ხის შემლოცველი

ხის შემლოცველი

ფრენკ პოლაროს შექმნილი აქვს ავეჯის დიზაინი ლარი ელისონის, დევიდ გეფენისა და ჯერი საინფელდისთვის. ავეჯის ახალი კოლექციის შესაქმნელად ის თავის ახლო მეგობართან, ბრედ პიტთანაც თანამშრომლობს.

ეგზოტიკური ხის შემლოცველს, ფრენკ პოლაროს, რომელმაც უმაღლესი ხარისხის ავეჯი შექმნა ყველასთვის, Steinway & Sons-ით დაწყებული და ლარი ელისონით დამთავრებული, კარგად ახსოვს ის დღე, რომელმაც დასაბამი მისცა მისი ახალბედა კომპანიის აღზევებას: 1995 წლის ერთ მშვენიერ დღეს ნიუიორკელმა არქიტექტორმა, ჩარლზ გვოთმეიმ, ის მუსიკისა და კინოინდუსტრიის სფეროს მაგნატს, დევიდ გეფენს წარუდგინა.

„ჩარლისთან და მის მიერ მოყვანილ კლიენტებთან არასოდეს იწყებოდა ურთიერთობა ფასზე მსჯელობით, – მოგვითხრობს პოლარო აწ გარდაცვლილი გვოთმეის შესახებ. – ის ჩვეულებრივ, ასე წარმადგენდა ხოლმე: ‘გაიცანით, ეს ფრენკ პოლაროა და ის თქვენი სასადილო ოთახისთვის მაგიდის გაკეთებას აპირებს’“.

ეს, როგორც ჩანს, ჭკუაში დაუჯდა გეფენს იმიტომ, რომ ცოტა ხანში ის თავისი მეგობრების შეთხელებულ რიგებში პოლაროს არაჩვეულებრივი, Art Deco-ს გავლენით შექმნილი ავეჯის შესახებ ალაპარაკდა, რაც დღემდე გრძელდება. „დევიდი ყოველთვის მამასავით მექცეოდა, – მადლიერების გრძნობით წარმოთქვამს პოლარო, – ის ხელმძღვანელობას მიწევდა და 20-30 კლიენტი მომიყვანა, რაც შეუძლებელი გახდებოდა მისი დახმარების გარეშე“.

პოლაროს სახელოსნო კუსტარული საწარმოა, რომელიც წელიწადში 150 პროექტს ახორციელებს. მისი საწარმოსთვის მიცემული შეკვეთები ფასის მიხედვით 25 000 დოლარსა – რაც ერთი რბილი სავარძლის ღირებულებაა – და 500 000-სა და მეტ დოლარს შორის მერყეობს – რაც ერთი სასადილო ოთახის მაგიდის ფასია – შესაბამისად, მისი კლიენტების სია საზოგადოების მაღალი ლიგის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. პოლაროს თანახმად, მისი კომპანიის კლიენტებს შორისაა The Forbes 400-ის დაახლოებით 30 წევრი, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩევიან ელისონი („ჩემი მეორე გადამწყვეტი მომენტი“), ჯემი დაიმონი და მაიკლ დელი, ამას ემატებიან ისეთი რანგის ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჯერი საინფელდი, რობერტ დე ნირო და ალეკ ბოლდუინი.

აღარაფერს ვამბობთ ბრედ პიტზე (რომელზეც პოლარო ამბობს: „ჩემი ერთ-ერთი მართლაც საუკეთესო მეგობარი“), რომელთან ერთად ის ახლა მუშაობს ავეჯის ახალ ხაზზე – Pitt-Pollaro-ზე (pitt-pollaro.com). ამ ხაზის ცენტრალური ფიგურებია ორიგინალური მაგიდები და საწოლები, ასევე საკმაოდ სენსაციური ორკაციანი “Toi et Moi”-ის („მე და შენ“) აბაზანა.

პოლაროს წარმატებას, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, საფუძველი დიზაინის ნარჩენებმა ჩაუყარა. ნიუ-ჯერსის შენობების დაშლაზე მომუშავე მოიჯარის ვაჟი მაშინვე შემოქმედებითი წარმოსახვის სამყაროში ექცეოდა, როგორც კი იმ მაღაზიის კარს შეაღებდა, რომელშიც ძალიან ხარისხიანი ხის მასალა იყიდებოდა. „თვალებს ვერ ვუჯერებდი, რომ ხე შეიძლებოდა ამდენი ფერის ყოფილიყო!, – იხსენებს ის. – იქ იყო მუქი ყავისფერი კაკალი, მოწითალო-ყავისფერი წითელი ხე, შედარებით ბაცი წითელი ალუბალი. სხვაზე ვეღარაფერზე ვფიქრობდი“. მაშინ ის მხოლოდ 12 წლის იყო.

საშუალო სკოლაში სწავლისას პოლარო ავეჯის დამამზადებელ დურგალთან მოეწყო სამუშაოდ და მხოლოდ ერთი წლის გამოკლებით, რომელიც მან ფილადელფიის ხელოვნების ინსტიტუტში გაატარა („მას არ ვუთმობდი მთელ ჩემს ყურადღებას“), ამ საქმისთვის არასოდეს აღარ დაუნებებია თავი. 21 წლის ასაკში, საკუთარი ბიზნესის წამოწყების ძლიერი სურვილით შეპყრობილს, ამ საქმიანობაში უკვე დაბანდებული ჰქონდა თავისი დროის 10 000 საათი, რომელსაც მწერალი მალკოლმ გლედუელი, პროფესიის დასაუფლებლად, აუცილებელ წინაპირობად მიიჩნევს.

ის საკმაოდ უჩვეულო ყმაწვილი გახლდათ ცისფერყელსახვევიანთა გარემოში საქმიანობის გამო. ბონ ჯოვის ეპოქაში მან კერპად გაიხადა დახვეწილი გემოვნების, 1920-იანი წლების პარიზული არტ-დეკოს სტილის ავეჯის კორიფე, ჟაკ-ემილ რულმანი, რომელიც მისთვის მისაბაძი მაგალითი გახდა.

აუტანლად მომთხოვნმა რულმანმა ბრწყინვალე, უნიკალური ავეჯი შექმნა, რომლის დამზადების ხარჯები და ტექნიკური დახვეწილობა მის ხელმეორედ გამეორებას დღეს შეუძლებელს ხდის, მაგრამ – არა პოლაროსთვის.

თუ გსურთ, შეიძინოთ რულმანის დიზაინის მიხედვით დამზადებული საწერი მაგიდა, რომლის ზედაპირზე შაგრენის – სკაროსის – ტყავი იქნება გადაკრული, გაწყობილი სპილოს ძვლის ათასი ძალზე ციცქნა ინკრუსტაციით, რომლებიც სათითაოდ იქნება ჩადგმული ხელით ამოჭრილ ჩუქურთმებში, მაშინ თქვენ მხოლოდ და მხოლოდ ფრენკ პოლარო დაგეხმარებათ.

მაგრამ პოლაროს აკვიატებები რულმანით და ამ დარგის სხვა კორიფეებით, რომლებსაც მუზეუმების მიერ გაცემული სერტიფიკატები აქვთ, არაფერია იმასთან შედარებით, რასაც მისი მთავარი აკვიატება წარმოადგენს: „მე ვარ ის, – აცხადებს პოლარო აღმსარებლურად საზეიმო გამომეტყველებით, – რომელიც 12-საფეხურიან პროგრამაში მონაწილეობას მიიღებს. პროგრამას „ხის შემლოცველი“ ჰქვია“.

ნიუ-ჯერსიში, იუნიონში მდებარე პოლაროს სტუდიაში ყოფნისას, ჭუჭყიანი მოყვითალო-მოყავისფრო ფერის ოფისიდან პირდაპირ ფირფიცრის საწყობში ვხვდები, სადაც მილიონი კვადრატული ფუტის ფირფიცარი ინახება – მათ შორის, როგორც მასპინძელი ამბობს, მსოფლიოში უდიდესი აბანოზის ხის კოლექცია. (წელს გაზაფხულზე დამზადებული, კუთხეში მდგარი სკამი, რომელზეც პითონის ტყავია გადაკრული და რომელიც 24-კარატიანი ოქროთია დაფარული, ანჯელინა ჯოლისთან გამგზავრებას ელოდებოდა). აქ არის ასევე ეგზოტიკური ხის 150 მასიური ფილა. ის მიიჩნევს, რომ მისი ხის მასალის მარაგი 2 მილიონ დოლარად შეიძლება შეფასდეს და მას მსოფლიოში ტოლი არ ჰყავს.

იმის გამო, რომ პოლაროს კლიენტები არიან ადამიანები, რომლებსაც 28 ფუტის სიგრძის ერთ მაგიდაში ექვსრიცხვიანი თანხის გადახდა ძალუძთ, მისი კომპანია Pollaro Custom Furniture, შესაშურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ხოლო 47 წლის ავეჯის დიზაინერმა კი შესანიშნავი მენეჯერის სახელი მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ პოლარო უარს აცხადებს ციფრების დასახელებაზე, აღიარებს, რომ მისი კომპანიის გაყიდვები, ხუთი წლის განმავლობაში, ყოველ წელს, დაახლოებით 20%-ით იზრდებოდა. ახლა მას უკვე 28 თანამშრომელი ჰყავს. პოლაროს არა აქვს ვალები და სამუშაოსთვის საჭირო მძიმე აღჭურვილობა იჯარით კი არა აქვს აღებული, არამედ მისი საკუთრებაა.

ის ასევე ძალზე დამაჯერებელი გამყიდველია. ლარი ელისონის სუპერიახტა Musashi 94 ნაჭრისგან შემდგარი ავეჯით მთლიანად პოლარომ გააწყო – მშენებელმა, რომელიც ნავსაშენის მფლობელია, მისი ავეჯის მისამართით აღფრთოვანების გამომხატველი კომენტარი გააკეთა, რამაც პოლარო საკუთარ ძალებში დაარწმუნა და გადაწყვეტილება მიაღებინა, რომ ბიზნესის ახალ ხაზზე, იახტის ავეჯის შექმნაზე დაეწყო მუშაობა. „ამჟამად თვეში ოთხ დღეს ლონდონში ვატარებ, – ამბობს პოლარო. – კარზე ვუკაკუნებ იახტის დიზაინერებს. ვიცი, რომ ჩვენი ბიზნესის დიდი ნაწილი ამ სფეროში გადმოინაცვლებს“.

ბრედ პიტთან ერთად წამოწყებული ბიზნესიც ბევრ დროს მოითხოვს. ისინი ერთმანეთს მას შემდეგ დაუახლოვდნენ, რაც პოლარომ, ექვსი წლის წინ, ვარსკვლავური ოჯახისთვის გაკეთებული საწერი მაგიდა – ჯოლის დაბადების დღის საჩუქარი – სამხრეთ საფრანგეთში მდებარე შატოში მიუტანა წყვილს და შემთხვევით, მაგიდაზე, ღიად დატოვებულ წიგნაკში თვალი მოჰკრა პიტის მიერ გაკეთებულ ავეჯის ჩანახატებს. სწორედ ის ჩანახატები გახდა პიტი-პოლაროს თანამშრომლობის საფუძველი.

მათი ერთობლივი საქმიანობის ერთ-ერთი ადრეული ნაყოფია განსაცვიფრებელი Long Run Table-ი („გრძელი მაგიდა“), რომელიც პოლაროს სახელოსნოშია მოთავსებული. მაგიდის ზედა ნაწილი, 18 ფუტი სიგრძისა და 5 ფუტის სიგანის აფრიკული ბუბინგას ხის მასალისგან დამზადებული, ერთი მთლიანი დაფისგან შედგება; ის ისე მკვეთრად არის დაღარული ფიგურებით, რომ თითქმის კინეტიკური ეფექტი აქვს – მისი ზედაპირი, წყალდიდობისას, მდინარის დელტისთვის გადაღებული საჰაერო ფოტოსურათის შთაბეჭდილებას ახდენს. ქვემოთ, მაგიდას პიტის მიერ გაკეთებული სიურპრიზი ამკობს; ეს არის ლაბირინთის მსგავსი უწესრიგო კუთხოვანი ხის ფუძე, რომელიც მაგიდის ფეხების მაგივრობას ასრულებს; რაღაცნაირად ეს კუთხოვანი ფეხები ერთ ხაზზეა მოქცეული. „ფრენკი უფრო დიდ ყურადღებას აქცევს დეტალებს, ვიდრე მე“, – აღნიშნავს პიტი, რითაც იმის თქმა სურს, რომ არც თავადაა დეტალებისადმი გულგრილი – მან ხომ ამ მაგიდის 30 პროტოტიპი შექმნა, სანამ საკუთარი ნამუშევრით კმაყოფილი დარჩებოდა. ამ პროცესმა პოლარო ცოტა არ იყოს ააღელვა. „ერთ-ერთი მისი საქმიანობათაგანი ჩემი ჭკუიდან შეშლაა, – იცინის პოლარო. – ეს მაგიდა 3000 ფუნტს იწონის და ვერტიკალური საყრდენი არა აქვს – არც ერთი მისი კომპონენტი მაგიდის ზედაპირიდან იატაკისკენ მიმართულ სიმძიმეს არ იჭერს, ეს კი სერიოზული პრობლემაა ფიზიკის სფეროდან. ზოგჯერ ბრედს ელექტრონული ფოსტით წერილს ვუგზავნი და ვეკითხები: – ‘რა დაგიშავე? რატომ უნდა მაწვალო-მეთქი?’“

მოკლე პაუზა; შემდეგ მის სახეზე სარკასტული ღიმილი ჩნდება, – „მას ეს მოსწონს“, – წარმოთქვამს ის ბოლოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *