საქართველო ტურიზმით ვერ გამდიდრდება

2017 წელს საქართველოში ორჯერ მეტი ვიზიტორი (7.6 მილიონი) შემოვიდა, ვიდრე საქართველოს მოსახლეობაა (3.7 მილიონი). 2018 წლის იანვარ-თებერვალი ვიზიტორების 17%-იანი ზრდით დაიწყო. წლის ბოლომდე თუ 17%-იან ზრდის ტემპს შევინარჩუნებთ, 2018 წელს საქართველოში დაახლოებით 9 მილიონამდე ვიზიტორი შემოვა.

ვიზიტორი ერთმნიშვნელოვნად ტურისტს არ ნიშნავს, ვიზიტორი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლება ტურისტად, თუ ქვეყანაში მინიმუმ 24 საათი დარჩა. ვიზიტორების სტატისტიკა ტურისტების გარდა ტრანზიტს და იმ ადამიანების რიცხოვნობას მოიცავს, რომლებმაც ქვეყანაში 24 საათზე ნაკლები დრო გაატარეს.

2017 წელს საქართველოში 3.5 მილიონი ტურისტი შემოვიდა, ანუ დაახლოებით ყოველი მეორე ვიზიტორი საქართველოში მინიმუმ 24 საათს გაჩერდა. 2018 წლის იანვარ-თებერვალში 15%-ით მეტი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე 2017 წლის იანვარ-თებერვალში. ასეთი ტემპით ზრდის შემთხვევაში, 2018 წელს საქართველოს 4.3 მილიონი ტურისტი ეწვევა.

ტურიზმის მიმზიდველობა ისაა, რომ მას ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვს. წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს საქართველომ ტურიზმიდან დაახლოებით 2.7 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2017 წლის საქართველოს ექსპორტის მაჩვენებელს უტოლდება და ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 18%-ია. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაში. მარტივად, რომ ვთქვათ, საგრძნობლად აწონასწორებს საქართველოს უარყოფით ბალანსს საგარეო ვაჭრობაში. სხვა შემთხვევაში, საქართველო მაკროეკონომიკურად ნაკლებად სტაბილური იქნებოდა და, მაგალითად, ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდებოდა.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2006 წლიდან 2016 წლამდე პერიოდში (2017 წლის მონაცემები მსოფლიო ბანკს ჯერ არ გამოუქვეყნებია) ვიზიტორების ზრდის ტემპით საქართველოს მსოფლიოში მესამე ადგილი უჭირავს. 2006 წელს საქართველოში 983 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო 2016 წელს 6.5-ჯერ მეტი – 6.4 მილიონი ვიზიტორი. საქართველოს უსწრებს ბელარუსი (106-ჯერ გაიზარდა) და ბუტანი (12-ჯერ გაიზარდა).

2006 წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 313 მილიონი დოლარის, ხოლო 2016 წელს 7-ჯერ მეტი – 2.2 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საერთაშორისო ტურიზმში ძალიან წარმატებული ტენდენცია აქვს და მსოფლიო დონეზეც კი ერთ-ერთი ლიდერია, საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის წილი 7.2%-ია. აქ იგულისხმება ის დამატებული ღირებულება, საქართველოს ტერიტორიაზე ტურიზმის სფეროში რომ იქმნება, რაც მოიცავს სასტუმროების, რესტორნების, ტრანსპორტის, ტურისტული სააგენტოების და სხვა მომსახურებას, რომლებიც ტურისტებს გაუწიეს.

ტურიზმის წილი ქვეყნის ეკონომიკაში ყველაზე მაღალი პატარა კუნძულოვან სახელმწიფოებშია, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო საზღვაო კურორტებადაა მიჩნეული. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, პირველ ადგილზე მალდივის კუნძულებია, სადაც ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის 51%-ია. შემდეგ მოდის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები 31%-ით. მესამე ადგილზე არუბაა 29%-ით, მეოთხეზე – სეიშელი 24%-ით და ა.შ. მალდივების მოსახლეობა 428 ათასი კაცია და წლიურად 3-ჯერ მეტი, 1.3 მლნ ტურისტი ჩადის. ვირჯინიის კუნძულებზე სულ 28 ათასი კაცი ცხოვრობს და 15-ჯერ მეტი, 410 ათასი ტურისტი ჩადის. არუბაში მოსახლეობაზე 10-ჯერ, ხოლო სეიშელში 3.2-ჯერ მეტი ტურისტი ჩადის.

2016 წლის მონაცემებით, ეკონომიკაში ტურიზმის წილით საქართველო მსოფლიოში 32-ე ადგილზეა.

თუ ქვეყნებს ტურისტების რაოდენობის მიხედვით ვნახავთ, პირველ ადგილზე საფრანგეთია, სადაც 2016 წელს 83 მილიონი ტურისტი ჩავიდა, თუმცა ტურიზმის წილი ეკონომიკაში 3.7%-ია. მეორე ადგილზეა აშშ, სადაც 76 მილიონი ტურისტი ჩავიდა, ტურიზმი კი ეკონომიკის 2.7%-ია. იგივე მდგომარეობაა სხვა დიდ ქვეყნებშიც. არ არსებობს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა, სადაც მოსახლეობა 3 მილიონზე მეტია და ტურიზმის წილი ეკონომიკაში 10% და მეტია. ყველაზე კარგი სიტუაცია ხორვატიას აქვს, რომელიც ჯერჯერობით განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა არ არის, მაგრამ ერთ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 14 ათასი დოლარია და ტურიზმს მის ეკონომიკაში 10% უჭირავს. ხორვატიაში 4.1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 10%-ით მეტი, ვიდრე საქართველოში. 2016 წლის მონაცემებით, საქართველო ვიზიტორების რაოდენობით მსოფლიოში 45-ე ადგილზეა.

ეს სტატისტიკა მიუთითებს იმაზე, რომ მხოლოდ ტურიზმით ან მეტწილად ტურიზმით გამდიდრება მხოლოდ საქართველოზე პატარა ქვეყნებს შეუძლიათ. ისიც ისეთ ქვეყნებს, სადაც მთელი წელი, ან წლის უმეტესი ნაწილი ზღვაზე დასვენებისთვის საჭირო ტემპერატურაა. მაგალითად, მალდივის, ვირჯინიისა და სეიშელის კუნძულებზე მთელი წელი, იანვრიდან დეკემბრამდე, ტემპერატურა 27-32 გრადუსს შორის მერყეობს.

საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის განვითარება, რადგან ბუნებრივი რესურსებით ღარიბი და მრეწველობის განვითარებით დაბალ დონეზე მყოფი ქვეყანაა, მაგრამ არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინი, რომ მხოლოდ ტურიზმი გაგვამდიდრებს. ტურიზმის განვითარებას, ეკონომიკის სხვა სექტორების ზრდის პარალელურად შეუძლია საქართველოს გამდიდრება. საქართველოს ცალკე აღებული ერთი ან ორი დარგის მნიშვნელოვნად ზრდა ვერ გაამდიდრებს. ამიტომ  აუცილებელია, ქვეყანას ჰქონდეს ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც თანაბრად შეუწყობს ხელს ყველა დარგის განვითარებას და მთავრობა 1-2 დარგის ხელშეწყობით (ხშირად სუბსიდირებით) სხვა დარგებს დისკრიმინაციას არ გაუწევს (მაგალითად, მეტად დაბეგრავს).

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათ წელიწადში ტურისტების რაოდენობის ზრდით საქართველო მსოფლიოში მესამეა, ტურიზმის წილი ეკონომიკაში დიდად არ გაზრდილა: 2006 წელს 7% იყო, ხოლო 2016 წელს 7.2%. ისევე როგორც არ გაზრდილა სოფლის მეურნეობის წილი, რომელიც საქართველოში სტრატეგიულ დარგად არის მიჩნეული და სახელმწიფო ყოველთვის მნიშვნელოვნად ასუბსიდირებს. 2006 წელს სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს ეკონომიკაში 13% იყო, ხოლო 2016 წელს 9%.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ტურიზმს, ეკონომიკის ზრდის გარდა, მნიშვნელოვანი როლი უჭირავს უცხოური ვალუტის შემოდინებაში და რაც მეტად გაიზრდება, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. თუმცა არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინი, რომ ერთ დღეს იმდენი ტურისტი ჩამოვა საქართველოში, რომ ყველა ბევრ ფულს ვიშოვით, ქვეყანა გამდიდრდება. მაგალითად, სხვა დარგების დღევანდელ დონეზე შენარჩუნების პირობებში, საქართველოში უნდა ჩამოვიდეს იმდენი ტურისტი, რამდენიც ჩადის საფრანგეთში (83 მილიონი ტურისტი), რომ საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალი 30 ათას დოლარამდე გაიზარდოს (დღევანდელი იტალიის დონეზე). ეს კი არარეალურია. გარკვეული პერიოდის მერე ტურისტების რაოდენობა მიაღწევს ისეთ რიცხვს, რომლის მნიშვნელოვნად ზრდა რთული იქნება.

ჩვენ გირჩევთ

ქართული ავიაბაზრის ყველაზე მსხვილი კომპანიები - TOP 10

ყველაზე რეიტინგული სასტუმროები საქართველოში

ქართული ავიაბაზრის ყველაზე მსხვილი კომპანიები - TOP 10

ქართული ავიაბაზრის ყველაზე მსხვილი კომპანიები - TOP 10

ტურიზმი ვიზიტორები ტურიზმი საქართველოში

წინა სტატია

ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოში 44-ე ადგილზეა
18 აპრილი, 2018

შემდეგი სტატია

Hazardous Work
19 აპრილი, 2018
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა