მე მიყვარს გუდაური, თხილამურები და, უბრალოდ, მთა!

“მე მიყვარს გუდაური” - წარწერა, რომელიც ბოლო დღეებია, ფეისბუკის ქართველი მომხმარებლის კედლებსა და ფოტოებზე გაჩნდა. მხიარული ფოტოები გუდაურიდან, იმ საშინელი უბედური შემთხვევის მეორე დღესვე, პატრიოტული ჩანაფიქრით: ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ყველაფერი კარგად არის და “ასეთი რამ შეიძლება ყველას დაემართოს”.

ასეთი რამ ყველას არ დაემართება. “ყველაში” აქ, რასაკვირველია, განვითარებულ, კომფორტულ, თანამედროვე სტანდარტების კურორტს ვგულისხმობ. ჩვენ კი ამბიცია გვაქვს, ევროპაში ანალოგიური კურორტების კონკურენტი ვიყოთ. და იმ წინაპირობით, რომ ტურიზმის ინდუსტრია ქვეყნის სტრატეგიული მიმართულებაა.

ალპები ყველა მოთხილამურის თუ არამოთხილამურის გონებაში კომფორტის, სასიამოვნო სრიალის, გართობის ასოციაციას ტოვებს, და კიდევ, ადგილის, სადაც აუცილებლად ფული უნდა დავხარჯოთ…

განგებამ გადმოგვხედა და ამ სფეროშიც რეგიონში ლიდერის როლი გვარგუნა. ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველოს მთავრობის ხედვა საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისა და ამ პოტენციალში სამთო კურორტების წვლილისა, სწორია და დასაფასებელი. ზამთრის კურორტები უნდა განიხილებოდეს და განიხილება კიდეც როგორც ეკონომიკური ძრავა ტურიზმის განვითარებაში; საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, ბრენდინგის მთავარი შემადგენელი ნაწილი. ბაზარი აქ საკმაოდ მიმზიდველი იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს ამ სპორტისთვის გამოსადეგი მთები არა აქვთ, ამის გარდა, მას შემდეგ, რაც საქართველოში იაფი ფრენები რეალობად იქცა, საქართველოს სამთო-სათხილამურო მიმართულება ძალიან საინტერესოა უკრაინისა და ბალტიის ქვეყნებისთვისაც. მოკლედ, დიდი შანსი გვაქვს, რომ ჩვენი საკუთარი “ალპები” გვქონდეს.

“საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე ტურიზმიდან 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის შემოსავლების მიღების შესაძლებლობა არსებობს”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის მთის კურორტების მესამე კონფერენციაზე. ქვეყნის ეკონომიკის ზრდა ასეთ კურორტებზე მოთხოვნას ზრდის. შესაბამისად, იმატებს ამ ინდუსტრიის მონაწილეობა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში. მოკლედ რომ ვთქვათ, სარგებელი ბევრია და ყოველმხრივი. ეკონომიკურად გავძლიერდებით და ჩვენი ქვეყნის საქებარ სიტყვებსაც ბევრს მოვისმენთ. თუმცა, თვალი გადავავლოთ, რა გვაქვს გარდა ამ სწორი ხედვისა?! როგორია მთავრობის ნაბიჯები? არსებობს თუ არა შესაბამისი ინსტიტუციური მიდგომა ამ გამოწვევებთან მიმართებით? დავიწყოთ იმით, რომ მიუხედავად იმ სასიკეთო პროგნოზებისა, რაც ზემოთ აღვნიშნეთ, სახელმწიფოს მთის კურორტების განვითარების სტრატეგია არა აქვს - ასეთი დოკუმენტი ჯერ არ შეუქმნია. 

თითქოს, მთის კურორტებზე ზრუნვა გუშინ არ დაგვიწყია. საკმაო დრო გავიდა, საკმაო გამოცდილება შევიძინეთ, ბევრი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილენი გავხდით, ბევრი ფულიც დაიხარჯა საბაგიროებისა თუ სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობაში, მაგრამ სამთო კურორტების კარგი ბრენდის შექმნა ვერ შევძელით. სათხილამურო კურორტი მხოლოდ საბაგირო არ არის. გზებზე, ტრანსპორტზე, ეკოლოგიაზე ზრუნვა, რაც სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა, უკონტროლოა და კვლავ გამოწვევად რჩება.

ძალიან ადვილია პრობლემის იდენტიფიცირება, თუ ამ ყველაფერს უბრალო მომხმარებლის თვალით შევხედავთ: გაიხსნა ორი ახალი საბაგირო და განახლებული სათხილამურო ტრასა, რომელთაგანაც ერთი, ფაქტობრივად, გამოუსადეგარია ძალიან მარტივი მიზეზის გამო - ტუალეტი არ არის... დიახ, მიტარბის საბაგირო აგერ უკვე ორი წელია, ფუნქციონირებს და ტუალეტის გახსნა ვერ მოხერხდა. ასევე ვერ მოხერხდა ხელოვნური გათოვლიანების მოწყობილობის გამართვა, ხელოვნური გათოვლიანებისთვის აუცილებელი წყლის ავზების დამონტაჟება ზოგან ჯერ არ დამთავრებულა, ზოგან არც დაწყებულა. ბაკურიანში, მაგალითად, არ არსებობს მუნიციპალური ტრანსპორტი. სათხილამურო ტრასებთან მისვლა მხოლოდ საკუთარი მანქანით ან ტაქსით არის შესაძლებელი. შესაბამისად, ძალიან გაიზარდა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელიც. არ არის ტროტუარები და შეუძლებელია ადამიანების ფეხით უსაფრთხოდ გადაადგილება. მოუწესრიგებელია ავტომობილის სადგომი ადგილები და მთლიანად გზები, განუკითხაობაა ირგვლივ განთავსებულ კვების ობიექტებზე, თუ ასეთი არსებობს (ზოგან არც ესაა), რომ აღარაფერი ვთქვათ საბაგიროების, მათი დენით მომარაგების კონტროლზე. მთელი დღით გაითიშა ტრანსფორმატორი და სრიალი ვერ შეძლო ათასობით ტურისტმა. საბაგიროს მუხრუჭებმა უმტყუნა და საშინელ ტრაგედიას სასწაულით გადავურჩით, ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, აქაც გადავრჩით... თუმცა ჩვენი კურორტების იმიჯი ვერ გადარჩა. რამდენი ფოტოც არ უნდა გადავიღოთ გუდაურში, გაბრწყინებული სახეებით, კომფორტული დასვენებისა და უსაფრთხო კურორტის სახელს ვერ დავიმკვიდრებთ. მოკლედ რომ ითქვას, მიუხედავად ხარჯისა და მცდელობისა, არათანამიმდევრულობა აშკარაა.

ისიც აშკარაა, რომ ტურიზმის, როგორც ქვეყნის ბრენდად ჩამოყალიბების გზაზე სადღაც ჩვენც გადავვარდით ლიანდაგებიდან და რაც მალე გაითავისებს ამ პრობლემას მთავრობა, მით უკეთესი. დამაბრკოლებელი ფაქტორების იდენტიფიკაცია ამ პროცესის განუყრელი ნაწილია. ცაკლე დადგმული ახალი საბაგირო თუ ლამაზად შეღებილი მატარებელი ამინდს ვერ შექმნის, პოპულარული ბრენდის შექმნას, მით უმეტეს, დღევანდელ, კონკურენტულ სამყაროში, კარგად გათვლილი სტრატეგიული ნაბიჯების გარეშე მომავალი არა აქვს არც ამ სფეროში. სწორი კონცეფცია, სწორი ურბანული განვითარება და მართვის სწორი ბიზნესმოდელები - ეს არის ის, რაც ჩვენს ულამაზეს მთებს მოგებიან ინდუსტრიად აქცევს. აი მაშინ უფრო მეტად სასიამოვნო იქნება გუდაურის მწვერვალიდან ფოტოს გამოფენა... ახლა კი, ვისაც გუდაური, თხილამურები და, უბრალოდ, მთა უყვარს, ალბათ ყველაზე მკაცრი სახე უნდა მიიღოს და ბევრი, ძალიან ბევრი პრეტენზია გამოთქვას.

ავტორი: ნინო მენთეშაშვილი "TNT-საქართველოს" გენერალური დირექტორია.

ჩვენ გირჩევთ

მარტში ტურისტების რაოდენობა 33 პროცენტით გაიზარდა

Forbes Georgia. 2018 წლის აპრილის ნომერი

მარტში ტურისტების რაოდენობა 33 პროცენტით გაიზარდა

მარტში ტურისტების რაოდენობა 33 პროცენტით გაიზარდა

გუდაური ზამთრის კურორტები ტურიზმი

წინა სტატია

ბიძინა ივანიშვილის ქონება წლების მიხედვით
10 აპრილი, 2018

შემდეგი სტატია

თხმორელი ჯორჯ კობი
03 აპრილი, 2018
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
Nexia TA - ერთადერთი აუდიტორული კომპანია საქართველოდან, რომელმაც IAB-ის ცერემონიაზე ჯილდო მოიპოვა
საქართველო | ოქტ, 08, 2018
Forbes 400 2018 - ბეზოსი ლიდერია
რეიტინგი | ოქტ, 04, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა