შეღავათების რეფორმა

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2017 წელს მცირე ბიზნესის ბრუნვამ 6.4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც საწარმოთა ჯამური ბრუნვის მხოლოდ 8.9%-ია. საშუალოზე კი - ბრუნვის 9.6% მოდის. სწორედ ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის კონტრიბუციის ზრდის და, ამ გზით, ქვეყანაში სიღარიბის დამარცხების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში საგადასახადო კოდექსში შესატანი ინიციატივების მთელი “კასკადი” გადაგზავნა.

“უპრეცედენტო”, “ნოვატორული”, “მასშტაბური” - ეს ის ეპითეტებია, რომელთაც ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების დახასიათებისას ყველაზე ხშირად იყენებს. მიზანი კარგად ნაცნობია - სიღარიბის დამარცხება. “ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე” - ალბათ ბევრს ახსოვს, ასე ერქვა 4-წლიან სამთავრობო პროგრამას, რომელიც 2008 წელს დაიწერა. მაშინ აბსოლუტური სიღარიბის ოფიციალური მაჩვენებელი 33,4% იყო. საქსტატის ბოლო 2016 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 21,3% ცხოვრობს. ფაქტია, ამ მიმართულებით, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, ამიტომ ათი წლის შემდეგაც პოპულარული მიზნის მიღწევას თუ მიზანთან დაახლოებას “ოცნების” მთავრობის რიგით მესამე ფინანსთა მინისტრი საგადასახადო კოდექსში სხვადასხვა ცვლილების შეტანით ცდილობს. მამუკა ბახტაძეს სჯერა, რომ თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად აუცილებელია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა. საქართველოს ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს სჯერა, რომ დაგეგმილი რეფორმის მთავარი შედეგი - საქართველოში ცხოვრების დონის გაუმჯობესება იქნება.

სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების ეგიდით, საგადასახადო კოდექსში რიგი ცვლილებები შედის: 2018 წლის ივლისიდან შეიცვლება მცირე ბიზნესის დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები, რაც იმას ნიშნავს, რომ მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება 1%-იანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 3%- და 5%-იანი განაკვეთისა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმით, ჯამში, 120,000-მდე მეწარმე ფიზიკური პირი ისარგებლებს, რაც ინდმეწარმეების 99%-ს მოიცავს. ფინანსთა მინისტრის თქმით, მომდევნო წლების მთავარი ამოცანა მეწარმე ფიზიკური პირების რიცხვის 30-40%-ით გაზრდაა.

პარლამენტში ინიციირებული საგადასახადო პაკეტით, ამავდროულად, 5-ჯერ - 100,000-დან 500,000 ლარამდე - იზრდება მცირე ბიზნესის ერთობლივი შემოსავლის შეზღუდვის ნორმა. ამ უკანასკნელმა სიახლემ, კერძო სექტორში, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია და მოლოდინიც გააჩინა იმის თაობაზე, რომ დღგ-ის გადამხდელთა ზღვარიც 100,000-დან 500,000 ლარამდე გაიზრდებოდა, მაგრამ ამაოდ. როგორც გაირკვა, ძველებურად, 100,000 ლარს ზევით წლიური ბრუნვის მქონე მეწარმე ვალდებული ხდება დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად, მაგრამ მას უნარჩუნდება მცირე ბიზნესის სტატუსი.

ამ ტიპის მეწარმეების წინა წლების გადახდების გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მცირე ბიზნესის ნაწილში განსახორციელებელი ცვლილებების გამო გადასახადების სახით ბიუჯეტში მისაღები წლიური შემოსავალი შემცირდება დაახლოებით 40 მლნ ლარით, რაც დიდი ფისკალური წნეხი არ გამოდის.

საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი კიდევ ერთი სიახლე, რომელიც 2019 წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დაახლოებით 30 მილიონი ლარით შეამცირებს, ორგანიზაციების მოგების გადასახადით დაბეგვრის რეგულაციის ცვლილებაა. აღსანიშნავია ისიც, რომ მოგების გადასახადით საწარმოთა დაბეგვრის ე.წ. ესტონური მოდელი, რომელიც საფინანსო სექტორისთვის 2019 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, მხოლოდ 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. საფინანსო სექტორისთვის რეფორმის 4 წლით გადავადებას მამუკა ბახტაძე იმით ხსნის, რომ ამ სექტორში თვითგანვითარებისთვის საკმარისი რესურსია.

საბანკო სექტორი გადავადებას გაგებით მოეკიდა. “ჩვენ მზად ვართ, ვიდგეთ იმ რიგში, რომელიც სახელმწიფომ დაადგინა”, - ასე გამოეხმაურა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებას.

ბანკებისგან განსხვავებით, რიგში დგომის წინააღმდეგია სადაზღვევო ინდუსტრია, რომელიც ბანკებთან, საკრედიტო კავშირებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და ლომბარდებთან ერთად საფინანსო სექტორის ნაწილია. საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი ბოლო 2 თვის განმავლობაში ინდუსტრიის სახელით არაერთხელ გამოვიდა და ფინანსთა სამინისტროს სადაზღვევო სექტორის ბანკებისგან გამიჯვნისკენ მოუწოდა. მისი მტკიცებით, სადაზღვევო ბიზნესისთვის რეინვესტიცია მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, რომ დარგის ჯამური მოგება 15-20 მლნ-ის ფარგლებშია, რაც ბიუჯეტს დიდ ფისკალურ ტვირთად არ დააწვება. თავის მხრივ, მამუკა ბახტაძემ პირობა დადო, რომ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქართულ ბიზნესს განვითარებაში დაეხმარება.

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა კი Forbes Georgia-ს უთხრა, რომ ინდუსტრიამ საკუთარი არგუმენტაცია წერილობით გაუგზავნა როგორც ფინანსთა მინისტრს, ისე - პრემიერს, მაგრამ სიახლე ჯერჯერობით, არაფერია.

ამ დროისთვის საგადასახადო კოდექსში კიდევ რიგი ცვლილებების შეტანა მიმდინარეობს, რომელთა ნაწილი ტექნიკური ხასიათისაა, ნაწილი კი ძალიან ვიწრო დარგობრივ ხასიათს ატარებს, ამიტომ სტატიაში მათი ჩამოთვლისგან თავს შევიკავებთ.

საგადასახადო ინიციატივებისთვის კანონპროექტის ფორმის მიცემისა და პარლამენტში შეტანის პარალელურად, მამუკა ბახტაძემ თავის გუნდთან ერთად თითქმის მთელი საქართველო შემოიარა და ყველა დიდ ქალაქში ადგილობრივ მცირე და საშუალო მეწარმეებს დაგეგმილი ცვლილებები გააცნო.

რეგიონული ტურნეს დამთავრებიდან მალევე, მამუკა ბახტაძემ მორიგი სამი ახალი საგადასახადო ინიციატივა წარმოადგინა, რომელიც ხუთი დოკუმენტის (საგადასახადო ანგარიშფაქტურა, სპეციალური ანგარიშფაქტურა, ნავთობპროდუქტის ანგარიშფაქტურა, სასაქონლო ზედნადები, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები) ნაცვლად ერთი - გაერთიანებული საგადასახადო დოკუმენტის შემოღებას, არამეწარმე ფიზიკური პირის წარმოებული საქონლის რეალიზაციის ხელშეწყობას და არარეზიდენტი პირისთვის საქართველოში კომპანიების ონლაინრეგისტრაციის შესაძლებლობას გულისხმობს.

“საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც გადავა საგადასახადო ადმინისტრირების სიმარტივის ასეთ მაღალ დონეზე. მეორე რეფორმამ კიდევ უფრო უნდა შეუწყოს ხელი საქართველოში ინკლუზიური ზრდის დაჩქარებას. დღეს ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებენ, პრობლემები აქვთ პროდუქციის რეალიზაციის ნაწილში, ვინაიდან მათ საბუთის გამოწერის საშუალება არა აქვთ. ამასთან, ბიზნესი მათ უარს ეუბნება პროდუქციის შესყიდვაზე, ვინაიდან ისინი ხარჯში ამ ოპერაციას ვერ აღრიცხავენ; მესამე რეფორმა ყველაზე უფრო მასშტაბური ხასიათის ინიციატივაა და მისი მიზანია, საქართველო გახდეს რეგიონული ფინანსური ცენტრი”, - განმარტავს მამუკა ბახტაძე.

მინისტრის ინფორმაციითვე, პირველი ორი რეფორმა, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან დაინერგება, მესამე ინიციატივის ამოქმედების ვადად კი 2019 წლის პირველი იანვარი სახელდება.

ფინანსთა მინისტრის მიერ ინიციირებული რიგი საგადასახადო ინიციატივების შეფასებისას, BDO-ს მმართველი პარტნიორი საქართველოშიზურაბ ლალაზაშვილი გამოყოფს დღგ-ის ავტომატურ რეჟიმში დაბრუნების სისტემის დანერგვის მნიშვნელობას, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული საგადასახადო ცვლილებების პაკეტში არ შედიოდა.

“ეს ძალიან კარგი სიახლეა, რადგან ბიზნესი მიიღებს იმ ფულს, რომელიც ეკუთვნის. კანონით, აქამდეც ასე იყო, მაგრამ რეალურად ძალიან რთულად უბრუნდებოდა ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობა”, - ამბობს Forbes Georgia-თან ლალაზაშვილი.

მისივე თქმით, განწყობა იმისა, რომ მთავრობა ორიენტირებულია ახალ ინიციატივებზე და ამას ბიზნესთან კონსულტაციის ფორმატში აკეთებს, სახელმწიფოსგან კარგ ტონს წარმოადგენს.

“ტენდენციას თუ შევაფასებთ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი პრობიზნესური ინიციატივა გაჟღერდა მთავრობის მხრიდან, რაც აღნიშვნას იმსახურებს. გამოვყოფდი ბრუნვის გადასახადის 5-ჯერ შემცირებას და ასევე იმას, რომ ყველა ინდივიდუალური მეწარმე, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 500,000 ლარს, ჩაითვლება მცირე მეწარმედ. გარდა ამისა, მართალია, კანონი პროექტის სახით ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არაა და დეტალები არ ვიცით, მაგრამ არარეზიდენტი პირისთვის საქართველოში კომპანიების ონლაინრეგისტრაციის შესაძლებლობის მიცემაც მნიშვნელოვანი სიახლეა; თუმცა იმისთვის, რომ ამ სიახლემ იმუშაოს, მნიშვნელოვანია, საქართველოში შევქმნათ ისეთი ტიპის პირობები, რომ ჩვენი ქვეყნის რეზიდენტობამ, გარდა საგადასახადო შეღავათებისა, დამატებითი სარგებელი მოიტანოს”, - აღნიშნავს ლალაზაშვილი.

BDO-ს მმართველი პარტნიორის შეფასებით, დაანონსებული საგადასახადო ინიციატივების ეფექტიანობის მთავარი საზომი იქნება ის, თუ რამდენად გაზრდის ეს რეფორმები მშპ-ს და მასში მცირე და საშუალო ბიზნესის წილს და ასევე, გახდება თუ არა აღნიშნული ახალი ბიზნესების დაწყების მოტივაცია.

ზურაბ ლალაზაშვილის მსგავსად, ბრუნვის გადასახადის 5-ჯერ შემცირება და მცირე მეწარმის სტატუსისთვის წლიური შემოსავლის 5-ჯერ ზრდა მიაჩნია ერთ-ერთ ყველაზე წონიან საგადასახადო ინიციატივად წარმოდგენილ ინიციატივებს შორის კომპანია Kreston Papiashvili Consulting Group-ის მმართველ პარტნიორს დავით პაპიაშვილს.

“უნდა ვაღიაროთ, ეს მართლაც პოზიტიური სიახლეა, მაგრამ ყველა სხვა გაჟღერებული ინიციატივა თანაბარი და დიდი ეფექტის მომტანი ნამდვილად არ არის და კერძო სექტორისთვის მათი ტრიუმფით მიწოდება გადაჭარბებულია”, - ამბობს პაპიაშვილი Forbes Georgia-თან ინტერვიუში და მაგალითად სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში საჰაერო ხომალდებისათვის განკუთვნილი საქონლის იმპორტის დღგ-ის გადახდისგან გათავისუფლება მოჰყავს, რომელიც ამ პაკეტში შედის.

“ერთი წლის წინ დიმიტრი ქუმსიშვილის ფინანსთა მინისტრობის დროს ქვეყნის შიგნით საავიაციო გადაზიდვის მომსახურება ანუ დარგი მთლიანად გათავისუფლდა დღგ-სგან, მაგრამ გაგიგიათ სადმე ვინმეს ამაზე ამდენი ელაპარაკა?! ასეთი ზარ-ზეიმით არავის აღუნიშნავს. მამუკა ბახტაძის ინიციატივაც შიდა ავიაციისთვის განკუთვნილი საქონლის იმპორტის გათავისუფლების შესახებ შეიძლება ერთი ვიწრო დარგისთვის კარგია, მაგრამ მასშტაბური რეფორმების კატეგორიაში ამას ნამდვილად ვერ გავატარებთ; ასევე, ბიზნესისთვის არაფერს ცვლის გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალური ნორმების გაუქმება და ის მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა. თუ მთავრობას სურს, ბიზნესს ხელი შეუწყოს, ავანსის დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმი უნდა გააუქმოს”, - აცხადებს პაპიაშვილი.

Kreston Papiashvili-ის მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ მეწარმეები, რომლებსაც ყოველდღიურად ხვდება, ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით მოხიბლულები არიან, მაგრამ თავად დავით პაპიაშვილს შთაბეჭდილება რჩება, რომ “მასშტაბური რეფორმები” მთავრობის ერთიანი სტრატეგიული გეგმის ნაწილი არაა.

“მეჩვენება, რომ ეს არის დროის მოკლე პერიოდში ცალკეულ პრობლემურ საკითხებზე ფორსირებულად გადაწყვეტების გამოვლინება. ასევე, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ გადაწყვიტა ფინანსთა მინისტრმა ჭარბვალიანობისა და სესხების ხელმისაწვდომობის პრობლემაზე საუბარი, როცა ეს მისი უწყების კომპეტენცია საერთოდ არ არის. როგორც ჩანს, ვიღაც წერტილოვნად სწავლობს პრობლემურ საკითხებს და წინა პლანზე ყველაზე აქტუალური გამოაქვს“, - ამბობს დავით პაპიაშვილი.

რამდენად სწორად შეარჩია წერტილოვანი დარტყმების ადგილი მამუკა ბახტაძემ და მისმა გუნდმა, ყველაზე კარგად პრაქტიკაში და დროში გამოჩნდება. “მასშტაბური რეფორმების” მასშტაბის საუკეთესო საზომიც ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილის ზრდა იქნება.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ფოსტალიონი

შენი რეზიდენცია კრწანისში

საქართველოს ფოსტალიონი

საქართველოს ფოსტალიონი

საგადასახადო კოდექსი შეღავათები წვრილი ბიზნესი მსვილი ბიზნესი

წინა სტატია

Регионы Грузии с самыми высокими и низкими доходами
25 მაისი, 2018

შემდეგი სტატია

ვალუტები, რომლებიც დოლარის მიმართ ყველაზე მეტად უფასურდება
28 მაისი, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს
საქართველო | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა