წლის მეწარმე - მათთვის, ვინც მიზანს რეალობად აქცევს

1986 წელი, ვისკონსინი, აშშ. რეიგანის ამერიკა უმუშევრობას, ეკონომიკის შენელებულ ტემპსა და საზღვრებს გარეთ პოლიტიკური დაძაბულობის არასასურველ გავლენებს ებრძვის. ამერიკის ყოვლისშემძლე და დაუშრეტელი სამეწარმეო სულისკვეთება გამოღვიძებას საჭიროებს. თუმცა ამავდროულად ერთეულები წარმატებასაც აღწევენ: „სტარბაკსი“ სიეტლის ფარგლებს სცდება და სწრაფად ზრდის თავის ქსელს შტატებში, ანტრეპრენიორი ოპრა უინფრი კი ქვეყნის მასშტაბით საკუთარ შოუს იწყებს. ჯონ ლუილვიცი, რალფ ელსი და კიდევ რამდენიმე მათი კოლეგა Ernst & Young-დან ხვდებიან, რომ ამ სიტუაციაში რაღაც არის გასაკეთებელი, რომ აუცილებელია ინფორმაციის გავრცელება, წარმატებული ისტორიების საჯაროდ მოყოლა და გამოცდილების გაზიარება, რათა მოხდეს მათი გამოყენება, გამეორება და „წარმატების გადამრავლება“.

ასე დაიწყო პროგრამა, რომელიც, მისი დამფუძნებლების აზრით, მხოლოდ ვისკონსინის რამდენიმე ადგილობრივ კომპანიას თუ დააინტერესებდა. იმ დროს ვერც კი წარმოიდგენდნენ, თუ რა მასშტაბსა და გავლენას მიაღწევდა პროგრამა სულ მოკლე ხანში. დღესდღეობით დაჯილდოება EY Entrepreneur of the Year, რომელსაც მეწარმეობის ნობელის პრემიადაც კი მოიხსენიებენ, მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 145-ზე მეტ ქალაქში ტარდება და ბიზნესის სფეროში მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური დაჯილდოებაა.

მაგრამ სანამ უშუალოდ ჯილდოზე ვისაუბრებთ, მოკლედ შევეხოთ თავად სამეწარმეო საქმიანობას, მის ძირითად არსსა და როლს ადგილობრივ თუ გლობალურ ეკონომიკებში და გავაანალიზოთ, ვინ არიან მეწარმეები და რატომ იმსახურებენ ჩვენგან ამდენ ყურადღებას.

ანტრეპრენიორი (Entrepreneur) ფრანგული სიტყვაა. მერიამ ვებსტერის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით ის ნიშნავს ადამიანს, რომელიც იწყებს ბიზნესს მოგების მისაღწევად და მზადაა დანაკარგების რისკისათვის. საქართველოში Entrepreneur ითარგმნა, როგორც „მეწარმე“, რაც არ არის ზუსტი თარგმანი, რადგან ასახავს Entrepreneur-ის მხოლოდ ერთ ასპექტს – წარმოებას. Entrepreneurship-თვის კი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა – ინოვაცია, შემოქმედებითობა, ლიდერობა, რისკი, გაბედულება და ა.შ. თუმცა რადგან „მეწარმეობა“ უკვე დამკვიდრებული ტერმინია ქართულ ბიზნესლექსიკონში, ამიტომ ჩვენც ამ სიტყვას გამოვიყენებთ Entrepreneur-ის აღსანიშნავად.

მეწარმეები წარმოადგენენ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების ზრდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს განმაპირობებელ ფაქტორს. ევროკავშირში დასაქმების 67% მეწარმეების მიერ შექმნილ სამუშაო ადგილებზე მოდის, ხოლო შეერთებულ შტატებში ბოლო 30 წლის განმავლობაში ახალი სამუშაო ადგილები მთლიანად დამწყები, „startup“-ბიზნესების დამსახურებაა. ყოველივე ამის გამო მეწარმეები ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არა ყველა ქვეყანაში. საქართველოშიც სამეწარმეო საქმიანობა ჯერჯერობით საკმაოდ მოკრძალებულ როლს თამაშობს ეკონომიკის ზრდაში და გასაკვირი არ არის, რომ მეწარმეობის წახალისება საქართველოს მთავრობის წინაშე მდგარი ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. კანონმდებლებს კიდევ ბევრი მუშაობა მოუწევთ შემოქმედებითობისა და ინოვაციისთვის ნოყიერი ნიადაგის შესაქმნელად, რადგანაც ჯანსაღი სამეწარმეო ეკოსისტემის გარეშე წარმატებას მხოლოდ ერთეულები თუ აღწევენ, ეს კი, სამწუხაროდ, ეკონომიკის განვითარებაზე არსებით გავლენას ვერ ახდენს.

სამეწარმეო ეკოსისტემაზე ფიქრისას სასურველია ის შემდეგი ოთხი განზომილების ჭრილში წარმოვიდგინოთ: ფინანსირების ხელმისაწვდომობა, საგადასახადო და სხვა რეგულირებების სიმარტივე, განათლება და სამეწარმეო კულტურა. ეს უკანასკნელი სამეწარმეო ეკოსისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. იქ, სადაც ხდება მეწარმეობის წახალისება და აღიარება, და სადაც იგი მიღებული კარიერული არჩევანია, ადამიანები უფრო თამამად იღებენ საკუთარი ბიზნესის წამოწყების გადაწყვეტილებას და არ არიან შებოჭილი მარცხის შიშით, რადგან აქვთ რწმენა, რომ წარუმატებლობა განვითარებისა და მომავალი წარმატების წინაპირობად შეიძლება იქცეს. სწორედ სამეწარმეო კულტურის ჩამოყალიბებას ემსახურება EY-ის წლის მეწარმის პროგრამა. კონკურსის გამარჯვებულები სხვადასხვა წელს იყვნენ დღეისათვის ისეთი საყოველთაოდ ცნობილი კომპანიების დამფუძნებლები, როგორიცაა: Google, LinkedIn, Dell Inc, Amazon, Starbucks, Angry Birds, Sun Mycrosystems, Cirque de Soleil და ა.შ. მაგრამ აღსანიშნავია, რომ კონკურსში გამარჯვების დროისთვის მათ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ასეთი აღიარება მოპოვებული. EY იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მათი პოტენციალი სათანადოდ შეაფასა და მათ აღიარებასა და წინსვლაში გარკვეული როლი შეასრულა. ალბათ ამიტომაც, კონკურსში გამარჯვება არა მხოლოდ მიღწეულის აღიარებას, არამედ მომავლის ლიდერობასაც გულისხმობს.

სამეწარმეო სულისკვეთება, ინოვაციურობა, სოციალური გავლენა, პირადი პასუხისმგებლობა და ავტორიტეტი არის ის, რაც, შთამბეჭდავ ფინანსურ მონაცემებთან ერთად, აერთიანებს ამ კომპანიების დამფუძნებლებსა და მსოფლიოს ათასობით მეწარმეს, რომლებმაც სხვადასხვა დროს, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში „წლის მეწარმის“ ტიტული დაიმსახურეს და მსოფლიო სამეწარმეო აკადემიის წევრები გახდნენ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავსა და თავიანთ ბიზნესს მაღალ სტანდარტებს უწესებენ, რომლებსაც აქვთ უნარი შექმნან შეკრული და ეფექტური გუნდი, ხელი შეუწყონ ცოდნის გაზიარებასა და უფლებამოსილებების გადანაწილებას, რათა წარმატება მთლიანმა გუნდმა გაიზიაროს; რომლებიც ბიზნესსაქმიანობას შემოქმედებითად და, ხშირ შემთხვევაში, რისკიანადაც უდგებიან, ქმნიან სიახლეებს, ახალისებენ ინოვაციის კულტურას, და, რაც მთავარია, ახერხებენ ნოვატორული იდეა კომერციულად მოგებიან პროექტად აქციონ. ბევრმა მათგანმა უარი თქვა სტაბილურ, მშვიდ გარემოზე ძალიან რისკიანი, და საკუთარი მეგობრებისა თუ ბიზნესპარტნიორებისთვის აბსოლუტურად გაუმართლებელი იდეის, უფრო სწორად, ოცნების ახდენის მიზნით.

რთულია არ აღფრთოვანდე 2013 წლის World Entrepreneur of the Year-ის გამარჯვებული თურქი ამერიკელის, ჰამდი ულუკაიას ისტორიით. ჰამდი განასახიერებს ყოველი ემიგრანტის ამერიკულ ოცნებას. თურქულ სოფელში, ფერმერების ოჯახში დაბადებული ახალგაზრდა ამერიკაში მიემგზავრება ინგლისურისა და შემდეგ ბიზნესის შესასწავლად, მაგრამ ბიზნესის სკოლას არ ამთავრებს, და ფეტა ყველის წარმოებას, მას შემდეგ იწყებს, რაც მასთან სტუმრად ჩასული მამა დაიჩივლებს ამერიკულ მაღაზიებში გამოფენილი ყველის უხარისხობაზე. მალევე ყიდულობს კვების წარმოების გიგანტის, Kraft-ის მიერ არარენტაბელურად შეფასებულ იოგურტის ქარხანას მიუხედავად იმისა, რომ ყველა ცდილობს გადააფიქრებინოს ეს თავზეხელაღებული იდეა, და ხუთ თანამშრომელთან ერთად იწყებს ქარხნის ამუშავებას. სულ რამდენიმე წელიწადში მის მიერ დაარსებული კომპანია უკვე 3,000 თანამშრომლითა და $1 მილიარდი წლიური შემოსავლით ხდება ამერიკის N1 იოგურტის ბრენდი, გააქვს პროდუქცია ევროპასა და ავსტრალიაში და ფლობს მსოფლიოში იოგურტის მწარმოებელ ყველაზე დიდ ქარხანას, ეს მაშინ როდესაც Kraft-მა იოგურტის ბაზარზე 100-წლიანი გამოცდილების შემდეგ გადაწყვიტა ამ სექტორიდან საერთოდ გასულიყო არამოგებიანობის გამო. თუმცა შეიძლება Kraft მართალიც იყო, რადგან პროდუქტი, რომელმაც ჰამდის ამერიკული ოცნება აუსრულა, არ იყო ის, რასაც ამერიკელები მანამდე მოიხმარდნენ. მამის მსგავსად ჰამდიც უკმაყოფილო იყო კანფეტივით ტკბილი იოგურტით და სურდა ამერიკისთვის შეეთავაზებინა მშობლიური თურქული, უფრო ზუსტად კი ბერძნული ბუნებრივი პროდუქტი, რომლის შემუშავებასაც მან წელიწად-ნახევარი დაუთმო, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კონსერვატიულ ამერიკას ის შეიძლება საერთოდაც არ მიეღო.

ჰამდი თავისი თანამემამულე ფილოსოფოსის, რუმის სიტყვებს იშველიებს თავისი „გიჟური“ გადაწყვეტილებების ასახსნელად: „ნაბიჯს თუ გადადგამ, გზა გამოჩნდება“(if you start walking the way, the way appears), „შეგიძლიათ იჯდეთ და იფიქროთ, რა აკეთოთ, ან შეგიძლიათ უბრალოდ ადგეთ და დაიწყოთ რაღაცის კეთება“, – ამატებს ჰამდი. თუმცა „ამერიკულ გზაზე“ შედგომას დამტვრეული ინგლისურით და ფინანსების, ბიზნესგამოცდილებისა თუ ფორმალური განათლების გარეშე, იშვიათი სითამამე და მიზანდასახულობა სჭირდება.

არანაკლებ შთამბეჭდავია ორი კვირის წინ გამართული 2014 წლის „მსოფლიო მეწარმის“ გამარჯვებულის, ინდოელი უდაი კოტაკის წარმატების გზა. 1980-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ინდოეთში blue-chip მულტინაციონალურ კომპანიებში სამსახურის შოვნა მართლაც რომ სანატრელი იყო, უდაიმ უარი თქვა Unilever-ის შემოთავაზებაზე და საკუთარი ბიზნესის წამოწყება არჩია, შენიშნა რა საკმაოდ საინტერესო შესაძლებლობები საბანკო და საფინანსო სფეროში. თუმცა იგი სულაც არ იყო ორიგინალური, როდესაც საკუთარი ფინანსური კომპანია დააარსა – იმ პერიოდში ინდოეთში ათასობით მსგავსი ორგანიზაცია იქმნებოდა. მაგრამ მკაცრად რეგულირებადი და არასტაბილური ბაზრის პირობებში მათგან მხოლოდ რამდენიმემ მოაღწია დღემდე. კოტაკის ბანკს კი, რომელიც $250,000 კაპიტალით შეიქმნა, დღეს $2.8-მილიარდიანი წლიური ბრუნვა აქვს. 2007 წელს ინდოეთის ბაზარმა სწრაფი ზრდა დაიწყო, მსხვილი საინვესტიციო ბანკები ერთმანეთს ასწრებდნენ მასზე დამკვიდრებას. გამონაკლისი არც Goldman Sachs იყო, რომელმაც ინდურ ბაზარზე შესვლა კოტაკის ბანკის შეძენის გზით გადაწყვიტა, თუმცა მოლაპარაკებები საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ კოტაკმა თავად შეისყიდა Goldman. ბოლო ათი წლის მანძილზე უდაის ძალისხმევით ჯგუფის აქტივები 25-ჯერ გაიზარდა, ხოლო მოგება – 30-ჯერ. დღეს კოტაკის ბანკი ინდოეთის ერთ-ერთი უძლიერესი ფინანსური ორგანიზაციაა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ინდოეთის საბანკო სექტორი და, მასთან ერთად, სოფლის მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრებაც, გახადა რა მათთვის ხელმისაწვდომი იაფი ფინანსური მომსახურება.

მათი კომპანიების ზრდის სწრაფი ტემპის გარდა, საზოგადოებაზე მსგავსი დადებითი გავლენა აერთიანებს „წლის მეწარმის“ გამარჯვებულებს. მათგან უმეტესობა აღნიშნავს, რომ ფულის გაცემისგან მეტ სიამოვნებას იღებს, ვიდრე ფულის შოვნისგან. როგორც ჰამდი ამბობს: „ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ რასაც კი ვქმნით, რასაც კი ვაშენებთ, დავუბრუნოთ ისევ ხალხს, რათა მათ იგრძნონ განსხვავება“ და საკუთარი კომპანიის მოგების 10%-ს ქველმოქმედებაზე ხარჯავს. მეწარმეების როლი, სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად ხომ საზოგადოებისთვის კეთილდღეობის მოტანა, მათ განვითარებაზე ზრუნვაცაა. ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა და 2014 წლის „მსოფლიო მეწარმის“ პანელის წევრმა, პროფესორმა მუჰამედ იანისმა, რომელიც ჟურნალ Fortune-მა ჩვენი დროის ერთ-ერთ უდიდეს მეწარმედ დაასახელა, აღნიშნა: „ქველმოქმედება, მისი უდიდესი სიკეთის მიუხედავად, შეზღუდულია შესაძლებლობებში, რადგანაც ამ შემთხვევაში ფული გადის, მაგრამ უკან აღარ ბრუნდება, სოციალურ სიკეთეზე მიმართული ბიზნესი კი, ანუ სოციალური ბიზნესი, ფულს გასცემს, უკან იბრუნებს და ისევ გასცემს, ახდენს რა ამგვარად სიკეთის გამრავლებას“. და იქვე ამატებს: „სწორედ სოციალურმა მეწარმეებმა (social business entrepreneurs) უნდა გადაჭრან მსოფლიო ეკონომიკის პრობლემები, რადგანაც, როგორც კი თქვენ გათავისუფლდებით პირადი მოგების იდეისგან, თქვენ წინაშე სრულიად ახალი სამყარო გადაიშლება“.

მართლაც, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მეწარმეებმა ყველა სხვა ჯგუფზე მეტი გააკეთეს ინოვაციის სტიმულირების, დასაქმებისა და წინსვლისთვის როგორც მზარდი, ისე გამოწვევების წინაშე მდგარი ეკონომიკის პირობებში. მათ აქვთ ხედვა, მიზანდასახულობა და სიმამაცე. ისინი წინსვლისა და წარმატების საუკეთესო მაგალითებს წარმოადგენენ.

ყოველი წლის ივნისის პირველ კვირას დედამიწის ერთ-ერთ ულამაზეს წერტილში, მონტე-კარლოში, მსოფლიოს წამყვანი მეწარმეები ენერგიითა და იდეებით დატვირთულ ოთხ არაჩვეულებრივ დღეს ატარებენ. მსოფლიოს 60 ქვეყნის ყველაზე წარმატებულ მეწარმეს შესაძლებლობა ეძლევა საუცხოო ატმოსფეროში კვლავაც გააგრძელოს თავისი სწრაფად მზარდი, ლიდერი კომპანიების განვითარებაზე ზრუნვა სწავლისა და დიალოგის გზით. ღონისძიება, რომელიც დაჯილდოების გარდა უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმიცაა, თავს უყრის მსოფლიოს ბიზნესლიდერებსა და გამოჩენილ მოღვაწეებს, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკისა და მეწარმეობის წინაშე მდგარ საკითხებს განიხილავენ. კოფი ანანი, გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი და ნობელის პრემიის ლაურეატი, დამსწრეებს უზიარებს თავის მოსაზრებას მეწარმეების როლზე მსოფლიოში. მისი აზრით, მეწარმეებს აქვთ უნარი, შექმნან ეკონომიკურად უფრო სამართლიანი და პოლიტიკურად უფრო სტაბილური მსოფლიო, რადგან ისინი ხელს უწყობენ ახალი ბაზრების განვითარებას. ფეხბურთის ლეგენდარული მენეჯერი, სერ ალექს ფერგიუსონი ჰყვება იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო წარმატებული გუნდის შესაქმნელად, ბესტსელერი ხელოვანი და ამავდროულად ანტრეპრენიორი ერიკ ვაალი კი თავისი შთამბეჭდავი სიტყვის წარმოთქმისას დამსწრეთა თვალწინ არანაკლებ შთამბეჭდავ ტილოებს ქმნის. შთამაგონებელი გამოსვლების გარდა, იმართება ინტერაქტიური დისკუსიები ექსპერტებისგან შემდგარ პანელთან ისეთ სპეციფიკურ საკითხებზე, როგორიცაა კომპანიის ბირჟაზე გასვლის უპირატესობები, მომავლის სამუშაო ძალის განვითარება, რესურსები და ენერგია, როგორც კორპორაციებისა და მთავრობების კონკურენტული უპირატესობა, სუფთა ტექნოლოგიები და მდგრადობა, ახალი ბაზრების შესაძლებლობები და რისკები და, რა თქმა უნდა, მეწარმეების როლი საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნაში (doing good while doing well).

„წლის მეწარმის“ მონაწილე ქვეყნები გლობალური ეკონომიკის დაახლოებით 95%-ს წარმოადგენენ. „მსოფლიო წლის მეწარმის“ ღონისძიებაზე წარმოდგენილი გამარჯვებული მეწარმეების ჯამური ბრუნვა $32 მილიარდზე მეტია. ღონისძიებას ესწრება დაახლოებით 1,000 დელეგატი, მას აშუქებს 50-ზე მეტი მედიასაშუალება და, რაც მთავარია, ღონისძიების განმავლობაში მიიღწევა ძალიან ბევრი საქმიანი შეთანხმება, რაც თავისთავად აჩენს ახალ შესაძლებლობებს, რომლებსაც დამსწრე მეწარმეები, რაღა თქმა უნდა, ხელიდან არ უშვებენ. იმედია, ქართველი მეწარმეც, რომლის დასახელებაც ნოემბერში თბილისში გამართულ გალა-ღონისძიებაზე მოხდება, შეძლებს თავისი საქმიანობისთვის მოგებიანი შეთანხმებების მიღწევას, ახალი ჰორიზონტების მოძიებას და საქმიანობის გაფართოებას საზღვრებს გარეთ, და ამით ქართული ეკონომიკის განვითარებაში კიდევ უფრო მეტი წვლილის შეტანას.

წინა სტატია

ახალი შესაძლებლობა არავის წინააღმდეგ
15 ივლისი, 2014

შემდეგი სტატია

ქართველი მომხმარებლის ქცევის კვლევა
16 ივლისი, 2014
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
Nexia TA - ერთადერთი აუდიტორული კომპანია საქართველოდან, რომელმაც IAB-ის ცერემონიაზე ჯილდო მოიპოვა
საქართველო | ოქტ, 08, 2018
Forbes 400 2018 - ბეზოსი ლიდერია
რეიტინგი | ოქტ, 04, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა