მოსაწევი მოსავალი

როდესაც მაიკლ მონა უმცროსი ნევადის აზარტული თამაშების მაკონტროლებელ საბჭოში მივიდა ხმელთაშუა ზღვის სტილის სამორინესა და სასტუმროს, Sunrise Suites-თვის, ლიცენზიის მისაღებად, ის უარით გამოისტუმრეს. როგორც ამბობენ, საბჭოს ეჭვი გაუჩნდა, რომ ის დაკავშირებული იყო ფარულ ტელემარკეტერებთან, რომლებიდანაც ერთ-ერთი პატიმრობაში იმყოფებოდა. საბჭომ მონას უარი უთხრა. მან, თავის მხრივ, აპლიკაცია გამოიტანა და თავი ბანკროტად გამოაცხადა, როცა სამორინეს გახსნა შეუძლებელი გახდა.

სავარაუდოდ, აზარტული თამაშების ბიზნესისთვის მონა შესაფერისი არ იყო, მაგრამ 16 წლის შემდეგ მან იპოვა მოგებიანი სფერო, სადაც ასეთი მაღალი მოთხოვნები არ არის – კანაფის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების მცირე აქციებით ვაჭრობა. დღესდღეობით მონა მართავს CannaVest-ს, რომელიც წლის ყველაზე დიდი საბაზრო შეშლილობის, ყველაზე ძვირად ღირებული აქციების მქონე კომპანიაა. კოლორადომ და ვაშინგტონმა მარიხუანის რეკრეაციული მიზნებისთვის გაყიდვა დაუშვეს, მისი ლეგალურად მოხმარება სამედიცინო მიზნებისთვის კიდევ 20 შტატშია შესაძლებელი. გამოჩნდა 60 ისეთი კომპანია, რომელთა აქციებიც ბირჟაზე იყიდება და რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია. მათი ურთიერთკავშირების აღრიცხვა საკმაოდ რთულია. ისინი ამტკიცებენ, რომ მარიხუანის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების აქციებს ფლობენ. გაითვალისწინეთ, რომ არც ერთი მათგანი IPO-ზე არ გამოჩენილა და არ გამოუვლია აღმოჩენისა და განხილვის ის მოსაბეზრებელი პროცედურები, რომლებიც ამ გზის გავლისას გვხვდება. ნაცვლად ამისა, უძრავი ქონების, მარკეტინგისა და ნავთობის კომპანიები სასწაულებრივად გადაიქცნენ სამედიცინო მარიხუანისა კომპანიებად, უკუშერწყმითა თუ, უბრალოდ, მათ მიერ დეკლარირებული ბიზნესის მიმართულების შეცვლით. თითქმის თითოეული მათგანი ცუდად ბრუნვადი არასაბირჟო ბაზრის განცხადებების ელექტრონულ დაფაზეა ან ვარდისფერ ფურცლებზე, სადაც პრომოუტერებს მათი წაწევა  უმაღლეს სასწავლებლებში, ნარკოტიკების მოვაჭრისთვის დამახასიათებელი ენთუზიაზმით შეუძლიათ.

მოგების მიღების თვალსაზრისით, ყველა მათგანი ჩამორჩება მონას CannaVest-ს, რომელიც შექმნის შემდეგ, 2013 წლისთვის, 1 260%-ით გაიზარდა. მისი ფინანსური შედეგები არცთუ ისე კარგია: 2013 წლის პირველ ცხრა თვეში $28,4 მილიონის დანაკარგი ჰქონდა, მოგება კი მხოლოდ $1,35 მილიონი ან დაახლოებით იმდენი, რამდენსაც გამოიმუშავებს McDonald-ის თითო ფრანჩიზა. მაგრამ მისი ნელა ბრუნვადი აქციები? თებერვალში, როდესაც აქცია $160-ად იყიდებოდა, CannaVest-მა $3 მილიარდზე მეტი თანხის ბაზრის კაპიტალიზაცია მოახდინა. ბოლო ფასი $68 საკმაოდ მაღალია იმისთვის, რომ მისი პირველი აქციონერი, იურისტი ლას-ვეგასიდან, ბარტ მაკეი, კანაფის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის მცირე აქციების მილიარდერი გამხდარიყო. „ჩემი აზრით, ეს არის მხოლოდ ქაღალდზე გაკეთებული შეფასება და, რა თქმა უნდა, არ არის ის, რისი წაღებაც მე ბანკში შემიძლია“, – უთხრა მან FORBES-ს.

მაგრამ გენერალური დირექტორი მონა ბანკში მათ მიტანას ცდილობს. მონას ელექტრონული წერილის თანახმად, რომელიც FORBES-მა მოიპოვა, ის კომპანიის სახელით, ჩუმად მუშაობდა 10 მილიონი აქციის განთავსებაზე, რომელთა ღიად გაყიდვა ექვსი თვის მანძილზე ვერ შეძლო. ფასი: $1,50 აქციაში ან 2-3 ცენტი საერთო ღირებულების ერთ დოლარზე.

ეს მეტყველებს ყველაფერზე, რაც თქვენ უნდა იცოდეთ CannaVest-ის პერსპექტივების შესახებ. ვის სჭირდება მკაცრად კონტროლირებადი სამორინეების ინდუსტრია, თუ დაბალფასიანი აქციების ბაზარზე გაცილებით უფრო მეტი ფულია, თანაც ინვესტორებს არანაირი დაცვა არა აქვთ. გასული წლის აგვისტოში ფინანსური ინდუსტრიის მარეგულირებელმა განცხადება გააკეთა, შეინარჩუნონ სიფრთხილე „მარიხუანის აქციებს მიღმა თაღლითობების გამო“? გარდა ამისა, რამდენიმე ადამიანი, რომლებთანაც მონა დღემდე ბიზნესს აწარმოებს, ნასამართლევია, მათ ფედერალური ბრალდება აქვთ წაყენებული.

მონამ FORBES-ს ინტერვიუს მიცემაზე უარი განუცხადა. პასუხად ელექტრონული წერილი გამოგზავნა: „ ჩვენ არ ვახდენთ ჩვენი აქციების რეკლამირებას და არ გვყავს ინვესტორებთან საურთიერთო კომპანია. ჩვენ ვაქცევთ ყურადღებას მხოლოდ უმაღლესი ხარისხის საწარმო კანაფის მოპოვებას და მის ბაზარზე გატანას“.

შესაძლებელია, მაგრამ CannaVest-ი სხვა მიზანსაც ემსახურება. ეს არის მშვენიერი საშუალება, დიდი, წითელი დროშა კერძო ინვესტორების ხელში, რომლებიც ფულის ჩადების საშუალებას მარიხუანის ლეგალიზაციაში ეძებენ.

CannaVest-ის გენეზისი და ზოგადად კანაფის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების აქციების შეშლილობა შესაძლებელია შეისწავლოთ ბრიუს პერლოვინის მიხედვით. მან თავისი ბიზნესი კარგად იცის – ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის ცხრა წელი ციხეში იჯდა. კიდევ ერთ ყოფილ პატიმართან, დონ სტეინბერგთან (რომელიც ასევე ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის იყო დაკავებული) ერთად პერლოვინმა 2009 წელს სამედიცინო მარიხუანის კომპანია დააარსა, რომლის აქციებიც ბირჟაზე იყიდებოდა. ეს იდეა მას შემდეგ მოუვიდა, რაც CNBC -ის დოკუმენტურ ფილმში, Marijuana Inc. -ში, პერლოვინის ნარკოტიკების კონტრაბანდასთან დაკავშირებული წარსულიც იყო ნაჩვენები. ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ პერლოვინი უამრავ სატელეფონო ზარს და საინვესტიციო წინადადებას ღებულობდა.

პერლოვინი და სტეინბერგი ასევე მართავდნენ კომპანია Club Vivanet-ს, რომელიც ყიდდა სადებეტო ბარათებს, და აქციებით ვაჭრობდნენ ვარდისფერ ფურცლებზე. „არის თუ არა სადებეტო ბარათებში რაიმე ექსტრემალური? – დაუსვა პერლოვინმა FORBES-ს რიტორიკული შეკითხვა. – სამედიცინო მარიხუანაში ბევრი ექსტრიმია“. ყველა ნიუანსის აღმოსაფხვრელად, მან თავის კომპანიას Medical Marijuana დაარქვა. მისმა დირექტორთა საბჭომ 40 მილიონი აქცია გამოუშვა. ამას მოჰყვა საჩვენებელი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა შეიქმნას ხმაური ურთიერთდაკავშირებულ კომპანიებთან მაქინაციების ჩატარებით.

როდესაც კომპანიას პერლოვინი მართავდა, Medical Marijuana ბევრ საქმიანობას არ ახორციელებდა. ის თავის მომხმარებელს საგანმანათლებლო სემინარებსა და საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობდა. შემდეგ, 2011 წელს, Medical Marijuana-მ, 260 მილიონის აქციის გამოშვებით, დიდი წილი მიჰყიდა კერძო საინვესტიციო კომპანია Hemp Deposit & Distribution Corp-ს, რომელსაც 26 წლის მაიკლ ლამასი მართავდა.

ლამასი Medical Marijuana-ს პრეზიდენტი გახდა. აქტივებმა დაბრუნება დაიწყო და იმ კომპანიებს შორის, რომლებსაც ის მართავდა, პროგრესის განცდა შეიქმნა. მაგალითად, 2012 წლის აპრილში, Medical Marijuana-მ შეისყიდა Hemp Deposit-ის ბიზნესის, Phyto-Sphere-ის 80%, რომელიც ლამასმა პრესრელიზში დაახასიათა, როგორც ბიოტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ფარმაცევტული ბაზრებისთვის კანაფის შემცველ პროდუქტებს ქმნის.

ლამასმა ასევე Medical Marijuana-სა და კოლორადოში რეგულირებული სამედიცინო მარიხუანის პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის, Dixie Elixirs & Edibles-ის ერთობლივი საწარმო შექმნა. Dixie Elixirs-ის დირექტორი ვინსენტ „ტრიპ“ კებერი გახდა, Medical Marijuana-ს დირექტორთა საბჭოს წევრი. ცოტა ხანში ის 60 Minutes-ში გამოჩნდა, როგორც კოლორადოში მიმდინარე „მწვანე ციებ-ცხელების” სამაგალითო წარმომადგენელი (2013 წელს კებერი ალაბამაში დააკავეს მარიხუანის შენახვისთვის). სამორინეს დეველოპერი, იმედგაცრუებული მონა, Medical Marijuana-ს სასწრაფოდ მიუერთდა, მიიღო წილი კომპანიაში და გახდა წევრი სახელმძღვანელო კომიტეტის, რომელიც Dixie-ის ერთობლივ საწარმოს მართავდა.

Medical Marijuana-ს აქციის ფასი 3 ცენტიდან 20 ცენტამდე გაიზარდა. ყველაფერი 2012 წლის სექტემბერში დასრულდა, როდესაც ფედერალურმა დიდმა ჟიურიმ ლამანი იპოთეკური სესხებით თაღლითობაში დაადანაშაულა, რის შედეგად მიღებულმა ზარალმა $10 მილიონი შეადგინა. ლამასს ბრალი არ დაუმტკიცდა, მაგრამ ის გადადგა Medical Marijuana-ს ხელმძღვანელის თანამდებობიდან, როგორც კი აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ გამოძიება დაიწყო.

თავიდან დაწყების დროა. რამდენიმე კვირაში მონამ Medical Marijuana დატოვა და CannaVest-ში გენერალური დირექტორი გახდა. ახალი სახელი, ძველი თამაში. მაკეის მიერ CannaVest-ის წილის შეძენა დააფინანსა ფლორიდელმა ფსიქოთერაპევტმა სტიუარტ ტიტუსმა, რომელიც, რაგინდ უცნაური იყოს, პერლოვინს Medical Marijuana-თვის კაპიტალის მოზიდვაში ეხმარებოდა. ტიტუსი ასევე მხარს უჭერდა კანაფის მრავალდონიან მარკეტინგულ კომპანიას.

ტიტუსმა, მაკეის CannaVest-ში თამაშისთვის, $375,000 მილიონი ჩადო და ასევე მილიონები მიიღო აქციებიდან. შემდეგ, CannaVest-ი, Medical Marijuana-გან Phyto-Sphere-სა და ლამასის Hemp Deposit-ის აქტივების შესყიდვას დასთანხმდა, ნაღდი ანგარიშსწორებით თუ აქციების სანაცვლოდ. გესმით, რა ხდება? რამდენიმე ადამიანმა ამის გაგება შეძლო – ფაქტია, რომ თვითონ მონა ამას ამბობდა: „თქვენ მიერ ამის თაღლითობად მოხსენიება შეურაცხმყოფელია“. გასულ წელს Dixie Elixirs-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მონას წერილი მისწერა, რომელიც FORBES-ს ხელში ჩაუვარდა. – მე მოვითხოვ, რომ ეს აღარ გაიმეოროთ“.

თაღლითობა, ოინი სამი კარტით ან მხოლოდ უამრავი შეთანხმება ერთმანეთთან დაკავშირებულ კომპანიებს შორის – ყველაფერი ეს აქციების ბირჟაზე გასატანად მოხდა. რაც არ უნდა ვუწოდოთ, ამ ქმედებების შედეგად CannaVest-ის აქციების ფასი უნდა აწეულიყო, მისი შემქმნელები დიდ შემოსავალს ელოდნენ.

ალბათ ყველაზე უჩვეულო ნაწილი კანაფის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების მცირე აქციების ბუმისა არის ის, რომ მიუხედავად ობამას ადმინისტრაციის სიტყვებისა, რომ ის არ შემოიღებს კონტროლირებადი ნივთიერებების კანონს იმ შტატებში, რომლებშიც მკაცრი მარეგულირებელი რეჟიმი მოქმედებს, ფედერალური კანონის თანახმად, მარიხუანა არალეგალური რჩება. „არ შეიძლება გქონდეთ ინდუსტრია იქ, სადაც გეტყვიან ’ჩვენ შეგვიძლია სამუდამო პატიმრობა მოგისაჯოთ, მაგრამ შეიძლება დღეს ეს არ გავაკეთოთ’, – ამბობს დენვერის უნივერსიტეტის სამართლის ლექტორი სემ კამინი, – ვინ განახორციელებს ამაში ინვესტიციას? ვინ ჩადებს ამაში ფულს კაპიტალის მიღების პირობით?“

მაგალითად, კოლორადოში, რეკრეაციული და სამედიცინო მარიხუანის ბიზნესი ვითარდება და ეს პროდუქცია შტატში კიდევაც იყიდება. ზუსტად ამიტომ, Medical Marijuana-ამ ერთობლივი საწარმო Dixie გულდასმით ააწყო ისე, თითქოს მას სინამდვილეში მარიხუანასთან არაფერი საერთო არა აქვს. ასევე დიდი მიზეზი არის ის, რომ კანაფი – ქოთნის მცენარეების სახეობა, რომელშიც არის სულ მცირე ტეტრაგიდროკანაბინოლი, მარიხუანის ფსიქოაქტიური ინგრედიენტი, კანაფის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების აქციების მფლობელებს შორის სპეციალური ტერმინი გახდა.

CannaVest-ის თქმით, ის სპეციალიზებულია კანაბიდიოლის შემცველი ინდუსტრიული კანაფის შენაერთების წარმოებასა და მარკეტინგზე. ზოგიერთ ადამიანს, მაგალითად CNN-ის კორესპონდენტს, სანჯაი გუპტას სჯერა, რომ შენაერთებს აქვთ სამედიცინო შედეგი, რომელსაც შეუძლია შეამსუბუქოს ეპილეფსიური შეტევები. ის კვლავ არის აკრძალული ფედერალური კანონის თანახმად, მაგრამ 2004 წელს ფედერალებმა მიმართეს სასამართლოს, რათა მან ნება დართოს კანაფის შემცველი საპნის მწარმოებელ კალიფორნიულ კომპანიას, ისეთი კანაფის ექსპორტი მოახდინოს, რომელსაც არ ექნება კონცენტრირებული ტეტრაგიდროკანაბინოლი. საპნის მწარმოებელი კომპანიის დირექტორი, დევიდ ბრონერი ამბობს, რომ ეს დადგენილება არ ეხება კანაბიდიოლის მოპოვებას სამედიცინო მიზნებისთვის. „ეს არასდროს არ განიხილებოდა, – ამბობს ბრონერი. – კანონის ეს ნაწილი გაუგებარია და მოსაგვარებელი“. CannaVest-ის ხელმძღვანელი მონა თავის განცხადებაში ამბობს, რომ კომპანია ახორციელებს იმპორტს ევროპიდან სახელმწიფო და ფედერალური კანონების შესაბამისად და რომ 2005 წლის განკარგულებით, „არაფსიქოაქტიური კანაფის იმპორტი არის ლეგალური“.

კანაბიდიოლის ზოგიერთი მომხრე შიშობს, რომ იმპორტირებული ანალოგი, რომელიც ინდუსტრიული კანაფისგან სამედიცინო მიზნებისთვის იყო მიღებული, შეიძლება საშიში აღმოჩნდეს. ამ შეშფოთებას აძლიერებს Dixie Elixirs-ის ყოფილი მთავარი მეცნიერი, რომელსაც აქვს CannaVest-თან დაკავშირებული კომპანიების ქსელში შემავალი ერთობლივი საწარმო და ის კვლავაც იყენებს PhytoSphere-ის მიერ წარმოებულ პროდუქტებს. ნოემბერში მან თავის Facebook-ის გვერდზე დადო იმ კანაბიდიოლის საფუძველზე შექმნილი პროდუქტების სურათი, რომელსაც ის იყენებდა Dixie-დან წამოსვლამდე და რომელიც იქმნებოდა დაუმუშავებელი და ბინძური კანაფის პასტისგან. გარდა ამისა, Dixie Elixirs-ის წარმოების დირექტორმა, ჩარლზ სმიტმა, გაუგზავნა მონას ელექტრონული წერილი, რომელიც სასამართლოშიც იყო წარდგენილი: „ჩვენ ეჭვი შეგვეპარა პროდუქტის ხარისხში, განსაკუთრებით კი – ბოლო პარტიაში“. ინტერვიუში სმიტმა თქვა, რომ ეს არ უკავშირდება პროდუქტის უსაფრთხოებას. „ჩვენი მომხმარებლები კმაყოფილნი არიან და მათგან კარგ გამოხმაურებებს ვიღებთ“, – თქვა მან და დასძინა , რომ Dixie Elixirs-ი ამოწმებს კანაბიდიოლს, რათა დარწმუნდეს, რომ ის უსაფრთხოა.

განცხადებაში მონამ მოიხსენია Dixie-ის ტესტირებები და თქვა, რომ Dixie „არასდროს ამბობდა უარს ჩვენს პროდუქტზე და, ფაქტობრივად, მისი დამოუკიდებელი ტესტირება ხარისხს ამოწმებს“. მარტინ ლი, დირექტორი არამოგებიანი ორგანიზაციისა, რომელიც კანაბიდიოლის სამედიცინო გამოყენებას უჭერს მხარს, ამბობს, რომ CannaVest-ის გამო ღელავს. „ისინი ცდილობენ შემოუარონ კანონს, რომელიც ამბობს, რომ კანაბიდიოლი არის დანართ 1-ში მითითებული ნივთიერება, – ამბობს ლი. – იმ ადამიანების ბიოგრაფია, რომლებიც კომპანიას მართვენ და ოპერაციების დახურულობა მაფიქრებინებს, რომ მათ სურთ სწრაფად მიიღონ შემოსავალი იმ ადამიანებისგან, რომლებსაც სასწაული ესაჭიროებათ, მე ვგულისხმობ ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებს ან მძიმე ავადმყოფებს“.

ნათელი მხოლოდ ისაა, რომ შემოსავალს CannaVest-ის ხელმძღვანელობა იღებს და, რა თქმა უნდა, მაკეიც. მიუხედავად იმისა, რომ აქციის ფასი $68 შეადგენდა, ცოტა ხნის წინ მან შეძლო კრედიტების 10 მილიონ აქციად გადაქცევა – 60 ცენტი თითოში. ფასიანი ქაღალდების შეძენა ამყარებს „მილიარდერის“ სტატუსს. მისი მეგობარი, CannaVest-ის გენერალური დირექტორი მონა და ლამასი, რომელიც ბრალდებების წაყენებამდე მისი წანამორბედი იყო, მას ამაში ეხმარებიან.

აი როგორ: გასულ წელს, კომპანია Roen Ventures-ი დასთანხმდა, ესესხა CannaVest-ის $6 მილიონი. მონას წინააღმდეგ ნევადაში შეტანილი საჩივრის თანახმად, მას მიწების ტრანზაქციის გამო, $17,8 მილიონის გადახდა ეკისრებოდა. კომპანია Roen-ი დაფუძნებულია მონასა და ლამასის მიერ. საჩივარში ნათქვამია, რომ მონამ კრედიტის ნახევარი პირადად მიიღო და შემდეგ თავისი წილი Roen-ში მაკეის $500,000-ად მიჰყიდა. მაკეი ლამასის მიერ განხორციელებულ გამოსყიდვას აღიარებს. ამის მერე, მან Roen Ventures-ის კრედიტები CannaVest-ის 10 მილიონ აქციად გარდაქმნა. ერთი აქციის ფასი 60 ცენტს შეადგენდა. აი ასე! თუ მისი აქციების რაოდენობას გავითვალისწინებთ, მათი ბოლო ფასის მიხედვით, $1 მილიარდზე მეტი გამოდის.

კიდევ ერთი მოგებული: ფსიქოთერაპევტი ფლორიდიდან, ტიტუსი, რომელიც მაკეის CannaVest-ში აფინანსებდა და უფრო ადრე, Medical Marijuana-ს დაფინანსებაზე მუშაობდა. ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის თანახმად, წელს მან ქაღალდზე არსებული თავისი მოგება ნაღდ ფულად აქცია იმით, რომ ხუთ დოლარად ნაყიდი თითო CannaVest-ის აქცია $150 გაყიდა, შედეგად $7 მილიონი მოიგო. „მე მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი საკმაოდ კარგად გამოვიდა“, – თქვა ტიტუსმა FORBES-თან ინტერვიუში. სხვათა შორის, მონას ვაჟიშვილი 1,25 მილიონის აქციას ფლობს.

რაც შეეხება პერლოვინს, ის ნარკოტიკების კონტრაბანდისტიდან მარიხუანის აქციების ნათლიმამად იქცა. მისი თქმით, გარკვეული პირებისთვის Medical Marijuana-ში არსებული წილისა და CannaVest-ში გარდაქმნილი აქტივების მიყიდვით, $5 მილიონი მიიღო. დღესდღეობით ის CannaVest–ის ლას-ვეგასის ოფისთან მუშაობს და კიდევ ერთ კოტირებად, დაბალფასიანი აქციების მქონე კომპანია Hemp Inc-ს მართავს, თუმცა თავის ძველ მეგობრებთან ერთად მაქინაციებს კვლავ ახორციელებს.

პერლოვინი ასევე ამბობს, რომ მან და მისმა ოჯახის წევრებმა თითო დოლარად იყიდეს 300 000 აქცია CannaVest-ის უკანასკნელ კერძო განთავსებაში. მონამ თავის განცხადებაში თქვა, რომ ფასის დაწევა იყო „მისაღები“ აქციების ლიკვიდურობის არარსებობისა და გარე შემფასებელი კომპანიის გაანგარიშების გათვალისწინებით.

პერლოვინი ასევე აცხადებს, რომ აპირებს CannaVest-ის აქციების დიდი პაკეტის შეძენას, რომელსაც მონა კომპანიისთვის საცალოდ, $1,50-ად ყიდის. „თქვენც ხომ არ გინდათ“? – ჰკითხა მან FORBES-ის რეპორტიორს, რომელმაც მას უარი უთხრა. გარდა ამისა, ჩვენ გვენატრება ოქროს ციებ-ცხელება. „ხომ არ იტყვით, რომ დასაწყისში Microsoft-ი, Google-ი, Oracle-ი, Apple-ი უაზროდ გაბერილები იყვნენ? რა თქმა უნდა, იყვნენ. ეს იყო დოთ-ქომების ბუშტი, – ამბობს პერლოვინი, – ხომ არ გინდათ იყიდოთ ყველა იმ კომპანიის აქცია, რომელიც მე ახლა აღვნიშნე? როგორ გაბედავს ვინმე, ამერიკელ ინვესტორს უთხრას, რომ ეს გარიგება კომპანიებთან კარგი არ იქნებოდა?“

წინა სტატია

ხის შემლოცველი
23 ივლისი, 2014

შემდეგი სტატია

რადისონ ბლუ რაგბის კავშირის ოფიციალური მხარდამჭერი გახდა
25 ივლისი, 2014
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს
საქართველო | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა