ნანუკა ჭანტურიას სტუმარმასპინძლობა VINOTEL-ში

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ახლაც დგას 1872 წელს აშენებული ისტორიული სახლი - სირაჯხანის დღემდე შემორჩენილი და გამორჩეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. 2015 წლიდან ეს კოხტა შენობა VINOTEL-ია. სასტუმრო VINOTEL-ში შესვლა პორტალში მოხვედრას ჰგავს - ორ ნაბიჯს გადადგამ და პირდაპირ XIX საუკუნის თბილისში აღმოჩნდები. უფრო სწორად, იმ სამყაროში ხვდები, სადაც საქართველოს ისტორიის შთამბეჭდავი ამბებია თავმოყრილი და “VINOTEL-ის პორტალიც” მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ შენობის მესაკუთრემ, ამ საყოველთაო დაშენება-მიშენების ეპოქაში, წარსულის ყველაზე “სწორად წაკითხვა” გადაწყვიტა. VINOTEL-ი დღეს მოიცავს სასტუმროს 13 უნიკალურ ნომერს, რესტორანს რამდენიმე დარბაზით, ისტორიულ მარანს სადეგუსტაციო სივრცით და ექსკლუზიური, ნატურალური ღვინოების კოლექციით იმ მცირე მარნებიდან, რომლებმაც ქართული ღვინო მსოფლიოს გააცნეს.

ისტორიული სახლის ძველი და ახალი ამბები

რამდენადაც მრავალწლიანია VINOTEL-ის შენობის ისტორია, იმდენად ახალგაზრდაა სასტუმრო VINOTEL-ი. ამის მიუხედავად, მას უკვე აქვს სახელი, ავტორიტეტი და საერთაშორისო აღიარება. World Luxury Hotel Awards-მა VINOTEL-ი საქართველოში საუკეთესო ბუტიკის ტიპის სასტუმროდ (The Best Boutique Hotel in Georgia), ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო პატარა სასტუმროდ (The Best Small Luxury Hotel in East­ern Europe) დაასახელა 2017 წელს. მსოფლიოში უმსხვილესი სამოგზაურო საიტის, TripAdvisor-ის მიხედვით, VINOTEL-ის სასტუმრო და რესტორანი 2017 წლის “მოგზაურთა არჩევანია”, გახსნიდან დღემდე სასტუმრო ინარჩუნებს booking.com-ის მომხმარებლების მაღალ შეფასებას - 9.2.

“შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ყველაფერი შენარჩუნებულია: აგურის თაღები, გარე აივნები, ფასადი, ინტერიერი. მხოლოდ უკანა ფასადი არის შემინული, თუმცა ესეც სტილის სრული დაცვით”, - ამბობს ნანუკა ჭანტურია, VINOTEL-ის დირექტორი, რომელმაც გახსნიდან სამ თვეში დაიწყო მუშაობა და მიაჩნია, რომ ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სიახლეებით სავსე ნაბიჯი იყო. სასტუმროში მუშაობა მას VINOTEL-ის დამფუძნებელმა, ბენო ქაშაკაშვილმა შესთავაზა. - “ეს იყო ახალი გამოწვევა და გადავწყვიტე, უარი არ მეთქვა ამ წინადადებაზე. ჩემთვის საინტერესო იყო ეს განსხვავებული კონცეფცია და არასტანდარტული გარემო. როდესაც მუშაობა დავიწყე, ყველაფერს თითქმის საბოლოო სახე ჰქონდა. ეს უკვე იყო დეტალურად დამუშავებული კონცეფცია და გასაშვებად თითქმის მზა პროექტი. შესაცვლელი იყო მცირე ნიუანსები, თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ჩემთვის ცოტა რთული წარმოსადგენი იყო რესტორნის კუთხით მუშაობა, თუმცა ბენო დარწმუნებული იყო იმაში, რასაც აკეთებდა; ყველაფერს ნათლად ხედავდა, ზუსტად იცოდა, რა და როგორ უნდა აგვემუშავებინა. წელიწად-ნახევარია, რაც სასტუმროსთან ერთად რესტორანიც გადმომაბარა...”

50-კაციანი გუნდის მართვისა და ბოლო წლების სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით, ნანუკა ჭანტურია დარწმუნდა, რომ საქართველოში შესაძლებელია, ისწავლო მენეჯმენტი, გაყიდვა, თუმცა ეს მაინც ზოგადი სპეციალობები იქნება. მაგალითად, ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი უნარების განვითარება თითქმის არსად ხდება, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე პროფესიული სასწავლებლის მცდელობას, ეს კი საკმარისი არ არის. ერთ-ერთი გამოსავალია უკვე დასაქმებულთა გადამზადება და ადგილზე სწავლება. დღეს სასტუმროში მუშაობა არის გამოცდილების მიღების ყველაზე დიდი შესაძლებლობა.

“ჩვენთან მუშაობენ მაღალი კლასის პროფესიონალები. მოტივირებული და სტუმრის “ენაზე” მოლაპარაკე გუნდი VINOTEL-ის განსაკუთრებული მიღწევაა. ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ტრადიციისთვის უცხო არ არის სტუმარმასპიძლობა. უბრალოდ, სასტუმროშიც ისე უნდა იღებდე სტუმარს, როგორც ოჯახში. როგორი საერთაშორისო ბრენდიც უნდა იყოს, ის ყველა ქვეყანაში მომსახურე პერსონალით განსხვავდება, ქვეყნის კულტურა ისე არსად ჩანს, როგორც მომსახურების სფეროში. როდესაც პრეტენზია გვაქვს, რომ ქვეყანა საუკეთესოა და დიდი ტურისტული პოტენციალი გააჩნია, ამას სტუმარიც უნდა ხედავდეს. ამ წარმოდგენის შესაბამისი უნდა იყოს მომსახურებაც”.

როგორც ნანუკა ჭანტურია ამბობს, VINOTEL-ი ბაზარზე მოიაზრება როგორც ბრენდი, რომელიც ხელმისაწვდომია ეკონომსეგმენტისთვისაც, ნატურალური ღვინო თუ ნებისმიერი მომსახურება სხვადასხვა მოთხოვნილების შესაბამისია. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს VINOTEL-ის რესტორანი, რომლის სამზარეულო მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, სოფლიდან შემოტანილი პროდუქტებით მარაგდება. VINOTEL-ის მარანიც მეტწილად ნატურალური ღვინის მწარმოებლებთან თანამშრომლობს. სტუმართა უსაყვარლესი ადგილია სადეგუსტაციო სივრცე, სადაც კიდევ ერთი დიდი თავგადასავალია ღვინის ექსპერტთან ურთიერთობა - სასურველი გემოსა და არომატის აღმოჩენის სიამოვნება.

ღვინო, მთა და გუნდის შესაძლებლობა

VINOTEL-ის დირექტორისთვის დიდი პასუხისმგებლობა აღმოჩნდა რესტორნის მართვა. როგორც თვითონ ამბობს, “სტუმარი ღვთისაა” და ნებისმიერი სტუმარი კმაყოფილი უნდა იყოს მომსახურებით, სულ მცირე, მიღებული ინფორმაციით მაინც. დარწმუნებულია, რომ დღეს VINOTEL-ს აქვს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და ეკოლოგიურად ჯანსაღი სამზარეულო. ის, თუ როგორ მუშაობს რესტორანი, მარანი თუ სასტუმრო, არის VINOTEL-ის მთელი გუნდის ერთობლივი მუშაობის შედეგი. შეფ-მზარეული, სომელიე, სასტუმროს მფლობელი, დირექტორი თუ ნებისმიერი სხვა თანამშრომელი - ყველა თანაბრად ინაწილებს პასუხისმგებლობას და ერთმანეთს ენდობა.

“ერთმანეთს ვეკითხებით, ერთმანეთს ვავსებთ, ვახალისებთ და ვასწავლით. პირადი ურთიერთობა თანამშრომლებთანაც და სტუმრებთანაც დიდ როლს თამაშობს. ბენომ მოაწყო ეს სახლი და მერე ის ყველას სახლად აქცია! ბენოა ასეთი, გენდობა, როცა ის შენთან თანამშრომლობას იწყებს, სრულ თავისუფლებას გაძლევს...”

ბენო ქაშაკაშვილს იმაზე გაცილებით ადრე იცნობდნენ საქართველოში, ვიდრე VINOTEL-ის იდეა გაჩნდებოდა. VINOTEL-ის სივრცეში მთასთან დაკავშირებულ არაერთ მინიშნებას იპოვის დაკვირვებული თვალი, იქნება ეს მწვერვალები ფერწერულ ტილოებზე თუ ვიტორიო სელას კავკასიონის პირველი ფოტოები. მთამსვლელ ბენო ქაშაკაშვილს მიაჩნია, სწორედ მწვერვალები აძლევს მას იმ ძალას და იდეებს, რაც ამ ბიზნესშია საჭირო. ნამყოფია დაახლოებით 200 მწვერვალზე, მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, ასულია არაერთ შვიდიათასიან მწვერვალზე და გავლილი აქვს ურთულესი ტექნიკური მარშრუტები კავკასიონზე, ტიან-შანზე, იოსემიტაზე, ჰიმალაებში. ის ერთადერთი ქართველია, რომელმაც შეასრულა ამერიკული პროგრამა “7 summits”. ბენო ქაშაკაშვილი იყო პირველი ქართული ექსპედიციის ხელმძღვანელი ევერესტზე; პირველი რუსულ-ქართული ექსპედიციის მონაწილე და ხელმძღვანელი ჰიმალაის რვაათასიან მწვერვალ ლხოცზეზე; მისი მონაწილეობით ანტარქტიდაზე პირველად განხორციელდა იტალიურ-ქართული ასვლა მწვერვალ ვინსონზე. გადაღებული აქვს რამდენიმე დოკუმენტური ფილმი. მოსკოვის საერთაშორისო ექსტრემალური ფილმების ფესტივალის გამარჯვებულია მისი ფილმი “რანდევუ ელ-კაპიტანთან”. არის საერთაშორისო “ფონდი იშვილე კოშკის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე. ორგანიზაცია იტალიელებთან ერთად დაფუძნდა. როგორც ბენო ქაშაკაშვილი ამბობს, იდეა, რომელიც VINOTEL-ის შენობაში თავიდანვე იდო, დღესაც ამართლებს:

“ღვინის თემა ჩადებული იყო ამ სახლში და მის ისტორიას მოჰყვებოდა. მორალისა და კანონის თვალსაზრისითაც, ღვინის იდეა არ უნდა დაკარგულიყო. როგორიცაა თბილისი, ისეთი გამოვიდა VINOTEL-იც: ზოგან ცოტა აზიაა და ბევრი ევროპა, ზოგან პირიქით. ჩინური კუთხეცაა, “აბრეშუმის გზის” აქცენტით. უმთავრესი კი ისაა, რომ მთავარი არ დაგვიკარგავს - ჩინურს უყურებ, აზიურს თუ ევროპულს, იცი, რომ საქართველოში ხარ. დიდი გეგმები გვაქვს, ვფართოვდებით. სულ მალე VINOTEL-ის ბრენდი ღვინის წარმოებაშიც მოკრძალებულ, მაგრამ ღირსეულ სიტყვას იტყვის. უახლოეს მომავალში ავაშენებთ მარანს სოფელ ართანაში, სადაც უკვე გვაქვს უნიკალური ვენახი და ვაზის ჯიშების ფართო სპექტრი. ისე, მეღვინეობა და მთამსვლელობა ერთმანეთს ძალიან ჰგავს. შეიძლება ყველაფერი ზედმიწევნით კარგად იცოდე, პროფესიონალი და თავდადებული იყო; წლები ემზადო, პრინციპებს არ უღალატო, და მაინც არ გაგიმართლოს, ბუნებაზე ხარ დამოკიდებული... მე მიმართლებს, ძალიან მადლიერი ვარ ღმერთის, ქვეყნის და მეგობრების. ვისთანაც ერთად წარმატება და გამარჯვება მერგო, ყველა ღირსეული და წესიერი ადამიანია. აქ ყველა მნიშვნელოვანია - გუნდიც და სტუმარიც. ნამდვილი დღესასწაული იყო, როდესაც ღვინის 21 მაგისტრი გვსტუმრობდა მთელი მსოფლიოდან. მგონია, რომ ჩვენზეა ნათქვამი: “კარგ მთქმელს, კარგი გამგონი უნდაო”. განსაკუთრებული სტუმარი მაინც ჩემი მეუღლეა. მისთვისაც და ჩემთვისაც უძვირფასესია აქაურობა და კიდევ... მთა! იქ დავმეგობრდით და დღემდე თანამოაზრეები ვართ. VINOTEL-ის პროექტი 2008 წელს თითქმის მზად მქონდა და ომიც დაიწყო. რამდენიმე თვეში გავაქირავე და მხოლოდ სამი წლის წინათ დავუბრუნდი ამ იდეას. ნანუკა ძალიან კარგი მენეჯერია, მან დასაწყისში დაშვებული შეცდომები გამომასწორებინა. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ნდობის ფაქტორი. მთამსვლელობაც და მეღვინეობაც გუნდური და ინდივიდუალური ცხოვრების წესია. ყველა გუნდს ლიდერი სჭირდება. ორივეგან დიდია ცდუნებაც და გამოცდაც, ამიტომ განსაკუთრებული ადამიანები განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ და განსაკუთრებულ პროდუქტს ქმნიან”.

ნანუკა ჭანტურიას სტუმარმასპინძლობის სფეროში მუშაობის ექვსწლიანი გამოცდილება აქვს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სოციოლოგიის მიმართულებით და მიღებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეორეული სპეციალობა. მუშაობს 17 წლის ასაკიდან. პირველივე კურსიდან მონაწილეობდა დასაქმების სხვადასხვა პროგრამაში. პარალელურად მუშაობდა სარეკლამო კომპანიაში გაყიდვების მენეჯერად; არასამთავრობო ორგანიზაციაში, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დახმარების ცენტრში. ბოლოს მუშაობდა ერთ-ერთ სასტუმროში. დღეს ფიქრობს, რომ ყველაფერმა, რასაც VINOTEL-ამდე აკეთებდა, თავისი როლი ითამაშა მის, როგორც ძლიერი მენეჯერის, ჩამოყალიბებაში და ამ გამოცდილებას ახლა დიდი ფასი აქვს.

პირველი ხელფასი და სიახლეებით სავსე სივრცე

ნანუკა ჭანტურია მთელი გატაცებით საუბრობს VINOTEL-ზე, კიდევ იმაზე, რომ ძალიან უყვარს მუსიკა, კინო დიდ ეკრანზე, მოგზაურობა და არქიტექტურა. ჰო, ღვინოც შეუყვარდა, უფრო სწორად, VINOTEL-ში ის სხვანაირად დაინახა და დააფასა. ამბობს, რომ VINOTEL-ი საქართველოს მინიმოდელია და მისთვის, ვისაც ქვეყნის გაცნობა უნდა, აქ სტუმრობა საუკეთესო დასაწყისია. სტუმრებს განსაკუთრებით მოსწონთ, როცა მათ პირად ექსკურსიას უწყობენ და უყვებიან ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ქვევრის უძველეს თუ უახლეს ამბებს, აზიისა და ევროპის შესაყარზე გაშენებული ქვეყნის ტრადიციებსა და ქართული სამზარეულოს ნიუანსებს.

“VINOTEL-ი სიახლეებით სავსე სივრცეა, ყოველი დღე განსხვავებულია თავისი სტუმრებითა და მრავალფეროვნებით. თუმცა ყოველთვის არსებობს ახლის გაგებისა და წინსვლის შესაძლებლობა. მაგისტრატურაც დავამთავრე ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. სამწუხაროდ, უცხოეთში სასწავლებლად ვერ წავედი. დავოჯახდი, ბავშვები გაჩნდნენ და საზღვარგარეთ სწავლის შანსები შემცირდა, თუმცა გეგმები მაქვს. ამ ეტაპზე თავისუფალი დრო ცოტაა და თუ მაქვს ხოლმე, მას ჩემს ორ გოგონასთან ვატარებ, ჩემს პატარა “ელემენტებთან”, მათთან ჩახუტება ჩემთვის არის ყველაზე დიდი ძალა და მუხტი. მეც და ჩემი

მეუღლეც შვილებთან ურთიერთობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. მაქსიმალურად ჩართული ვართ მათ ცხოვრებაში. ძალიან გვეხმარება და გვერდში გვიდგას ჩვენი დიდი ოჯახი, მათ გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა. 19 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ჩამაბარეს მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩატარება და ჩემი პირველი ანაზღაურება იყო 7 ლარი. შეიძლება კაცისთვის ასე ცოტას გადახდა ვერ გაებედათ, მაგრამ ამის გამო უკან არ დამიხევია. სულ ვამბობ, რომ ქალები უფრო უნდა გააქტიურდნენ; უნდა გადალახონ შიში და საკუთარი თავის ირწმუნონ; უნდა უყვარდეთ ის, რასაც აკეთებენ”.

როგორც VINOTEL-ის დირექტორი აღნიშნავს, ტურისტებთან ერთად აქ ხშირად მასპინძლობენ როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს ბიზნესწრეების, კულტურისა თუ პოლიტიკის სფეროს გავლენიან წარმომადგენლებს. VINOTEL-ი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, სოლიდარობის ფონდის პირველი სასტუმრო-პარტნიორია, მონაწილეობს ბორჯომის ტყე-პარკის აღდგენის, სვანური კოშკების გადარჩენის, აუტიზმთან დაკავშირებულ და სხვა პროექტებში.

“კონკურენტები?.. კონკურენტები “არ გვყავს”... ვფიქრობ, ჩვენი კონკურენტები მსხვილი კომპანიებია, რომელთაც ჩვენი 13 ოთახი, პატარა მარანი, ტერასა და რესტორანი მხოლოდ მცირე, მაგრამ უნიკალურ სტუმრებს აკარგვინებს, ამიტომ მათ კონკურენტებად კი არა, პარტნიორებად განვიხილავთ”, - ამბობს ნანუკა ჭანტურია.

დაბოლოს, ისევ “VINOTEL-ის პორტალი”. სასტუმრო “უხილავი” თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, ინტერიერს კი ძველებური, დახვეწილი ავეჯი ამშვენებს. უშპალერო, ხელით დამუშავებული კედლები, აგურის შეულესავი თაღები, ხალიჩები და ფარდაგები, ხელით მოხატული ჭერი, საგანგებოდ დაცული არქეოლოგიური ექსპონატები და ხელოვნების ნიმუშები, ქვისა და ხის ჰარმონიული მონაცვლეობა - აქ ყველაფერი პირვანდელი სახითაა შენარჩუნებული, ან პირვანდელის ზუსტი ასლია. და კიდევ, აქ ნახავთ სასტუმრო “ლონდონის” ისტორიულ მისაღებს, მის წინ ახლაც ისე დგანან, როგორც ძველ “ლონდონში” და ზარიც ზუსტად ისე წკარუნებს, თითქოს ერთი დღეც არ გასულა კნუტ ჰამსუნის ან გერტრუდ ბელის თბილისში სტუმრობიდან.

VINOTEL ნანუკა ჭანტურია სასტუმრო ვინოტელი

წინა სტატია

დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: ჩემს ახალ სამსახურში ბედნიერი ვიქნები?
22 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

Moody’s Assess Georgia’s Economy
22 მარტი, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა