის, რომლის კერძო კომპანიამ, Murray Energy-მ, 2015 წელს, ნაღდი ფულის სახით, სადღაც $1.4 მილიარდამდე გადაუხადა კლაინს Foresight-ში მისი უმეტესი წილების სანაცვლოდ. ქვანახშირის ეს ორი ბარონი წლების მანძილზე კონფლიქტურ ურთიერთობაში იყო და სტრატეგიული მიწების შესყიდვის მეშვეობით ერთი მეორეს ბლოკავდა. გასულ მარტს კლაინმა Foresight-ის დირექტორთა საბჭო დატოვა, თუმცა ილინოისის რეზერვებში კვლავაც 2 მილიარდ ტონას ფლობს; ფლობს, ასევე, Foresight-ის ობლიგაციათა ულუფას და მისი აქციების სადღაც 29%-ს, რომელთა ფასი, Murray-ს გარიგების შემდეგ, 75%-ითაა დაცემული. 

2010-ში, როცა Foresight-მა ერთგვარ სტაბილურობას მიაღწია, კლაინს რაღაც სიახლე მოსწყურდა. ჰოდა, კომპანია დააფუძნა, სახელად Gogebic Taconite-ი, რომელიც ტბა სუპერიორის ნაპირებზე, ვისკონსინის რკინის მადნისთვის ნებართვების მოპოვებას ცდილობდა. მაგრამ 2013-ში გეგმა გარკვეულ სირთულეებს წააწყდა. ეს ტბა სუპერიორის მახლობლად, ბედ რივერის რეზერვაციაში მცხოვრებ ინდიელების ტომს, ჩიპევას უკავშირდებოდა, რომელთაც ამ ტერიტორიაზე ბრინჯი მოჰყავდათ. კლაინმა პროექტი გააჩერა – როგორც ამბობს, რკინის დაბალი ფასების გამო. „მოვა დრო და დაიწყება მისი მოპოვება“.

კანადა უფრო სტუმართმოყვარე გამოდგა. 2014-ში, Foresight-ის პირველადი საჯარო შეთავაზების დღეს, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ცენტრალურ დარბაზშიკლაინმა ზარს ჩამოჰკრა ხელი, მერე თავის თვითმფრინავში ისკუპა და სამ საათში ახალ შოტლანდიაში დაეშვა, რათა ქალაქ დონკინში, კეიპ-ბრეტონის აღმოსავლეთ წვერზე მდებარე გაუქმებულ მაღაროში ჩასულიყო. ის სქელმა, 12-ფუტიანმა ფენებმა და მაღალენერგიულმა ქვანახშირმა მიიზიდა, რომელიც ტონა/14,000 ბრიტანულ სითბურ ერთეულზე ფოლადის წარმოებისთვის ვარგის მაღალი ღირებულების კოქსად გარდაიქმნება.

კლაინზე იმანაც მოახდინა შთაბეჭდილება, რომ საქმეში ჩადებული უმაღლესი რისკის კაპიტალი უკვე შთანთქმული იყო. Donkin Project-ი კანადის მთავრობის ბოლო გაფართხალებას ჰგავდა მომაკვდავი ინდუსტრიის გამოსაცოცხლებლად: 1980-იანებში, 500 მილიონი ტონა ქვანახშირის ამოღების მიზნით, $50 მილიონი იქნა დახარჯული ატლანტის ოკეანიდან 2 მილის ქვეშ მდებარე ორი წყვილი გვირაბის გასაბურღად. 1980-იანების მიწურულს, როცა მაღაროები ააშენეს, ქვანახშირის სტანდარტული ფასები დავარდნილიყო (იხ. გრაფიკი გვ. 68-ზე). ხოლო, როცა 1992 წელს, ახალი შოტლანდიის მაღარო Westray-ში აფეთქებას 26 მაღაროელი ემსხვერპლა, ისეთი პირი უჩანდა, რომ ინდუსტრიის დასასრული დამდგარიყო. მაგრამ დრო – და ნედლეულის გაზრდილი ფასები – ყველაფრის მკურნალია. Donkin-ის ზომა კლაინისთვის ზედგამოჭრილი იყო, ჰოდა, 2014-ის მიწურულს, 75%-იანი წილი $20 მილიონად იყიდა (მომდევნო წელს, დარჩენილ 25%-საც დაეპატრონა).

მას მერე, კლაინის ყოფილი ათი ლეიტენანტი Foresight-იდან Donkin-ში გადაბაგრდა, სადაც $150 მილიონის ტოლფას ინვესტიციებს ზედამხედველობენ. მათ რიცხვშია 6,000 ცხენის ძალის კონვეიერის სისტემა, რომელსაც ნედლი ქვანახშირი მაღაროდან გამოაქვს, მიაქვს გასარეცხ ქარხანაში და, ამწის საშუალებით, ჰაერში 100 ფუტის სიმაღლეზე სწევს, საიდანაც დანამცეცებული ნატეხები გიშფრისფერ პირამიდებზე იყრება. რაღაც მომენტში, კონვეიერები ნახევარ მილს იქით სატვირთო ბარჟების ნავსადგომსაც სწვდებიან. ამის შემდეგ მტვირთავი მოწყობილობები ქვანახშირს სატვირთო მანქანებში ყრიან, რომელთაც ნედლეული ახლმომდებარე სიდნეიში (ახალი შოტლანდიის საპორტო ქალაქში) Panamax-ის ზომის გემებით გადაქვთ. ქვანახშირით მოვაჭრე, ლეგენდარული ერნი ტრეშერი კლაინის პარტნიორია ლოგისტიკის ნაწილში. მისი თქმით, Donkin-ის ადგილმდებარეობა (ლამის ატლანტის ოკეანის სანაპიროს შუაგულში) როტერდამში გადაზიდვის ხარჯებს თითქმის 30%-ით ამცირებს ($5 ტონაზე), ვიდრე ცენტრალური აპალაჩიადან დაუჯდებოდათ. კოქსისთვის ზედგამოჭრილ ქვანახშირს დღეში $200-ზე მეტი (ტონაზე) მოაქვს. ტრეშერის თანახმად, კლაინის დახასიათება ყველაზე მარტივად შემდეგი ფრაზით შეგვიძლია: „ის იმგვარ აქტივებში ხედავს ღირებულებას, სხვები რომ უგულებელყოფენ“.

ეკონომიკურად პრობლემურ ახალ შოტლანდიაში გარემოს დამცველთა წინააღმდეგობები მწირია. „მათაც კი, ვინც [კლაინის] სატვირთო მანქანებს აპროტესებენ, იციან, რომ ქვანახშირი კარგი რამეა ადგილობრივი საზოგადოებისთვის, – ამბობს Port of Sydney Development Corp.-ის პოლ კერიგანი. – სისხლში გვაქვს“. ქვანახშირის მოპოვება აქ პირველად ევროპელმა ახალმოსახლეებმა დაიწყეს 300 წლის წინ. 1970-იანებში, ქვანახშირის მოპოვება და ფოლადის წარმოება ყვაოდა და 20,000 ადამიანი დასაქმებული იყო, სანამ ისეთი კონკურენტების გამოჩენამ არ მოუღო ყველაფერს ბოლო, როგორიც ჩინეთია. დღეს უკვე ლაპარაკია იმაზე, რომ Donkin-ის ნაწარმს, საწვავის სახით, ახალი შოტლანდიის სხვა ქვანახშირის ქარხნებში გამოიყენებენ. ქარისა და წყლის უხვი ენერგიით აღჭურვილი ახალი შოტლანდია კანადის ატმოსფერული დაბინძურების სტანდარტებს მშვენივრად ერგება.

სამუშაო ადგილებისა და ყოველი ტონიდან გაცემული საპროცენტო სარგებლის წყალობით, თვით აბორიგენი მოსახლეობაც (მაგალითად, მიკმაკი) კი წყნარად არის. მაღაროებზე არსებული სამუშაოები წელიწადში $10,000-ის ტოლფას ანაზღაურებას უზრუნველყოფს, რაც, ახალი შოტლანდიის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლის, ჯეფ მაქლელანის თქმით, „ეკონომიკური ხსნაა“. მაგრამ მაინც რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება? თავდაპირველად, კლაინმა თქვა, ოციო. მაგრამ ნოემბრის დასაწყისში, – ექვს კვირაში იქიდან, რაც Forbes-მა კლაინთან ერთად Donkin-ში ექსკურსია მოაწყო, – მაღარომ 130 თანამშრომლიდან 49 დაითხოვა. როგორც კლაინი ამბობს, ეს მხოლოდ მცირედი ხარვეზია დიდი გზის დასაწყისში. რამდენიმეთვიანმა საცდელმა საბურღმა სამუშაოებმა აჩვენა, რომ პროდუქტიულობა საკმარისად მაღალი არ იყო, ამდენად, მათ დრო სჭირდებათ, ახალი აღჭურვილობა რომ დაამატონ. კლაინი მოთმინებით არის სავსე. მას არც სააქციო კაპიტალის პარტნიორები ჰყავს და არც გარეშე დაფინანსება აქვს Donkin-ისთვის. მაღარო რომ სათანადოდ დაიწყებს მუშაობას, ათი წლის მანძილზე, შესაძლოა, წელიწადში $500 მილიონი დაწეროს შემოსავლების სახით, კლაინის ჯიბე კი $100 მილიონით (ნაღდი ფულით) გაასქელოს.

არის რამე, რაც კრის კლაინს ღამღამობით მოსვენებას უკარგავს? „Sago”, – ამბობს ის – International Coal Group-ის საკუთრებაში არსებული მაღარო, რომელიც დასავლეთ ვირჯინიაში მდებარეობს. 2006 წელს მეთანის აფეთქებამ იქ 12 მაღაროელის სიცოცხლე იმსხვერპლა. თავდაპირველად აცხადებდნენ, სიკვდილს ბევრი ადამიანი გადაურჩაო, რამაც მხოლოდ თუ გაამძაფრა ცხედრების აღმოჩენის შემდეგ ტკივილი. ამას Massey Energy-ს Upper Big Branch Mine-ის კატასტროფა მოჰყვა – 2010 წელს, კვლავ დასავლეთ ვირჯინიაში. მსხვერპლი უფრო დიდი იყო: 29 ადამიანი. კლაინს არც ერთ ინციდენტთან არ ჰქონია შეხება, თუმცა წლების განმავლობაში მის მაღაროებში ოთხი თანამშრომელი დაიღუპა, მათ შორის, მისი საუკეთესო მეგობარი. სხვა რისკებიც არსებობს. ილინოისის გენერალურმა პროკურორმა Foresight-ის წინააღმდეგ საქმე აღძრა, მიზეზი გრუნტის წყლის დაბინძურება იყო ქვანახშირის ტოქსიკური ჰიდრონავერით. საბოლოოდ, მორიგდნენ, რომ Foresight-ი $300,000-ს გადაიხდიდა (პლუს $6.9 მილიონს მაღაროს „აქტივთა გარიცხვის ვალდებულების“ სახით). ლიზა სალინასი – კლაინის კრიტიკოსი, რომელსაც კარლინვილში, ბუნებრივად შექმნილი, ჰიდრომინარევებიანი წყალსაცავიდან 100 იარდში ფერმა აქვს – თვლის, რომ ეს იურიდიული შეთანხმება სასაცილოა, ვინაიდან „არსებული დაბინძურების შემცირებას, ფაქტობრივად, არ ითვალისწინებს და, სინამდვილეში, ზარალს დამატებით წაახალისებს“. ქვანახშირის უცეცხლო ხანძრის გამო, ჰილსობროსთან (ილინოისი) ახლო მდებარე Foresight-ის მაღარო 2015 წლიდან დახურულია.

კლაინს ართობს პოპულარული მცდარი მოსაზრება იმის თაობაზე, თითქოსდა ქვანახშირი სიკვდილის სარეცელზე წევს. კი, ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურები განაგრძობენ დახურვას და აშშ-ში წარმოებული ქვანახშირის მოცულობა, რაც ამჯერად წელიწადში 700 მილიონს შეადგენს, პიკიდან 30%-ით დაცემულია, მაგრამ აშშ ელექტროენერგიის 30%-ისთვის კვლავ ქვანახშირს იყენებს და მხოლოდ 7%-ისთვის – ქარისა და მზის ენერგიას ერთად. მსოფლიოში ქვანახშირზე მოთხოვნა არ წყვეტს ზრდას და, სავარაუდოდ (თუმცა, არა დანამდვილებით) პიკს 2020-იანების შუა პერიოდში მიაღწევს. პოლიტიკა და ტექნოლოგია პროგნოზებს არ ექვემდებარება: პოლ მაკქონელი ენერგოკონსულტირების ჯგუფ Wood Mackenzie-იდან ვარაუდობს, რომ მზისა და ბატარეის ტექნოლოგიაში მიმდინარე პროგრესსა და მსოფლიოში ნახშირჟანგზე დაწესებულ გადასახადებს აქვს პოტენცია, ქვანახშირზე მოთხოვნა წელიწადში 8%-ით შეამიციროს.

მაგრამ ქვანახშირის სიკვდილი – თუ საერთოდ მოხდება – ხანგრძლივი და ნელი იქნება. კლაინს მიზნად აქვს დასახული, მისი მომდევნო პროექტი ალბერტაში დესტრუქციულ პროცესებს მხნედ გადაურჩეს. 2015-ის დასაწყისში მან ტორონტოს ბირჟაზე ბრუნვადი Coalspur-ის საკონტროლო წილი დაახლოებით $75 მილიონად იყიდა და მისი მეშვეობით პროექტი Vista შეიძინა. ქვანახშირის ფენის სისქე ზედაპირზე 70 ფუტია, ასე რომ, კლაინი Vista-ს, როგორც კარიერს, ისე ააშენებს, მერე კი მიწის ქვეშ ჩავა, რომ საბოლოოდ 1.7 მილიარდი ტონა მოიპოვოს. 2022-ისთვის აქ წელიწადში 10 მილიონი ტონის მოპოვება შეიძლება. ბიზნესიდან მცირეშემოსავლიანი ოპერაციების გაძევებაზე როცა მიდგება საქმე, კლაინი ცივსისხლიანია. მისმა ილიონოისის მაღაროებმა ბიზნესი აპალაჩიადან გაიტანეს. ახლა მისი კანადური პროექტები ბიზნესს ილინოისიდან გაიტანს. „როცა მთელ მსოფლიოში შეწყვეტენ ქვანახშირის მოპოვებას, ვფიქრობ, [Vista] უკანასკნელ მოქმედ მაღაროდ დარჩება“, – ამბობს ის.

კლაინის თავშესაქცევი გეგმები ზღვის დონიდან ოდნავ მაღლაა. ამას წინათ მან ბიგ-გრენდ-ქეი იყიდა – 280-აკრიანი არქიპელაგი ბაჰამის კუნძულებზე, რომელიც ერთ დროს აეროზოლის ბალონის გამომგონებელს, ბობ აბპლანალპს ეკუთვნოდა. iPad-ზე კლაინი ლაჟვარდოვან წყალში მოქცეული უშფოთველი კურორტის პროექტს ათვალიერებს, სადაც მასაჟის თერაპევტები არავის არ განიკითხავენ. ამ მილიარდერისთვისაც კი ძალიან ძვირია, იქ საკმარისი დიზელი რომ ჩაიტანოს გენერატორებისთვის, ამდენად, მზის პანელებს ამონტაჟებს, Tesla-ს ბატარეებთან დაკავშირებით არკვევს დეტალებს და სამი ქარის ტურბინა აქვს შეკვეთილი. „იქ, სადაც ეს გონივრულია, მე მხოლოდ მივესალმები“, – ამბობს კლაინი.

ჩვენ გირჩევთ

E-cigs for quitting smoking? A cautious thumbs-up from American Cancer Society

NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან

E-cigs for quitting smoking? A cautious thumbs-up from American Cancer Society

E-cigs for quitting smoking? A cautious thumbs-up from American Cancer Society

ქვანახშირი კრის კლაინი მაღარო

წინა სტატია

Is Georgia Ready For The Future?
24 თებერვალი, 2018

შემდეგი სტატია

ქვეყნები, სადაც პენსია საშუალო ანაზღაურებაზე მაღალია
26 თებერვალი, 2018
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა