კაცი, რომელიც ამერიკის აღორძინებას ენერგიით ამარაგებს

კაცი, რომელიც ამერიკის აღორძინებას ენერგიით ამარაგებს

ჰაროლდ ჰემმა აშშ-ის ნავთობის ინდუსტრია გარდაქმნა, რაც ჯონ დ. როკფელერის შემდეგ აღარავის გაუკეთებია. იმავდროულად, ის ხელს უწყობს ქვეყნის შიგნით ენერგოპროდუქტებზე დაბალი ფასების შენარჩუნებას – და ამ საქმიანობის შედეგად 19,9 მილიარდი დოლარის ღირებულების ქონებაც დააგროვა. ამერიკის დიდი შიდა ენერგეტიკული ბუმი, ხმამაღლა აცხადებს ის, მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია.

ორი შოტლანდიური ვისკი და ოკლაჰომა-სიტის Chesapeake Energy Arena საკმარისია იმისთვის, რომ ჰაროლდ ჰემი თავს შესანიშნავად გრძნობდეს. რატომაც არა? მისი მშობლიური ქალაქის კალათბურთის გუნდი Thunder-ი ამ საღამოს Philadelphia 76ers-ს ანადგურებს. ამ დღემდე ცოტა ხნით ადრე ჰემმა განაცხადა, რომ მისი კუთვნილი 16,9 მილიარდი დოლარიდან 16 მილიარდი Continental-ის აქციების 70%-იან პაკეტს შეადგენდა.

ნავთობისა და გაზის მოპოვების სფეროში მოღვაწე თითოეულმა მეწარმემ ალბათ კარგად იცის, რას ნიშნავს ამ ბიზნესში წარმატების ზოლში მოხვედრა, მაგრამ ჰემის ცხოვრებას შესაძლოა ყველაზე ეპიკური ხასიათი ჰქონდეს ამერიკის ენერგეტიკის ისტორიაში და მისი შედარება მხოლოდ ჯონ დ. როკფელერთან შეიძლებოდეს. არავის, მეფეების, დიქტატორებისა და პოსტსაბჭოთა კლეპტოკრატების გარდა, პირად საკუთრებაში იმდენი შავი ოქრო არ ჰქონია, რამდენიც მას – Continental-ის მარაგები, სარწმუნო ცნობებით, ჩრდილო დაკოტის მიწისქვეშეთში მოქცეულ 1 მილიარდ ბარელ ნავთობს შეადგენს. ჰემმა კომპანიის პირველადი აქციების განთავსება 2007 წელს განახორციელა – და აქციების ფასები მას შემდეგ 600%-ით გაიზარდა, რადგან რევოლუციურმა ჰორიზონტალური ბურღვის მეთოდმა ამერიკა კვლავ იაფი ენერგიის მოპოვების ახალი ბუმის ცენტრში დააყენა, რაც ფაბრიკა-ქარხნების იაფი ენერგიით მომარაგების, გაზზე ფასების დაწესების საქმეში ლიდერის როლის შენარჩუნებისა და, აქედან გამომდინარე, მილიონობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნის შესაძლებლობას ნიშნავდა.

68 წლის ჰემი ერთ-ერთია იმ ძალიან მცირე რაოდენობის იღბლიან ადამიანთაგან, რომლებიც, მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულებითა და საბურღი აღჭურვილობით შეიარაღებულები, ქვეყნის ცენტრში ძვირფას საბადოს წასწყდომიან. „იმ კაცს თუ ხედავ იქ?“ – მეკითხება ჰემი და კალათბურთის მოედანზე ბურთის ჩასაგდები ფარის უკან მდგარი სკამისკენ იყურება. დიახ, Chesapeake Energy-ის გენერალური დირექტორი და Thunder-ის წილის მფლობელი ჩვეულ ადგილას ზის.

ასე რომ, პირველი ტაიმის შემდეგ, ჰემი მასთან მისასალმებლად მიდის. მაკლენდონი გაკვირვებული ჩანს – ისინი ხომ მეგობრები არ არიან, მაგრამ მაკლენდონი, რომელიც FORBES-მა „ამერიკის ყველაზე თავზეხელაღებულ მილიარდერად“ მონათლა, ჟურნალის 2011 წლის ერთ-ერთი ნომრის ყდის ფოტოზე ჰემს ხელს ართმევს და კამერებისთვის განკუთვნილ ხელოვნურ ღიმილს არ იშურებს. როდესაც ჰემი მაკლენდონის მეუღლესთან საუბარს აბამს, თვითონ მაკლენდონი, ბრაზმორეული, FORBES-ის კორესპონდენტისკენ იხრება. „მე ამას ვერ ავიტან, – თითქოს თავისთვის ამბობსო, ჩურჩულებს ის. – თქვენი ჟურნალი ჩემზე ამდენ საზიზღრობას რომ წერს, ჰაროლდ ჰემს სრულყოფილების ნიმუშად რატომ ხატავს?!“

სრულყოფილების ნიმუში? შესაძლოა – კი, შესაძლოა – არა, მაგრამ ერთი რამ კი ცხადია – ჰემმა ფული ძველებური გზით იშოვა: ის საკუთარი ცოდნისა და უნარის შესაბამისად, მაგრამ ახლებური თვალთახედვით მოქმედებდა. მაკლენდონმა სესხად აღებული 13 მილიარდი დოლარით უაღრესად პოპულარული, ფიქლების გაზის შემცველი მილიონობით ჰექტარის ტერიტორია შეიძინა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მისი საშუალებით დიდი ფულის შოვნას შეძლებდა. ამის გამო კინაღამ Chesapeake-ის გაკოტრების მიზეზი გახდა (დაამის შემდეგ მალევე დაკარგა სამუშაო), ვინაიდან მის მიერ ბაზარზე შექმნილმა ზედმეტმა პროდუქტმა ფასები დაბლა დასწია. ჰემი, პირიქით, არ ჩქარობდა და გრძელვადიანი ინვესტირების სტრატეგიით მოქმედებდა, რომელიც უფრო ნაკლებად გლამურული იმიჯის მოპოვებას უქადდა. იმაში დარწმუნებულმა, რომ ჰორიზონტალური ბურღვისა და შრის ჰიდრავლიკური გახლეჩის კომბინირებული, ახლადშემუშავებული მეთოდი არა მარტო გაზის, არამედ ნავთობის დედამიწის სიღრმეში მდებარე საბადოების გამოთავისუფლების პოტენციალს შეიცავდა, ჰემმა ასობით ათასი ჰექტარი მიწის ფართობი Continental-ს იჯარით ააღებინა მაშინ, როდესაც ამ ინდუსტრიაში მოღვაწე ბიზნესმენების უმეტესობა დაბნეული იყო და არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო.

დღეს ჩრდილოეთ დაკოტის ნავთობის საბადო Bakken-ში ცხრაჯერ უფრო მეტი რაოდენობის ნავთობის მოპოვება ხორციელდება, ვიდრე ხუთი წლის წინ. Continental-ი ამოღებული ნავთობის 10%-ზე მეტის მფლობელია, რაც დღეში დაახლოებით 100 000 ბარელს შეადგენს. ცხადია, სამართლიანია წუხილი იმის შესახებ, რომ შრეების გახლეჩის მეთოდი გარემოზე მავნე ზემოქმედებას ახდენს, მაგრამ ამ მეთოდის აღმოჩენის გარეშე ძნელი სათქმელია, რა დღეში ჩავარდებოდა ამერიკის ეკონომიკა.

ჰაროლდ ჰემის ცხოვრება ომის შემდგომი ამერიკული ენერგეტიკის ისტორიასთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული. ფაქტობრივად, ჰემი, V-J Day-ს (იაპონიაზე გამარჯვების დღე – 6 და 9 აგვისტო, 1945 წ.) შემდეგ რამდენიმე თვეში, 13 რიცხვში მოევლინა ქვეყანას ოკის (ოკლაჰომის ბინადარი მოხეტიალე სასოფლო-სამეურნეო მომუშავეები) მოიჯარე-მენახევრეების მშრომელთა ოჯახში, რომლებიც ნავთობის ბუმითა და მას მოყოლილი დეპრესიით სახელგანთქმულ ქალაქ ენიდში გადასახლდნენ. ეს იყო ადგილი, რომლის მცხოვრებლები ჯეიმს დინის ფილმის, Giantის („გოლიათი“) გმირებს ჰგავდნენ. „ხალხი იქ სხვანაირი იყო, უფრო ქარიზმატული, უფრო ბრძენი“, – იხსენებს ჰემი.

მასზე განსაკუთრებული ზეგავლენა ადგილობრივმა მეთუნუქემ იქონია. იგი მისი შთაგონების წყაროდ იქცა. მეზობლად მდებარე ქალაქ სეპულპაში (ოკლაჰომის შტატი) განლაგებულ თიხის ჭურჭლის დამამზადებელ კომპანია Frankoma Pottery-ში მომუშავე მექოთნემ, ჯონ ფრანკმა, სკოლის შეკრებაზე, მოსწავლეების წინაშე, თავისი სამეთუნეო ბორბალი გამოიტანა, რათა მათთვის მუშაობის პროცესი ეჩვენებინა. „მას ხელში თიხის ნაჭერი ეჭირა და ისე უტყაპუნებდა, როგორც პატარა ბავშვს, – იხსენებს ჰემი. – მისი შემყურე, მივხვდით, რომ თავის საქმეს კარგად იმიტომ ასრულებდა, რომ თავის პროფესიაზე იყო შეყვარებული. ის იყო მისი ხელოვნება, მისი შემოქმედება. მაშინ ჩემთვის ცხადი გახდა ერთი რამ: ყველა ჩვენგანს შეეძლო წარმატებული ყოფილიყო, თუ ისეთ საქმეს აირჩევდა ცხოვრებაში, რომელიც უყვარდა“. ჰემის სიყვარული კი ნავთობს უკავშირდებოდა, რაც ოჯახში მიღებული აღზრდის ნაყოფი იყო.

ჰემმა, ოჯახის სარჩენად, 16 წლის ასაკში ბენზინგასამართ სადგურზე დაიწყო მუშაობა, შემდეგ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობის რეზერვუარებს წმენდდა და ბოლოს საკუთარი გადაზიდვების კომპანიაც დააარსა, რომელიც სატვირთო მანქანების საშუალებით წყლით მომარაგებასა და მისი კლიენტების ნავთობსარეწებიდან წყლის ამოქაჩვას აწარმოებდა. ისინი, ვინც ჰემს პატივს სცემენ, დღემდე მას „მსოფლიოში ყველაზე მდიდარ სატვირთო მანქანის მძღოლს“ ეძახიან. მათ, ვისაც არ უყვართ ის, მის შესახებ ასე ჩურჩულებენ, „ანჩხლი“ და „უცერემონიო“ ჰემი, ალბათ, როგორ იპარავდა მისი კლიენტების კუთვნილ ნავთობს, როდესაც მათი ნავთობრეზერვუარებიდან წყალს ქაჩავდა!

1971 წლისთვის ის, ბოლოს და ბოლოს, უშუალოდ ნავთობმოპოვების საქმით დაინტერესდა და საკმარისი რაოდენობის აქტივების თავმოყრა შეძლო იმისათვის, რომ კრედიტით მიწა აეღო და თავისი პირველი ჭაბურღილი გაეთხარა. შემდგომი 15 წლის განმავლობაში, როდესაც ამერიკის ეკონომიკა აღმავლობას განიცდიდა (1970-იანი წლების ბოლო და 1980-იანი წლების დასაწყისი), ჰემიც წარმატებული იყო, ხოლო კრიზისის წლებში (1980-იანი წლების მეორე ნახევარი) თავის გატანას ყველანაირად ცდილობდა. ერთმანეთს მიყოლებულმა 17 მშრალმა ჭაბურღილმა ის კინაღამ გააკოტრა.

მისი დიდი წარმატება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პირდაპირ ზეციდან ჩამოვარდა, როდესაც 1990-იანი წლების დასაწყისში, აგრარულ ოკლაჰომაში ნავთობის ძიებისას, ჰემი მოულოდნელად უძველეს დროში ჩამოვარდნილი მეტეორის კრატერს გადააწყდა. მეტეორის დაცემამ ამ ადგილას კლდე ააფეთქა, მისი ნამსხვრევები ჰაერში გაიფანტა, შემდეგ, უკან ჩამოყრილი, ძალიან ფოროვან, წყალგამტარ ფენად ჩამოყალიბდა. ეს კრატერი, მილიონობით წლის განმავლობაში, 9 000 ფუტის (დაახლოებით 2743 მ) სიღრმეზე მიწაში დამარხული აღმოჩნდა და შემდეგ ნელ-ნელა ნავთობით აივსო და გაიჟღინთა. ამ მდიდარ საბადოში, ჰემის გამოთვლებით, 17 000 ბარელი ნავთობის მარაგი ინახებოდა. მისი საშუალებით ჰემმა ფინანსური დამოუკიდებლობა მოიპოვა და ნაბიჯი წინ გადადგა, რაც მის მომავალ კარიერულ ზრდას ასე ძალიან წაადგა.

ახლა, როდესაც ფინანსური პრობლემა მოგვარებული ჰქონდა, ჩრდილოეთ დაკოტის ნავთობპოტენციალით აღელვებული ჰემი დღე და ღამე იმაზე ფიქრობდა, როგორ ამოეღო ძვირფასი წიაღისეული ფიქლოვანი შრეებიდან. 1980-იანი წლების ბოლოს მენავთობეებს უკვე დაწყებული ჰქონდათ ექსპერიმენტები ჰორიზონტალური ბურღვის მეთოდის გამოყენებით, რაც საშუალებას იძლეოდა უკეთესად გაეკვეთათ ნავთობის შემცველი ფიქლოვანი თხელი შრეები საბადოში, რომლებიც Bakken-ის სახელწოდებითაა ცნობილი. ჰემი 1995 წელს ამ ექსპერიმენტატორთა ჯგუფს შეუერთდა და ჩრდილოეთ დაკოტის ტერიტორიაზე თავისი პირველი ჭაბურღილი გათხარა. თუმცა იმ დროს ამ მეთოდით ნაკლებად იყვნენ დაინტერესებული, რადგან ამ გზით ამოთხრილი ჭაბურღილები არაეკონომიური აღმოჩნდა და საწყის ეტაპზე იქ მოპოვებული ნავთობი დღეში მხოლოდ 150 ბარელს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, ჰემსა და ჰიუსტონში მდებარე კომპანია EOG Resources-ის ინჟინრებს ამასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები ჰქონდათ. სამხრეთში, ტეხასის შტატში, ჯორჯ მიტჩელმა და მისმა კომპანია Mitchell Energy & Development-მა შეუღწევადი (ან „მჭიდრო შრეების მქონე“) კლდის დასანგრევად და გასახსნელად, ჰორიზონტალური ბურღვისა და შრის ჰიდრავლიკური გახლეჩის მეთოდების კომბინირება შეძლეს. ეს იყო ის ინოვაცია, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. დღეს საყოველთაოდ ცნობილია, რომ Bakken-ის ჭაბურღილი დღეში 1500 ბარელ ნავთობს იძლევა.

მიუხედავად იმისა, რომ სხვა კომპანიებიც, მათ შორის, EOG-ი და XTO Energy, მსგავს პროგნოზებს აკეთებდნენ, სხვამ ვერავინ შეძლო საქმის ისე წაყვანა, რომ საბოლოო ჯამში თუნდაც იმ ქონების მცირე ნაწილი მაინც დაეგროვებინა, რაც ჰემმა შეძლო. იგი ყოველთვის იმ გამოცდილების ერთგული იყო, რომელიც მას განვლილმა მძიმე ცხოვრებამ შესძინა, ამიტომ მაშინაც კი, როდესაც ახალი ბიზნესის პირობებში კაპიტალმა ზრდა დაიწყო, ის არავითარ სურვილს არ ამჟღავნებდა მისი პირმშოს, კომპანია Continental Resources-ის კუთვნილი თუნდაც ერთი აქცია ამ საქმეში დაებანდებინა. ის უფრო სესხის აღებას ამჯობინებდა. ამ ინდუსტრიაში წმინდა მოგების მიხედვით, საუკეთესოდ კომპანია Continental Resources-ი აღიარეს, რომლის წმინდა შემოსავალი 760 მილიონი დოლარი იყო. (3,6 მილიარდი დოლარის ჯამური შემოსავლებიდან გასულ წელს). ახლა, 12 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივების პირობებში, მას 4,7 მილიარდი დოლარის ოდენობის გრძელვადიანი სესხი აქვს (ამის საპირისპიროდ, Chesapeake-ის ნაკლებად ჯანსაღი გრძელვადიანი სესხი18 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო მისი აქტივები 41 მილიარდ დოლარს აღწევს).

მიზეზი იმისა, თუ როგორ შეძლო მან ამდენი აქტივის შენარჩუნება, ბოლოს და ბოლოს ასე არაპროპორციულად დიდი აქციების პაკეტის ინდივიდუალურ მფლობელობაში მიღება, შრის ჰიდრავლიკური გახლეჩის ანუ ჰორიზონტალური ბურღვის ბიზნესის ბუმში, შემდეგში მდგომარეობს: ჰემს მომჭირნე და ყაირათიანი ხარჯვის ჩვევა ახასიათებს, რაც მას მაკლენდონისგან კარდინალურად განასხვავებს. ხშირად ამ უკანასკნელის მიერ არასაკმარისად გამოკვლეულ ადგილებში ბურღვითი სამუშაოების წამოწყება მას ისეთი კულტურის წარმომადგენლად აქცევს, რომელზეც სწორად არის ნათქვამი: ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო. ჰემის საყვარელი სასადილო ადგილი ოკლაჰომა-სიტის კაფეტერია Sweets & Eats-ია, სადაც ამ მილიარდერის სადილი ბოსტნეულისა და ძროხის ხორცის წვნიანით იწყება და Styrofoam-ის რძიან ჭიქაში ჩამბალი მჭადის ნატეხებით მთავრდება (სადილი ორი ადამიანისთვის აქ 18 დოლარი ღირს).

2012 წლამდე Continental-ი ჰემის მშობლიურ ქალაქ ენიდში მდებარეობდა. მისი ფინანსური დისციპლინის ზრდადი უპირატესობები მხოლოდ მას შემდეგ გახდა აბსოლუტური, რაც მისი კომპანიის მთავარი ოფისი ოკლაჰომა-სიტის საქმიან უბანში გადავიდა. ათეული წლების განმავლობაში ოკლაჰომაში წარმატებისკენ მიმავალი გზა სრულიად მკაფიოდ იყო განსაზღვრული – ნავთობისა და გაზის კომპანიის შექმნა. კომპანიის ზრდა და, ბოლოს, ამ კომპანიის დალასში ან ჰიუსტონში გადატანა. სწორედ ეს გზა განვლეს Phillips Petroleum-მა, Conoco-მ, Kerr-McGee-მ და Halliburton-მაც კი.

მაგრამ ეს ყველაფერი შეიცვალა, როდესაც 2001 წელს Devon Energy ყველასგან განსხვავებულ გზას დაადგა და 3,5 მილიარდ დოლარად Mitchell Energy შეიძინა. კომპანიას არც კი უფიქრია ოკლაჰომიდან სადმე გადასვლა, უფრო მეტიც, ახლახან თავისი ოფისის, 850 ფუტი (259 მ) სიმაღლისა და 700 მილიონი დოლარის ღირებულების კოშკის, მშენებლობაც კი დაასრულა, რომელიც ამჟამად შტატის ყველაზე მაღალი შენობაა. ღირებულების მიხედვით Devon Energy-ის შემდეგ რიგით მეორეა Chesapeake-ი, რომელმაც მაკლენდონის ხელმძღვანელობის პერიოდში 120 აკრი (48 ჰა) მიწის ფართობზე განლაგებული განსაცვიფრებელი კამპუსი აიშენა. ორივე კომპანია გაერთიანებული ძალებით შეუდგა ქალაქის შეუხედავი სადრენაჟო არხის ლამაზ სანაოსნო ადგილად გადაქცევას, რომელიც ამჟამად სავსეა მაღალტექნოლოგიური ნავების ფარდულებით აშშ-ის ოლიმპიური გუნდისთვის. „მოულოდნელად ოკლაჰომა-სიტი სიცოცხლისუნარიან გარემოდ იქცა ზრდადი სააქციო საზოგადოებისთვის“, – სიხარულს ვერ ფარავს ქალაქის მერი მიკ კორნეტი.

რაც შეეხება Continental-ის ახალ სათავო ოფისს, ჰემმა საკუთარი კომპანია 23 მილიონ დოლარად ნაყიდ Devon-ის ძველ ოფისში განათავსა. „უკვე ყველაფერი მზად იყო ნავთობკომპანიის ოფისისთვის, – კმაყოფილი სახით იღიმის ჰემი, – ამიტომ ერთი რამის შეცვლაც კი არ დაგვჭირდა“. შემდეგ ჰემი ყურადღებას ამახვილებს მონაცემებზე: Continental-ის 950, Devon-ის 6000-ისა და Chesapeake-ის 11000-ის წინააღმდეგ. აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ Continental-ის ბიზნესის საბაზრო ღირებულება, რომელიც 23 მილიარდ დოლარს შეადგენს, ოდნავ ჩამორჩება Devon-ის საბაზრო კაპიტალიზაციას და საკმაოდ უსწრებს Chesapeake-სას. აქედან გამომდინარე, ამერიკის ახალი ენერგეტიკული ერის შესაბამისი კომპანიის მშენებლობის თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ ჰემმა გამარჯვება უკვე მოიპოვა.

ამერიკის მიერ ჰორიზონტალური ბურღვის სფეროში დაბანდებული 150 მილიარდი დოლარის ყოველწლიური ინვესტიციები შედეგად მრავალნულიან მოგებას იძლევა. შიდა ნავთობის მოპოვების მოცულობა 2010 წლიდან 50%-ით გაიზარდა და 1 მილიონ სამუშაო ადგილზე მეტი შექმნა, რითაც ნავთობის ყოველწლიური იმპორტი 800 მილიონი ბარელით შეამცირა. ფიქლოვანი გაზის წარმოებამ წელიწადში 10 მილიონ კუბურ ფუტს გადააჭარბა, მაშინ როდესაც 15 წლის წინ მისი მოპოვება საერთოდ არ ხორციელდებოდა. ნავთობზე მაღალი ფასების შენარჩუნებისა და აშშ-ის მიერ, ხუთი წლის განმავლობაში, ერთი და იმავე რაოდენობის ნავთობპროდუქტების მოხმარების პირობებში, ნავთობწარმოების სფეროში ქვეყნის შემოსავალმა წელიწადში 100 მილიარდი ნავთობდოლარი შეადგინა. ახლა, გაზრდილი ნავთობისა და გაზის წარმოების შედეგად, ეს დოლარები აშშ-ში რჩება, იმის მაგივრად, რომ OPEC-ისა და რუსეთის გამდიდრების საქმეს ემსახუროს.

იმავდროულად, 2008 წლიდან მოყოლებული, ფასები ბუნებრივ აირზე განახევრდა და ათას კუბურ ფუტზე 4,50 დოლარი შეადგინა. იელის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამის შედეგად ამერიკამ 125 მილიარდი დოლარის დაზოგვა მოახერხა. ენერგეტიკული კონსალტინგის კომპანია IHS-ის მკვლევარები ამბობენ, რომ ნავთობისა და გაზის ბუმის წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში წელიწადში 300 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მშპ-ის 1,7%-ზე მეტია. თუ პრეზიდენტ ობამას ხელმძღვანელობით მიმდინარე ნელთბილ აღორძინებას ნავთობის ბუმით მიღებულ წინსვლას გამოვაკლებთ, ხელში აშკარად ანემიური ხასიათის სურათი შეგვრჩება.

ალბათ სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ ჰემი, რომელიც 2012 წლის არჩევნების დროს მიტ რომნის მრჩეველი იყო ენერგეტიკის სფეროში, არ ინდობს არავის, ვისაც ახალი ენერგეტიკული ბუმის გაკონტროლების სურვილი უჩნდება. ის სიამოვნებით წარადგენდა „კვლევებით“ სავსე შავ საქაღალდეებს ჰორიზონტალური ბურღვის ისეთი მოწინააღმდეგე აქტივისტების შესახებ, როგორებიც არიან ჯოშ ფოქსი, ბილ მაკიბენი და, განსაკუთრებით, ტომ სტეიერი, სანფრანცისკოელი მილიარდერი, რომელმაც Farallon Capital-ი დააარსა და ახლა, პროგრესული პოლიტიკოსების მხარდასაჭერად, 100 მილიონი დოლარი გამოყო. ჰემს თუ დავუჯერებთ, ის „მსოფლიოში ყველაზე დიდი ფარისეველია“, რასაც ის ფაქტიც ადასტურებს, რომ სტეიერმა თავისი ქონება, ნაწილობრივ, სწორედ ბუნებრივ საწვავებში კაპიტალდაბანდების წყალობით დააგროვა. ჰემის აზრით, ჰორიზონტალური ბურღვის მოწინააღმდეგეებს ის ინვესტორები აფინანსებენ, რომლებიც არამოგებიანად აღიარებული მწვანე ენერგიის ინოვაციებში აბანდებენ კაპიტალს. „ამიტომ ტეხენ ამდენ ხმაურს ეს ადამიანები. საქმე ისაა, რომ უეცრად გააცნობიერეს – ყველაფერი, რაშიც კაპიტალი დააბანდეს, უსარგებლოა და არანაირი შედეგის მომტანი არ არის, – ნიშნის მოგებით აცხადებს ჰემი. – მათ კარგად იციან, რომ საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ“.

ჰემი შეხვედრია პრეზიდენტ ობამას, აშშ-ის ყოფილ მდივანს ენერგეტიკის საკითხებში, სტივენ ჩუს და თვითონ სტეიერსაც კი, რომელიც ამბობს, რომ „სინდისმა უფლება არ მისცა“, ბუნებრივ საწვავში კაპიტალდაბანდება გაეგრძელებინა. „მეცნიერება ნათლად მიუთითებს, რომ კლიმატის ცვლილების საშიშროება რეალურია და ახლავე უნდა შევუდგეთ ამ პრობლემის გადაჭრაზე ფიქრს“, – ამბობს ის. რადგან ჰემს ეჭვი ეპარება, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია აფასებს მისი და მისი კოლეგების მოღვაწეობას, რომელიც ქვეყნისთვის სარგებლის მომტანია, თავს იმით ინუგეშებს, რომ ჰორიზონტალური ბურღვისა და შრის ჰიდრავლიკური გახლეჩის გზით ნავთობის მოპოვების ბიზნესის რეგულირება ფედერალურ დონეზე არ ხორციელდება. „ეს ბიზნესი მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, სანამ პრეზიდენტი ობამა პოსტიდან არ წავა. ეს ბიზნესი მანამ არ დაფასდება, სანამ არ მიხვდებიან, რომ მწვანე ენერგეტიკა საკმარისი რაოდენობის სამუშაო ადგილებს ვერ შექმნის“. როდესაც ჰემი ვაშინგტონზე, რეგულირების პროცესსა და ჰორიზონტალური ბურღვის მოწინააღმდეგე აქტივისტებზე ფიქრობს, უბრალოდ ხვდება, რომ ეს ისეთი ამერიკა არ არის, როგორიც მას წარმოუდგენია. მისთვის ამერიკა ჯერ კიდევ რჩება იმ ადგილად, სადაც ადამიანი შეიძლება უქონელი დაიბადოს და მილიარდერად იქცეს. „ჩემი თვალით ვხედავ ადამიანებს, რომლებიც არსაიდან მოდიან თან ახალი აპლიკაცია მოაქვთ, რომელსაც მილიარდ დოლარად ყიდიან, – აღფრთოვანებით ამბობს ის. – რა მაგარია! რა ფანტასტიკურია! აი, როგორი უნდა იყოს ყველაფერი. არ უნდა არსებობდეს არანაირი ზღვარი“.

ჰაროლდ ჰემის სიტყვებს თუ დავუჯერებთ, ამერიკის ფიქლების ნავთობის მოპოვების დიადი ბუმი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. ბუნებრივი აირის რესურსები იმდენია, რომ ამერიკის მოსამარაგებლად შემდგომი 200 წლის განმავლობაში ის საკმარისი იქნება. რაც შეეხება ნავთობს, ის ამბობს, რომ მარტო ჩრდილო დაკოტის Bakken-ის ნავთობის საბადო ნავთობის მოპოვებას „აბსოლუტურად“ გააორმაგებს, რაც დღეში, 2 მლნ ბარელამდე ზრდას გულისხმობს. – ეს არის ოპტიმისტური პროგნოზი, რომელსაც არც ერთი სხვა დარგის ლიდერი არ იზიარებს. „ის, ცოტა არ იყოს, აჭარბებს“, – ამბობს მარკ პაპა, ჩრდილო დაკოტაში რიგით მეოთხე ოპერატორის, კომპანია EOG Resources-ის ყოფილი გენერალური დირექტორი. მისი პროგნოზით, ეს მაჩვენებელი 1,3 მილიონი ბარელი იქნება. ჰემის პროგნოზთან ყველაზე ახლოს Wood Mackenzie-ის ანალიტიკოსი, ჯონათან გარეტი მიდის, რომლის თანახმად, 2020 წლისთვის, Bakken-ის საბადოდან ნავთობის მოპოვება 1,7 მილიონს არ გადააჭარბებს.

ჰემს აზრს ვერ შეაცვლევინებ. ის ამბობს, რომ არც ერთ კომპანიას არ შეუსწავლია ნავთობსაბადოების გეოლოგია ისე კარგად, როგორც Continental-ს. მან კარგად იცის ნავთობის ადგილმდებარეობა, ასე რომ, უბრალოდ, რთული და საინტერესო ამოცანაა იმის გამოთვლა, თუ რამდენის ამოღებაა შესაძლებელი ყველაზე სწრაფად და რაც შეიძლება დაბალ ფასად.

ტექნოლოგიას, რომლის საშუალებით ენერგორესურსების მოპოვების დროისა და რაოდენობის განსაზღვრაა შესაძლებელი, ტესტირება უტარდება Bakken-ის საბადოს 2 კვადრატულ მილზე, რომელსაც Continental-ში Hankinson-ის განყოფილებას ეძახიან. აქ Continental –ი ექსპერიმენტებს ატარებს „სრული საველე“ ტექნიკით, რომლის საშუალებით ხორციელდება ჭაბურღილების გვერდიგვერდ, მჭიდროდ ამოთხრა იმისათვის, რომ თითოეულ საბურღ კოშკურას (ჰემს ჩრდილო დაკოტაში 20 ასეთი კოშკურა აქვს) ბევრად უფრო მეტი ნავთობის მოპოვება შეეძლოს, ვიდრე წელიწადში ამჟამად მოქმედი 10 ჭაბურღილი საშუალოდ მოიპოვებს. Hawkinson-ის საბურღმა კოშკურამ, დაგეგმილი 32 ჭაბურღილიდან, 14 უკვე გათხარა. ჭაბურღილები მიწაში 3 მილის სიღრმეში პირდაპირი ხაზით ჩადიან, შემდეგ ჰორიზონტალურად უხვევენ და კიდევ ერთ მილზე აგრძელებენ გზას, რათა ფიქლის შეუღწევად შრეებს შორის მოქცეული, ნავთობით სავსე დოლომიტის კლდის, სულ ცოტა, 4 შრიდან ერთ-ერთი მაინც გადაკვეთონ.

მბურღავები ასაფეთქებელ ნივთიერებებს იყენებენ იმისათვის, რომ ამ ჰორიზონტალური მილების გვერდებში მცირე ზომის „ხვრელები“ წარმოქმნან. შემდეგ მილიონობით გალონ ქვიშანარევ წყალს დიდი ჭავლით უშვებენ ქვემოთ კლდის დასაფშვნელად და ნაპრალების გასახსნელად, რაც შრეებს შორის მჭიდროდ ჩამჯდარ ნავთობს გამოსვლის საშუალებას აძლევს. ამ ხრიკის მთავარი არსი ის გახლავთ, რომ ჰორიზონტალური მიმართულების არხები უშუალოდ კლდის ნავთობმატარებელი შრეების შუაში უნდა განლაგდეს, მაგრამ – საკმაო მანძილის დაშორებით, რათა ნაპრალებმა ერთმანეთი არ გადაფაროს. თუ ეს სიმჭიდროვე სწორად იქნება შერჩეული, მაშინ Bakken-ში, მთლიანობაში, სულ ცოტა, 100 000 ჭაბურღილის ამოთხრა იქნება შესაძლებელი (ჯერჯერობით 7 000 ჭაბურღილზე ნაკლებია გათხრილი). იგულისხმება, რომ, თუ ერთ ჭაბურღილზე საშუალოდ 300 000 ბარელ ნავთობს ვივარაუდებთ, მაშინ Bakken-ში მოპოვებული ნავთობის მთლიანი რაოდენობა 30 მილიარდი ბარელი იქნება. აშშ წელიწადში სულ 7,5 მილიარდ ბარელს მოიხმარს. „უეცრად ნათელი ხდება, ნავთობის რა უზარმაზარ რაოდენობაზე ვლაპარაკობთ“, – ამბობს ჰემი.

ცხადია, რისკი იმაში მდგომარეობს, რომ თუ ამ ჭაბურღილებს ასეთი მწარმოებლური უნარი არა აქვთ, ასეთ შემთხვევაში, ნავთობის მოპოვების მათემატიკა უმოწყალოა. ჭაბურღილები, რომლებიც ყოველდღიურად 800-დან 1000-მდე ბარელ ნავთობს იძლევიან, უკეთეს შემთხვევაში, ერთი წლის შემდეგ 400 ბარელს მოიპოვებენ. „რაოდენობის ასეთი ჰიპერბოლური შემცირებით, ეჭვგარეშეა, ერთ ადგილას სირბილის ეფექტს ებრძვით, როდესაც უფრო მეტ ასეთ ჭაბურღილს ათავსებთ ერთ ხაზზე“, – ამბობს კამერონ ჰორვიცი ჰიუსტონის U.S. Capital Advisors-დან.

მედიდურობა – თითქმის გარდაუვალი თვისება, როდესაც კომპანიის 70% თქვენი საკუთრებაა – ასევე დამაფიქრებელია. ახლახან ამერიკის უმდიდრესმა ნავთობმაგნატმა კრიტიკის ქარცეცხლში გაიარა სამსახურებრივი მდგომარეობის ანგარების მიზნით გამოყენების გამო, რაც მოიცავდა Continental-ის მიერ 340 მილიონ დოლარად ჩრდილო დაკოტის კიდევ ერთი ნავთობკომპანიის შეძენას, რომლის თანამფლობელიც თვით ჰემი გახლდათ და ხუთწლიანი 100 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტს, რომელსაც Continental-მა ხელი მოაწერა ჰემისა და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ მილსადენ კომპანიასთან (ჰემი ამბობს, რომ დირექტორთა საბჭოს მიერ მოწონებული ორივე გარიგება Continental-ის წინსვლას შეუწყობს ხელს).

მაგრამ ასეთი თავის ტკივილები ეფემერული აღმოჩნდება, თუ ჰემი ნაძლევს მოიგებს და დაპირებისამებრ, ქვეყანას განუსაზღვრელი რაოდენობის გაზსა და ნავთობს მიაწვდის. ამგვარი შედეგები, რა თქმა უნდა, ჰემს მსოფლიოს 20 ყველაზე მდიდარი ადამიანის გვერდით მიუჩენს ადგილს. ცხადია, ამ პროცესის შედეგად, ამერიკასაც დიდი ცვლილებები ელის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *