საქართველოს უკრაინელი მასპინძელი

პროფესიით ჟურნალისტმა და დოკუმენტალისტმა მარინა ჩაიკამ კარიერა, არც მეტი არც ნაკლები, სტივენ სპილბერგის პროექტში მონაწილეობით დაიწყო, თუმცა მოულოდნელად მარკეტინგისა და პიარის მიმართულებით საკუთარი თავის გამოცდის გადაწყვეტილება მიიღო, რაც, როგორც აღმოჩნდა, სულაც არ იყო ურიგო ინიციატივა. ჯერ მოსკოვში, ერთი წლის შემდეგ კი უკვე თბილისში, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტს სწორედ მარინა ჩაიკას ხელმძღვანელობით ჩაეყარა საფუძველი. სამი წლის თავზე აწ უკვე ერთ-ერთი გავლენიანი და პრესტიჟული დაჯილდოების ინიციატორი ალბათ არაერთ ქართველზე უკეთ იცნობს საქართველოს ტურისტულ ლოკაციებსაც და პოტენციალსაც და დარწმუნებულია, რომ მასპინძლობის ინდუსტრიას ქვეყანაში ძალიან დიდი განვითარების პერსპექტივა აქვს.

მარინა, მანამდე, ვიდრე უშუალოდ Welcome to Georgia-ზე ვისაუბრებთ, საინტერესოა, რამ განაპირობა თქვენი ჟურნალისტიკიდან წასვლა. როგორც ვიცი, საკმაოდ საინტერესო გამოცდილება მიიღეთ სპილბერგის პროექტში მონაწილეობით?

როგორც თავად აღნიშნეთ, პროფესიით ტელეჟურნალისტი ვარ და ამ მიმართულებით საკმაოდ მდიდარი გამოცდილებაც მაქვს მიღებული, რომელიც შემდგომ მასპინძლობის ინდუსტრიაშიც დამეხმარა. ჩემი კარიერა საინტერესოდ დაიწყო - ეს იყო დოკუმენტური ფილმი ჰოლოკოსტის შესახებ “Spell Your Name”, რომლის პროდიუსერიც სტივენ სპილბერგი გახლდათ, მე კი მისი ასისტენტი ვიყავი და ერთ-ერთი გმირის როლიც კი მოვირგე. სპილბერგის გაცნობა და პროექტზე მუშაობა ჩემთვის ერთგვარი თავგადასავალი იყო, ამის და ჩემი გამოცდილი მასწავლებლისა და მენტორის დროული რჩევების გათვალისწინებამ ბიძგი მომცა, მიმეტოვებინა ჟურნალისტიკა და მარკეტინგისა და პიარის მიმართულებით გამეგრძელებინა განვითარება. იმ დროს კიევში სასტუმროების ქსელი “ინტერკონტინენტალი” იხსნებოდა, რომლის გუნდსაც შევუერთდი და სწორედ მაშინ მივხვდი, რომ, ჩემი პიროვნული თვისებების გათვალისწინებით, მასპინძლობის ინდუსტრიაში უნდა დავრჩენილიყავი. ინდუსტრიის კარგად გაცნობა იყო ჩემი მთავარი შთაგონება, რომელმაც დაჯილდოების პროექტი შემაქმნევინა. საქარველომდე დაჯილდოების პროექტი 2014 წელს მოსკოვში დავიწყე. რუსეთი დაუჯერებლად დიდი მასშტაბების ქვეყანაა და იქ თავის დამკვიდრება უდიდეს ენერგიასა და ძალისხმევას მოითხოვს. პარალელურად ვფიქრობდი იმაზე, თუ სად შეიძლებოდა განმევითარებინა ჩემი პროექტი, რომელ ქვეყანაში შეძლებდა ეს პროექტი, ასე რომ ვთქვათ, უფრო ეფექტიანად და მოკლე დროში თავის დამკვიდრებას. საქართველოში პირველად ტურისტის სტატუსით ვიყავი და მას შემდეგ სულ ვფიქრობდი ამ ქვეყანაზე და მის უნიკალურ სტუმარმასპინძლობის ტრადიციებზე. ერთხელაც, როდესაც მე და ჩემი პარტნიორი, რომელსაც საქართველოსთან თავის მხრივ საქმიანი კავშირები აქვს, ვვახშმობდით, თითო ჭიქა ღვინის თანხლებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროექტის განვითარებისთვის საქართველო იდეალური ქვეყანა იქნებოდა. ასე გადაწყდა 2015 წლიდან დაჯილდოების საქართველოში ჩატარება.

მოდი, ახლა უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ Welcome to Georgia-ზე. რატომ ტურიზმი და კონკრეტულად დაჯილდოება?

ვფიქრობ, ძალიან ლოგიკურია საქართველოში ამ ინდუსტრიით დაინტერესება. მაშინ როდესაც ამ პროექტის საქართველოში განხორციელების გადაწყვეტილება მივიღე, მე და ჩემმა გუნდის წევრებმა ბაზრის დეტალური ანალიზი ჩავატარეთ და მივხვდით, რომ საქართველოში ეს დაჯილდოება მხოლოდ სასტუმროებს არ უნდა მოიცავდეს, არამედ ეს უნდა ყოფილიყო მთლიანად ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლების დაჯილდოება. ჩემზე უკეთ გეცოდინებათ, თუ რა სწრაფი ტემპებით ვითარდება დღეს საქართველოში ტურიზმის სფერო და დარწმუნებული ვარ, რომ, სულ ცოტა, კიდევ ოცი წელი ქვეყანა ამ თვალსაზრისით “ცოცხალი” იქნება. ვფიქრობ, რომ საქართველოს აქვს რეალური შანსი, გახდეს ლიდერი ქვეყანა ტურისტული თვალსაზრისით, თუმცა იმისათვის, რომ ეს სფერო განვითარდეს, აუცილებელია იმ სუბიექტების წახალისება და მოტივაციის ამაღლება, რომლებიც ამ ინდუსტრიაში საქმიანობენ. ჩვენი პროექტი სწორედ ამ მოტივაციის ზრდის ინსტრუმენტია” რომელიც კომპანიებს წინსვლაში უწყობს ხელს. მოგეხსენებათ, საქართველოში სერვისის ხარისხის კუთხით სამუშაო ჯერ კიდევ არის და მის პერმანენტულ ზრდას მაქსიმალურად ყურადღება უნდა მიექცეს.

არ იყო რთული უცხო ქვეყანაში ასეთი მასშტაბური კონკურსის ჩატარება და, რაც მთავარია, თავდაპირველად როგორც სახელისუფლებო უწყებების, ისე კერძო სექტორის ნდობის მოპოვება?

ჩვენი პროექტი აბსოლუტურად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კონკურსის სახით არის წარმოდგენილი და შექმნის დღიდან სრული მხარდაჭერა აქვს საქართველოს მთავრობის მხრიდან. ამ სამი წლის განმავლობაში კონკურსმა შეძლო და მოიპოვა ავტორიტეტი საზოგადოებაში და თავი დაიმკვიდრა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამ კონკურსის თანაორგანიზატორია. ბ-ნი გიორგი ჩოგოვაძე პირადად არის ჩართული სამუშაო პროცესში და ჟიურის წევრიც გახლავთ, ასევე დიდია ეკონომიკის სამინისტროს როლი, თავად ბ-ნი დიმიტრი ქუმსიშვილის დიდი დამსახურებაა ის, რომ ამ კონკურსის დანერგვის პროცესში ჩვენ ხელისუფლების მხარდაჭერა მოვიპოვეთ. ამ კონკურსით კერძო სექტორის ძალიან დაინტერესებულია და ბიზნესმენები ყოველმხრივ მხარს გვიჭერენ ამ კონკურსის ღირსეულად ჩატარებაში. მათ ესმით, რომ ჩვენ ვქმნით გარკვეულ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც ბიზნესს უჩნდება პირდაპირი კავშირის საშუალება ბაზართან, რადგან ყველა ჩვენი პარტნიორი თუ სპონსორი სერვისის პირდაპირი მიმწოდებლები არიან ტურიზმის ინდუსტრიისთვის. ამ კონკურსის ფარგლებში ჩვენ ვქმნით მათთვის ქსელს, რათა უკეთ შეძლონ საკუთარი სერვისისა თუ პროდუქციის რეალიზება.

ზოგადად როგორ შეაფასებთ ტურიზმის სექტორს საქართველოში?

ტურისტული ბაზარი დღეისათვის საქართველოში მზარდია და შესაბამისად იზრდება კონკურენციაც. მაგალითისთვის თუ ავიღებთ სასტუმროების ბიზნესს, მოგეხსენებათ, ქვეყანაში რამდენი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო გაიხსნა და იხსნება პერმანენტულად. ეს, ერთი მხრივ, ცხადია, პრესტიჟს მატებს ქვეყანას, თუმცა მეორე მხრივ ეხმარება პატარა ადგილობრივ სასტუმროებს, ასწიონ თამასა და თავიანთ ბიზნესში საერთაშორისო სტანდარტების მომსახურება ეტაპობრივად დანერგონ. სიმართლე რომ გითხრათ, მე პირადად ქვეყნის ტრადიციების, კულტურისა და თვითმყოფადობის შესაგრძნობად პრიორიტეტს პატარა ადგილობრივ სასტუმროებს ვანიჭებ - იქ უფრო იგრძნობა და ჩანს კონკრეტული ქვეყნისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. ამიტომ კონკურსის ფარგლებშიც მაქსიმალურად ვცდილობთ, ყურადღება გავამახვილოთ ისეთ პატარა სასტუმროებზე, რომლებიც ახლა იკიდებენ ფეხს ბაზარზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარდა ბორჯომის, ბათუმისა და თბილისისა, სხვა კუთხეებითაც და პროდუქციითაც დავაინტერესოთ ტურისტები, ამიტომ ვცდილობთ, აქცენტი სხვადასხვა მიმართულებაზე გავაკეთოთ, რომ ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე მრავალფეროვნად წარმოჩნდეს.

როგორ ფიქრობთ რამდენად სწორად და ეფექტიანად რეგულირდება დღეს საქართველოში ტურიზმის სექტორი?

საქართველოში ახლა ეტაპობრივად ინერგება ევრორეგულაციები. ჩვენ დღეს ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლი ვართ ხელიუსფლებასა და ბიზნესს შორის. ხშირად უთქვამთ, რომ ხმა უნდა მივაწვდინოთ ხელისუფლებას ამა თუ იმ საკითხის თაობაზე. ვფიქრობ, აუცილებელია, საქართველოში არსებობდეს ნორმების მკაცრი ჩამონათვალი, რომელიც სერვისის მიმწოდებლებს ხარისხის, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფას დაავალდებულებს. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ეგრეთ წოდებული “გადაიარაღების” პროცესი ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რასაკვირველია, ბიზნესი ინიციატივას ნებაყოფლობით არ გამოიჩენს, ამიტომ არის საჭირო ხელისუფლების მკაცრი მოთხოვნა და შესაბამისი კანონების ამოქმედება.

წელს როგორია თქვენი გეგმები კონკურსთან დაკავშირებით?

პირველი წლიდან მოყოლებული, პროექტი არსებული ტენდენციების, ბაზრის მოთხოვნილებებისა და გლობალური პრიორიტეტების შესაბამისად ვითარდება, ახლაც ვმუშაობთ 2018 წლის კონკურსის მოსამზადებელ ეტაპზე. იგეგმება საკონკურსო კატეგორიების მოდიფიკაცია, კონკურსის ფორმატის შეცვლა და სხვა ცვლილებები, რომლებიც მონაწილეებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, ფართო აუდიტორიას გააცნონ საკუთარი თავი. ერთ-ერთი ასეთი ცვლილება გახლავთ ეკოტურიზმის ინტეგრირება 2018 წლის პროექტის საქმიანობის ფარგლებშიც, რის უზრუნველსაყოფადაც ვითანამშრომლებთ საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციასთან.

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მდიდარია მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსებით, რაც მას ტურისტებისათვის მიმზიდველ დანიშნულებად აყალიბებს, ამ მიმართულებით ეკოტურიზმის განვითარების მნიშვნელობა საქართველოში პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს ტურიზმისა და ზოგადად ეკონომიკის განვითარების გეგმის დასახვისას.

გავიმეორებ, რომ ჩვენი პროექტი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს მთელი ინდუსტრიის კონსოლიდირებას ერთ სივრცეში და არის ერთგვარი ხიდი სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორს შორის, ამის კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია, რომელიც Welcome to Georgia-ს ეგიდით მესამედ ჩატარდება ზაფხულის დასაწყისში. წელს კონფერენციის ფორმატის მასშტაბი მოიცავს პანელურ დისკუსიებს, საინტერესო პრეზენტაციებს, მასტერკლასებს, ტრენინგებსა და B2B შეხვედრებს. კონფერენციის შემდეგ კი დავიწყებთ საკონკურსო განაცხადებების მიღებას და ეს ეტაპი სექტემბრის ბოლომდე გასტანს.

2018 წელი ჩვენი პროექტისთვის მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მიზეზის გამო, Welcome to Georgia-ს ფარგლებში ამავე სახელის ტურისტული აპლიკაციის შექმნა გადავწყვიტეთ, რომელიც ერთგვარი გზამკვლევი იქნება საქართველოში ჩამოსული სტუმრებისთვის. მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ, შეაფასონ კონკრეტული ობიექტი, რაც, თავის მხრივ ჩვენც მოგვცემს შესაძლებლობას, მომხმარებლის თუ სტუმრის გამოხმაურება გავითვალისწინოთ კონკურსში მონაწილე ნომინანტების შეფასებისას. 2018 წელი ამ აპლიკაციის ტექნიკურ შემუშავებას დაეთმობა, ხოლო 2019 წლიდან უკვე თამამად შევძლებთ ხმარებაში მის ჩაშვებას.

ჩვენ გირჩევთ

ვირტუალური ბიზნესპარტნიორი

ვეგანური სამზარეულო "ნამუ" ჯანსაღი კვების პროპაგანდას იწყებს

ვირტუალური ბიზნესპარტნიორი

ვირტუალური ბიზნესპარტნიორი

მარინა ჩაიკა ტურიზმი Welcome to Georgia ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება

წინა სტატია

ციფრული მედიჩი
19 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

საგადახდო ბარათების პოპულარობა იზრდება
19 მარტი, 2018
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა