ახალი შესაძლებლობა არავის წინააღმდეგ

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა (DCFTA) ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შემოთავაზებული საკმაოდ ამბიციური გამოწვევაა. რეალურად, DCFTA არის შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის შორის, რომელიც შეღავათიან სავაჭრო ურთიერთობებს ითვალისწინებს. თავისუფალი ვაჭრობის სივრცე (FTA) მხარეებს შორის ვაჭრობაზე საიმპორტო გადასახადების გაუქმებას, ასევე მომსახურების სფეროში საგადასახადო ბარიერების მოხსნასა და შესაბამის ბაზრებზე კომპანიებისათვის შეღწევის შესაძლებლობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. თავისუფალი ვაჭრობა იქნება „ყოვლისმომცველი“, ვინაიდან იგი მოიცავს ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო დიაპაზონს, და „ღრმა“, რადგან მიზნად ისახავს „საზღვრის მიღმა“ ვაჭრობისათვის არსებული დაბრკოლებების აღმოფხვრას.

რეალობაა ის, რომ, მიუხედავად ევროზონაში არსებული სხვადასხვა ტიპის სირთულეებისა, უმრავლესობა ფაქტობრივად თანხმდება, რომ ევროკავშირის შიდა ბაზრის შექმნამ მის წევრებს საკმაოდ სოლიდური სარგებელი მოუტანა. ცხადია, ამ სარგებლის მიღების შესაძლებლობა საქართველოსაც ეძლევა.

დღესდღეობით საქართველო სარგებლობს ევროკავშირის მხრიდან ცალმხრივი სავაჭრო შეღავათებით, ე.წ. „პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით“ (GSP+). მიუხედავად აღნიშნული შეღავათების დიდი მნიშვნელობისა, GSP+-ის ფარგლებში შემოთავაზებული შეღავათები საკმაოდ შეზღუდულია DCFTA-თან შედარებით. მას შემდეგ, რაც DCFTA ჩაანაცვლებს GSP+-ს, ტარიფები თითქმის ყველა პროდუქტზე გაუქმდება.

DCFTA მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს, როგორც ეკონომიკური პარტნიორის მიმზიდველობას, საგრძნობლად გააუმჯობესებს ბიზნესგარემოს, ხელს შეუწყობს ბიზნესის სფეროში საკანონმდებლო ნაკლოვანებების აღმოფხვრას და ა.შ.

DCFTA უზრუნველყოფს ქვეყანაში ფიზიკური კაპიტალის განახლებას თანამედროვე სტანდარტებით, ადამიანური კაპიტალისა და ტექნოლოგიური ცოდნის განვითარებას.

ხშირია საუბარი იმის შესახებ, რომ DCFTA საქართველოს რთული რეგულაციების ამოქმედებას დაავალდებულებს. რეალობაა ის, რომ DCFTA მართლაც მოითხოვს ხელისუფლების მხრიდან არაერთი მიმართულებით რეფორმის განხორციელებას, თუმცა გრძელვადიან ჭრილში „რეფორმების ფასი“ მნიშვნელოვან შედეგს უზრუნველყოფს – გააუმჯობესებს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ხარისხს, რაც დიდწილად გაზრდის ადგილობრივი წარმოების პროდუქციის კონკურენტუნარიანობას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ევროკავშირის ვაჭრობასთან დაკავშირებული მარეგულირებელი სტანდარტები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენება, რაც რეალურად ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული სტანდარტების დაცვა შესაძლებლობას მისცემს ქართულ პროდუქციას, გავიდეს არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ სხვა მნიშვნელოვანი პარტნიორების ბაზარზე.

ცხადია, საქართველოს მოუწევს რეფორმების განხორციელება ყველა იმ სფეროს მიმართულებით, რომლებიც ვაჭრობას არეგულირებს ან კავშირი აქვს ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარებასთან. რეფორმებს, ბუნებრივია, არ უნდა შევხედოთ ისე, თითქოს მათ მაინცდამაინც ვინმე გვავალდებულებდეს ან გვაძალებდეს. ჩვენ უნდა ვიყოთ დაინტერესებული პირველ რიგში რეფორმების სწრაფად და ეფექტიანად გატარებით, რადგან უპირატესად ეს ისევ ჩვენ, ადგილობრივად წარმოებულ პროდუქციას, ადგილობრივ მეწარმეებს წაადგებათ და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კონკურენტუნარიანობას, რაც რეალურად ჯერ კიდევ პრობლემაა. ძირითადად კი რეფორმები უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვების, სურსათის უვნებლობის (სანიტარული და ფიტოსანიტარული რეჟიმი), საბაჟო და ვაჭრობის სფეროების ლიბერალიზაციის, მომსახურების მარეგულირებელი ჩარჩოს, ვაჭრობის ტექნიკური ბარიერებისა და საწარმოო სტანდარტების მიმართულებით. გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირი მზადაა საქართველოს გაუწიოს დახმარება რეფორმების მიმართულებით, ამასთან ევროკავშირის დახმარება საქართველოსათვის არ შემოიფარგლება მხოლოდ DCFTA-თან დაკავშირებული რეფორმებით. ევროკავშირის შემდგომი დახმარების გაწევა დაგეგმილია ახალი, „ევროპის სამეზობლოსა და პარტნიორობის ინსტრუმენტის“ ფარგლებში (2014-2020). ცხადია, ყველა რეფორმება შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე ვერ განხორციელდება – რეფორმების ნაწილი გონივრულ დროში უნდა გაიწეროს და თანმიმდევრულად განხორციელდეს.

მხოლოდ ის ფაქტი, რომ მეწარმეს საშუალება ეძლევა სატარიფო და არასატარიფო შეზღუდვების გარეშე პროდუქცია გაიტანოს 500 მილიონზე მეტ მომხმარებელთან, მაღალი მსყიდველუნარიანობით გამორჩეულ ბაზარზე (აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის კვლევის მიხედვით მსყიდველუნარიანობის პარიტეტში გამოსახული ევროკავშირის მშპ, მაგალითად, ევრაზიული კავშირის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.67-ჯერ აღემატება) უდიდესი სტიმულია პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისათვის, ეს ასევე სტიმულია ყველა პოტენციური ინვესტორისათვის – აწარმოონ საქართველოში და გაიტანონ პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე.

ცალკეულ შემთხვევებში მიიჩნევა ასევე, რომ შესაძლოა ბაზრის სწრაფი ლიბერალიზაციით ადგილობრივ წარმოებას საფრთხე შეექმნას. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ საგარეო ვაჭრობის მხრივ ქვეყანას უკვე საკმაოდ ლიბერალური მიდგომა აქვს, რაც იძლევა შესაძლებლობებს და არა დანაკარგებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ევროკავშირი მზადაა, ლიბერალიზაციით გამოწვეული პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში, პრობლემური საკითხები საქართველოსთან ერთად განიხილოს. რეალურად ლიბერალიზაციას არ უნდა შევხედოთ, როგორც პრობლემას, პირიქით, ლიბერალიზაცია არის შესაძლებლობა მომხმარებლისათვის არჩევანის მრავალფეროვნების მიმართულებით და ასევე შესაძლებლობა მწარმოებლისათვის, კონკურენტულ გარემოში თავისუფალი შეჯიბრების პრინციპით დაამტკიცოს საკუთარი უპირატესობა.

რამდენიმე ძალიან საინტერესო, ობიექტურ კვლევებზე დაყრდნობით შეგვიძლია სარგებლის ნაწილობრივი პროგნოზირებაც: ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შემდგომ მოკლევადიან პერიოდში ექსპორტი იზრდება 9 პროცენტით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში – 12 პროცენტით, ანალოგიურად, მოკლევადიან პერსპექტივაში იმპორტი იზრდება 4.4 პროცენტით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში – 7.5 პროცენტით. აღნიშნული ფაქტი, ცხადია, მთლიანობაში უზრუნველყოფს საქართველოს სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ქვეყნის მშპ იზრდება 1.7 პროცენტით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში – 4.3 პროცენტით ყოველწლიურად, თუკი რეფორმები სათანადოდ სწრაფად და ეფექტიანად განხორციელდება. გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანაში მოსალოდნელია საშუალო ხელფასის 3.6 პროცენტით ზრდა, ხოლო სამომხმარებლო ფასების დაახლოებით 0.6 პროცენტით შემცირება. ქართველი იმპორტიორები მხოლოდ ტარიფების გაუქმების შედეგად ყოველწლიურად 84.2 მილიონ ევროს დაზოგავენ.

გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: DCFTA არანაირად არ ზღუდავს საქართველოს უფლებას, შევიდეს სხვა თავისუფალი ვაჭრობის სივრცეში. საქართველო ინარჩუნებს სრულ უფლებას აწარმოოს თავისი დამოუკიდებელი სავაჭრო პოლიტიკა, მათ შორის ხელი მოაწეროს თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებას ნებისმიერ პარტნიორ ქვეყანასთან მსოფლიო მასშტაბით. შესაბამისად, როდესაც საუბარია მათ შორის მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობაზე, ერთი რამ არის გასათვალისწინებელი: საქართველოს თავისუფლად შეუძლია გააგრძელოს სავაჭრო ურთიერთობები თუნდაც საბაჟო კავშირის წევრებთან ევროკავშირთან ურთიერთობებისათვის საფრთხის შექმნის გარეშე, თუმცა, ცხადია, ეს ეხება კონკრეტულად სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას და არა ერთიანი საბაჟო სივრცის შექმნას ან სხვა ტიპის ეკონომიკური ინტეგრაციის მოდელს.

ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან არის ახალი შესაძლებლობა საქართველოსთვის, განვითარდეს არავის ხარჯზე და არავის წინააღმდეგ.

წინა სტატია

პაშა ბანკმა ბიზნესის განვითარების ფორუმს სპონსორობა გაუწია
14 ივლისი, 2014

შემდეგი სტატია

წლის მეწარმე - მათთვის, ვინც მიზანს რეალობად აქცევს
16 ივლისი, 2014
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა