ყველაზე მაღალ და დაბალანაზღაურებადი ვაკანსიები საქართველოში

ყველაზე მაღალ და დაბალანაზღაურებადი ვაკანსიები საქართველოში

ბოლო 6 თვეში თბილისში 5674 ვაკანსია გამოცხადდა. სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ევროკავშირის კვლევის მიხედვით, პროფესიათა შორის ძირითადად დაბალკვალიფიციური კადრების საჭიროების მქონე პოზიციებია, რომლებზეც საშუალო თვიური ანაზღაურება 350-დან 500 ლარამდე მერყეობს. გამოკითხვაში მონაწილე ორგანიზაციებში ყველაზე დაბალი ხელფასი 50 ლარი ფიქსირდება მედიცინასა და საკვების წარმოების სფეროში, საშუალოდ კი ორგანიზაციები მინიმალურ ხელფასად 326 ლარს მიუთითებენ, ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი მშენებლობაშია და 700 ლარს შეადგენს. მაქსიმალური ხელფასი თბილისში გამოკითხულ ორგანიზაციებში საშუალოდ 7047 ლარია, ამათგან ყველაზე დაბალი ზღვარი მაქსიმალური ხელფასისა (1333 ლარი) ფიქსირდება ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის სექტორში, ხოლო ყველაზე მაღალი მაქსიმალური ხელფასი (12229 ლარი) არის მედიცინაში. 

რაც შეეხება აჭარას, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვაკანსია აჭარაში არის ფასადებზე მომუშავე მღებავების პოზიცია, სადაც თვიური ანაზღაურება 7000 ლარს შეადგენს და უკავშირდება იმ მაღალ რისკს, რაც ამ საქმიანობასთან არის დაკავშირებული. მაღალანაზღაურებად პოზიციებს შორის არის სამოქალაქო მშენებლობის ინჟინრები და მშენებლები (საშუალო ანაზღაურება 3400 ლარი), კომპიუტერული ტექნიკის სპეციალისტ-პროფესიონალები (საშუალო ანაზღაურება 2250 ლარი), პროდუქციის გასაღებისა და მარკეტინგის განყოფილების მენეჯერები (საშუალო ანაზღაურება 1355 ლარი).

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გამოკითხული 16 ორგანიზაციიდან 7 ორგანიზაცია მომდევნო 6 თვის განმავლობაში გეგმავს 48 ახალი კადრის აყვანას, აღნიშნულიდან 30 ვაკანსია მიმტანებისა და ბარმენების იქნება. ყველაზე დაბალანაზღაურებადი პროფესია არის დამლაგებლის, სადაც დამსაქმებლები საშუალოდ 180 ლარის გადახდას ითვალისწინებენ. დაბალი ანაზღაურებით გამოირჩევა მომხმარებლებთან მომუშავე მოსამსახურეები (300 ლარი), ვაჭრობისა და მომსახურების სფეროს არაკვალიფიციური მუშები (300 ლარი), არაკვალიფიციური მუშები (391.6 ლარი), მიმტანები (450 ლარი). კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვაკანსია მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არის ელექტრული მოწყობილობის მექანიკოსი/ამწყობი, სადაც დამქირავებელი 2000 ლარის ანაზღაურებას სთავაზობს დასასაქმებლებს. პარადოქსულია, რომ ამ პოზიციებზე ანაზღაურება გაცილებით მაღალია ვიდრე მენეჯერების ვაკანსიებზე, სადაც საშუალოდ 1000 ლარის გადახდას ვარაუდობენ. 

რაც შეეხება კახეთს, გამოკითხვაში მონაწილე ორგანიზაციებში ყველაზე დაბალი ხელფასი 100 ლარი ფიქსირდება მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში, ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი – 375 ლარი – ფიქსირდება მშენებლობაში, საშუალოდ კი ორგანიზაციები მინიმალურ ხელფასად 262 ლარს მიუთითებენ. მაქსიმალური ხელფასი საშუალოდ 3191 ლარია, ამათგან ყველაზე დაბალი ზღვარი მაქსიმალური ხელფასისა (500 ლარი) ფიქსირდება სოფლის მეურნეობაში, ხოლო ყველაზე მაღალი მაქსიმალური ხელფასი (7 000 ლარი) არის მედიცინაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *