საქართველო საკრედიტო რეიტინგებში

საქართველო საკრედიტო რეიტინგებში

მსოფლიოში ყოველდღე მილიარდობით დოლარი ეძებს დაბანდების ოპტიმალურ ადგილებს. ოპტიმალური ადგილი კი თავის თავში ორ რამეს მოიცავს: სარგებლის დონეს და საიმედოობას – იმავე ნაკლებრისკიანობას.

დღევანდელ მსოფლიოში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მსოფლიოს ქვეყნების კარი უცხოური კაპიტალისთვის ღიაა. მეტიც, იმდენად ღიაა, რომ ქვეყნები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტ უცხოურ კაპიტალს მოიზიდავს. ეს კონკურენცია ლოგიკურია, რადგან უცხოურ კაპიტალზე დიდწილად არის დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება ქვეყნის ეკონომიკა მომავალში. ეს საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას განვითარებად ქვეყნებში, რომლებიც საკუთარი კაპიტალის სიმწირით გამოირჩევიან.

სწორედ ზემო ორ აბზაცში აღწერილმა სიტუაციამ გააჩინა საერთაშორისო რეიტინგების, მათ შორის საკრედიტო რეიტინგების არსებობის აუცილებლობა. შეიქმნა ორგანიზაციები, რომელთა სპეციალიზაციაც ქვეყნებისთვის ე.წ. სუვერენული საკრედიტო რეიტინგების მინიჭება გახლავთ.

ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი საიმედოობის მაჩვენებელია – ის ინვესტორებს აწვდის ინფორმაციას, თუ რამდენად სარისკოა კონკრეტულ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელება ან ამ ქვეყნის სახელმწიფო და კერძო სექტორისთვის ფულის სესხება. რისკების შეფასება, ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკურ ფაქტორებსაც მოიცავს. ხშირ შემთხვევაში, საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე ხელმისაწვდომობისათვის, განვითარებადი ქვეყნებისთვის კარგი რეიტინგის მიღება უმნიშვნელოვანესია. საკრედიტო რეიტინგებს განსაკუთრებით გავლენა აქვს საერთაშორისო სასესხო კაპიტალსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. რაც მეტია რეიტინგი, მით უფრო ნაკლებ პროცენტში შეეძლება ქვეყანას სესხის აღება, ინვესტორები კი ქვეყანაში ინვესტირების გადაწყვეტილებას უფრო იოლად მიიღებენ, უფრო ნაკლები მოგების ნორმას დასჯერდებიან.

დღეისათვის ბევრი ორგანიზაცია (სააგენტო) ანიჭებს ქვეყნებს საკრედიტო რეიტინგებს, მაგრამ მათ შორის ყველაზე გავლენიანია: Fitch-ი, Moody’s-ი და Standard & Poor’s-ი (S&P). სტატიაში სწორედ ამ სამი ორგანიზაციის მიერ მინიჭებულ რეიტინგებს განვიხილავთ.

რეიტინგის განსაზღვრისას საკრედიტო სააგენტოები მსგავსი მეთოდოლოგიით სარგებლობენ. ყურადღება ექცევა შემდეგ მაჩვენებლებს:

 • ვალი: სახელმწიფო და ქვეყნის ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიმართ, საგარეო ვალის წილი მთლიან ვალში, ვალის მომსახურება მშპ-ის მიმართ, უცხოური რეზერვები მოკლევადიანი ვალების მიმართ, უცხოური ვალუტის რეზერვები იმპორტის მიმართ, ვალის გადახდის ხანგრძლივობა;

ეკონომიკა: მშპ, ერთ მოსახლეზე მშპ, რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი, მშპ-ის სექტორული განაწილება;

საგარეო ვაჭრობა: ქვეყნის ღიაობა ვაჭრობისა და კაპიტალის მიმართ, საგადასახდელო ბალანსი, ვალი ექსპორტის მიმართ, რეალური და ნომინალური გაცვლითი კურსი;

მონეტარული გარემო: ინფლაციის დონე და სამიზნე მაჩვენებელი, შიდა საპროცენტო განაკვეთი, ფულის მასა, კრედიტების მოცულობა;

მთავრობის ბიუჯეტი: შემოსავლები და ხარჯები, დეფიციტი მშპ-ის მიმართ, დეფიციტის ტრენდი, ხარჯები მშპ- ის მიმართ, დანაზოგები მშპ-ის მიმართ;

საშინაო პოლიტიკა: კოალიციური მთავრობა, საზოგადოების მხარდაჭერა მთავრობის მიმართ, პოლიტიკური სტაბილურობა, საარჩევნო წელი;

საგარეო პოლიტიკა: საერთაშორისო გარემოს არასტაბილურობა (ომის საშიშროება), უსაფრთხოების დონე, დესტაბილიზაციის მოლოდინი.

Fitch-ის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი “BB-(Positive)” არის, რომელიც 2018 წლის 16 მარტს მოგვენიჭა. “BB-(Positive)” საშუალო დონის შეფასებაა. 2017 წლის სექტემბრის შეფასებით საქართველოს რეიტინგი ,,BB-(Stable)” იყო. შესაბამისად, წელს რეიტინგი, პერსპექტივის სტაბილურიდან პოზიტიურში გადაყვანით, გაუმჯობესდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი “BB-(Stable)” იყო.

რეიტინგის გაუმჯობესება ძირითადად ეკონომიკური ზრდის ტემპის ამაღლებამ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებამ და რეგიონში ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორებამ განაპირობა.

Fitch-ის რეიტინგში უმაღლესი შეფასება – ,,AAA” (რომელსაც საქართველოს 12 საფეხური აშორებს) ისეთ განვითარებულ ქვეყნებს აქვთ, როგორიცაა: ავსტრალია, კანადა, დანია, გერმანია, ნიდერლანდები, ნორვეგია, სინგაპური, ლუქსემბურგი, შვედეთი და შვეიცარია. ყველაზე დაბალი  შეფასება – “RD” მოზამბიკსა და ვენესუელას აქვს, რაც დეფოლტში ყოფნას ნიშნავს დაძლევის პერსპექტივით. არის უარესი შეფასებაც – “D”, რომელიც უიმედო დეფოლტს ნიშნავს. ასეთი შეფასება არც ერთ ქვეყანას არა აქვს.

საკრედიტო რეიტინგში დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეგიონის (მეზობელი) ქვეყნების რეიტინგებს, რადგან ისინი პირდაპირ აისახება საქართველოს რეიტინგზე, როგორც პოტენციური საგარეო შოკი/ სარგებელი. ამავე დროს, მეზობელი ქვეყნები ინვესტიციების მოზიდვის საკითხში კონკურენტები არიან. Fitch-ის მიხედვით, რუსეთს, თურქეთსა და აზერბაიჯანს საქართველოზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში სამივე ქვეყნის რეიტინგი შემცირდა. საქართველოსთან შედარებით უპირატესობა ძირითადად ეკონომიკის განვითარების დონით არის გამოწვეული. სამივე ქვეყანაში ერთ მოსახლეზე შემოსავალი უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოში. საქართველოზე დაბალი რეიტინგი აქვს სომხეთს.

Moody’s-მა საქართველოს რეიტინგი ბოლოს 2017 წელს განაახლა და “Ba2 (Stable)” მოგვანიჭა, რაც მანამდე არსებულ “Ba3 (Stable)”-თან შედარებით გაუმჯობესებაა. შეფასება “Ba2 (Stable)” ახლოსაა Fitch-ის ბოლო შეფასებასთან, ანუ საშუალო მაჩვენებელია. რეიტინგის გაუმჯობესება 2014-2016 წლების საგარეო შოკის მიმართ საქართველოს მდგრადობამ და ევროკავშირსა და ჩინეთთან გაფორმებულმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებმა განაპირობა.

Moody’s-ის რეიტინგში უმაღლესი შეფასება – “AAA” (რომელსაც საქართველოს 11 საფეხური აშორებს) იმავე ქვეყნებს აქვთ, რომლებმაც უმაღლესი შეფასება მიიღეს Fitch-ში, ჩამონათვალს ერთადერთი ქვეყანა – ახალი ზელანდია ემატება. ყველაზე დაბალი შეფასება – “C” ვენესუელას აქვს, რაც დეფოლტში ყოფნას ნიშნავს.

Moody’s-ის მიხედვით, თურქეთსა და აზერბაიჯანს საქართველოს თანაბარი საკრედიტო რეიტინგი აქვთ, რადგან ბოლო წლებში მათი რეიტინგები შემცირდა. საქართველოზე ერთი საფეხურით მაღალი რეიტინგი აქვთ რუსეთსა და სომხეთს.

S&P-მა საქართველოს რეიტინგი ბოლოს 2012 წელს განაახლა და “BB- (Stable)” მოგვანიჭა. მას შემდეგ საქართველოს S&P-სთვის რეიტინგის დასადგენად არ მიუმართავს. S&P-ის “BB-(Stable)” შეესაბამება Fitch-ისა და Moody’s- ის მიერ ბოლო პერიოდში მონიჭებულ რეიტინგებს.

უმაღლესი შეფასება “AAA” აქაც ზემოთ ჩამოთვლილ განვითარებულ ქვეყნებს აქვთ აშშ- ის გამოკლებით. მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოზე მაღალი რეიტინგი რუსეთსა და აზერბაიჯანს აქვს, თურქეთის იგივეა, რაც საქართველოსი, ხოლო სომხეთი შეფასებული არ არის.

ჯამში, საქართველოს საკრედიტო რეიტინგებში პროგრესი აქვს, მაგრამ ეს პროგრესი საკმაოდ ნელია (ზოგადად საკრედიტო რეიტინგებში ცვლილებები ნელი ტემპით ხდება) და მაღალ საფეხურებზე ასასვლელად თანამიმდევრული, სტაბილური ეკონომიკური პოლიტიკაა საჭირო. თავის მხრივ, უმაღლესი შეფასებების მისაღებად საჭიროა, ქვეყანა ეკონომიკურად განვითარებული, მდიდარი გახდეს, რასაც, თავის მხრივ, მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებშიც კი მრავალი წელი დასჭირდება.

ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია იმ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რასაც საკრედიტო ორგანიზაციები ისეთ გამოწვევებად მიიჩნევენ, რომელთა ახლო პერიოდში გაუმჯობესება შესაძლებელია, ესენია: სახელმწიფო ვალის მშპ-ის მიმართ შემცირება, ქვეყნის საგარეო მთლიანი ვალის მშპ-ის მიმართ შემცირება, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, ექსპორტის ზრდა, საერთაშორისო რეზერვების ზრდა და დეპოზიტების დოლარიზაციის შემცირება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *