ენერგეტიკის მწვანე გზა

კომპანია NRG Energy ქვეყნის ნახშირბადის მიმღები ელექტროსადგურების უმსხვილესი ოპერატორია. გასაკვირი არ არის, რომ მისი აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ კრეინი, ალტერნატიული ენერგეტიკის იმპერატორად გახდომისკენ მიისწრაფვის.

ელექტროენერგიის მწარმოებელი გიგანტის, NRG-ის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ კრეინის სახლი ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ პრინსტონში მდებარეობს და მის სარდაფში სარეზერვო გენერატორი არის განთავსებული. მას Beacon 10 ეწოდება და ის სკუტერის, Segway-ის გამომგონებლის, დინ კამენის მიერ არის შექმნილი. მოწყობილობა ბუნებრივ აირზე მუშაობს, რომელიც მას კრეინის სახლში შეყვანილი აირის მილით მიეწოდება.

მაქსიმალურ სიმძლავრეზე მას ელექტროენერგიის 10 კილოვატი შეუძლია აწარმოოს, რაც დაახლოებით სამჯერ უფრო მეტია იმ რაოდენობაზე, რომელსაც საშუალოდ ერთი სახლი საჭიროებს. დღეისათვის ბაზარზე არსებული სხვა სარეზერვო გენერატორებისგან განსხვავებით, Beacon 10 არის ე.წ. სტირლინგის (ან ეკოლოგიურად სუფთა) ძრავა (პისტონები განთავსებულია დახურულ კამერაში, რომლის მოძრაობის სიჩქარე კამერის ზედაპირთან მიწოდებული სითბოს რაოდენობით განისაზღვრება). კამენმა ათი წელიწადი იმუშავა იმისთვის, რომ სტირლინგის წუნდაუდებელი ვერსია შეექმნა, რომელიც ჩვეულებრივ დიზელის სარეზერვო გენერატორზე უფრო ეფექტიანია.

კრეინის თქმით, კამენის გეგმაა, მომდევნო 18 თვის მანძილზე კვანძების შექმნა (კრეინის დანადგარი ლაბორატორიაში შექმნილი მეორე დანადგარია) და მოწყობილობის ფასის დაახლოებით $10 000-მდე შემცირება – ეს არის საკითხი, რომელიც, სავარაუდოდ, იმ სახლების მეპატრონეებს დააინტერესებთ, რომლებიც ქარიშხლების: სენდის, კატრინასა და აიკის მძვინვარების დროს, რამდენიმე კვირა უშუქოდ დარჩნენ. „ჩემი მოლოდინით, ორ წელიწადში, მაღალი კლასის სახლების მშენებლები მას დააინსტალირებენ“, – ამბობს კამენი.

ყველაზე მეტად კრეინი აღტაცებულია იმით, რომ ბუნებრივი აირი საკმაოდ იაფია, Beacon 10 უფრო მეტია, ვიდრე სარეზერვო გენერატორი და ის სახურავზე დამონტაჟებულ მზის პანელებთან ერთად განუწყვეტლივ მუშაობს. მისი თქმით, მომავალი მას ეკუთვნის. თუ ფასი შესაბამისი იქნება, როგორ არ გენდომებათ, რომ თქვენს სახლში თქვენივე ელექტროენერგია აწარმოოთ და მომწოდებელზე დამოკიდებულნი არ იყოთ? სახურავზე დამონტაჟებული მზის ენერგიის პანელები NRG-ის სწრაფად ზრდადი ბიზნესია. კრეინი დარწმუნებულია, რომ Beacon 10-ს შეუძლია უფრო დიდი გახდეს. „დაფიქრდით, თუ რა სისულელეა 21-ე საუკუნეში ვაშენოთ ელექტროსისტემა, რომელიც 120 მილიონ ხის ბოძზეა დამოკიდებული“, – იხუმრა 55 წლის კრეინმა კომუნალური მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების კონფერენციაზე, რომელიც ამ წლის დასაწყისში გაიმართა.

მაგრამ საკითხავი ის არის, თუ რატომაა კრეინი ამით დაინტერესებული? NRG-ი ქვეყნის უმსხვილესი ავტონომიური ელექტროენერგიის მწარმოებელია, რომლის წლიური შემოსავალი $12 მილიარდს შეადგენს. ჯერ მხოლოდ ორი წლის წინ მან ორგანული საწვავით მომუშავე რამდენიმე ელექტროსადგური მიიღო, როდესაც $5,5 მილიარდად GenOn-ი შეიძინა. დღეისათვის მისი კუთვნილი 105 ელექტროსადგური 24 შტატში ელექტროენერგიის 46 000 მეგავატს აწარმოებს, რომლის 54% ბუნებრივი აირიდან წარმოიქმნება, 29% – ნახშირიდან და 3,5%-ზე ნაკლები ისეთი ალტერნატიული ენერგიის წყაროებიდან, როგორიც არის ქარი და მზე.

ასეა, ნამდვილად ასეა, ვინაიდან NRG-ი იმდენადაა ნახშირზე დამოკიდებული, რომ კრეინი ალტერნატიული ენერგიის ბიზნესის სფეროების გაფართოებას ჩქარობს. ვინაიდან აშშ-ში ნახშირბადზე გადასახადი არ არის, EPA-ს (გარემოს დაცვის სააგენტოს) მიერ ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებისთვის დაწესებული ზრდადი რეგულაციები ელექტროენერგიის სფეროში არსებულ ინვესტორებს აღელვებს – განსაკუთრებით NRG-ის ინვესტორებს. Bernstein Research-ის ანალიტიკოსმა, ჰიუ ვინმა, იმის მოდელირება გააკეთა, თუ ქვეყნის ელექტროენერგიის ყველა დიდ მწარმოებელზე რა ზეგავლენას მოახდენდა ჰიპოთეტური გადასახადი, – ნახშირჟანგბადის გამონაბოლქვის ერთ ტონაზე $10-ის დაწესება. მან გამოიკვლია, რომ ყველაზე მეტად NRG-ი დაზარალდებოდა და თავისი შემოსავლის 50%-ს დაკარგავდა. შემდეგ ყველაზე ცუდი მდგომარეობა, შემოსავლების 3%-ის დაკარგვით, AES Corp.-ს შეექმნებოდა. რა იწვევდა ასეთ დიდ დარტყმას? NRG-ი კომუნალური მომსახურებების კომპანია არ არის და ის ვერ მიმართავს რეგულატორს იმისთვის, რომ მან ნება მისცეს ნახშირბადის გადასახადები გადამხდელებისგან აინაზღაუროს.

NRG-ის საბედნიეროდ, ნახშირბადზე გადასახადი კიდევ წლების განმავლობაში არ იქნება შემოღებული. ეს იმას ნიშნავს, რომ „კრეინს ლაპარაკისთვის ძალიან ბევრი დრო აქვს“, – ამბობს კვლევითი კომპანია Tudor, Pickering, Holt & Co.-ს დირექტორი ბრენდონ ბლომანი, – და შემოსავლის ახალი წყაროების შექმნაზე დახარჯული უამრავი ფული ნახშირის გენერაციასთან არ არის დაკავშირებული“.

იმისთვის, რომ NRG-ი სუფთა მწვანე ელექტროენერგიის მომწოდებელი გახდეს, კრეინი აპირებს სახლების მეპატრონეებს ათობით ათასი მზეზე მომუშავე ელექტროსადგური, ტრილინგის ძრავები და სმარტ-ტერმოსტატები მიჰყიდოს. ეს არის ბიზნესგეგმა, მსგავსი ელონ მასკის SolarCity -ის სტრატეგიისა – ეს გახლავთ მზის ენერგიაზე მომუშავე შიდა ელექტროსადგურების დამაინსტალირებელი ქვეყნის უმსხვილესი კომპანია, რომელიც ბოლო წლებში ძალიან კარგად მუშაობს და მისი გაყიდვების წლიური შემოსავალი $200 მილიონს შეადგენს, ხოლო $6-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაცია ჯერ კიდევ პროცესშია). კრეინი აპირებს ზოგი რამ NRG-ში გადმოიტანოს (რომელსაც მხოლოდ ორმაგი ბაზრის კაპიტალიზაცია აქვს). „ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ საშუალება, რომელიც SolarCity-ის დაამარცხებს, – ამბობს კრეინი. – ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ ჩვენ მასში ყველა ჯვარედინი პროდუქტი გვაქვს ჩაშენებული“.

ელექტროენერგიის საცალო მიმწოდებლის, Reliant Energy-ის წყალობით, NRG-ს 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. კრეინი იმედოვნებს, რომ მწვანე ენერგოსისტემაზე გადასვლა მათ შენარჩუნებას ხელს შეუწყობს“. ამ მომხმარებლების ლოიალურობა ჩვენ მიმართ თითქმის ნულს უდრის, – ამბობს კრეინი. – ჩვენი გასავლის წლიური დონე 30%-ს შეადგენს. ზოგი ადამიანი, ელექტროენერგიის მიმწოდებელს კილოვატ/საათში ერთი მეათედი ცენტის გამო გამოიცვლის“. ვინაიდან მზის ენერგიის შიდა დანადგარების 80% 20-წლიანი იჯარით გაცემულ სახლებში დაინსტალირებულია, „ეს ნიშნავს, რომ მომავალი 20 წელი თქვენ ჩემი მომხმარებელი იქნებით. თქვენ არ წახვალთ“.

იმისათვის, რომ ახალმა აღჭურვილობამ NRG-ზე გავლენა მოახდინოს, ბევრი სამუშაო არის ჩასატარებელი. გასულ წელს მზისგან მიღებული ელექტროენერგიის გაყიდვებიდან მან მხოლოდ $200 მილიონის (2011 წელს არაფერი არ მიუღია) მოგება ნახა. წელს ეს მაჩვენებელი შესაძლოა გაორმაგდეს, ვინაიდან NRG-მა შეიძინა Roof Diagnostics-ი, რომელიც მზის ბატარეებს აინსტალირებს, ასევე კალიფორნიაში, ქვეყანაში ყველაზე დიდ მზის დანადგარზე, Ivanpah-ზე მუშაობა დასრულებულია.

რათა სამომავლოდ NRG-ის „გადანაწილებულ გენერაციაზე“, მაგალითად, მზის პანელებსა და სარდაფის გენერატორებზე გადასვლა დაასაბუთოს, კრეინი საუბრობს თავის რწმენაზე იმის შესახებ, რომ აშშ-ის ენერგობადე დაექვემდებარება ნელ სიკვდილს, რომელსაც ნახშირბადების საწინააღმდეგო რეგულაციები და მუდამ უფრო დაბალფასიანი ალტერნატიული წყაროები, მაგალითად, სახურავზე დამონტაჟებული დანადგარები გამოიწვევენ. მისი თქმით, ეს აშშ-ის საფოსტო სამსახურს ჰგავს. ყველა მნიშვნელოვანი საფოსტო გზავნილი უკვე UPS-ისა და FedEx-ის საშუალებით იგზავნება. ამის გამო, საფოსტო სამსახური სასიკვდილო სპირალზე იმყოფება: ის ზრდის მიმდინარე გასავლის დაფარვის დონეს, მაგრამ გაზრდილი ფასების გამო მან მომხმარებელთა უმეტესობა დაკარგა. ელექტროენერგიის მიმწოდებელმა კომპანიებმა ანალოგიური პასუხის გაცემა დაიწყეს და იმ სახლებს, რომლებზეც მზის ელემენტებია დაყენებული, ახალი გადასახადები დაუწესეს იმისთვის, რომ ისინი ბადეში არიან ჩართული.

კრეინი კითხვის ქვეშ აყენებს დოგმას, რომ ბუნებრივი აირი ნახშირბადისგან სამუდამოდ დაგვიცავს: იდეის არსი ის გახლავთ, რომ საკმარისი ბუნებრივი აირი არსებობს, რათა ყველა სახლი გავათბოთ, ყველა ენერგოსადგური ვამუშაოთ, ყველა სატრანსპორტო საშუალება საწვავით უზრუნველვყოთ და გაზის ექსპორტი მოვახდინოთ. „მე მჯერა, რომ დაყოფა (დისტილაცია) საოცარია, – ამბობს ის, – მაგრამ იქნება თუ არა ის ყველაფრისთვის საკმარისი?“

რაც შეეხება მის სარდაფში განთავსებულ მოწყობილობას, კრეინს სჯერა, რომ დაბალფასიანი ბუნებრივი აირის შიდა ელექტროსადგურისთვის გამოყენებას დიდი ხნის მანძილზე მნიშვნელოვანი უპირატესობა ექნება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რეგულატორები ითხოვენ, რომ, მიუხედავად კომუნალური მომსახურების საფასურისა, გაზის მიწოდება სახლებში არასდროს არ იყოს შეწყვეტილი, – ამის წყალობით, არც ერთ ბებიას გაყინვით სიკვდილი არ დაემუქრებოდა.

კარგად განათლებული (პრინსტონი, ჰარვარდის იურიდიული სკოლა) საინვესტიციო ბანკირი კლივლენდში გაიზარდა. კრეინი ელექტროენერგიის ბიზნესში 90-იან წლებში მოვიდა და კომპანია Lehman Brothers-ში მუშაობდა. შემდეგ ის ელექტროენერგიის საბითუმო მწარმოებელ International Power-ს მანამდე მართავდა, ვიდრე 2013 წელს ის NRG -ს აღმასრულებელი დირექტორი გახდებოდა. იმ დროისთვის NRG-ი გაკოტრების შემდგომ აღდგენის პროცესში იყო. მისი თანამდებობაზე დანიშვნიდან მოკლე დროის შემდეგ NRG-მა რამდენიმე ელექტროსადგური გაყიდა, შემდეგ კი, 2006 წელს, $8,3 მილიარდად Texas Genco შეიძინა, რათა მოგებიან ტეხასურ ბაზარზე ადგილი მოეპოვებინა. მან ასევე წამოიწყო $13-მილიარდიანი (და მეტი) გეგმა, რათა ორი დამატებითი რეაქტორი აეშენებინა სამხრეთ ტეხასის პროექტის ფარგლებში არსებულ ბირთვულ ქარხანაში, მაგრამ 2011 წელს (მან განვითარებისთვის გაწეული $300 მილიონი ჩამოწერა) რთულად მისაღები ნებართვების გამო საწარმო გააუქმა. შემდეგ, 2012 წელს, მან GenOn-ი შეიძინა. ანალიტიკოსთა თქმით, კრეინმა დროთა განმავლობაში მიმართულების შეცვლის უნარი გამოავლინა.

მაშინ, როდესაც ეს NRG-ის „კულტურული გამოწვევა“ იქნება, განაწილებული გენერაციისკენ გადადგმული ნაბიჯი არის „აბსოლუტურად გამართლებული“, – ამბობს Rocky Mountain Institute-ის მმართველი დირექტორი, ჯონ კრეიტსი. „ჩვენ იმ დროში შევდივართ, როდესაც ადამიანები შეძლებენ Home Depot-ში ჩასვლასა და ახალი შიდა გენერატორის არჩევას ზუსტად ისე, როგორც ისინი არჩევენ ახალ ღუმელს თავიანთი სახლისთვის“. RMI (რომელსაც ხელმძღვანელობს ენერგეტიკის ცნობილი თეორეტიკოსი ამორი ლოვინსი) მუშაობდა NRG-თან, რათა კრეინის მეორე გამორჩეული სატესტე ადგილისთვის სისტემა შეექმნა – კუნძული ნეკერი, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, რომელიც რიჩარდ ბენსონმა დაუთმო. მილიარდერი დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა, მისი კუნძული კარიბებზე გავრცელებული დიზელის გენერატორებისგან გაეთავისუფლებინა.

დიზელი მარტივი და საიმედო საშუალებაა, მაგრამ მისგან წარმოებული ელექტროენერგიის საფასური ერთ კილოვატზე 27 ცენტს შეადგენს. კონტინენტის აირის ტურბინები კილოვატს 7 ცენტად აწარმოებენ, ოფშორული ქარი – 20 ცენტად და მზის პანელები – დაახლოებით 13 ცენტად  – უფრო მსუბუქი ნახშირბადის გამონაბოლქვით. ამიტომაც ბრენსონმა NRG-თან კონტრაქტი დადო, რათა ნეკერის მიკრობადე აეშენებინა.

სისტემის საიდუმლო არის სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც კუნძულზე არსებულ ელექტროენერგიის მოთხოვნებს აბალანსებს, იმ ენერგიის ნაცვლად, რაც იყო გენერირებული ქარის ტურბინებითა და მზის პანელებით. ზედმეტი ენერგია ბატარეაში ინახება. დღის საამ საათზე, როდესაც ქარი ქრის და მზე ანათებს, ბატარეები არის სავსე და ბადე უკუოსმოისის სისტემით ოპერირებს, რათა ოკეანის წყალი გაამტკნაროს.

„ჩვენ იმის იმედი გვაქვს, რომ გამოვიყენებთ ნეკერს, როგორც სატესტე კუნძულს, რათა ვნახოთ, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი, – ამბობს ბრენსონი. – ერთადერთი გზა, რომლითაც ჩვენ ვაპირებთ გავიმარჯვოთ ამ ომში, არის კრეატიული მეწარმეობა“. კარიბის დიდ კუნძულებზე ელექტრომობილებისთვის ზედმეტი ელექტროენერგიის წარმოების პოტენციალი არსებობს. დროთა განმავლობაში ზოგი კუნძული დიზელის იმპორტის შემცირებას შეძლებს. ანალოგიური მეთოდებისთვის მიმართვა შესაძლებელია აშშ-იც, სადაც ელექტროკარები ეფექტურად გამოიყენება, როგორც ბატარეების მობილური ფლოტი, რომელიც ელექტროენერგეტიკის ბადის სტაბილიზაციას ხელს შეუწყობს, როდესაც ბატარეები პარკირებული ან ქსელში შეერთებული იქნება. „ბადეზე მიბმული ორმოცდაათი მილიონი ელექტრომობილი აშშ-თვის საკმაოდ კარგი შემნახველი სისტემა იქნება, – ამბობს კრეინი. – მაგრამ ამას ბევრი დრო დასჭირდება“. დღეისათვის ის ისევ სარდაფში დგას.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ის სექტემბრის ნომერში)

 

წინა სტატია

მაიკლ ვულფი. კონცეპტუალისტი დიზაინერი
24 სექტემბერი, 2014

შემდეგი სტატია

ვენჩურული კაპიტალი: ინვესტირებადი ტრენდები
25 სექტემბერი, 2014
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა