დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: ჩემს ახალ სამსახურში ბედნიერი ვიქნები?

ვარ პროფესიული კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი. ჩემი ამოცანაა, დავეხმარო ადამიანებს იმაში, რომ თავიანთ სამუშაო ადგილას თავი ბედნიერად იგრძნონ. არაერთი შემთხვევა მქონია, როდესაც ჩემს კლიენტს შესთავაზეს სამსახური და ჩემთან მოსულა რჩევის საკითხავად: „როგორ ფიქრობთ, უნდა დავთანხმდე ამ შემოთავაზებას?” ბუნებრივია, რომ მე მას ვუსვამ კითხვას: „როგორ ფიქრობთ, ეს ახალი სამსახური კმაყოფილებას მოგგვრით?” ჩემს შეკითხვას, როგორც წესი, გრძელი პაუზა მოჰყვება... ნათელი ხდება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს დიდი სურვილი აქვს, უყვარდეს და წარმატებული იყოს თავის საქმიანობაში, ეს კითხვა საკუთარი თავისათვის არასოდეს დაუსვამს.

მე ვაგრძელებ საუბარს მომდევნო კითხვით, "რატომ ფიქრობთ, რომ უნდა დათანხმდეთ ამ სამუშაოზე?”

ჩემს კითხვას მოსდევს ყველა იმ ფაქტორის ჩამონათვალი, რომლებიც მათ გონებაში ტრიალებს და რომლებმაც გადაფარეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი: ნამდვილად იქნებიან თუ არა ისინი კმაყოფილი ახალი სამსახურით. გთავაზობთ იმ ფაქტორთა მოკლე ჩამონათვალს, რომლებიც ადამიანებს აფიქრებინებს, რომ მათთვის უკეთესი იქნება, თუკი ამგვარ შემოთავაზებას დათანხმდებიან: „ეს კარგი შესაძლებლობაა”, „მათი თანატოლები უკვე მუშაობენ მსგავს პოზიციებზე”, „ოჯახი ვერ გაიგებს, თუკი ამ შემოთავაზებას არ დათანხმდებიან”, „არსებულ სამსახურს რამენაირად თავი უნდა დააღწიონ და ეს ერთადერთი შემოთავაზებაა ამ ეტაპზე”.

მიუხედავად იმისა, რომ მე კარგად მესმის ყველა მათი არგუმენტი და „გამართლება”, ეს არ უნდა გახდეს ახალი სამსახურის შემოთავაზებაზე დათანხმების ერთადერთი მოტივაცია. თუკი გსურთ, რომ სამსახურისაგან სიამოვნება მიიღოთ, აუცილებელია, კარგად დაფიქრდეთ იმაზე, თუ ვინ ხართ, რისი კეთება გიყვართ, რა სახის გარემოში გრძნობთ თავს კომფორტულად და ა.შ. სწორედ ამ ფაქტორებს უნდა მიანიჭოთ ყველაზე დიდი მნიშვნელობა თქვენი გადაწყვეტილებების მიღებისას. თქვენი ბედნიერება უნდა იყოს გადამწყვეტი ფაქტორი.

გაარკვიეთ ახალი სამსახურის შემოთავაზებაზე დათანხმების თქვენი მოტივაცია

თუკი გვსურს გავიგოთ, ვიქნებით თუ არა ბედნიერი ჩვენს ახალ სამსახურში ან თანამდებობაზე, ჩვენ ყველამ ერთ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი: „რატომ უნდა დავთანხმდე ამ სამსახურზე შემოთავაზებას?” კარგად გააანალიზეთ თქვენი მოტივაცია და იყავით საკუთარ თავთან გულწრფელი. თუკი თქვენი მოტივაციისა და არგუმენტების სიის სათავეში არ არის „იმიტომ, რომ მე სიამოვნებას მანიჭებს ეს სამსახური”, მაშინ თქვენ ნამდვილად გაქვთ მიზეზი, აიღოთ პაუზა და კარგად დაფიქრდეთ. არაფერია იმაში ცუდი, თუკი შემოთავაზებულ სამსახურზე დათანხმების მთავარი მიზეზი სხვა არის, მაგრამ თუ თქვენ ამ მიზეზთან ერთად გულწრფელად არ ფიქრობთ, რომ სიამოვნებას მოგანიჭებთ იქ მუშაობა, მაშინ სჯობს, გადაწყვეტილების მიღებამდე კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ.

როგორ გავიგოთ, ვიქნებით თუ არა კმაყოფილი ახალი სამსახურით?

ზოგიერთი კარგად აცნობიერებს, რომ სინამდვილეში სულაც არ მოსწონს ის სამსახური ან თანამდებობა, რომელსაც სთავაზობენ. სხვები, ჩემი ჩათვლით წარსულში, ცოტა არ იყოს უარყოფის რეჟიმშია. ყველა ჩვენი არგუმენტი და გამართლება შეიძლება იმდენად დამაჯერებელი იყოს, რომ ჩვენ დავთრგუნოთ ჩვენი განწყობა და გონივრულად დავარწმუნოთ საკუთარი თავი იმაში, რომ ჩვენ მოგვეწონება ახალი სამსახური. მაგრამ თუკი ჩვენ მართლა გულახდილი ვიქნებით საკუთარ თავთან, მივხვდებით, რომ სულაც არ გვინდა ეს ახალი სამუშაო. არსებობს ისეთი ადამიანების კატეგორია, რომელიც ამბობს, „არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ შეიძლება მომეწონოს. ჯერ უნდა ვნახო. სანამ არ გამოცდი, როგორ უნდა გაიგო მოგწონს თუ არა”. რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც ეს მართლაც ასეა; თუმცა შესაძლოა, ესეც სწორედ ის მოსაზრებაა, რომელიც ემსახურება იმის გადაფარვას, რაც უკვე ისედაც კარგად ვიცით. უბრალოდ სიფრთხილე გმართებთ – ეცადეთ საკუთარ თავთან გულახდილი იყოთ. და გახსოვდეთ, მე არავის არ განვსჯი ამის გამო, რადგან თავადაც ვყოფილვარ ასეთ სიტუაციაში და ხშირად ვაწყდები ასეთ დამოკიდებულებას იმათი მხრიდან, ვისთანაც მიწევს მუშაობა.

სწორედ ამგვარად შეიძლება იმის გარკვევა: თუკი პასუხი იმაზე, გსურთ თუ არა ახალი სამსახური, არის მტკიცე „არა”. მაგრამ როგორ გავიგოთ, თუკი პასუხი არის „კი” და თქვენ კმაყოფილი იქნებით შემოთავაზებული სამსახურით? ჩემი პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც პასუხი დადებითია, ის ყოველთვის ასე ჟღერს „დიახაც, ეს ძალიან მაგარი იქნება!” რასაც თან სდევს გულწრფელი მოლოდინით გამოწვეული შფოთვა. ამას თქვენ მთელი სხეულით შეიგრძნობთ, შინაგანი ინსტინქტი გიკარნახებთ. ასე რომ, თუკი მიიღებთ ახალი სამსახურის შემოთავაზებას, შეეცადეთ, სწორედ თქვენს შინაგან ხმას, ინსტინქტს დაუგდოთ ყური.

წარმატების მიღწევა საკუთარ ბედნიერებაზე უფრო მეტი აქცენტის გაკეთებით

სამწუხაროა, რომ ჩვენი საკუთარი ბედნიერება და კმაყოფილება ყოველთვის პრიორიტეტული არ არის კარიერული გადაწყვეტილებების მიღებისას. უმეტესობა ჩვენგანს ყოველთვის გვინერგავდნენ, რომ წარმატება არის ბედნიერების საწინდარი, რომ წარმატება მოითხოვს ჩვენგან მსხვერპლს და სანამ ამ წარმატებას არ მივაღწევთ, დროებით უნდა გადავდოთ ყველანაირი ფიქრი სიამოვნების მიღებაზე. წარმატებისაკენ სწრაფვა არის უპირველეს ყოვლისა და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვიფიქროთ იმაზე, გვანიჭებს თუ არა ჩვენ ეს სამუშაო სიამოვნებას. მაგრამ თუკი კარგად დავფიქრდებით, ამგვარი აზროვნება გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მივაღწევთ წარმატებას იმ საქმიანობაში, რომელიც სულაც არ გვანიჭებს სიამოვნებას და არ არის ჩვენთვის შესაფერი. გამოდის, რომ ჩვენ ვპოულობთ წარმატებას საკუთარი თავის წინააღმდეგ მუშაობაში. მე პირადად ვერ ვხედავ ამაში ვერანაირ ლოგიკას, მეთანხმებით?

თუკი ჩვენ პრიორიტეტად ვაქცევთ სამსახურისაგან სიამოვნებისა და ბედნიერების მიღებას, წარმატება თავისით მოვა, თანაც უფრო სწრაფად და უფრო მარტივად. ამ დროისათვის ჩვენ უკვე ნაკლებად გვაღელვებს წარმატების საკითხი, რადგან ჩვენ ისედაც ბედნიერად ვგრძნობთ თავს და ვაკეთებთ იმას, რაც სიამოვნებას გვანიჭებს.

წინა სტატია

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი წევრი ტოვებს
22 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

ნანუკა ჭანტურიას სტუმარმასპინძლობა VINOTEL-ში
23 მარტი, 2018
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა