საგადასახდელო ბალანსი გაუმჯობესდა

2017 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ 8.7% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2016 წელს 12.8% იყო, ანუ 2017 წელს 4.1% პუნქტით შემცირდა. მშპ-ის მიმართ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება მნიშვნელოვანი დადებითი მოვლენაა, მაგრამ ცოტა უცნაურია, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში წარუმატებლობასაც კი წარმატებად ასაღებენ (მაგალითად, სოფლის მეურნეობის განვითარებაში ჩავარდნას), ეროვნული ბანკის გარდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაზე თითქმის არავინ საუბრობს.

Forbes Georgia შეეცდება, ამ მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო ცნობიერების ამაღლებაში თავისი წვლილი შეიტანოს.

საქართველოს მცირე ღია ეკონომიკა აქვს. ეკონომიკის სიმცირე ორი მიზეზით არის განპირობებული: ჯერ არ გვაქვს განვითარებული ეკონომიკა და ქვეყანა ტერიტორიითა და მოსახლეობით ბუნებრივად მცირეა. ღია ეკონომიკა ნიშნავს საქართველოს მნიშვნელოვან ინტეგრაციას საერთაშორისო ვაჭრობაში, კაპიტალის მოძრაობასა და სამუშაო ძალის მიგრაციაში. ეკონომიკური გახსნილობის გამომხატველია ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსი, რომელშიც საქართველოს მსოფლიოში მე-18 ადგილი უჭირავს.

ეკონომიკური გახსნილობა საქართველოსთვის სწორი სტრატეგიაა, რადგან პატარა, რესურსებით ღარიბ ქვეყანას სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის მსოფლიოს საქონლისა და მომსახურების, კაპიტალისა და სამუშაო ძალის ბაზრების გამოყენება სჭირდება.

რომ გავიგოთ, რა ტენდენცია აქვს საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მხრივ და რა არის ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, ამისათვის საგადასახდელო ბალანსი უნდა ვნახოთ, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველკვარტალურად აქვეყნებს.

საგადასახდელო ბალანსი საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს ასახავს. მასში სრულყოფილად აისახება წლის განმავლობაში განხორციელებული ყველა ეკონომიკური ოპერაცია, სადაც ერთ მხარეს საქართველო, ხოლო მეორე მხარეს სხვა ქვეყნებია. ეკონომიკური ტერმინებით რომ ვთქვათ, საგადასახდელო ბალანსი საქართველოს რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის განხორციელებულ ეკონომიკურ ოპერაციებს ასახავს.

საგადასახდელო ბალანსი ორი ნაწილისგან შედგება, ესენია: 1. მიმდინარე ანგარიში და 2. კაპიტალისა და ფინანსური ანგარიში. ბალანსი ორმაგი ჩაწერის პრინციპზეა აგებული, რაც გულისხმობს, რომ საბოლოოდ, მიმდინარე ანგარიში კაპიტალისა და ფინანსურ ანგარიშს უნდა გაუტოლდეს.

მიმდინარე ანგარიში მოიცავს: საქონლითა და მომსახურებით საგარეო ვაჭრობას, ფაქტორულ შემოსავლებსა და მიმდინარე ტრანსფერებს. საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის მუხლები უფრო მარტივი აღსაქმელია, ვიდრე შემოსავლებისა და ტრანსფერების. შემოსავლებში შედის შრომის ანაზღაურება და საინვესტიციო შემოსავლები, როდესაც შემოსავალი ერთ ქვეყანაშია მიღებული და მეორე ქვეყანაში იგზავნება. ტრანსფერები მოიცავს საქონლის, მომსახურების, ფინანსური და სხვა აქტივების ცალმხრივ გადაცემას. მაგალითად, ასეთია საზღვარგარეთიდან შემოსული გრანტები და სხვა დახმარებები.

მიმდინარე ანგარიში დეფიციტურია, თუ საერთაშორისო ვაჭრობით, ფაქტორული შემოსავლებითა და ტრანსფერებით უფრო ნაკლები ფული შემოდის ქვეყანაში, ვიდრე ქვეყნიდან გადის. ამავე დროს მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ყველა ეს ოპერაცია უცხოურ ვალუტაში ხორციელდება (სტატისტიკურად აშშ დოლარშია აღრიცხული).

როგორ უნდა დახარჯოს საერთაშორისო ეკონომიკურ ოპერაციებში ქვეყანამ იმაზე მეტი ფული, ვიდრე შემოსავალი აქვს? ეს დანაკლისი იფარება სწორედ კაპიტალისა და ფინანსური ანგარიშის სალდოდან. შესაბამისად, თუ მიმდინარე ანგარიში დეფიციტურია, კაპიტალისა და ფინანსური ანგარიში აუცილებლად დადებითია და აბალანსებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ ხარჯებისთვის საჭირო ფული არ გვაქვს, ამ თანხას ვსესხულობთ. თუ შიდა დანაზოგი შიდა ინვესტიციებისთვის საკმარისი არ არის, უცხოური ინვესტიციები შემოგვაქვს.

საქართველოს, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი აქვს, რომელიც ფინანსური ანგარიშით ფინანსდება. ზოგადად, უფრო მეტ ქვეყანას მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი აქვს, ვიდრე დადებითი სალდო. დადებითი ბალანსი მრეწველობის მხრივ მაღალგანვითარებულ და ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ქვეყნებს აქვთ. ასეთებია, მაგალითად გერმანია, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, რუსეთი, ნორვეგია, საუდის არაბეთი და სხვა.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ის ქვეყნისთვის პრობლემაა. პრობლემურობა დამოკიდებულია დეფიციტის სიდიდეზე (მშპ-ის მიმართ), იმაზე, თუ როგორ ფინანსდება დეფიციტი, ქვეყნის სავალუტო რეჟიმსა და ეკონომიკური განვითარების დონეზე. თუ დეფიციტი ძირითადად ინვესტიციებით ფინანსდება და არა ვალების აღებით, მაშინ ის პირიქით, კარგია და ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს. თუ დეფიციტი განპირობებულია იმპორტის ექსპორტზე მეტობით, ეს ეკონომიკის დაბალკონკურენტუნარიანობას მიანიშნებს, მაგრამ თუ განპირობებულია შიდა დანაზოგებზე ინვესტიციების მეტობით, პირიქით, მაღალპროდუქტიული, მზარდი ეკონომიკის მანიშნებელია. დეფიციტი პრობლემას არ წარმოადგენს საერთაშორისო ვალუტის მქონე ქვეყნებისთვის, მაგალითად, აშშ-სთვის, რადგან ამერიკელებს დეფიციტურად გადახდილი დოლარები სხვადასხვა სახით უკან უბრუნდებათ.

განვითარებადი ქვეყნების შემთხვევაში, მაღალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გამოწვევად არის მიჩნეული. ამაზე მიუთითებს საკრედიტო სააგენტოების დასკვნები, იმავე საქართველოსთან მიმართებით, რაც კრედიტორების ნდობის შესუსტებას იწვევს. ქვეყანა თუ ძირითადად უცხოურ კაპიტალზეა დამოკიდებული, სხვადასხვა მიზეზის გამო, უცხოური კაპიტალის შემოსვლის შეფერხება მოხმარების მნიშვნელოვან შემცირებასა და ეკონომიკის შემცირებას გამოიწვევს.

2017 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 8.7%, ხოლო პირდაპირი და პორტფელის ინვესტიციების წმინდა შემოდინება მშპ-ის 10% იყო. ეს კარგი შედეგია, რაც მიანიშნებს, რომ საქართველოში უცხოური ინვესტიციების განხორციელება მაღალპროდუქტიულია.

ახლა კი დეტალურად განვიხილოთ საქართველოს საგადასახდელო ბალანსი, რომელიც ძალიან საინტერესო ანგარიშია და უამრავ ინფორმაციას მოიცავს.

საგადასახდელო ბალანსი მიმდინარე ანგარიშის ჩვენებით იწყება, რომელიც ოთხი მუხლის ჯამია, ესენია: საქონლით საგარეო ვაჭრობა, მომსახურებით საგარეო ვაჭრობა, შემოსავლები და ტრანსფერები.

ყველაზე მაღალი უარყოფითი სალდო საქართველოს საქონლით საგარეო ვაჭრობაში აქვს, რადგან იმპორტი ექსპორტს დაახლოებით 2-ჯერ აჭარბებს. 2017 წელს საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 3.8 მილიარდი დოლარი იყო.

საქართველოს ტრადიციულად დადებითი სალდო აქვს მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობაში, რაც საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლებით არის განპირობებული. 2017 წელს მომსახურებით ვაჭრობის დადებითი სალდო 2.1 მილიარდი დოლარი იყო – დაახლოებით 400 მილიონი დოლარით მეტი, ვიდრე 2016 წელს. ეს ცალსახად ტურიზმიდან შემოსავლების 500-მილიონდოლარიანმა მატებამ განაპირობა. მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობაში ცალსახად უარყოფითი ტენდენცია გვაქვს ტრანსპორტის სექტორში. განსაკუთრებით აღსანიშნავია რკინიგზის შემოსავლები. 2015 წლამდე სარკინიგზო ტრანსპორტის მომსახურების ბალანსი დადებითი იყო, 2016 წლიდან კი უარყოფითი გახდა.

საბოლოოდ, 2017 წელს, საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო მომსახურებით ვაჭრობის დადებითმა სალდომ მნიშვნელოვნად გადაფარა და 3.8-მილიარდდოლარიანი დეფიციტი 1.8 მილიარდამდე შეამცირა.

ფაქტორული შემოსავლების მუხლი საქართველოსთვის ტრადიციულად დეფიციტურია, რადგან საქართველოში მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი უცხოური კაპიტალი და კაპიტალზე მიღებული შემოსავლის (საინვესტიციო შემოსავალი) ნაწილი საქართველოდან გადის. 2017 წელს უარყოფითი სალდო 816 მილიონი დოლარი იყო.

ტრადიციულად დადებითია ტრანსფერების მუხლი, რადგან ის მოიცავს უცხოურ დახმარებებსა და მიგრანტების მიერ გადმოგზავნილ თანხებს. 2017 წელს დადებითი სალდო 1.3 მილიარდი დოლარი იყო.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ექსპორტ-იმპორტის, შემოსავლებისა და ტრანსფერების ჯამი არის მიმდინარე ანგარიში და ის 2017 წელს -1,316 მილიონი დოლარი იყო.

2017 წელს კაპიტალისა და ფინანსურმა ანგარიშმა -1,381 მილიარდი დოლარი შეადგინა. რადგან ის მიმდინარე ანგარიში ტოლი უნდა იყოს, სტატისტიკურად სხვაობა შეცდომებისა და გამოტოვებების მუხლით ბალანსდება – 65 მილიონი დოლარით.

საქართველოს კაპიტალისა და ფინანსური ანგარიშის ძირითადი მუხლებია: პირდაპირი ინვესტიციები და სხვა ინვესტიციები, რომლებიც ძირითადად საგარეო ვალის აღებას მოიცავს.

2017 წელს პირდაპირი ინვესტიციების წმინდა შემოსვლამ 1.6 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 33%-ით მეტია 2016 წლის მაჩვენებელზე.

2017 წელი ისტორიულად გამორჩეულია იმით, რომ სხვა ინვესტიციების მუხლი უარყოფითი იყო -71 მილიონი დოლარით. სწორედ ეს ნიშნავს, რომ 2017 წელს საქართველომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ინვესტიციებით დააბალანსა და არა ახალი ვალების აღებით.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების მნიშვნელოვანი მხარეა ლარის კურსზე საგარეო შოკის გავლენის შემცირება. 2014-2016 წლებში ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი სწორედ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვნად ზრდა იყო.

საგადასახდელო ბალანსი დეფიციტი საგარეო ვაჭრობა

წინა სტატია

კვანტური წერტილები - ტელევიზორის განვითარების ახალი საფეხური
18 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

Самые высоко и низкооплачиваемые вакансии в Грузии
16 მაისი, 2018
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
Nexia TA - ერთადერთი აუდიტორული კომპანია საქართველოდან, რომელმაც IAB-ის ცერემონიაზე ჯილდო მოიპოვა
საქართველო | ოქტ, 08, 2018
Forbes 400 2018 - ბეზოსი ლიდერია
რეიტინგი | ოქტ, 04, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა