გააციფრულე... ან მოკვდი

VMware-ის შეფის, პეტ გელსინგერის თქმით, ტექნოლოგიური წინსვლის ტემპი ასეთი სწრაფი არასდროს ყოფილა და ყველა აღმასრულებელმა დირექტორმა ამერიკაში ამ მომენტით უნდა ისარგებლოს. 

ტექნოლოგიური პროგრესი აჩქარებულია თუ შენელებული?

ორივე. მურის კანონი არ გაჩერებულა, თუმცა მრუდი იცვლება: აქამდე ყოველ ორ წელიწადში გაორმაგებული ტემპებით მივდიოდით, ახლა გაორმაგებული ტემპებით სამ წელიწადში ერთხელ მივიწევთ წინ. 

რატომ?

იმიტომ რომ, 14-ნანომეტრიანი ჩიპებიდან 7-ნანომეტრიანებზე გადასვლა რთულია. ფიზიკურ ლიმიტებს უახლოვდები. უამრავი კაპიტალი გჭირდება მათ დასამზადებლად. 

მაგრამ თქვენ ისიც თქვით, რომ ტექნოლოგიური პროგრესი აჩქარებულია.

ამ cloud-ის ეპოქაში ათასი დოლარი და საკრედიტო ბარათი საკმარისია, ორ წუთში მსოფლიოში ყველაზე დიდი სუპერკომპიუტერი რომ შექმნა – იმაზე დიდი სუპერკომპიუტერი, რაც კი რამ აქამდე აწყობილა. ანტრეპრენიორებმა მთელ მსოფლიოში ამით უნდა ისარგებლონ.

რას ნიშნავს თქვენი ფრაზა „ტექნოლოგიის ოთხი სუპერძალა?“

ოთხი სუპერძალაა cloud-ი, მობილური, Internet of Things-ი (IOT) და ხელოვნური ინტელექტი. Cloud-ი განუსაზღვრელი მასშტაბის სუპერგამომთვლელი ძალაა. მობილური უსაზღვრო მიღწევადობას ნიშნავს. IOT-ი – უსაზღვრო წვდომას. ხელოვნური ინტელექტი უკონკურენტო ინტელექტია. სწორედ ამ ოთხის ერთობლივი, თანამიმდევრული ეფექტი მიგვაქანებს ყველაზე სწრაფი ტექნიკური ევოლუციისკენ, რაც კი ოდესმე ისტორიის მანძილზე მომხდარა. 

ხელოვნური ინტელექტი აოცებს და აშინებს ხალხს. რატომ მოიწევს ხელოვნური ინტელექტი ჩვენკენ ასე ჩქარა?

ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები უმნიშვნელოდ თუ შეიცვალა ბოლო 30 წელიწადში. ცვლილების ექსტრაორდინარული ტემპი იმაში მდგომარეობს, რომ ახლა მონაცემებისა და გამოთვლის მასშტაბები გაიზარდა, თუმცა ხელოვნური ინტელექტის ფუნდამენტური იდეები და ალგორითმები მნიშვნელოვნად სულაც არ შეცვლილა.

ყველაფერი, რეალურად, აპარატებამდე დადის.

შემიძლია, იგივე უხარისხო ალგორითმები ავიღო, მაგრამ ისეთ უშველებელ მასშტაბებზე, იმხელა მონაცემებისთვის გამოვიყენო, რომ საინტერესო შედეგები მივიღო. აი, ეს შეიცვალა. 

ტრადიციული ტექნოლოგიის მიღმა, ბიზნესის ლიდერები ამაზე ფიქრობენ?

იმედი მაქვს. ეს ყველა ბიზნესისთვის ეგზისტენციური მნიშვნელობისაა. მსოფლიოში მანქანების უმსხვილესი კომპანია, Uber-ი, მანქანებს არ ფლობს, Airbnb-ს სასტუმროები არა აქვს. ციფრული აქტივების მასშტაბური გამოყენების უნარი ყველაფერს ცვლის. აღმასრულებელმა დირექტორებმა და საბჭოებმა კითხვა უნდა დასვან: „კარგი, აბა, როგორ ვიყენებ ჩემს აქტივებს? ინდუსტრიის პოზიციას და ამ ახალ სუპერძალებს?“ თუ არა და, წარმატებას ვუსურვებ. ვინმე მათ აუცილებლად აჯობებს. 

ძლიერი აღმასრულებელი დირექტორია საჭირო, საბჭოს რომ უთხრას, გარდაქმნას ვაპირებთ, მაგრამ მოკლევადიანი შედეგები საზიზღარი იქნებაო.

„სამი წელი სიკვდილს უნდა ვეთამაშოთ. ასე თუ არ მოვიქცევით, ცოცხლად შეგვჭამენ“. – აი, ეს უნდა უთხრას აღმასრულებელმა დირექტორმა საბჭოს და თუ ეს უკანასკნელი მას მხარს არ დაუჭერს, მაშინ თანამდებობიდან წასვლაზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს.

VMware-ამდე 30 წელი Intel-ში გაატარეთ. რა ისწავლეთ Intel-ის დამფუძნებლებისგან – ბობ ნოისისგან, გორდონ მურისა და ენდი გროუვისგან?

გორდონი ამქვეყნად ყველაზე თავმდაბალი მილიარდერია. ერთხელ მე და ჩემი ცოლი Macy’s-ში ვიყავით, მიმოვიხედე და გორდონის ცოლი, ბეტი დავინახე – $1-იან ნაგვის ყუთებს ათვალიერებდა [იცინის]. 

დანარჩენი ორი, ნოისი და გროუვი, ბევრს ჩხუბობდნენ. როგორ ახერხებდნენ ამდენ ჩხუბში წინსვლას?

ენდისა და ბობის კამათისთვის რომ გეყურებინა, იფიქრებდი, ერთმანეთს მოკლავენ, სძულთ ერთმანეთიო. მაგრამ ენდის უყვარდა დებატები. მას მკაფიო პოზიციის მქონე ადამიანი სჭირდებოდა, ამ პოზიციის გამამყარებელი მონაცემები და ამ პოზიციის დაცვის ენთუზიაზმი.

პეტ გელსინგერს ესაუბრა რიჩ კარლგაარდი, ჩვენი კონტრიბუტორ-რედაქტორი და გლობალური ფუტურისტი. ინტერვიუ რედაქტირდა და შეიკვეცა. 

წინა სტატია

Yurtdışında en popüler Gürcü Şarapları
05 ივნისი, 2018

შემდეგი სტატია

მაისში ტურისტების რაოდენობა 16 პროცენტით გაიზარდა
05 ივნისი, 2018
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
Nexia TA - ერთადერთი აუდიტორული კომპანია საქართველოდან, რომელმაც IAB-ის ცერემონიაზე ჯილდო მოიპოვა
საქართველო | ოქტ, 08, 2018
Forbes 400 2018 - ბეზოსი ლიდერია
რეიტინგი | ოქტ, 04, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა