კორუფციული რისკების აღქმის ინდექსში საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა

კორუფციული რისკების აღქმის ინდექსში საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა

Trace International-ის კორუფციის აღქმის რისკის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 200 ქვეყანას შორის 25-ე ადგილზეა. საერთაშორისო რეიტინგი სპეციალურად ბიზნესისთვის და ინვესტორებისთვის დგება და ის 4 კრიტერიუმს მოიცავს: 

  1. ბიზნესის ურთიერთობა მთავრობასთან, – კრიტერიუმი მოიცავს რეგულაციების სიმარტივესა და ქრთამის მოთხოვნის მოლოდინის არარსებობას კერძო სექტორში.  
  2. ანტიკორუფციული კანონები და აღსრულება. 
  3. მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების გამჭვირვალობა 
  4. სამოქალაქო საზოგადოების მონიტორინგის შესაძლებლობა – კრიტერიუმი მოიცავს მედიის თავისუფლებასა და სოციალური განვითარების დონეს. 

ყველაზე კარგი შედეგი საქართველოს ბიზნესისა და მთავრობის ურთიერთობის კრიტერიუმში აქვს და ამ კუთხით რისკები 16  ქულით არის შეფასებული. რეიტინგის მიხედვით, რაც უფრო დაბალია სარეიტინგო ქულა, მით უფრო დაბალია ბიზნესის რისკი. Trace International აღნიშნავს, რომ საქართველოში საკმაოდ დაბალია რეგულაციების ბარიერი, ასევე დაბალია ქრთამის აღებასთან დაკავშირებული რისკები. 

საკმაოდ დაბალი სარეიტინგო ქულით, 17-ით, არის შეფასებული საქართველოში ანტიკორუფციული კანონების აღსრულებასთან დაკავშირებული რისკები. 

მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების გამჭვირვალობის კრიტერიუმში საქართველოს სარეიტინგო ქულა 31-ია. ყველაზე ცუდი შეფასება კი ქვეყანას სამოქალაქო საზოგადოების მონიტორინგის კრიტერიუმში აქვს, – 32 ქულა. 

ჯამში საქართველოს სარეიტინგო ქულა 23-ია. აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით, საქართველო რეიტინგში ჩამოქვეითდა, თუმცა რისკების შეფასებისას გამოყენებულ კრიტერიუმებში ქვეყნის პოზიცია გაუმჯობესებულია. შედარებისთვის:  2016 წელს ამავე რეიტინგში საქართველო 28 ქულით მეცამეტე ადგილზე იყო, ხოლო 2014 წელს კი 27 ქულით მე-11-ზე. 

Trace International რეიტინგის შედგენისას მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, ასევე მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტისა და სხვა ორგანიზაციების მონაცემებს იყენებს. 

რეიტინგში საუკეთესო პოზიცია შვედეთს აქვს, სადაც კორუფციასთან დაკავშირებული რისკები მხოლოდ 5 ქულით არის შეფასებული. საქართველოს მეზობელი აზერბაიჯანი რეიტინგში 112-ე ადგილზეა, სომხეთი 83-ზე, თურქეთი 139-ზე, ხოლო რუსეთი 144-ზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *