ეკონომიკური ზრდა საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიმდინარე წელს საქართველოში 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით, 0.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ფონდის პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2019 წელს 4.8%-მდე დაჩქარდება. ამასთან, ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოში ინფლაციის დონე 3.6% იქნება, ხოლო მომდენო წელს კი ის 3%-მდე შემცირდება.

2017 წელს მსოფლიო ეკონომიკა 3.8%-ით გაიზარდა. ევროზონის ეკონომიკა 2017 წელს მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა და წინასწარი მონაცემებით, ეს ტენდენცია მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა, რაც დასაქმების ზრდასა და საინვესტიციო განწყობების გაუმჯობესებაში გამოიხატა. იმავდროულად გაიზარდა კერძო განკარგვადი შემოსავალები და სამომხმარებლო ნდობა. IMF-მა ევროზონის რეალური მშპ-ის პროგნოზი 2018 წლისთვის 2.4%-ით განსაზღვრა , რაც წინა პროგნოზს 0.2%-ით აღემატება.

ბოლო 1 წლის განმავლობაში მაღალმა ეკონომიკურმა აქტივობამ თურქეთში გადახურების რისკები შექმნა. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით,  წლიური ინფლაცია 10%-ის ფარგლებშია, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, მაღალი შიდა მოთხოვნის პირობებში, განუხრელად ღრმავდება. მშპ-ის 7%-იანი ზრდის უკან აქტიური ფისკალური სტიმული დგას, რაც საინვესტიციო წრეებში გარკვეულ შიშს აჩენს. კერძოდ, გავლენიანმა საკრედიტო სააგენტო Moody’s-მა მარტის დასაწყისში ქვეყნის სუვერენული რეიტინგი შეამცირა, რაც მომავალში, უცხოური შემოდინებებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსებისა და საგარეო ვალის მომსახურების გართულების კუთხით, შესაძლოა, მნიშვნელოვანი დაბრკოლება აღმოჩნდეს.

IMF-ის შეფასებით, 2018 წელს თურქეთის რეალური ეკონომიკა 4.4%-ით გაიზრდება.

უკრაინის ეკონომიკა ნელი ტემპით აგრძელებს გაჯანსაღებას, თუმცა, ბოლო მონაცემებით, რეალური მშპ-ის ზრდა გასულ წელს უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. 2.5%-იან ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა მაღალ სახელმწიფო დანახარჯებსა და ინვესტიციებს. IMF-მა რეალური მშპ-ის პროგნოზი 2018 წლისთვის7 უცვლელად, 3.2%-იან ნიშნულზე დატოვა. სამომხმარებლო ფასების ინფლაცია გასული წლის განმავლობაში ორნიშნა დონეზე მერყეობდა და, არსებული პროგნოზით, 2018 წელსაც 10%-ზე ოდნავ მაღალი იქნება.

IMF-მა რუსეთის  2018 წლის მშპ- ის ზრდის პროგნოზი  უცვლელი დატოვა. თებერვალში რეკორდულად დაბალი ინფლაციის (2.2%) მიღწევის შემდგომ, მარტში სამომხმარებლო ფასების ინდექსი ქვეყანაში 2.4%-ით გაიზარდა და IMF-ის მიმდინარე პროგნოზით, ამაზე ოდნავ მაღალ ნიშნულს 2018 წლის ბოლოსთვის მიაღწევს. 

ბოლო მონაცემებით, სომხეთის ეკონომიკური აქტივობა 2018 წლის პირველ კვარტალში 2017 წლის ბოლოს დაფიქსირებული ზრდის მნიშვნელოვან მაჩვენებლებთან შედარებით ოდნავ შენელდა. აღნიშნული, ძირითადად, ინდუსტრიული დარგების ზრდის ტემპის შემცირებამ გამოიწვია მაშინ, როცა მომსახურების სექტორი კვლავაც მძლავრ ზრდას განაგრძობს. IMF-ის  განახლებული პროგნოზი სომხეთის წლიური ეკონომიკური ზრდის შესახებ 0.5 %-ით მაღალია წინა პროგნოზთან შედარებით და 2018 წლისთვის 3.4%-ს შეადგენს.

ნავთობის საერთაშორისო ფასების მკვეთრი შემცირების გამო აზერბაიჯანის ეკონომიკამ 2015-2016 წლებში რეცესია განიცადა. 2017 წელს რეალური მშპ- ის ზრდის მაჩვენებელი დადებითი გახდა (0.1%) და გაუმჯობესება მიმდინარე წლის დასაწყისშიც. აზერბაიჯანის რეალური მშპ-ის ზრდის IMF-ის პროგნოზი 2018 წლისთვის  წინა პროგნოზთან შედარებით 1.3%-დან 2%-მდე გაუმჯობესდა.

რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოსთვის პროგნოზი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და მხოლოდ უზბეკეთსა და თურქმენეთს ჩამორჩება.

რეგონის ქვეყნებისთვის პროგნოზი შემდეგია:

რუსეთი - 1.7%

ყაზახეთი - 3.2%

უზბეკეთი - 5%

აზერბაიჯანი - 2%

თურქმენეთი - 6.2%

უკრაინა - 3.2%

ბელარუსი - 2.8%

საქართველო - 4.5%

სომხეთი - 3.4%

ტაჯიკეთი - 4%

ყირგიზეთი - 3.3%

მოლდოვა - 3%

ეკონომიკური ზრდა საქართველოს ეკონომიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდი

წინა სტატია

World Bank: საქართველო მსოფლიოში კრიპტოვალუტის მესამე უდიდესი მომპოვებელია
08 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

წლის პირველ კვარტალში ლარის კურსი დოლარის მიმართ 4.2%-ით გამყარდა
08 მაისი, 2018
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა