ყველაზე მოგებიანი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში

ყველაზე მოგებიანი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში

2017 წელს სადაზღვევო კომპანიების მოგება 2016 წელთან შედარებით, 1.5 მლნ ლარით გაიზარდა და კომპანიების წმინდა მოგებამ 20.3 მლნ ლარი შეადგინა. საქართველოში 2017 წელს 16 სადაზღვევო კომპანია ოპერირებდა, მათგან 7-მა კი წელი ზარალით დაასრულა.

ყველაზე ზარალიანი წელი პსპ დაზღვევისთვის აღმოჩნდა, რომელმაც გასული წელი 4 488 096 ლარის ზარალით დაასრულა. ზარალიანი იყო წელი იმედი L-სთვისაც, კომპანიამ წელი  3 012 959 ლარის ზარალით დაასრულა. 1 518 821 ლარის ზარალით დაასრულა წელი Global Benefits Georgia-მ. 215 897 ლარის ზარალი მიიღო საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარამ. 485 207 ლარი იყო სადაზღვევო კომპანია აი სი ჯგუფის ზარალი. 27 746 ლარის ზარალი მიიღო ირაომ. სადაზღვევო კომპანია პრაიმმა კი წელი 147 890 ლარის ზარალით დაასრულა.

რაც შეეხება ბაზრის ყველაზე მოგებიან მოთამაშეებს, წლის განმავლობაში ყველაზე მეტი მოგება ალდაგმა მიიღო და მან 16 მლნ ლარს გადააჭარბა. მას მოსდევს GPI ჰოლდინგი 6.7 მლნ ლარით და არდი 2.8 მლნ ლარით.

გასულ წელს  სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება შემდეგი იყო:

  • ალდაგი – 16 457 056 ლარი
  • GPI – 6 713 074 ლარი
  • არდი – 2 186 986 ლარი
  • უნისონი – 1 399 964 ლარი
  • თიბისი დაზღვევა – 1 109 007 ლარი
  • ტაო – 845 454 ლარი
  • ალფა – 771 578 ლარი
  • საქართველოს სადაზღვევო  ჯგუფი – 396 101 ლარი
  • ქართუ – 359 023 ლარი

ბოლო ოთხი წელია ქართული სადაზღვევო სექტორი მოგებაზე გადის. შედარებისთვის: 2016 წელს კომპანიების წმინდა მოგება 18.8 მლნ ლარს შეადგენდა, 2015 წელს 2.6 მლნ ლარს, ხოლო 2014 წელს კი 40.3 მლნ ლარს. 2013 წელი სექტორმა 3.2 მლნ ლარის ზარალით დაასრულა, ხოლო 2012 წელი კი 7.2 მლნ ლარის ზარალით, 2011 წელს სექტორის ზარალი 22 მლნ ლარს აღემატებოდა. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურმა კომპანიების 2017 წლის ფინანსური მაჩვენებლები უკვე გამოაქვეყნდა, თუმცა საერთო სურათში, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები შევიდეს, რადგან როგორც უწყებაში განმარტავენ ზოგიერთი კომპანიის მონაცემის დაზუსტება მიმდინარეობს.

საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიების აქტივები 580,2 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო კაპიტალი 154 მლნ ლარს. მოზიდული სადაზღვევო პრემიით GPI ლიდერობს (102,7 მლნ ლარი), მას მოსდევს ალდაგი (90 მლნ ლარი) და იმედი L (51.7 მლნ ლარი).  2017 წელს ყველაზე მეტი სადაზღვევო ზარალი კომპანია GPI-მ აანაზღაურა და მან 61 მლნ ლარს გადააჭარბა. მას მოსდევს იმედი L 43.7 მლნ ლარით და ალდაგი 35.4 მლნ ლარით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *