კონტრაქტები, კონტრაქტები, კონტრაქტები

მაისში მასშტაბური ქართულ-ბრიტანული სავაჭრო მისია იგეგმება. გაერთიანებული სამეფოს სპეციალური წარმომადგენელი სავაჭრო საკითხებში მარკ პრიტჩარდი ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობასთან იმ თემებსა და სფეროებს ათანხმებს, სადაც ყველაზე მაღალი საინვესტიციო ინტერესია.

2021 წლიდან ბრექსიტი სრულად შევა ძალაში. გაერთიანებულ სამეფოს ამ დროისთვის გარდამავალი პერიოდიც გავლილი ექნება და კანონმდებლობაც – ბოლომდე გამიჯნული. ევროკავშირის დატოვების შემდეგ, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს, თუ ქვეყნებს ერთმანეთთან ვაჭრობისა და საინვესტიციო აქტივობის შენარჩუნება სურთ.

როგორც გამოჩნდა, საქმიანი ურთიერთობების გაგრძელების სურვილი ორივე ქვეყანას აქვს: გასული წლის სექტემბერში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ საქართველოში ვაჭრობის საკითხებში ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენელი მოავლინა. ეს პოსტი პირველს, ბრიტანეთის პარლამენტის წევრს, მარკ პრიტჩარდს ერგო.

მარკ პრიტჩარდი 12 წელზე მეტია, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტარია. სხვადასხვა დროს ის იყო ევროპის საბჭოს წევრი, გაერთიანებული სამეფოს დელეგატი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში, ნამყოფია ერაყსა და ავღანეთში.

მარკ პრიტჩარდის მსგავსად, გაერთიანებულ სამეფოს კიდევ 29 სავაჭრო წარმომადგენელი ჰყავს 50 ქვეყანაში. მათ შორის არიან საქართველოს უშუალო მეზობლებიც – აზერბაიჯანი, თურქეთი და სომხეთი. სომხეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებასაც მარკ პრიტჩარდი უძღვება.

50-ვე ქვეყანა რამდენიმე საერთო კრიტერიუმს აკმაყოფილებს: განვითარებადია და გაერთიანებულ სამეფოს აქ იდენტიფიცირებული აქვს მნიშვნელოვანი სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალი. ტერეზა მეის სპეციალური წარმომადგენლების მთავარი მიზანია ამ ქვეყნებთან უკვე არსებული სავაჭრო თუ საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავება და ორმხრივი ვაჭრობის მაქსიმიზება.

ჯერ ერთი წელიც არ გასულა და მარკ პრიტჩარდი უკვე მიმდინარე წლის მაისში საქართველოში დაგეგმილ სავაჭრო მისიაზე საუბრობს. თბილისში ამ ჯერზე მოკლე ორდღიანი საქმიანი ვიზიტით ჩამოვიდა. გრაფიკი გადატვირთული აღმოჩნდა: შეხვედრები ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა მინისტრებთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან და ბათუმისა და ქუთაისის მერებთან. ცხადია, არც კერძო სექტორი დარჩენილა მარკ პრიტჩარდის ყურადღების მიღმა: ორდღიანმა ვიზიტმა დაიტია შეხვედრები ადგილობრივ მსხვილ ბიზნესებთან და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან.

ქართულ Forbes-თან ექსკლუზიური ინტერვიუც ორდღიანი საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ჩაინიშნა.  

მოგესალმებით, ბატონო მარკ. დიდი მადლობა, დრო რომ გამონახეთ. მოდი, თავიდანვე გამოვკვეთოთ, რომელ სფეროებს აქვთ ყველაზე მაღალი სავაჭრო თუ საინვესტიციო პოტენციალი საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის?

ასეთი უდავოდ არის ფინანსური სექტორი და საბანკო სფერო. გაერთიანებული სამეფო საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში დაეხმარება. საკამათო არ არის, რომ ლონდონის საფონდო ბირჟა ძალიან დიდი საერთაშორისო გამოცდილებაა იმ ქვეყნებისთვის, რომელთათვისაც კაპიტალის ბაზრების განვითარება მნიშვნელოვანი ამოცანაა.

კიდევ ერთი სფერო, სადაც დიდ პოტენციალს ვხედავთ, ინფრასტრუქტურაა და ამ სფეროში პროექტების განხორციელება ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენს. 

რატომ ფიქრობთ, რომ საქართველოს  დღეს კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე აქცენტის გაკეთება სჭირდება? რას მისცემს მას საკუთარი საფონდო ბირჟა? თქვენ ლონდონის საფონდო ბირჟა ახსენეთ და მსხვილი კომპანიები სწორედ მასზე აკეთებენ სწორებას.

ბანკები ნამდვილად ძალიან წარმატებულები არიან ლონდონის საფონდო ბირჟაზე. თუმცა თუ საქართველოს სურს, განაგრძოს ეკონომიკური ზრდის აღებული გეზი და თან მეტი ინვესტიცია მოიზიდოს არა მხოლოდ სერვისების, არამედ ეკონომიკის სხვა დარგებშიც, მაშინ მცირე კომპანიებსაც უნდა ჰქონდეთ თანხის მოზიდვისა და, შესაბამისად, ზრდის შესაძლებლობა. კაპიტალის ბაზრის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოს საპენსიო რეფორმასაც, რადგან ქართველ ხალხს მიეცემა შესაძლებლობა, საკუთარი დანაზოგები ადგილობრივად დააბანდოს. ამდენად, საქართველო მოგებული დარჩება როგორც არსებული კომპანიების, ისე ახალი კომპანიების ზრდით და მომავალში პენსიების ადვილად გასტუმრებით.

კარგია, რომ საპენსიო რეფორმა ახსენეთ. დღეს ეს ერთ-ერთი ყველაზე საკამათო რეფორმაა. რატომ უჭერთ თქვენ მხარს ამ რეფორმას ქვეყანაში, სადაც ინსტიტუტები ჯერ კიდევ არ არის ძლიერი, რაც ზრდის იმის რისკს, რომ დღეს დამზოგველებმა მომავალში პენსია საერთოდ ვერ მიიღონ? ამ რისკს ვერ ხედავთ?

რისკი ახსენეთ და ჩემი პოზიცია ასეთია: საქართველოს სჭირდება რაიმე ტიპის საპენსიო რეფორმა და დღეს ამ მიმართულებით უმოქმედობა უფრო მაღალი რისკია, ვიდრე ნაბიჯების გადადგმა. თუმცა ამ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ სწორი რჩევები მიიღოს სწორი მრჩევლებისგან. ლონდონს კი ნამდვილად გააჩნია ეს გამოცდილება: ვერავინ უარყოფს, რომ დღეს ის არა მხოლოდ მთელი ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს პენსიების დედაქალაქია. შესაბამისად, ის რჩევები, რასაც მთავრობა ჩვენი გამოცდილების საფუძველზე მიიღებს, ნამდვილად ღირებული იქნება. მე ვცდილობ, სწორედ ამ პროცესს შევუწყო ხელი. იმედი მაქვს, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი იქნება სავაჭრო მისიაზეც, რომელსაც 2018 წლის მაისის ბოლოსკენ ვგეგმავთ.

შეგიძლიათ, მეტი დეტალი გვითხრათ ამ მისიაზე?

როგორც უკვე აღვნიშნე, ამ მისიის მთავარი აქცენტი იქნება ფინანსური სერვისების განვითარება, საბანკო სექტორთან თანამშრომლობა და საპენსიო რეფორმა. ამ თემებზე ჩემი ვიზიტის დროსაც ვისაუბრებ ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან და გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან და ადრეც ბევრი გვისაუბრია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ შეხვედრებს ფოტოების დასაგროვებლად არ ვმართავ. ვმართავ იმისთვის, რომ ხელშესახები შედეგები მივიღოთ. ნელ-ნელა ვუახლოვდებით ამ შედეგებს და უფრო ღრმა დეტალებს ვამუშავებთ. მაგრამ ეს ნაბიჯ-ნაბიჯ გასავლელი პროცესია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადავდგათ ეს ნაბიჯები, გამოვკვეთოთ ძირითადი სექტორები. ახლა სწორედ ამას ვაკეთებთ და იმედი მაქვს, ეს პროცესი წარმატებით დასრულდება.

ბრიტანული კომპანიების მხრიდან ჩანს ინტერესი ამ მისიის მიმართ?

ბრიტანული კომპანიების ინტერესი უკვე ძალიან მაღალია – ზოგი კომპანია საქართველოში ნამყოფია და ისევ ბრუნდება, ნაწილი კი პირველად ჩამოვა ამ ქვეყანაში – ეს კარგი ამბავია როგორც საქართველოსთვის, ისე გაერთიანებული სამეფოსთვის.

კიდევ რომელი სფეროებია საინტერესო ბრიტანული ინვესტიციებისთვის? ფინანსური სექტორი უკვე დაასახელეთ.

სავაჭრო მისია, სავარაუდოდ, კიდევ სამ სფეროზე კონცენტრირდება. მათ შორისაა პროფესიული განათლება: ამ კუთხით განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ ტურიზმის სექტორზე. მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ზრდის ის მაღალი ტემპი, რასაც ამ სექტორში მიაღწია და კიდევ უფრო მეტად აითვისოს ამ სექტორში არსებული პოტენციალი. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მიზნების დასახვა ტურიზმის სექტორში სერვისის გასაუმჯობესებლად და არა მხოლოდ თბილისში ან ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა ბათუმი ან ქუთაისი, არამედ მცირე ზომის ქალაქებშიც იმისთვის, რომ ეს ვიზიტები ერთჯერადი არ იყოს და ტურისტებს საქართველოში დაბრუნება კვლავ მოუნდეთ. კიდევ ერთი სექტორი, რომელთან დაკავშირებითაც ჯერ დისკუსია გრძელდება, შეიძლება იყოს რიტეილიც – აი, მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს ბაზარზე „ბენტლი“ შემოვიდა და უკვე ძალიან კარგად იყიდება; საქართველოს ბაზარზეა „ბარბერი“, „ვეჯვუდი“, ცოტა ხანში გამოჩნდება „მუნსუნიც“ - ბევრი რიტეილერი ინტერესდება საქართველოთი და ვინც უკვე არის წარმოდგენილი ამ ბაზარზე, ისინი ძალიან წარმატებულები არიან. ამდენად, ამ სექტორშიც იკვეთება თანამშრომლობის შესაძლებლობები. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სფერო ინფრასტრუქტურა და ის ძალიან დინამიკური განვითარებაა, რასაც ჩვენ ამ მიმართულებით ვაკვირდებით თქვენს ქვეყანაში. ამ სფეროთი შეიძლება დაინტერესდნენ არა მხოლოდ საინჟინრო კომპანიები, არამედ  საკონსულტაციო ფირმები, დაგეგმარების კომპანიები და მათი არქიტექტორები, გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე კონსულტანტები...

ამ კუთხით უკვე გამოკვეთილია კონკრეტული პროექტები, რითაც შეიძლება ბრიტანული კომპანიები დაინტერესდნენ?

დიახ, გამოკვეთილია. ინტერესის სპექტრი საკმაოდ ფართოა – გზებით დაწყებული, ჰიდროენერგეტიკით დასრულებული. თუმცა, ცხადია, ყველაფერი მოლაპარაკების თემაა.

რამდენად ადვილი იქნება გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს სავაჭრო თანამშრომლობა, თუ გავითვალისწინებთ ბრექსიტს? საინტერესოა თქვენი შეხედულება: როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს საქართველოს ამ მოვლენის მიმართ – როგორც შესაძლებლობის თუ როგორც გამოწვევის? 

პირადად მე ევროკავშირში დარჩენას მივეცი ხმა, მაგრამ ბრიტანელმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის დატოვება სურს. ჩვენ დემოკრატია ვართ და პატივს ვცემთ ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, შესაძლებლობები გამოჩნდება – განსაკუთრებით, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ამ მიმართულებით აქტიურად ვართ ჩართულები მეც და ბრიტანეთის საელჩოც.

გაერთიანებული სამეფო ტექნიკურად ინარჩუნებს ევროკავშირის წევრობას 2019 წლის მარტამდე...

დიახ. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, გარდამავალი საიმპლემენტაციო პერიოდი იქნება, რომელიც 2021 წლის მარტამდე გასტანს. ბრექსიტის შემდეგაც კი ჩვენ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანა ვიქნებით. რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოსთან ვაჭრობას, არც ერთი მიზეზი არ არსებობს იმისა, თუ რატომ ვერ უნდა განაგრძონ საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ აქტიური ბიზნესურთიერთობები, თუნდაც ამ გარდამავალ პერიოდში, როდესაც ევროკავშირიდან გასვლას დავიწყებთ და რატომ არ უნდა გააუმჯობესონ სავაჭრო თუ საინვესტიციო კავშირები მას შემდეგ, რაც ბოლომდე დავტოვებთ ევროკავშირს.

გაერთიანებულ სამეფოს რა ტიპის ეკონომიკური ურთიერთობები ექნება ევროკავშირთან? ვიცით, რომ ბრიტანეთის პარლამენტმა სპეციალურად მიიწვია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის საკონსულტაციო კომპანია „რეფორმატიქსი“ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების დეტალურად გასაცნობად...

ვფიქრობ, ასოცირების დღის წესრიგი და შეთანხმებები ამ კუთხით თვისებრივად არ შეიცვლება. ასევე ვფიქრობ, რომ დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობა უჩნდება როგორც გაერთიანებულ სამეფოს, ისე საქართველოს. ბრექსიტის შემდეგ  გაერთიანებულ სამეფოს უფრო მეტი თავისუფლება ექნება, მოლაპარაკებები აწარმოოს საქართველოსთან და მოლაპარაკებებში სექტორის გაცილებით უფრო ფართო ჩამონათვალი ჩართოს, ვიდრე ამის შესაძლებლობას დღეს მოქმედი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი შეთანხმება იძლევა. გაერთიანებული სამეფო ტოვებს ევროკავშირს, მაგრამ არა – ევროპას.

კონკრეტულად გაერთიანებულ სამეფოს თუ ავიღებთ, რამდენად მაღალია საქართველოს ცნობადობა, რამდენად იცნობენ ინვესტორები ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს?

საქართველოს ლონდონში საუკეთესო საელჩო ჰყავს, ძალიან აქტიური გუნდით. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკურენტული გარემოს გათვალისწინებით, საქართველოს მინისტრები ჩადიან გაერთიანებულ სამეფოში და ჩვენი მინისტრებიც ჩამოდიან საქართველოში. მეც, როგორც სავაჭრო ატაშე, ძალიან თბილად მიმიღო საქართველომ.

გლობალური კონკურენცია ახსენეთ და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს საქართველო, რომ ბრიტანული ინვესტიციებისთვის კონკურენტულად ჩაითვალოს?

საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ღია და გამჭვირვალე ქვეყნის იმიჯი: ინვესტორმა კომპანიებმა უნდა იცოდნენ, რომ თუ თავიანთ თანხებს საქართველოში დააბანდებენ, მათი ინვესტიციები და აქტივები დაცული იქნება და თუ დავა მაინც წარმოიშვება, მაშინ მათ შესაძლებლობა ექნებათ, საქმე წაიღონ სასამართლოში, სადაც მას განიხილავენ მიუკერძოებლად, სამართლიანად და, რაც მთავარია, დროულად. მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი საქმეების განხილვა უსასრულოდ არ გაჭიანურდება. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო „ომეგა ჯგუფში“ შემავალ კომპანიებთან დაკავშირებული სარჩელები. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ტიპის ბიზნესდავებს სათანადო ყურადღება მიექცევა და ისინი სამართლიანად გადაწყდება. ამით ინვესტორები მიიღებენ გზავნილს, რომ ასეთი ბიზნესდავები იშვიათია, ხოლო როდესაც საქმე დავამდე მაინც მიდის, საკითხი სამართლიანად, დანაშაულის პროპორციულად და დროულად წყდება. ვფიქრობ, ძალიან კარგია, რომ საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა და აქ საგადასახადო წნეხიც გაცილებით დაბალია, ვიდრე დანარჩენ ევროპაში, მაგრამ კონკურენცია მზარდია და საქართველომ უნდა განაგრძოს რეფორმირება ისევე, როგორც ნებისმიერმა ქვეყანამ, ვისაც წარმატების მიღწევა სურს – მათ შორის, გაერთიანებულმა სამეფომაც.

გამოდის, კანონის უზენაესობის გაძლიერება მიგაჩნიათ საქართველოს შემთხვევაში კონკურენტუნარიანობის კიდევ უფრო მეტად ამაღლების მთავარ გამოწვევად. სწორად გავიგე?

მე არ ვაპირებ შიდა პოლიტიკაში ჩარევას. მე სავაჭრო ატაშე ვარ. ასე ვიტყვი: საქართველოს სჭირდება ყველა იმ სფეროში რეფორმების გაგრძელება, რაც ინდივიდებსა და ინვესტორებს საკუთრი ინვესტიციების მეტი დაცულობის განცდას მიანიჭებს როგორც კაპიტალის ბაზრებზე – და იმედი მაქვს, აქამდეც მივალთ – ისე ნებისმიერ სექტორში, იქნება ეს წარმოება თუ სხვა რამ.

საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი?

ეს მთავრობის გადასაწყვეტია, მაგრამ ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ქართველი ხალხისთვის. მიხარია, რომ ქართველებს დღეს უკვე შეუძლიათ უვიზო რეჟიმით სარგებლობა. ამ გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერდი მაშინაც, როდესაც ევროპის საბჭოში ვიყავი, პიროვნულადაც და დღესაც, როდესაც გაერთიანებული სამეფოს პარლამენტს წარმოვადგენ. მხარს დავუჭერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასაც. დარწმუნებული ვარ, საქართველო დამატებულ ღირებულებას შესძენს ევროპულ ოჯახს.

ნელ-ნელა შეჯამებისკენ რომ წავიყვანოთ ჩვენი საუბარი, პრინციპში, ინტერვიუს დასაწყისშიც აღნიშნეთ და ოქტომბერში ქართული „ფორბსისთვისაც” გითქვამთ, რომ „საბოლოოდ ხელში არ უნდა შეგვრჩეს მხოლოდ ლამაზი პრეზენტაციები და უბრალო საუბრები, გვჭირდება ხელშესახები შედეგები“. 2018 წელს ჩანს ასეთი ხელშესახები შედეგები?

რა თქმა უნდა. დღეს საქართველოს მიმართ ბრიტანული კომპანიების ინტერესი იმაზე მაღალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ახლა ჯერი საქართველოსა და ბრიტანეთის მთავრობებზეა. სწორედ მათ უნდა გარდაქმნან ეს საუბრები კონტრაქტებად და ხელშესახებ შედეგებად. ასეთი მაგალითიც გვაქვს: „ანაკლია სიტის“ ტენდერში  ბრიტანულმა კომპანიამ გაიმარჯვა. ეს კარგი ამბავია. საქართველოში ბევრი ბრიტანული კომპანია აწარმოებს ბიზნესს და ეს ჩამონათვალი მხოლოდ გაიზრდება. მომავალში, დარწმუნებული ვარ, მეტი შესაძლებლობა გამოჩნდება. თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს თავისი ღიაობა და გამჭვირვალება. გაუშვას დადებითი გზავნილები ინვესტორებისკენ, მათ შორის, საკანონმდებლო თვალსაზრისით, რომ ბიზნესგარემო მიმზიდველი იყოს ბრიტანელი ინვესტორებისთვის ერთი მხრივ და მეორე მხრივ, სარგებლის მომტანი როგორც ქართველი, ისე ბრიტანელი ხალხისთვის.

როგორ უნდა გავზომოთ სავაჭრო მისიის წარმატება?

როგორც ერთ დროს ბიზნესმენი და დღეს უკვე პოლიტიკოსი გეტყვით: კონტრაქტები, კონტრაქტები, კონტრაქტები.

ჩვენ გირჩევთ

ლუდის ექსპორტიორი ტოპ 10 ქვეყანა

ტურიზმის წილი საქართველოს და მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკებში

ლუდის ექსპორტიორი ტოპ 10 ქვეყანა

ლუდის ექსპორტიორი ტოპ 10 ქვეყანა

მარკ პრიტჩარდი ქართულ-ბრიტანული სავაჭრო მისია გაერთიანებული სამეფო

წინა სტატია

Contribution of tourism to the economy of Georgia and other countries of the world
29 მარტი, 2018

შემდეგი სტატია

გააძლიერე ქალები
30 მარტი, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა