DLA Piper – ნდობა, პროფესიონალიზმი, ხარისხი

DLA Piper – ნდობა, პროფესიონალიზმი, ხარისხი

ჩვენს საქმეში ყველაზე კარგი მენეჯერული თვისება არის ის, რომ შეგეძლოს ცხადი, გასაგები ინსტრუქციისა და დავალების მიცემა იმ ადამიანებისთვის, ვისთანაც მუშაობ. და კიდევ, აუცილებელია მათ მიერ შესრულებული სამუშაოს სათანადოდ შეფასება. თუ საქმე კარგად არის გაკეთებული, აუცილებლად უნდა შეაქო, თუ ნაკლებად კარგად, ალბათ შენიშვნაც უნდა მისცე, მაგრამ არა ისე, რომ მოტივაცია დაუკარგო.

ოფისში სიჩუმეა. იურიდიული მომსახურების გლობალური ფირმის, DLA Piper-ის, დერეფანი ცარიელია. დერეფანში ყავის სურნელი დგას. ოთახებიდან ყრუ ხმა გამოდის. ჩანს, ყველა თავის საქმეს აკეთებს. იურისტებს ბევრი საქმე აქვთ. განსაკუთრებით იმ იურისტებს, რომლებიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან, ხშირად მრავალმილიონიან საქმეებზე მუშაობენ. წინასწარი შეთანხმებით ვიცი, რომ სამი რესპონდენტი უნდა მყავდეს: თედი, ავთო და ნინო.

შეხვედრების ოთახში ოვალური მაგიდა დგას. თაროებზე წიგნები დევს. ძნელი გამოსაცნობი არ არის, წიგნები რას ეხება. კედლებზე რამდენიმე ლითოგრაფია კიდია – ცხენები. ისინი არ არიან ჩვეულებრივი ცხენები. ერთი ხის ცხენია, ტროის ცხენს ჰგავს. ერთი თითქოს საათის მექანიზმით არის აწყობილი. ინტერვიუს ბოლოსკენ გავარკვევ, რატომ კიდია DLA Piper-ის კედლებზე ცხენები.

ერთ-ერთი რესპონდენტი, ამერიკელი იურისტი, იურიდიული ფირმის მმართველი პარტნიორი, თედ ჯონასი, ინგლისურად უნდა ჩავწერო. ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, რომ არამშობლიურ ენაზე ჩაწერილი ინტერვიუები მცირე დისკომფორტს მიქმნის. ამიტომ ჩვეულებრივზე მეტად ვღელავ. მით უმეტეს არ უნდა იყოს ადვილი ჩასაწერი ინტერვიუ იურისტთან, რომელიც მიჩვეულია ყოველ მცირე დეტალსაც კი დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს. მოკლედ, თუკი რაიმე სტერეოტიპი ვიცი იურისტების შესახებ, ყველა ამ სტერეოტიპით დატვირთული ვზივარ შეხვედრების ოთახში და წინასწარ ჩამოწერილ კითხვებს ვიმეორებ.

ოთახში ნინო შემოდის. ნინო სუქნიძე, DLA Piper-ის ახლადდაწინაურებული დირექტორი, ჩემი ერთ-ერთი რესპონდენტია. თეთრი პერანგი და შავი ქვედაბოლო აცვია. ის ფირმაში 2006 წლიდან მუშაობს.

–         ავთო და თედი მალე შემოგვიერთდებიან, – მეუბნება ნინო და სკამზე ჯდება.

–         ძალიან კარგი, – ვპასუხობ.

–         სანამ შემოვლენ ერთი-ორი იმეილის გაგზავნას მოვასწრებ – ამბობს ნინო და ელექტრონულ წერილს ტელეფონით გზავნის.

წერილები გაგზავნილია. თედი და ავთო ოთახში შემოდიან. ავთო სვანიძე DLA Piper-ის ასევე ახლადდაწინაურებული პარტნიორია. ავთო საერთაშორისო იურიდიულ ფირმაში დაფუძნებიდან, 2005 წლიდან მუშაობს. მუშაობა ორივემ იურისტის თანამდებობიდან დაიწყო… თუმცა, ამაზე მოგვიანებით.

თედმა რომ ქართული იცოდა, ეს ინტერვიუმდე გავარკვიე, მაგრამ ასე კარგად თუ იცოდა, ეს კი ნამდვილად არ მეგონა. გულწრფელად გაკვირვებული დავრჩი მისი ქართული ენის ცოდნით.

–         რატომ გადაწყვიტეთ ქართული ენის სწავლა? – ვეკითხები თედს. და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მისი პასუხი ერთ-ერთი საუკეთესო პასუხია, რაც კი ოდესმე ჩემს კითხვებზე მომისმენია.

–         საქართველოში ამერიკის დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) ერთად, 1994 წელს მოვხვდი. ეს ორგანიზაცია მაშინ საქართველოს პარლამენტთან სამუშაოდ ჩამოვიდა. ეს იყო პერიოდი, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა ახლადმოპოვებული ჰქონდა და ქართული ენის შესწავლა მაშინ იმას ნიშნავდა, რომ მე ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარული ვიყავი, მათ მიზნებს, მათ მისწრაფებებს ვიზიარებდი და გადავწყვიტე, რუსული ენის ნაცვლად, ქართული მესწავლა. ეს ნამდვილად არ იყო ადვილი, მაგრამ კარგი მასწავლებელი მყავდა.

–         ჩემი ქართული ენის გაუმჯობესებას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ქართველი მეუღლე მყავს, რომელიც ასევე იურისტია. ნინუცა საერთაშორისო ფინანსურ კორპორაციაში (IFC) მუშაობს“.

DLA Piper, იურიდიული მომსახურების გლობალური ფირმა, მსოფლიოს 30 ქვეყანაში ფუნქციონირებს და აერთიანებს 4200 იურისტს აშშ-დან, ევროპიდან, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. მათ შორის არის 12 იურისტი საქართველოდან. საქართველოში DLA Piper 2005 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ უმაღლესი ხარისხის იურიდიულ მომსახურებას უწევს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებს. ფირმის საქმიანობის ძირითადი სფეროებია საბანკო/საფინანსო სექტორი, ენერგეტიკა, ტელეკომუნიკაცია, საკორპორაციო საქმეები, მრეწველობა, ინტელექტუალური საკუთრება, უძრავი ქონება, და სხვა. გლობალური ფირმა კომპანიებსა და ორგანიზაციებს სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო და ადგილობრივ ტრანზაქციებზე მომსახურების გარდა, სთავაზობს ისეთი ტიპის მომსახურებებსაც როგორიცაა სასამართლო წარმოება, საერთაშორისო არბიტრაჟი, საერთაშორისო ბაზრებზე ქართველი ემიტენტების სასესხო და წილობრივი ფასიანი ქაღალდების დაშვებასთან დაკავშირებული იურიდიული კონსულტაცია და სხვა.

DLA Piper-ის ოფისში სამი ჯგუფია: ფინანსებისა და პროექტების ჯგუფი, რომელსაც თედი ხელმძღვანელობს; კორპორაციული ჯგუფი, რომელსაც ავთო ჩაუდგა სათავეში პარტნიორად დაწინაურების შემდეგ და სამართალწარმოებისა და რეგულირების საკითხების ჯგუფი, რომელსაც ოთარ ყიფშიძე უძღვება. ინტერვიუს ჩაწერის დღეს ოთარი საქმიანი შეხვედრის გამო არ იმყოფებოდა თბილისში და, სამწუხაროდ, მასთან გასაუბრება ვერ მოხერხდა.

რატომ DLA Piper?

რატომ უნდა ავირჩიო DLA Piper? – ვეკითხები თედს. თედი გულიანად იცინის და მერე დაუფიქრებლად მპასუხობს: „იმიტომ, რომ ეს არის საუკეთესო ფირმა, სადაც შეგიძლია მიიღო უმაღლესი ხარისხის იურიდიული რჩევები, რომელთაც ბოლომდე ენდობი და რაც მთავარია, მომსახურების ხარისხიდან გამომდინარე, ჩვენთან ფასიც სრულიად მისაღებია. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სტანდარტების იურიდიული მომსახურება ადგილობრივ ბაზარზე, მომსახურება, რომლის მსგავსსაც საქართველოში სხვაგან ძნელად თუ მიიღებ“, – ამერიკელი იურისტის საკმაოდ ამბიციურ პასუხს მისი ქართველი კოლეგებიც ეთანხმებიან. საუბარში ავთო სვანიძე ერთვება და მეუბნება:

ხშირად მოსულან ჩვენთან ისეთი კლიენტები, რომლებმაც იურიდიული მომსახურების მიღებაზე ფულის დაზოგვა გადაწყვიტეს, შესაბამისად, ვერ მიიღეს კვალიფიციური მომსახურება, სერიოზული პრობლემა შეექმნათ და მხოლოდ ამის შემდეგ მოგვაკითხეს. ეს მცდარი მიდგომაა და კლიენტს ორმაგი უჯდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, უმჯობესია თავიდანვე სწორი გადაწყვეტილება მიიღო და კვალიფიციურ იურისტებს მიმართო“, – მიხსნის ავთო, რომლის არგუმენტებსაც იმის შესახებ, თუ რატომ თვლის ის თავს საუკეთესო იურიდიული ფირმის თანამშრომლად, ნინო სუქნიძე სხვა არგუმენტსაც აშველებს:

„ჩვენ ვიცავთ ეთიკის უმაღლეს სტანდარტებს, რაც ჩვენს საქმიანობაში ძალიან მნიშვნელოვანია“. ნინოს სიტყვებს თედი ეხმიანება: „ჩვენი კლიენტები არიან არა მარტო უცხოელები, არამედ ადგილობრივი კომპანიებიც. რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ ვართ ფირმა, რომელსაც შეუძლიათ ბოლომდე ენდონ. იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქმე ეხება, მაგალითად, რომელიმე ქართულ ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის წარმოქმნილ დავას, ჩვენ ორივე მხარე გვენდობა. მათ იციან, რომ იურისტის პასუხისმგებლობას არასდროს გადავალთ, რომ ჩვენ სრულად ვიცავთ კონფიდენციალობას. მათ იციან, რომ ჩვენ არანაირად არ ვუკავშირდებით ადგილობრივ ინტერესებს და ვართ სრულიად დამოუკიდებელნი“, – მეუბნება თედ ჯონასი.

ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, რის გამოც კლიენტები უპირატესობას DLA Piper – ს ანიჭებენ, ავთო სვანიძის აზრით, ეს არის მათი გამოცდილება რთულ და კომპლექსურ ტრანზაქციებში მონაწილეობისა, თუმცა არა მხოლოდ ეს: „გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ყოველთვის, როცა დაგვჭირდება და როდესაც ესა თუ ის საქმე სპეციფიკურ ცოდნას და გამოცდილებას ან სხვა ქვეყნის სამართლის გამოყენებას მოითხოვს, დახმარებისთვის მივმართოთ ჩვენი ფირმის სხვა ოფისებსაც, რომლებიც მსოფლიოს 30 ქვეყანაშია განთავსებული“, – მეუბნება ავთო სვანიძე, რომლის ტელეფონიც ორსაათიანი საუბრის განმავლობაში ხშირად რეკავს.

DLA Piperის კლიენტები

იქიდან გამომდინარე, რომ იურიდიული მომსახურების გლობალურ ფირმას აქვს მტკიცედ აღებული ვალდებულება, რომ დაიცვას კლიენტების კონფიდენციალობა, ჩემი რესპონდენტები ძალიან ცოტას და თავშეკავებით საუბრობენ კლიენტების ვინაობის თაობაზე, თუმცა, არის რამდენიმე კლიენტი, რომელთა დასახელებაც ფირმას ხმამაღლა შეუძლია. მათ შორისაა თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, სილქ როუდ ჯგუფი, BP, აშშ-ის საერთაშორისო კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC), ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია (MCC)…

როგორც ავთო სვანიძე მეუბნება, ფინანსური ინსტიტუტების გარდა, საქართველოში შემოსული ბევრი უცხოელი ინვესტორი , რომელიც ქვეყანაში მსხვილ პროექტებს ახორციელებს, სწორედ DLA Piper-ის კლიენტია: „ძალიან იშვიათია, რომ საქართველოში განხორციელდეს მსხვილი პროექტი, სადაც ჩვენ ჩართულები არ ვართ“, – ამბობს ავთო.

ერთი გუნდი – ერთი ორგანიზმი

„DLA Piper ერთი გუნდია“, – ასე მიხასიათებს იურიდიული მომსახურების ფირმას თედ ჯონასი, „გუნდი, რომელიც ნამდვილი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული“. ჩემი რესპონდენტები ერთმანეთის მიყოლებით მიხსნიან, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომ მათ გუნდში მუშაობა შეძლოს. როგორც ჩანს, ამ ფირმაში მოხვედრა ადვილი საქმე არ არის. გარდა იმისა, რომ საქმის ნამდვილი პროფესიონალი უნდა იყო, ასევე სრულყოფილად უნდა ფლობდე ინგლისურ ენას, რადგან, DLA Piper-ის სამუშაო ენა სწორედ ინგლისურია. თუმცა მხოლოდ ეს არ კმარა იმისათვის, რომ გუნდის წევრი გახდე. აი, რას ამბობს თედი:

„ისინი უნდა იყვნენ კრეატიულები – ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ერთი, ვიწრო მიმართულებით აზროვნებენ, რომლებსაც არ შეუძლიათ ინოვაციური აზროვნება, ჩვენ ვერ გამოგვადგება. საბჭოთა განათლების სისტემა არ იყო ამ მიმართულებით განვითარებული და დახვეწილი და, სამწუხაროდ, საზოგადოება კვლავაც ირეკლავს ამ წარსულს. თუმცა, სიტუაცია ახლა უკვე იცვლება“.

„ბევრ სხვა იურიდიულ ფირმაში არ აშენებენ შიდა სტრუქტურას ისე, როგორც ჩვენ ვაშენებთ ამ ურთიერთობებს. მათ შეიძლება ჰყავდეთ ერთი კარგი იურისტი, მაგრამ არ ზრუნავენ იმაზე, რომ სხვა იურისტებიც განვითარდნენ პროფესიულად. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შევქმნათ ერთი მთლიანი ორგანიზმი, ვიმოქმედოთ ერთ გუნდად და არა ინდივიდუალურად“, – ამბობს თედი.

როგორც DLA Piper-ის მმართველი პარტნიორი მეუბნება, ფირმის განვითარება და წარმატებულობა პირდაპირ არის დაკავშირებული ქართული ეკონომიკის, კერძო ბიზნესის განვითარებასთან. მისი თქმით, ბოლო წლებში მსოფლიოსა და საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის ფონზე ფირმა შედარებით იშვიათად ახერხებს ახალი თანამშრომლების დაქირავებას.

ნინო სუქნიძე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაწინაურდა და უფროსი იურისტის პოზიციიდან დირექტორის თანამდებობაზე გადაინაცვლა, მეუბნება, რომ ამ ფირმაში ყველა თანამშრომელს ეძლევა საკუთარი თავის სრულად წარმოჩენის შესაძლებლობა. ნინო ბიზნეს- და სავაჭრო სამართლის მაგისტრი და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. ის DLA Piper-ში სხვადასხვა, მათ შორის საბანკო და საფინანსო, კორპორაციული, ელექტრონული კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის მიმართულებით მუშაობს. ამ წლების განმავლობაში ნინოს არაერთი წარმატებულად დასრულებული საქმე დაუგროვდა, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ბაზრებზე განთავსებათან დაკავშირებულ საქმეებს გამოყოფს: „ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის დიდი პროექტებია, როცა საქართველოს სახელმწიფომ 2008 წელს პირველად და საქართველოს ბანკმა 2006 წლიდან დღემდე რამდენჯერმე თავიანთი ფასიანი ქაღალდები განათავსეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე. სწორედ ეს ტრანზაქციები იყო ჩემთვის ყველაზე საინტერესო. მაგალითად, სახელმწიფო ობლიგაციების გამოშვებას დასჭირდა გარკვეული ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში, და ჩვენ ამ პროცესში აქტიურად ვიყავით ჩართულები. მე სწორედ ასეთი მასშტაბური ტრანზაქციები მხიბლავს. ეს უფრო საინტერესოა და რეზონანსული“, – მეუბნება ნინო.

ავთო სვანიძე, სამართლის მაგისტრი, იურიდიული მომსახურების გლობალურ ფირმაში ძირითადად ისეთ სფეროებს უძღვება, როგორიცაა საკორპორაციო, რეორგანიზაცია/რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზების ტრანზაქციები, უძრავი ქონება და საბანკო სამართლის საკითხები. მან ლონდონში ჩაბარებული რთული გამოცდების შემდეგ, ცოტა ხნის წინ ინგლისური სამართლის კვალიფიკაცია მიიღო და ივნისიდან ინგლისის ადვოკატთა ასოციაციის წევრი გახდება. როგორც ავთო მეუბნება, ინგლისური კვალიფიკაციის მიღება მისი დიდი ხნის მიზანი იყო: „ინგლისური სამართალი არის ყველაზე გავრცელებული სამართალი მსოფლიოში. ყველაზე მეტი საერთაშორისო ტრანზაქცია სწორედ ამ სამართლით რეგულირდება და ყოველთვის მინდოდა, რომ ეს კვალიფიკაცია მქონოდა, რადგან როგორც უცხოელ, ისე ქართველ კლიენტებს ხშირად სჭირდებათ რჩევა ინგლისური სამართლის შესაბამისად“. კიდევ ერთი მიზანი, რომლის მიღწევაც ავთომ რამდენიმე ხნის წინ შეძლო, ეს DLA Piper-ში დაწინაურებაა. მან დირექტორის პოზიციიდან პარტნიორის, ანუ უმაღლეს პოზიციაზე გადაინაცვლა.

ნინომაც და ავთომაც იურიდიული მომსახურების გლობალურ ფირმაში მუშაობა იურისტების პოზიციაზე დაიწყეს. თუმცა, ორივე თანხმდება იმაზე, რომ თუკი მზად ხარ ბევრი იმუშაო და ზოგჯერ ძალიან ბევრიც, ყოველთვის მოგეცემა დაწინაურების შესაძლებლობა. აი, როგორ აღწერს ავთო მათი მუშაობის გრაფიკს: „ზოგჯერ უნდა დაივიწყო, რომ შაბათ-კვირა და პირადი ცხოვრება არსებობს. ჩვენი მუშაობის სპეციფიკა ასეთია – რეგულარული სამუშაო საათები თითქმის არ გაქვს. ვისაც უნდა, რომ დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე იმუშაოს და სახლში თავის დროზე წავიდეს, მსგავს იურიდიულ ფირმაში ვერ იმუშავებს. კლიენტები ძალიან მომთხოვნები არიან, ყოველთვის ახალი „დედლაინია“, ყოველთვის რაღაც არის დასასრულებელი, მოსასწრები, აქედან გამომდინარე, ხშირად არის, რომ ძალიან გვიანობამდე გვიწევს მუშაობა. ასეთი მუშაობა შეუმჩნეველი არ რჩება. მე ნაბიჯ-ნაბიჯ მივედი პარტნიორობამდე. თავიდან საკმარისია, რომ კლიენტს კარგი იურიდიული მომსახურება გაუწიო, მაგრამ შემდეგ დაწინაურებასთან ერთად, მეტია მოთხოვნა შენს მენეჯერულ უნარ-ჩვევებზე, იზრდება პასუხისმგებლობა, უფრო მეტი გაქვს გასაკეთებელი არა მხოლოდ როგორც იურისტს, არამედ როგორც მენეჯერს. თუ ამ ყველაფერს ახერხებ, DLA Piper-ში ყველა შესაძლებლობაა იმისთვის, რომ აღმოჩნდე იქ, სადაც იურიდიული ფირმების ყველა იურისტი მიისწრაფვის, ანუ გახდე პარტნიორი“, – მეუბნება ავთო, რომელსაც ყურადღებით უსმენს თედი და შემდეგ დაბეჯითებით მეუბნება:

„მე ვცდილობ ყველას მივცე შესაძლებლობა, რომ საკუთარი თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინონ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ახალბედები არიან, მაგალითად, აიღონ პასუხისგებლობა შედარებით მცირე საქმეებზე კლიენტებთან ურთიერთობისას. ჩვენ ასევე აუცილებლად ვგზავნით ახალგაზრდა იურისტებს სხვადასხვა შეხვედრაზე, პრეზენტაციაზე, სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწყობილ სემინარებსა თუ ტრენინგებზე. მათ შეუძლიათ მიიღონ გამოცდილება, ჰქონდეთ ურთიერთობა ფართო საზოგადოებასთან, გარდა ამისა, ეს ჩვენთვის კარგი რეკლამაცაა. ჩვენი ფირმის იურისტები ხვდებიან ხელისუფლების, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლებს. ეს ორგანიზაციები მხოლოდ მე და სხვა მაღალ თანამდებობაზე მყოფ იურისტებს არ უნდა გვიცნობდნენ, ისინი უნდა ხვდებოდნენ ჩვენს ახალგაზრდა თაობასაც“, – ასე მიაჩნია თედ ჯონასს.

 როგორც თედმა აღნიშნა, ნინოსა და ავთოს მსგავსად სულ ცოტა ხნის წინ ერეკლე გლურჯიძეც დაწინაურდა და მან იურისტის პოზიციიდან უფროსი იურისტის პოზიციაზე გადაინაცვლა. ერეკლე ფირმის სამართალწარმოებისა და რეგულირების საკითხების ჯგუფის წევრია და მის ძირითად საქმიანობას სასამართლო დავები და არბიტრაჟი წარმოადგენს. საინტერესო იქნებოდა ამ ჯგუფის ხელმძღვანელობასთან საუბარიც მათი წარმატებული საქმიანობის შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, ინტერვიუს ჩაწერის დღეს ჯგუფის პარტნიორი, ოთარ ყიფშიძე და ჯგუფის დირექტორი, ზურაბ ქილიფთარი საქართველოში არ იმყოფებოდენენ.

თედ ჯონასი, იურიდიული ფირმის მმართველი პარტნიორი, ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ბიზნეს- და იურიდიული გარემოს განვითარება. როგორც ის მეუბნება, სწორედ ამ თვალსაზრისით ფირმა აქტიურად თანამშრომლობს ორ მსხვილ ასოციაციასთან: ამერიკის სავაჭრო პალატასთან საქართველოში, რომლის საქმიანობაშიც თედი აქტიურადაა ჩაბმული, როგორც კომერციული სამართლისა და საგადასახადო კომიტეტის თანათავმჯდომარე და დირექტორთა საბჭოს წევრი; და საქართველოს ბიზნესასოციაცია, რომლის საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ ყიფშიძეა. „ასოციაციებში ჩვენი საქმიანობის ფარგლებში, აქტიური ურთიერთობა გვაქვს პარლამენტთან და იუსტიციის სამინისტროსთან. ჩვენ ამ ურთიერთობით ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ქვეყანაში არსებული სამართლებრივი და ბიზნესგარემო. უნდა აღინიშნოს, რომ ეს მთავრობა ძალიან აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესსექტორთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – მიაჩნია თედ ჯონასს.

საუბარში ნინო სუქნიძე ერთვება და იხსენებს 2010 წელს, როცა შეიქმნა პრემიერ-მინისტრთან არსებული აუდიტორთა არაფორმალური საბჭო, რომელშიც შედიოდნენ დიდი აუდიტორული ფირმების წარმომადგენლები და ნინო, როგორც DLA Piper -ის წარმომადგენელი: „ვმუშაობდით საგადასახადო კოდექსის პროექტზე, კომენტარებს ვაწვდიდით ფინანსთა სამინიტროს. მოგვიანებით საბჭო გარდაიქმნა ბიზნესომბუდსმენთან არსებულ ჯგუფად, გაფართოვდა და ახლა გარკვეული პერიოდულობით ეს ჯგუფი კვლავაც იკრიბება და იხილავს სხვადასხვა ინიციატივას, რომელიც ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან მომდინარეობს, საგადასახადო სამართლის მიმართულებით. გარკვეული დამუშავების შემდეგ კი ეს ინიციატივები წარედგინება ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს“, – მეუბნება ნინო და კიდევ ერთი აქტივობის შესახებ მიყვება:

„ბიზნესასოციაციების საქმიანობაში ჩვენი ჩართულობის კიდევ ერთი კარგი მაგალითია ვიზიტი, რომელიც 2013 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართა ამერიკის სავაჭრო პალატის ორგანიზებით. საქართველოდან წასულ დელეგაციაში შედიოდა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი კომპანიების რამდენიმე წარმომადგენელი და მეც მათ შორის ვიყავი. ამ ვიზიტის მიზანი იყო ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გაგვეცნო, თუ რა მდგომარეობაა ბიზნესის განვითარების კუთხით საქართველოში, რა პრობლემებია და ა.შ. ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და წარმატებული ვიზიტი იყო“, – ამბობს ნინო სუქნიძე.

დაწერილი და დაუწერელი ოქროს წესები

დრო თვალსა და ხელს შუა გარბის. ეს არ არის ტრადიციული ინტერვიუ, რომელსაც ჩემს რესპონდენტებთან ვწერ ხოლმე, არც დიალოგია. ეს, უბრალოდ, საუბარია ადამიანებს შორის, რომლებიც ერთმანეთის აზრებს აგრძელებენ, ერთმანეთის ნათქვამს ავსებენ. და რაც ყველაზე თვალში საცემი და ამასთანავე სასიამოვნოა, ხშირად იცინიან. მიუხედავად იმისა, რომ მათი დღის განრიგი სავსეა შეხვედრებით, საბუთებთან ურთიერთობით, რაც ალბათ ძალიან დამღლელი უნდა იყოს, აშკარაა, რომ მათ ეს საქმე უყვართ. სხვა შემთხვევაში, მათი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, ამ სიხალისის შენარჩუნება, ადვილი არ უნდა იყოს.

განსაკუთრებულად მხიარულდებიან მაშინ, როცა მათი, როგორც იურისტებისა და მენეჯერების თვისებებზე ვიწყებთ საუბარს.

–         როგორი მენეჯერი ხართ? – ვეკითხები თედს.

–         ვფიქრობ, I’m OK, – სიცილით მპასუხობს და განაგრძობს:

„მაგრამ ალბათ შემიძლია უკეთესიც ვიყო. კარგი იქნება, რომ უფრო ადვილად შემეძლოს არასასიამოვნო გადაწყვეტილებების მიღება და მერე ადამიანებისთვის მათი გაცნობა“.

თედის პასუხს ნინო იწონებს, მერე კი მენეჯერისთვის აუცილებელ თვისებებზე იწყებს ლაპარაკს: „პოზიცია არ უნდა ცვლიდეს ადამიანებთან შენს დამოკიდებულებას. უნდა შეგეძლოს ერთნაირად კარგად გამონახო საერთო ენა როგორც შენს უფროსებთან, ისე შენს დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებთან. ჩვენს საქმეში ყველაზე კარგი მენეჯერული თვისება, მე ვფიქრობ, არის ის, რომ შეგეძლოს ცხადი, გასაგები ინსტრუქციისა და დავალების მიცემა იმ ადამიანებისთვის, ვისთანაც მუშაობ. და კიდევ, აუცილებელია მათ მიერ შესრულებული სამუშაოს სათანადოდ შეფასება. თუ საქმე კარგად არის გაკეთებული, აუცილებლად უნდა შეაქო, თუ ნაკლებად კარგად, ალბათ შენიშვნაც უნდა მისცე, მაგრამ არა ისე, რომ მოტივაცია დაუკარგო“, – მეუბნება ნინო და, ჩემი აზრით, ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალზე და თვისებაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ჩვენ ხშირად გვიწევს გათენებამდე მუშაობა. იმისთვის, რომ ეს შეძლო, ერთგულების შეგრძნება უნდა გქონდეს და არა მხოლოდ ფირმისა და კლიენტის მიმართ, არამედ იმ ადამიანების მიმართაც, რომლებთან ერთადაც მუშაობ“, – ძნელია არ დაეთანხმო. ალბათ მხოლოდ ეს ფრაზა არის საკმარისი იმისათვის, რომ ნინოს მენეჯერული თვისებები შეაფასო.

მაინც რას თვლის ნინო თავის სუსტ მხარედ? ამ კითხვაზე ბევრს არ ფიქრობს, ისე მპასუხობს: „ყველაფერზე ძალიან ვნერვიულობ, – ნინოს ეს პასუხი თედს და ავთოს ახალისებს. – პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს ძალიან მაღალი და ალბათ ამის ბრალია. როცა მარტო ვრჩები, ნერვიულობას ვიწყებ, რამე არ დავაკლო საქმეს, ყველაფერი გავაკეთო კლიენტის ინტერესების დასაცავად და მაქსიმალურად კარგად გავართვა თავი დაკისრებულ ამოცანას. ვცდილობ ჩემი ნერვიულობა არასდროს ვაგრძნობინო კლიენტს, მაგრამ ჯერჯერობით ეს თვისება საკუთარ თავში ვერ დავძლიე“, – მეუბნება ნინო.

სამაგიეროდ, ავთომ მოახერხა ზედმეტი ნერვიულობის თავიდან აცილების სწავლა. თუმცა თავიდან თურმე ისიც ასე ყოფილა: „როცა ამ სფეროში მოდიხარ, როცა კლიენტს რჩევას აძლევ, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მან ამ რჩევის საფუძველზე ბიზნესგადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ყოველთვის ღელავ და ფიქრობ იმაზე, თუ რამდენად სწორ მიმართულებას აძლევ. იურისტის არასწორ რჩევას შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვეს. მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ უნდა ითქვას, რომ დღემდე მსგავსი შემთხვევა არ გვქონია“, – მეუბნება ავთო. და ნინოს მსგავსად ისიც კიდევ ერთ დაწერილ თუ დაუწერელ ოქროს წესს მკარნახობს:

„ჩვენს საქმიანობაში ადამიანურ ურთიერთობებს გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ჩველებრივ ბიზნესში. მნიშვნელოვანია ურთიერთობები როგორც კომპანიის შიგნით, ისე კლიენტებთან. კლიენტის ნდობით უნდა სარგებლობდე, ის უნდა გრძნობდეს, რომ შეუძლია ბოლომდე გენდოს და დარწმუნებული იყოს, რომ მისთვის ყველაფერს გააკეთებ. გააკეთებ იმასაც კი, რაც შეიძლება საკუთარი თავისთვის ვერ ან არ გააკეთო. და შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩვენს შემთხვევაში ასეა – მგონი, ჩვენი პირადი იურიდიული საქმეები გაცილებით ნაკლებად მოწესრიგებული გვაქვს!“ – ამბობს ავთო.

ავთო თვლის, რომ მას კარგი მენეჯერული თვისებები აქვს. ერთადერთი, როცა მას გაუჭირდა მენეჯერის ფუნქციების შესრულება, ეს მეუღლესთან – როგორც თანამშრომელთან ურთიერთობის აწყობა იყო: „ჩემი მეუღლეც ჩვენს ფირმაში მუშაობდა. მაგრამ მივხვდით, რომ ეს თანდათან პრობლემად იქცეოდა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის სხვაგან გადასულიყო სამუშაოდ. ასე რომ ეს პრობლემაც ამოწურულია“, – იცინის ავთო.

კიდევ ერთი საქმიანობა, რითაც DLA Piper ამაყობს, ეს მათი Pro Bono, ე.წ. სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებია. როგორც თედი მიხსნის, ფირმა ზოგიერთ არასამეწარმეო ორგანიზაციასა და ისეთ ორგანიზაციას, რომლებსაც იურიდიული მომსახურების მისაღებად საკმარისი თანხა არ გააჩნიათ, უფასო მომსახურებას უწევს ან ფინანსურად ეხმარება. ასეთი ორგანიზაციებია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“, „პირველი ნაბიჯი“, ცხოველების უფლებადამცველი ორგანიზაცია „დოგორგანიზეიშენ“ და სხვა. გარდა ამისა, DLA Piper-ი უკვე ერთი წელია თანამშრომლობს UNICEF-თან და უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმებთან დაკავშირებით.

თედის, ნინოს და ავთოს სხვა მხარე

და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ თედს, ნინოსა და ავთოს არანორმირებული სამუშაო გრაფიკი აქვთ, ისინი ცდილობენ, როგორც კი თავისუფალ დროს გამონახავენ, ეს დრო თავიანთ ჰობის დაუთმონ. აი, აქ ამოვხსენი DLA Piper-ის ოფისის კედლებზე დაკიდებული ლითოგრაფიების – ცხენების ამოცანა. თედის ჰობი ცხენები და ცხენზე ჯირითია: „ჩვენ გვაქვს აგარაკი ქართლში, სადაც ხშირად ჩავდივარ ოჯახთან – ცოლთან და ორ შვილთად – ერთად. ცხენით ვჯირითობთ. ძალიან მიყვარს კითხვა, ბევრ წიგნს ვკითხულობ, როგორც კლასიკას, ისე თანამედროვე ლიტერატურას“.

ავთოს ჰობი დაქორწინებამდე თხილამურზე სრიალი ყოფილა, მაგრამ როგორც მეუბნება, დაქორწინების შემდეგ პრიორიტეტები შეიცვალა და ზედმეტი ტრავმების თავიდან ასაცილებლად ეს ჰობი თითქმის დაივიწყა: „მივხვდი, რომ ეს ჩემსავე ინტერესებში შედიოდა, რადგან ხშირად ვიღებდი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებას. ახლა ჩემი ჰობი ცოლთან ერთად მოგზაურობაა“. ავთოს რვა თვის შვილი ჰყავს.

ნინოს ჰობი კი, გარდა მოგზაურობისა, ცეკვა ყოფილა: „მივხვდი, რომ როცა საცეკვაოდ მივდივარ, მერე მთელი კვირა თავს კარგად ვგრძნობ. ვცდილობ ორ ან სამ კვირაში ერთხელ მაინც შევკრიბო ჩემი მეგობრები და საცეკვაოდ წავიდეთ. ცეკვა ჩემთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა“. ნინოს ექვსი წლის გოგონა ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ მასთან საკმარის დროს ვერ ატარებს, როგორც კი დროს გამონახავს, ერთად დადიან სასეირნოდ და ცდილობენ ეს დრო სადმე ქალაქგარეთ გაატარონ.

DLA Piper რამდენიმე წლის შემდეგ

„ჩემი გეგმაა, ეს ფირმა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და გაიზარდოს. საქართველოდან წასვლას ამ ეტაპზე არ ვგეგმავ. ჩემი ყველა გეგმა აქაურობას უკავშირდება“, – მეუბნება თედი.

დიდად არ განსხვავდება ნინოს გეგმები თედის გეგმებისგან: „მინდა, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდასთან ერთად განვითარდეს ჩვენი ფირმაც. მოვიზიდოთ უფრო მეტი და კარგი კადრი და კლიენტი. რაც შეეხება ჩემს პირად გეგმებს DLA-ში, მინდა ფირმის პარტნიორი გავხდე“.

ავთო კი აი, რას მპასუხობს: „ რომ მკითხოთ, რას მინდა ვაკეთებდე 5 წლის შემდეგ, ასე გიპასუხებთ: მინდა ვამთავრებდე კიდევ ერთ მილიარდდოლარიან ტრანზაქციაზე მუშაობას, აგვყავდეს რამდენიმე ახალი თანამშრომელი DLA-ის ოფისში და ვემზადებოდე დამსახურებული რამდენიმეკვირიანი მოგზაურობისათვის ჩინეთში – ერთხელ უკვე მოვახერხე იქ გამგზავრება და ჩემი აზრით, ტურისტული კუთხით ყველაზე საინტერესო ქვეყანაა მსოფლიოში“ …

დაბოლოს…

უნდა გამოვტყდე, რომ ასეთი კითხვა არასდროს დამისვამს რესპონდენტებისთვის. უბრალოდ დამაინტერესა, რისი წაკითხვა სურთ მათ ამ პუბლიკაციაში. სიტყვას არავის აცდის თედი. მან ზუსტად იცის, რისი თქმა სურს: „DLA Piper-ი, ეს არის საერთაშორისო ფირმა, რომელიც ბოლომდეა მორგებული ადგილობრივ სინამდვილეს, ეს არის ფირმა, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი ადვოკატების, ექსპერტების განვითარებას, პროფესიულ ზრდას, ხელს უწყობს სამართლის პრაქტიკის განვითარებას. ეს არის ის, რასაც წლებია, პირადად მე ვაკეთებ და რაც მე მსიამოვნებს. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი კარიერისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია. მე აქ ვისწავლე, როგორ ვიმოქმედო ადგილობრივ გარემოში და როგორ გამოვიყენო აქ საერთაშორისო ცოდნა. და კიდევ, ჩვენ საქართველო გავიყვანეთ საზღვრებს გარეთ. DLA Piper-ი გლობალური ორგანიზაციაა, სადაც უამრავი ხალხი მუშაობს. ყველამ იცის თბილისის ოფისის შესახებ; იციან, რას ვაკეთებთ, იციან, რომ აქ მაღალკვალიფიციური იურისტები მუშაობენ, რომლებიც თავისუფლად გაუწევენ კონკურენციას DLA Piper-ის სხვა ოფისებს“, – სიამაყით მეუბნება თედი, რომელსაც ნინო და ავთოც ეთანხმებიან. და თედი განაგრძობს:

„იცით, რატომ გადავწყვიტეთ „ფორბსთან“ საუბარი? ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ფირმა კიდევ უფრო ბევრმა ადამიანმა გაიცნოს და დაინახონ, რომ ჩვენთან ნამდვილი პროფესიონალები მუშაობენ. გვინდა, რომ ამ ადამიანების შესახებ საზოგადოებამ უფრო მეტი გაიგოს. ავთო და ნინო სულ ცოტა ხნის წინ დაწინაურდნენ, მათთან ერთად დაწინაურდა ჩვენი კიდევ ერთი თანამშრომელი, ერეკლე გლურჯიძე. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი გუნდი და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ სუსტი რგოლი არ გაგვაჩნია. თქვენ ახლა მხოლოდ სამ ჩვენგანს ესაუბრეთ, მაგრამ ეს გუნდი გაცილებით დიდი და გაცილებით მაგარია“, – ნამდვილად ვერ მალავს კმაყოფილებას თედ ჯონასი, DLA Piper-ის მმართველი პარტნიორი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *