ელისო ბოლქვაძე: არ ვარ ფანატიკოსი პიანისტი, მე თავისუფალი ვარ

ელისოს თეთრი პიჯაკი და შარვალი „თბილისი მარიოტის“ ღია კაფეს ინტერიერს უხდება. მოწნული ავეჯის შინდისფერ ბალიშებზე ელისო კომფორტულად თავსდება. თმა სადად აქვს კეფაზე აწეული. ყელზე ოქროსფერი მრგვალი კულონი ჰკიდია. მგონია, რომ ეს კულონი მისთვის განსაკუთრებული სამკაული უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს ასეთი თვისება: უცხო ადამიანთან შეხვედრისას პირველ რიგში ყურადღებას ვაქცევთ ან ფეხსაცმელს, ან ჩანთას, ან თვალებს... ეს ის შემთხვევაა, როცა არჩევანი არ გაქვს. შეუძლებელია, ყურადღება არ მიაქციო ელისოს ხელებს. ერთი შეხედვით ელისოს სუსტი, ფერმკრთალი ხელები აქვს. მისი ხელების სიფერმკრთალეს ხაზს უსვამს ცისფერი ძარღვები, რომლებიც მის ხელებს სხვა რიგითი ადამიანებისგან განსხვავებით უფრო მეტად ამჩნევია. თუკი უკეთ დააკვირდები ელისოს ხელებს, ხვდები, რომ ეს თხელი და გრძელი ხელის მტევნები სულაც არ არის სუსტი, მეტიც, ელისოს ხელებზე ამობურცული ცისფერი ძარღვები სწორედ იმის მანიშნებელია, რომ ელისოს ძალიან ძალიან ძლიერი ხელები და თითები უნდა ჰქონდეს. სხვანაირად ვერც იქნება. ელისოს თითებიდან წამოსულ ბგერაზე მუსიკალური სამყარო წლების წინ ალაპარაკდა.

მსოფლიოში სახელგანთქმული პიანისტი ელისო ბოლქვაძე თბილისს პარიზიდან ამჯერად მის მიერ დაფუძნებული ბათუმის მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ეწვია. ფესტივალის შესახებ, რომელიც პირველად შარშან ჩატარდა, ცოტათი მოგვიანებით გეტყვით, მანამდე კი თავად ელისოს შესახებ უნდა მოვყვეთ, რომლის ცნობილი პიანისტობაც მწერალმა და ელისოს მამის მეგობარმა გურამ ფანჯიკიძემ ჯერ კიდევ მაშინ იწინასწარმეტყველა, როცა ელისო შვიდი წლის იყო და, როგორც თვითონ მიყვება, ყოველ დაბადების დღეზე, მამისა და მისი მეგობრების თხოვნით, ფორტეპიანოზე კლასიკური მუსიკის შედევრებს ასრულებდა: „7 წლის რომ გავხდი, ჩემს დაბადების დღეზე, გურამმა დაწერა წერილი, ჩადო კონვერტში და მშობლებს უთხრა, 17 წლის რომ გახდება, მაშინ გახსენითო. წერილი მართლაც წლების შემდეგ გავხსენით, სადაც ეწერა, „ეს ბავშვი მსოფლიოს აალაპარაკებსო“, – ასე იხსენებს ელისო პატარა წერილის შინაარსს, რომელიც მისი ცხოვრების ერთგვარ წინასწარმეტყველებად იქცა.

ელისო, რომელსაც არ უყვარდა მეცადინეობა

ელისო ბოლქვაძე 1967 წლის 2 იანვარს ჟურნალისტების ოჯახში დაიბადა. დედა – ნანა დარჩია-ბოლქვაძე ჟურნალ „საუნჯის“ მთავარი რედაქტორი და მთარგმნელი იყო. მამა, ზაალ ბოლქვაძე კი ჟურნალ „ნიანგის“ მთავარი რედაქტორი. როგორც ელისო მეუბნება, მის ოჯახში არავინ იყო განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული, თუმცა ჯერ კიდევ 2 წლის ელისოს უჩვეულო მუსიკალური უნარები მშობლებსა და ოჯახის ახლობლებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ, მით უმეტეს, რომ ელისო ოჯახში ერთადერთი შვილი იყო და მისი განებივრება ოჯახის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს წარმოადგენდა: „ამ ყველაფერზე ახლა სევდიანად მეცინება, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ოჯახისა და ოჯახის მეგობრებისთვის ლამის ამომავალი ვარსკვლავი ვიყავი. ახლა ვხვდები, რომ ძალიან ძნელია, იყო დედისერთა. ყველა და ყველაფერი შენ გარშემო ტრიალებს და ჩნდება რეალური საშიშროება, რომ გამოუსწორებელ ეგოისტად ჩამოყალიბდე. მით უმეტეს, რომ ტაში და ოვაცია არც სახლში მაკლდა და არც სახლს გარეთ. მაგრამ ალბათ ჩემ სასახელოდ უნდა ვთქვა, რომ ამ ოვაციებსა და აღფრთოვანებას ჩემზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. ეს ოვაციები ჩემთვის უბრალოდ მეტი სტიმული იყო, რათა ჩემი საქმე უკეთ მეკეთებინა“, – მეუბნება ელისო და მისი ანთებული თვალების შემხედვარემ, ძნელია მის გულწრფელობაში ეჭვი შეიტანო.

2 წლის იყო ელისო, როცა მშობლებმა ნიჭიერთა ათწლედში მისი მუსიკალური უნარების შესამოწმებლად მიიყვანეს. აღმოჩნდა, რომ მას აბსოლუტური სმენა და ბგერის გასაოცარი შეგრძნება ჰქონდა. ფორტეპიანოს შესწავლა კი სამწლინახევრის ასაკიდან, პიანისტ ეკა მუხაძესთან დაიწყო. მისი მეხსიერებაც აქედან მოდის: „მასთან კვირაში ერთხელ დავდიოდი. უნდა ვაღიარო, რომ არც მაშინ და არც მას მერე არასდროს მყვარებია მუსიკის მეცადინეობა. დიდი ხვეწნა-მუდარა მჭირდებოდა, რომ სამეცადინოდ დავმჯდარიყავი. მეც სხვა ბავშვებივით მიყვარდა ეზოში სირბილი, ბურთით თამაში. დედა და ბაბუა გამუდმებით კუდში დამდევდნენ, დაჯექი, იმეცადინეო, მე კი პატარა ვიყავი და ჩემი ფიქრები ჩემს მეგობრებს დასტრიალებდა“, – მეუბნება ელისო და ერთ საიდუმლოსაც მიმხელს, რომელიც იქნებ არც არის საიდუმლო, თუმცა მე ამის შესახებ არასდროს მსმენია: „ყველას ჰგონია, რომ ძალიან ბეჯითი ვარ. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ საშინლად არ მიყვარს მეცადინეობის პროცესი. რაღაც სასწაული უნდა ხდებოდეს, რომ დავჯდე და საათები გავატარო ინსტრუმენტთან“, – ჯიუტი და ცელქი მოსწავლის ტონით ლაპარაკობს მსოფლიოში ცნობილი პიანისტი, რომელმაც ახლა ჩემ თვალწინ დაამსხვრია სტერეოტიპი იმისა, რომ თუ გინდა, წარმატებული მუსიკოსი იყო, მეცადინეობით თავი უნდა მოიკლა.

სირთულე, როგორც გადასალახი ბარიერი და არა შიში

მუსიკალურ ათწლედში შესვლისთანავე ჩაერთო ელისო სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში. პირველი მნიშვნელოვანი წარმატება ელისომ ამიერკავკასიის მასშტაბით ჩატარებულ კონკურსში მოიპოვა. მაშინ მან მცირე ასაკის გამო არასაკონკურსო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და მსმენელისთვის შოპენის პოლონეზი დაუკრა. წარმატებებს წარმატებები მოჰყვა და ამ წინსვლით გულმოცემულმა პატარა პიანისტმა ერთ მშვენიერ დღეს, დასასვენებლად წასულ მშობლებს გამოუცხადა, რომ ის ლაიფციგში, ბახის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობას აპირებდა. ასეც მოიქცა. სულაც არ შეუშინდა იმას, რომ მასთან ერთად კონკურსში მასზე გაცილებით დიდი ასაკის პიანისტები მონაწილეობდნენ. ბახის კონკურსში ელისომ მეექვსე ადგილი დაიკავა, რაც მისი ასაკის პიანისტისთვის დიდ მიღწევად ითვლებოდა, თუმცა არა პირადად მისთვის: „მივხვდი, რომ უფრო დიდი წარმატება კიდევ უფრო დიდი შრომის შედეგად მოდის. მაგრამ მე ვარ ადამიანი, რომელსაც სირთულეები იშვიათად მაშინებს. სირთულე ჩემთვის არა შიში, არამედ გადასალახავი ბარიერია. ჩემი ეს ხასიათი კონკურსებმაც გამოავლინა. მივხვდი, რომ მე ვარ ძლიერი ადამიანი, კონკურენციის არ მეშინია და პირიქით, ეს მეტ ჟინს მმატებს“, – მეუბნება ელისო ბოლქვაძე.

თითოეულ ინტერვიუში არის მომენტები, რომლებიც ჟურნალისტს განსაკუთრებით ამახსოვრდება. ფრაზები, რომლებსაც ახლა წაიკითხავთ, სწორედ ასეთი განსაკუთრებულია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. თქვენ შესაძლოა ინტერვიუს სულ სხვა ადგილები ამოირჩიოთ. ელისო სცენის ჯადოქრობაზე ლაპარაკობს: „იცით, მე რა მიყვარს? მე ის მიყვარს, რაც სცენაზე იბადება, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ეს დაბადება ყოველთვის ვერ ხდება. ეს იშვიათი შემთხვევაა. და ამ იშვიათ შემთხვევებში სცენაზე ისეთი რამ წარმოიქმნება, რაც არასდროს დაიბადება სახლში, რეპეტიციაზე. სცენაზე დაკვრის პროცესში მე თვითონაც ვერ ვაცნობიერებ, სად ვხვდები, რომელ განზომილებაში ვინაცვლებ. მუსიკა, ნოტები, ხალხი – ამ დროს მუსიკოსი შოკურ მდგომარეობაშია, მუსიკოსი ეხება ისეთ რამეს, რაც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის დახურულია. ალბათ ამიტომ, სცენაზე გასვლის წინ ყოველთვის ვღელავ. მინდა, რომ ეს საოცარი შეგრძნება მაყურებელსაც გადავცე. მეტიც, ძალიან იშვიათად ვარ საკუთარი თავით კმაყოფილი, სულ მგონია, რომ უკეთესადაც შემიძლია თავის წარმოჩენა“, – მეუბნება ელისო.

პარიზი-ავსტრია-პარიზი

მსოფლიო კლასიკური მუსიკის ელიტის მოხიბვლამდე ელისოს მარტივი გზა არ გაუვლია. 90-იანი წლების საქართველო იყო ერთ-ერთი მთავარი ბარიერი, რომელიც მის კარიერას დაემუქრა: „მე რომ ამერიკაში წასასვლელად ვემზადებოდი, თბილისში ბომბები გავარდა. ჩაბნელდა ქალაქი. ჩაბნელდა სცენაც, არც კონცერტი, არც კონკურსი... მივხვდი, რომ სხვა ადამიანების მსგავსად მეც ურთულეს სიტუაციაში აღმოვჩნდი. ჩემი შემოქმედება დეგრადაციისკენ მიდიოდა“, – იხსენებს პიანისტი.

სწორედ მაშინ გადაწყვიტა ელისომ პარიზში, მარგარიტა ლონგის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მიღება. პირველივე ნოტები საკმარისი გახდა იმისთვის, რომ ახალგაზრდა პიანისტი პრესამ კონკურსის ფინალისტად გამოაცხადა, სწორედ ამ კონკურსზე მოისმინა ელისოს მიერ შესრულებული მოცარტი ცნობილმა მუსიკოსმა მიშელ სონიმ, რომელიც ელისოს ბგერამ, ტექნიკამ მოხიბლა და თავის სასწავლებელში, ავსტრიაში მიიწვია. ასე აღმოჩნდა ელისო ვილა შინდლერში, სადაც სამი წელი დაჰყო. იქ გატარებულმა წლებმა ელისოს ცხოვრება და შემოქმედება ძირფესვიანად შეცვალა. შეიძლება ითქვას, რომ თავდაყირა დააყენა: „მიშელ სონი თავის მიერ დაფუძნებულ მუსიკალურ სასწავლებელში პიანისტებს განსაკუთრებული მეთოდით წვრთნის. იქ სულ სხვა ინფორმაცია შემოვიდა ჩემში, დიდი ძვრა მოხდა ჩემს ფსიქიკაში, მენტალიტეტში. მიშელ სონი მუშაობს ხელოვანის პერსონის გათავისუფლებაზე და ბოლოს აღმოაჩენ, რომ სულ სხვა ადამიანად იქეცი. ის, რაც ჩემში დაფარული იყო, საუკეთესო გზით განვავითარე. იმ სამი წლის განმავლობაში, რაც ავსტრიაში, მიშელ სონისთან დავყავი, არც კარიერაზე მიფიქრია, არც კონცერტზე გამოვსულვარ. ჩემი მოვალეობა იყო მხოლოდ მეცადინეობა, კითხვა, სეირნობა, ცხოვრებით დატკბობა... იქ თითქოს ზღაპარში, არარეალურ სამყაროში ვცხოვრობდი და სამი წლის თავზე მივხვდი, რომ ამჯერად რეალობა მიხმობდა. მე პარიზში დავბრუნდი.

პარიზი – ეს ის ქალაქი იყო, რომელიც ელისოს დაუსწრებლად, ბავშვობიდან უყვარდა და ფიქრობდა, რომ იქ აუცილებლად ბედნიერი იქნებოდა. ასეც მოხდა. არც პარიზი აღმოჩნდა ახალგაზრდა პიანისტის მიმართ გულგრილი. დროთა განმავლობაში ელისომ ფრანგულიც ისწავლა და ეს სამყარო მისთვის ბოლომდე გაიხსნა.

ელისო ბოლქვაძე უკვე სამი წელია, რაც სახელოვნებო კომპანია IMG artists- ის წევრია. ეს არის კომპანია, რომელიც მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებს აერთიანებს და ხელს უწყობს მათი კარიერის წინსვლას. როგორც ელისო მეუბნება, კონკურენცია საკმაოდ დიდია, თუმცა მან კომპანიაში უკვე დაიმკვიდრა თავისი ნიში როგორც შემოქმედებით, ისე ქველმოქმედებით.

ქველმოქმედება ახალგაზრდა ტალანტების აღმოსაჩენად

და რაკიღა სიტყვა ქველმოქმედებაზე ჩამოვარდა, მაშინ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა“, რომელიც 2012 წელს დაფუძნდა და რომლის მიზანიცაა, გამოავლინოს და მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა ქართველ პიანისტებს: „სამწუხაროდ, პიანისტ ბავშვებს ამ ეტაპზე საქართველოში ძალიან მცირე პერსპექტივები აქვთ. არადა, თუკი დასაწყისშივე არ დადგებიან ეს ბავშვები სწორ გზაზე, მერე უკვე რთული იქნება მათ განვითარებაზე ფიქრი. სწორედ ამიტომ ჩვენი ფონდი აფინანსებს მოსმენებს, კონცერტებს. მე თვითონაც ვმართავ კონცერტებს, რათა შემდგომ შემოსული თანხით ფონდმა გაძლიერება მოახერხოს. ამ ფონდის ფარგლებში უკვე შერჩეული მყავს ორი პატარა პიანისტი, რომლებიც წელიწადზე მეტია, საფრანგეთსა და შვეიცარიაში დაგვყავს, ისინი მართავენ კონცერტებს, მონაწილეობას იღებენ მასტერკლასებში და ა.შ.“

ელისო ბოლქვაძის კიდევ ერთი წარმატებული პროექტია ბათუმის მუსიკალური ფესტივალი, რომელსაც საფუძველი შარშან ჩაეყარა და წელს უკვე მეორე გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი ცნობილი და ნიჭიერი შემსრულებლები. როგორც ელისო ამბობს, ფესტივალში მონაწილე ყველა მუსიკოსი გამოირჩევა თავისი განუმეორებელი ინდივიდუალურობითა და შესრულების უმაღლესი დონით. წელს ბათუმის ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა მასტერკლასები, Batumi Music Camp-ი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა მუსიკოსებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ელისო ბოლქვაძე განსაკუთრებული აღფრთოვანებით მელაპარაკება ერთ სიახლეზე. ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ იუნესკოს კეთილი ნების ელჩის კანდიდატად წარადგინა. ამბობს, რომ ეს მისთვის დიდი პატივია.

ამჟამად ელისო ბოლქვაძე მაღალანაზღაურებად პიანისტად ითვლება და შეუძლია თავს იმის უფლებაც მისცეს, რომ მუდმივად ჩემოდნებზე არ იჯდეს და გამუდმებით კონცერტებზე არ ფიქრობდეს: „მე არ ვარ პიანისტი, რომელსაც უყვარს წოწიალი. მე ეს არც მჭირდება. მე მაქვს ძალიან სერიოზული კონტრაქტები და ეს შემოსავალი მყოფნის იმისთვის, რომ უზრუნველად ვიცხოვრო. არ მინდა, რომ გამოვიფიტო, დავიღალო. მე არ ვარ ფანატიკოსი პიანისტი, რომელიც დღედაღამ ზის და უკრავს და უკრავს. მე მინდა სხვა რამეც ვაკეთო, თუნდაც საქველმოქმედო საქმიანობით დავკავდე.

თუმცა საქველმოქმედო საქმიანობის პარალელურად, მას უახლოეს თვეებში რამდენიმე სერიოზული ტურნე ელის. ოქტომბერში მას დაგეგმილი აქვს სოლო-კონცერტი იაპონიაში, რასაც მოჰყვება სოლო-გამოსვლები ლონდონში, იტალიაში, ავსტრალიასა და ჩინეთში.

ცოტა რამ ელისოს პირად ცხოვრებაზე

ელისოს უყვარს კინოში სიარული, უყვარს ფეხით სეირნობა, ოღონდ მარტოს. და საერთოდ ელისოს მარტოობა უყვარს: „ჩემი ბუნებრივი მდგომარეობაა მარტო ყოფნა. პერიოდულად მჭირდება ხოლმე საკუთარი თავით შევსება... როცა ვიღლები ადამიანებთან ურთიერთობით, მერე ვცდილობ, რომ მარტო დავრჩე“, – ამბობს ელისო და თითებით ყელზე ჩამოკონწიალებულ კულონს ათამაშებს.

-         ამ კულონში დევს რამე? – ვეკითხები ელისოს, ის მპასუხობს:

-         არა, მაგრამ ალბათ ჩავდებ შიგნით იმ ადამიანის სურათს, ვინც მე ძალიან მიყვარს და ძალიან მენატრება. ის მამაჩემია.

ელისო თავისუფლებაზეა შეყვარებული. ალბათ ამიტომაცაა, რომ პასუხისმგებლობა, რომელსაც პირადი ოჯახი მოითხოვს, ამ დრომდე ვერ აიღო საკუთარ თავზე: „ძალიან მაქვს განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა. ოჯახის შემთხვევაში სხვა პრიორიტეტები გიჩნდება და ვგრძნობ, რომ ამისთვის ჯერ არ ვარ მზად. მეტსაც გეტყვით, მე არ მეშინია მარტოდ დარჩენის. მე არ მესმის, როგორ შეიძლება ადამიანი დარჩეს მარტო, როცა ის ცოცხალია, როგორ შეიძლება მოიწყინო მარტო ყოფნით, როცა იმდენი რამ არის გასაკეთებელი, იმდენი რამ ხდება შენ გარშემო“...

წინა სტატია

მოსკოვს ცრემლების არ სჯერა
06 აგვისტო, 2014

შემდეგი სტატია

ანაკლია. სოფლიდან მეგაპოლისამდე
11 აგვისტო, 2014
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა