იდეალურად შერჩეული დრო

ჯიბეგაფხეკილი იტალიელი იმიგრანტიდან საკაბელო ტელევიზიის მულტილმილარდერ მაგნატამდე, როკო კომისომ, თავისი 55-წლიანი მოგზაურობის მანძილზე, დაამტკიცა, რომ არაამქვეყნიური ნიჭი აქვს, სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდეს... და ამით ბოლომდე ისარგებლოს.

როკო კომისო თავის ოთახში ბოლთას სცემს, ნიკოტინის კევს ღეჭავს და საკუთარ მიღწევებს გვაჩვენებს. „შეხედეთ ამ მაჩვენებლებს“, – ამბობს და ხელში დაფას იჭერს, რომელიც მისი საკაბელო ფირმის უმსხვილესი დაფინანსების სუვენირს წარმოადგენს. 2001 წლის $2.4-მილიარდიანი დაფინანსება გვაქვს მხედველობაში. სხვა პირადი სუვენირების ჩვენებასაც არ აყოვნებს: კოლეგა-მილიარდერთან, ჩარლზ დოლანთან ერთად გადაღებული სურათი; ოქროს ტელესკოპი ქეტსკილის მთების ხედების დასათვალიერებლად; ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს ფოტო ავტოგრაფითურთ. რამდენიმე წუთში ერთხელ ის თავის თანაშემწეს გასძახებს, გეგონება, ეს ექსკურსია მისი სურვილის წინააღმდეგ ხდებაო. „ჯენ, ამ ბიჭს ყველა ჩემი პირადი ნივთების ნახვა უნდა!“ – ამბობს კომისო ყვირილით და შემდეგ, მორიგი ნადავლის ძიებაში, ოთახს ყურადღებით ავლებს თვალს.

მიუტევეთ ეს ტრაბახი. 68 წლის კომისოს აღზევება გაცილებით მასშტაბური იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანისა ამერიკაში. ჯიბეგაფხეკილი ხუროს ვაჟი იტალიიდან აშშ-ში 12 წლისა იმიგრირდა ისე, რომ ორ სიტყვას ვერ აბამდა ინგლისურად. აკორდეონის დაკვრის უჩვეულო ნიჭმა ის კათოლიკურ სკოლაში მოახვედრა. ეს პირველი ნაბიჯი იყო კეთილდღეობის გზაზე, რომელიც, 1995-ში საკაბელო კომპანია Mediacom-ის დაარსებამდე, მოიცავდა გაჩერებებს Columbia University-სა და Royal Bank of Canada-ში.

Mediacom-ი რურალურ ადგილებში საკაბელო აქტივების შესყიდვაზე იყო კონცენტრირებული – ანუ იქ, სადაც დაბალი ფასები და მწირი კონკურენცია ეგულებოდა. დაფუძნების დღიდან, ყოველწლიურად, ფირმა თავის ზედა ზღვარს ზრდის: 2017-ში შემოსავალი $1.9 მილიარდს მიუახლოვდა. კომისო კომპანიას მთლიანად ფლობს, რომლის ღირებულებაც, პრაქტიკულად, მთელ მის ქონებას შეადგენს. კომპანიათა გაერთიანება-შესყიდვების ცხელ-ცხელი ბაზრის წყალობით, მისი ბიზნესი $4.3 მილიარდადაა შეფასებული, ხოლო კომისო, რომელსაც Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში წელს დებიუტი აქვს, თითქოს უკვე მზადაა, აქციების ფულად ქცევა დაიწყოს.

Mediacom-ი მაშინ დააარსა, როცა ინდუსტრიას ძირი ეთხრებოდა: ფასების შემზღუდავი და, ამავე დროს, კონკურენციის წამახალისებელი ახალი ფედერალური რეგულაციებით დამფრთხალი პატარა საკაბელო ოპერატორები ბიზნესებს ყიდდნენ. თუ სხვები გემს ტოვებდნენ, დაახლოებით $3 მილიონით (ანუ თითქმის მთელი თავისი პატარა ქონებით), კომისო ყველაზე იაფი საკაბელო ხაზების შესყიდვას შეუდგა. მეორეულ ბაზრებზე იყო ფოკუსირებული ისეთ შტატებში, როგორიც აიოვა და ჯორჯიაა. მისი ოფისებიც კი შორსაა ცენტრალური და ხალხმრავალი ადგილებისგან: Mediacom-ის სათავო ოფისი ჩესტერში, ნიუ-იორკში არის განთავსებული – ვესტ-პოინტიდან 25 წუთის სავალზე მდებარე, 12,000 ადამიანით დასახლებულ მწვანე ადგილას.

კომისო, ფინანსისტიც არის და იმავდროულად კაბელის კაციც: Columbia University-ს ბიზნესადმინისტრირების მაგისტრატურა (M.B.A.) აქვს დამთავრებული, ცხრა წელი კი Cablevision Industries-ის ფინანსურ დირექტორად იმუშავა. Mediacom-ის სწრაფ ზრდას ვალისა და სააქციო კაპიტალის ბაზრებში საკაბელო აქტივებისადმი შეცვლილი დამოკიდებულებების არბიტრაჟირებამ შეუწყო ხელი. სექტორის პროგნოზს დაქვემდებარებული ფულადი ბრუნვებით გულდამშვიდებული ბანკები მზად იყვნენ, ზომიერი ტარიფებით გაესესხებინათ თანხები, მეტიც, რეგულაციებით შეშინებული ინვესტორებიც კი გამოთქვამდნენ სურვილს, აქტივები იაფად გაეყიდათ. ბიზნესში გატარებულ პირველ ხუთ წელიწადში კომისომ 20-ზე მეტი შესყიდვა განახორციელა. რაღაც მომენტში Mediacom-ს, ვალის სახით, $3 მილიარდი დაუგროვდა, რაც თითქმის რვაჯერ აღემატებოდა მის ოპერაციულ ფულად ბრუნვას.

კომისო აღიარებს, რომ ფული გადახდისუუნარობის ზღვარზე მყოფმა ისესხა, მაგრამ ხარჯებზე გამალებული დაკვირვებისა და ვალის ზედმიწევნით მართვის საშუალებით, უფსკრულში გადაჩეხას გადაურჩა. „ხომ გესმით, საქმეებს ზრუნვას არ ვაკლებთ“, – ამბობს ის.

მაგრამ ახლა მისი მთავარი ბიზნესი იცვლება. ფართოხაზოვანი თაობა სულ უფრო აქტიურად ჭრის მავთულებს და, გართობის მიზნით, სულ უფრო აქტიურად ეყრდნობა ისეთ ონლაინსერვისებს, როგორიცაა Hulu, Netflix-ი და Amazon Prime Video. ბოლო ათ წელიწადში Mediacom-ის სატელევიზიო პროდუქტების გამომწერთა რიცხვი 38%-ით, 821,000-მდე, არის შემცირებული. ეს ვარდნის უფრო სწრაფი ტემპია, ვიდრე ის 3%, მთელმა ინდუსტრიამ რომ განიცადა.

Mediacom-ის სატელევიზიო განსაცდელს, ცეცხლს, ნაწილობრივ, მისივე წარმატება უნთებს ფართოხაზოვან სფეროში. კომისო აგრესიულად აბანდებს ტექნოლოგიურ ინოვაციებში; მომხმარებლები ისეთი ადგილებიდან, როგორიცაა სესილი (ჯორჯია), ისეთივე სწრაფი ინტერნეტით სარგებლობენ, როგორითაც სიეტლისა და სან-ფრანცისკოს ბინადრები. ბოლო ათ წელიწადში Mediacom-ის ფართოხაზოვანი მომხმარებლების რიცხვი 84%-ით გაიზარდა, რითაც მნიშვნელოვნად გაუსწრო წინ ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელს – 54%-ს. მისი არაერთი კლიენტი ელვასავით სწრაფ ინტერნეტს ტელევიზიისა და ფილმების ონლაინ საყურებლად იყენებს.

სწორედ აქ იმალება კომისოს ცდუნება, აქციები მალე ფულად აქციოს. მისი აზრით, ცოტა რამ დარჩა დასამტკიცებელი. „იტალიური იმიგრაციის ისტორიაში, ბიზნესსამყაროში, არა მგონია, ბოლო 100 წლის მანძილზე მეორე ჩემი მსგავსი მოიპოვებოდეს“, – ამბობს ის. 

როკო კომისო იტალიაში, კალაბრიაში გაიზარდა. ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის მარცხიდან ფეხზე წამოდგომას ცდილობდა. „წაგებულები ვიყავით, – ამბობს ის. – როგორც ვიეტნამიდან დაბრუნებული ამერიკელები, ჩვენც წაგებულები დავბრუნდით“. კომისოს მამა, ჯუზეპე, ომის დროს ჩრდილო აფრიკაში მსახურობდა, 1942-ში კი ბრიტანელებმა ტყვედ აიყვანეს. ომის დასრულებამდე, კენიაში, ომის ტყვეთა ბანაკში მოუწია ყოფნა. შინ რომ დაბრუნდა, სამუშაო ადგილები მეტად შეზღუდული იყო.

1956 წელს, ცხოვრების თავიდან დასაწყებად, ჯუზეპე შეერთებულ შტატებში ზღვით გაემგზავრა. „რა მაგარი ქვეყანაა ამერიკა, – ამბობს როკო, – აქ ჩამოსულ ომის ტყვეებს პრივილეგირებულად ეპყრობოდნენ“. თავად როკო, ამასობაში, დედასა და დასთან ერთად იტალიაში დარჩა. 1962-ში, 12 წლის რომ იყო, უფროს ძმასა და მამას ბადენში (პენსილვანია) შეუერთდა – 10 მილის სავალზე ჯო ნამათის მშობლიური ქალაქიდან. მომდევნო წელს ოჯახი ბრონქსში გადავიდა.

ნიუ-იორკი თავიდანვე იღბლის მომტანი გამოდგა. ჩავიდა თუ არა, კომისომ ნიჭიერთა კონკურსის რეკლამა შენიშნა. აკორდეონის სოლო შემსრულებლის რანგში მიიღო მონაწილეობა. და გაიმარჯვა კიდეც. ამას ბრონქსში, ისტ-სტრიტის 223-ში, Wakefield Theatre-ში საკონცერტო გამოსვლა მოჰყვა. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მან Wakefield-ის მენეჯერის ყურადღება მიიპყრო, ამ უკანასკნელმა კი ადგილობრივ კათოლიკურ სკოლას, Mount Saint Michael Academy-ს, წერილი მისწერა და კომისო იქ მისაღები გამოცდის გარეშე დაუშვეს (გამოცდის ჩაბარება დაგვიანებული იყო) „მოკლედ, ერთადერთი ბავშვი აღმოვჩნდი, ვინც იქ უგამოცდოდ მიიღეს“, – ამბობს ის.

კომისო დღეს Mount Saint Michael-ის ერთ-ერთი უმსხვილესი სპონსორია. მაგრამ მაშინ თავის სწავლის საფასურის გადახდას ძლივს თუ ახერხებდა. წლიური გადასახადის, $300-ის მოსაგროვებლად, ტინეიჯერობისას ბევრს მუშაობდა ძმის გზისპირა სასადილოში.

როცა კოლეჯში ჩაბარების დრო მოახლოვდა, კომისომ კვლავ სხვათა მოწყალებით ისარგებლა. მისმა ტანვარჯიშის მასწავლებელმა Columbia University-ის საფეხბურთო მწვრთნელს დაურეკა და სიტყვა გადაუკრა კარგი ნიშნების მქონე პერსპექტიულ მოსწავლეზე. ერთ თვეში კომისო, რომელსაც სკოლაში ფეხბურთი არც კი უთამაშია, პრესტიჟულ კოლეჯში სრული დაფინანსებით მიიღეს.

ბუნებით სპორტულმა კომისომ სპორტის ნიჭი ჯერ კიდევ იტალიაში გამოავლინა, ოღონდ სრულიად განსხვავებულ პირობებში: ცემენტზე, ჩვრებისგან გაკეთებული ბურთით. ასე იყო თუ ისე, ეს გამოცდილება Ivy League-ის ბალახზე გამოჩნდა. მეოთხე კურსზე, საუნივერსიტეტო გუნდის თანაკაპიტნად მოგვევლინა და 1972 წლის ოლიმპიურ გუნდში ბედის საცდელადაც კი დაპატიჟეს. საცდელი ვარჯიშები საშინლად წარიმართა. კომისო მწეველი იყო და სპორტული ფორმა ვერ შეენარჩუნებინა, სხვა მოთამაშეები იოლად ჯაბნიდნენ. მიუხედავად ამისა, მისი რეპუტაცია მაინც მძლავრია Columbia-ში, რომელმაც 2013 წელს, თავის საფეხბურთო სტადიონს მისი სახელი დაარქვა – იმ მილიონობით დოლარის პატივსაცემად, უნივერსიტეტისთვის რომ აქვს შეწირული.

კოლეჯის დასრულების შემდეგ, 1971-ში, კომისომ ბრუკლინში, Pfizer-ის ქარხანაში დაიწყო მუშაობა და მაშინაც კი არ შეწყვიტა, როცა 1974 წელს Columbia-ში M.B.A.-ის პროგრამაზე ჩაირიცხა. ყოველ დილას 7 საათზე იღვიძებდა, ესწრებოდა ლექციებს, მერე კი ქარხანაში მიდიოდა. შუაღამეს, მისი ცვლა რომ სრულდებოდა, ბრონქსში, შინ მისასვლელად, მეტროში ორ საათს ატარებდა.

კომისომ სწავლა Columbia-ს ერთ-ერთი ყველაზე საპატიო ტიტულით – Business School Service Award-ით დაამთავრა და გეგმით, საინვესტიციო საბანკო საქმეში უნდა ჩაბმულიყო. მაგრამ არავის არაფერი შეუთავაზებია. „ეს დისკრიმინაცია იყო, – ამბობს ის. – არასდროს არ დამავიწყდება ტიპი Kuhn Loeb-იდან, რომელმაც მითხრა, როკო, რა არის, იცი, შენი პრობლემა – არც ებრაელი ხარ და არც ირლანდიელიო. იტალიელები Wall Street-ზე არ მოდიანო“.

ასე რომ, კომისომ კომერციულ საბანკო საქმეს მიჰყო ხელი Chase Manhattan Bank-ში (რომელიც დღეს JPMorgan Chase-ის შემადგენლობაშია). მოგვიანებით Royal Bank of Canada-ში გადაინაცვლა, სადაც ის მედია და კომუნიკაციების ბიზნესებისთვის სესხის გაცემას ხელმძღვანელობდა. „ბანკში ამგვარ კაცებსა და ქალბატონებს მივეჩვიე – მომწონდნენ, – ამბობს კომისო. – მათ ,,კოვბოიებს“ ვუძახდით. საკაბელო კოვბოიებს. იმიტომ რომ, ყველასგან განსხვავებულად ეცვათ, ყველასგან განსხვავებულად ლაპარაკობდნენ... და ანტრეპრენიორები იყვნენ“.

1986-ში, კომისომ საბანკო საქმე მიატოვა და ლიბერტიში, ნიუ-იორკში, Mediacom-ის სათავო ოფისიდან 50 წუთის გზაზე, ერთ-ერთ ასეთ კოვბოის, Cablevision-ის დამფუძნებელს, ალან გერის შეუერთდა. გერის ფინანსური დირექტორის რანგში კომისომ თითქმის ათი წელი გაატარა. „ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი გონების პატრონია, ვისაც ვიცნობ“, – ამბობს აწ უკვე 89 წლის გერი.

როცა 1992-ში ინდუსტრიას თავს ახალი რეგულაციები დაატყდა, გერიმ თამაშიდან გასვლა გადაწყვიტა და 1996-ში Cablevision-ი $3 მილიარდზე მეტად Time Warner-ს მიყიდა. კომისოს ძალიან არ მოეწონა ეს გადაწყვეტილება. „ეს ხომ ფენომენალური დროა, იყიდო და არა გაყიდო! – იხსენებს თავის იმდროინდელ ფიქრებს. – და ამის დასამტკიცებლად, საკუთარ კომპანიას წამოვიწყებ“.

 

კომისოს ოპტიმიზმს მისი კოლეგები არ იზიარებდნენ. აზრთა სხვადასხვაობა 1996-ში კიდევ უფრო გაღრმავდა, როცა რეგულაციათა ახალმა წყებამ ახალი კონკურენცია მოიტანა ტელეკომუნიკაციების ისეთ ფირმებთან, როგორიც SBC Communications-ი და Ameritech-ია, რომელთაც მანამდე საკაბელო ტელევიზიის სივრცეში შეღწევის შანსი არ ჰქონდათ. „იმის შიში ჰქონდათ, რომ სატელეფონო კომპანიები საკაბელო ბიზნესში შემოვიდოდნენ და, უკეთესი საბუღალტრო ბალანსითა და ბრენდების უფრო ცნობილი სახელებით, საკაბელო კომპანიებს გაანადგურებდნენ“, – ამბობს სააქციო კაპიტალის კვლევითი ფირმა MoffettNathanson-ის თანადამფუძნებელი კრეიგ მოფეტი.

ამ მღელვარებამ კომისოს საშუალება მისცა, საკაბელო აქტივები იაფად ეყიდა და საქმეში მთლიანად ჩართულიყო. Chase Manhattan-ის ძველი მეგობრებისგან ნასესხები ფულით, პირველი საკაბელო ხაზები 1996 წელს, რურალურ რიჯკრესტში (კალიფორნია) $18.8 მილიონად იყიდა.

რისკი უზარმაზარი იყო და დიდი შანსია, ინდუსტრიაში ჩაუხედავებს კომისო ახირებული, ზიანის მომტანი კაცი ჰგონდებოდათ. კი, მას შეუძლია, ქედმაღლურად და მბრძანებლურად მოგექცეთ რასაც პერიოდულად მისი კალაბრიული აქცენტით შეფერილი ტემპერამენტიანი ლანძღვა-გინებაც ემატება, მაგრამ ფინანსებში მისი გამოცდილების გამო, ბანკები ენდობოდნენ.

რიჯკრესტის შემდეგ კომისომ აქტიური შესყიდვები წამოიწყო: მილიონებს – და მერე უკვე ასობით მილიონს – სესხულობდა, საკაბელო სისტემები რომ შეეძინა არიზონაში, დელავერში, ფლორიდაში, მისურიში, ჩრდილო კაროლინაში, მისისიპისა და ალაბამაში. პირველ სამ წელიწადში ცხრა შესყიდვა განახორციელა. „გიჟ მყიდველად მთვლიდნენ, რომელიც ყველაფრის საყიდლად მზად იყო, რაც კი რამ იყიდებოდა“, – ამბობს ის.

კომისომ, ასევე, ინფრასტრუქტურაში აქტიურ ინვესტიციას მიჰყო ხელი. მას $2.5 მილიარდი აქვს დახარჯული თავისი ქსელების განახლებაში, რის შედეგადაც სხვა ოპერატორებს, პრაქტიკულად, აეკრძალათ მის ტერიტორიაზე შესვლა. ისტორიულად, Mediacom-ი გამომწერებისთვის სატელიტური ტელევიზიის ისეთ ფირმებთან იბრძვის, როგორიც, მაგალითად, DirecTV-ა. სატელეფონო კომპანიებს, თავდაპირველი პანიკის მიუხედავად, სერიოზული საფრთხე არასდროს შეუქმნიათ.

1990-იანების ბოლოს სექტორთან დაკავშირებული ავბედითი პროგნოზები შერბილდა. კომისომ ეს მყისვე შესაძლებლობად აღიქვა და იდეალურ დროს, 2000-ის თებერვალში, დოტ-კომის კოლაფსამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე, $2.5 მილიარდად შეფასებული Mediacom-ი Nasdaq-ის საჯარო ბაზარზე გაიტანა. ჯამში, $380 მილიონი მოიზიდა, რაც ვალის დასაფარავად გამოიყენა, თავისი B კლასის აქციები კი საშუალებას აძლევდა, კენჭისყრისას გადამწყვეტი ხმა შეენარჩუნებინა. „ვერავინ გამაგდებდა“, – ამბობს ის.

მომდევნო ივლისს Mediacom-მა თავისი უმსხვილესი შესყიდვა განახორციელა. იმხანად გაკოტრების პირას მისულმა AT&T-მ ზოგიერთი საკაბელო აქტივი ბაზარზე გაიტანა. კომისო, $2.2 მილიარდად, უმალ დაეპატრონა აქტივებს ჯორჯიაში, აიოვასა და მისურიში.

2002-ის მიწურულს კომპანიის ვალმა $3 მილიარდს მიაღწია. ბანკები ერთ ცენტსაც კი აღარ იძლეოდნენ და კომისო იძულებული გახდა, შესყიდვათა გამალებული სერიისთვის წერტილი დაესვა. „რამაც გადაგვარჩინა, ახლა, ახალი გარიგებების თვალსაზრისით, ვეღარ გვეხმარებოდა, – ამბობს ის. – ბრწყინვალე გადაწყვეტილება იყო იმ დროს ყიდვა, როცა ვყიდულობდით. უკეთესი გადაწყვეტილება კი იმ დროს გაჩერება იყო, როცა გავჩერდით“.

საბუღალტრო ბალანსის გამჭრიახი მენეჯმენტითა და ხშირი რეფინანსირების მეშვეობით, Mediacom-ი სესხს მუდამ დროულად ფარავდა, რითაც კომპანიამ როგორღაც გაიტანა თავი 2009 წლამდე, 2009-ში კი, როგორც იქნა, საკმარისი ფულის შოვნა დაიწყო, ნელ-ნელა უკვე სესხის ძირითადი ნაწილი რომ დაეფარა.

მიუხედავად ამისა, აქციონერები დიდად კმაყოფილნი არ ჩანდნენ. პირველადი საჯარო შეთავაზების შემდგომ ათ წელიწადში, Mediacom-ის აქციათა ფასი თითქმის 80%-ით დაეცა. 2010-ისთვის კომისომ ჩათვალა, რომ საჯარო ბაზრები საკმარისად ეგემა. ჰოდა, გადაწყვიტა, კომპანია მთლიანად შეესყიდა.

დაძაბული მოლაპარაკებებისა და მეწილეთა სასამართლო დავის შემდეგ, 2011 წლის მარტში, ბიზნესი დაახლოებით $600 მილიონად – 64%-იანი პრემიუმით – იყიდა. სესხი კომპანიის აქტივებით უზრუნველყო და მის ერთადერთ მფლობელად იქცა.

და კვლავაც: რთული იყო, უკეთესი დრო შეერჩია. 

მას მერე, რაც კომისომMediacom-ი კერძო კომპანიად აქცია, მისი ღირებულება შვიდჯერ გაიზარდა! საკითხი ახლა ასე დგას: როდის გარდაქმნის კომისო მოგებებს ფულად და როდის გავა თამაშიდან?

შესყიდვის თვალსაზრისით, კომისოს კომპანია მომხიბლავ პერსპექტივებს სთავაზობს ისეთ უფრო მსხვილ ფირმებს, როგორიც Altice-ია, რომელმაც ბოლო რამდენიმე წელიწადში რამდენიმე ოპერატორი ჩაიგდო ხელში და ინდუსტრიაში ღირებულებათა გაზრდა გამოიწვია. თავის ტერიტორიაზე, Mediacom-ი, დიდწილად, დომინანტი ფართოხაზოვანი პროივადერია, ხოლო მისი ახალი, გიგაბაიტის სიჩქარიანი სერვისი არაფრით ჩამოუვარდება ქვეყნის ყველაზე სწრაფ სერვისებს. „თავიანთი ნიშის მნიშვნელოვან ნაწილში, პროდუქტის მხრივ, აშკარა უპირატესობას ფლობენ მეტოქეებთან შედარებით“, – ამბობს Evercore ISI-ს მმართველი დირექტორი ჯეიმს რატკლიფი.

გაყიდვასთან დაკავშირებულ გეგმებს კომისო არ ამხელს, მაგრამ გვიტყდება, რომ გასულ წელს არაერთი შეხვედრა ჰქონდა საინვესტიციო ბანკირებთან. კაცი, რომელიც, ფაქტობრივად, სწორად შერჩეული დროის წყალობით გამდიდრდა, ერთგვარად აღიარებს, რომ მისი მისია დასრულებულია. „ცხადია, დედამიწას იმისთვის თუ არ მოვევლინე, რომ ყველაზე, ყველაზე, ყველაზე დიდი კლოუნი გავხდე, მაშინ ერთობ მოხარული ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ, – ამბობს ის. – არ ვარ მე უორენ ბაფეტი. ძალიან კმაყოფილი ვარ“.

ჩვენ გირჩევთ

იღბლიანი ვაჟი

"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის

როკო კომისო მილიარდერები Mediacom

წინა სტატია

Adjara Group Opens A New Stamba Hotel In Tbilisi
01 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

რუსეთის ტოპ-10 საექსპორტო პროდუქცია
02 მაისი, 2018
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა