განსაზღვრავს თუ არა ალფრედ ე. ნოიმანი აშშ-ის საგარეო პოლიტიკას?

პრეზიდენტ ობამას დამოკიდებულება დანარჩენი მსოფლიოს მიმართ შეიძლება შევაჯამოთ, როგორც ჟურნალ Mad-ის გამოგონებული პერსონაჟის, ალფრედ ე. ნოიმანის დევიზი: „რა? – მე ვდარდობ?“. ობამას გულწრფელად სჯერა, რომ უკანასკნელ ათწლეულში, მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის ქმედებებმა პროცესები უფრო გააუარესა, ვიდრე გააუმჯობესა; დანარჩენ მსოფლიოზე ჩვენ უარყოფით გავლენას ვახდენთ; ოკეანის გადაღმა სამყაროს საქმეებში, ჯობია, აშშ ნაკლებად ჩაერიოს, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ განხილვების ფორმატში და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრეტენზიებს დაეთანხმოს. თუმცა ისტორიის უბრალო თვალის გადავლებაც ცხადყოფს, რომ აშშ-ის პასიურობა საშიშ ქმედებებს მწვანე შუქს უნთებს. ეს კი, საბოლოო ჯამში, ისევ ჩვენს უსაფრთხოებას აყენებს ზიანს. ძალიან ცუდია ის, რომ პრეზიდენტ ობამას არ შეუსწავლია, თუ რა ხდებოდა 1930-1970-იან წლებში, როდესაც ვაშინგტონი სუსტ, წარმავალი გავლენის მქონე იმპერიის დედაქალაქად აღიქმებოდა.

ჩვენ წინაშე უამრავი პრობლემა დგას – მათ შორის ზოგიერთი ძალიან სერიოზული – ამჟამინდელი პრეზიდენტი და მისი კაბინეტის წევრები ნაკლებად თუ აფასებენ იმას, რაც ჩვენს ქვეყანას აქამდე გაუკეთებია და არც ის იციან, უკვე აშკარად გამოხატული კრიზისი ეფექტიანად როგორ მოაგვარონ.

  • შუა აღმოსავლეთი. პრეზიდენტმა ობამამ პირობა დადო, რომ იგი აშშ-ის სახმელეთო სამხედრო ძალებს ერაყში საბრძოლველად აღარ დააბრუნებს. ამ ნაბიჯის გადადგმა მისთვის კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა და აშკარას გახდიდა იმას, რომ, 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს წარმოთქმული მისი დამაიმედებელი სიტყვები ერაყის შესახებ უბრალოდ სიცრუე იყო. ამჟამად რეგიონში, რომელზედაც ვსაუბრობთ, უაღრესად ბოროტი ძალა იკვეთება სახელწოდებით ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფო (ISIS). ამ არაფორმალურმა სახელმწიფომ ერაყისა და სირიის ნაწილები უკვე ხელში ჩაიგდო და მკვლელი ექსტრემისტების ახალი ხალიფატის შექმნას ცდილობს.

ახლა მთავარი კითხვა ის კი არ გახლავთ, ერაყში დავბრუნდეთ თუ არა, არამედ, როგორ ვაპირებთ ამ ეშმაკისეული ძალის დამარცხებას. თუკი ერაყისა და სირიის ისლამური სახელმწიფოს შექმნის მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდება, მაშინ ჩამოყალიბდება გლობალური ტერორიზმისათვის სასათბურე პირობების მქონე ნავსაყუდელი, რომელიც მთელ მსოფლიოს და განსაკუთრებით აშშ-სა და მის მოქალაქეებს საშიშროებას შეუქმნის. ჩვენ უკვე ვიხილეთ ალ-ქაიდას ნამოქმედარი ავღანეთში განთავსებული მისი ბაზებიდან და 11 სექტემბრის ტერაქტი. საკუთარი ტერიტორიების დასაცავად ამბოხებული ქურთებისათვის საკმარისი რაოდენობის იარაღის მიცემა და ISIS-ის შესაჩერებლად საჰაერო დარტყმების განხორციელება – რათა მათ მიერ შემუშავებული, ქრისტიანების წინააღმდეგ მიმართული გეგმები ჩავშალოთ – აუცილებელი ნაბიჯებია, მაგრამ მხოლოდ დროებითი შედეგის მომტანი. არსებითი და ფუნდამენტური კითხვა ისევ ღიად რჩება: მათგან მომდინარე საფრთხის საბოლოოდ დასამარცხებლად რა გეგმა გვაქვს? გარდა მათ წინააღმდეგ სახმელეთო ბრძოლების გამართვისა, პრეზიდენტს აქვს კი სხვა რაიმე მოსაწონი იდეა?

სამწუხაროა, მაგრამ ობამას ასევე არანაირი გეგმა არ გააჩნია იმისათვის, რომ ირანის ატომური იარაღის შექმნისაკენ სწრაფვა შეაჩეროს და ამ ქვეყანას დაუკარგოს სურვილი, სხვათა შორის, საშიში სურვილი, შორეულ ტერიტორიებზე მოქმედი ბალისტიკური ჭურვების შექმნისა. თუკი ირანი მოახერხებს და ატომურ იარაღს შექმნის, თურქეთს, ეგვიპტესა და საუდის არაბეთს ასევე გაუჩნდებათ ცდუნება მსგავსი მცდელობები თავადაც განახორციელონ.

  • ავღანეთი. ავღანელმა ცუდმა ბიჭებმა კარგად იციან, რომ ობამას ავღანეთის რაც შეიძლება სწრაფად დატოვება უნდა. ამიტომ ეს ცუდი ბიჭები მზად არიან ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად, როგორც კი ჩვენი ძალები ავღანეთიდან გამოვლენ. უკვე დემორალიზებული ავღანეთის მოქმედი ხელისუფლებაც ამას კარგად აცნობიერებს. და როგორც ჩანს, თეთრ სახლს ისიც დაავიწყდა, თუ ოსამა ბინ ლადენმა 11 სექტემბრის ტერაქტი სად დაგეგმა.

ავღანეთში მოვლენების ამ სცენარით განვითარება ძალიან მძიმე გავლენას მოახდენს მეზობელ პაკისტანზე, უაღრესად პრობლემატურ და ატომური იარაღის მქონე სახელმწიფოზე, სადაც ისლამისტი ექსტრემისტები ხელთ სულ უფრო მეტ ძალაუფლებას იგდებენ. თუკი ალ-ქაიდა და მისი მოძმეები კონტროლს დაამყარებენ ატომური იარაღის მქონე ქვეყანაზე, რეალობა შიშის მომგვრელი იქნება.

ამ შემთხვევაშიც პრეზიდენტს, ამ საშიშროების თავიდან ასაცილებლად, რეალური სტრატეგია არ გააჩნია.

  • უკრაინა. თეთრი სახლის ადმინისტრაციამ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე კიევისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაა. უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტია. ვლადიმირ პუტინმა ჩვენი პრეზიდენტი უკვე კარგად შეისწავლა და გრძნობს, რომ დამოუკიდებელ უკრაინაზე რეალური კონტროლის დამყარება და მისი ტერიტორიების უფრო დიდი ნაწილის მითვისება შეუძლია, თან ისე, რომ ამას მისთვის რაიმე გრძელვადიანი შედეგი არ მოჰყვება.

ჩვენ უკრაინაში დიდი რაოდენობის შეიარაღება უნდა გავგზავნოთ, რადგან ეს ქვეყანა – ყოველ შემთხვევაში მისი უდიდესი ნაწილი – დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად იბრძოლებს, თუკი საამისო რესურსები ხელთ ექნება. უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინელი ოფიცერი საბჭოთა არმიის ხერხემალი იყო.

ჩვენ, ასევე დიდი ალბათობით, NATO-ს ძალების, მათ შორის, ამერიკული შენაერთების განთავსება მოგვიხდება პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში: ესტონეთში, ლიტვასა და ლატვიაში. ისინი NATO-ს წევრი ქვეყნები არიან და შეთანხმების მიხედვით ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ. ამ ქვეყნებში NATO-ს ძალების განთავსება – რაც ერთგვარი ავარიული ღილაკის როლს შეასრულებს – იქნება ერთადერთი ყველაზე უფრო დამაჯერებელი ნაბიჯი, რომელიც რუსეთის მაქინაციებს შეაჩერებს.

რაც შეეხება ეკონომიკის სფეროს – ჩვენ არა მხოლოდ უკრაინის ეკონომიკის კოლაფსი უნდა შევაჩეროთ, არამედ ეკონომიკა უნდა გავაძლიეროთ კიდევაც. როგორც მე უკვე აღვნიშნე forbes.com-ზე 15 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში: „უკრაინამ დაუყოვნებლივ უნდა შემოიღოს სავალუტო ბორდი, რომელიც გრივნას პირდაპირ აშშ დოლარზე მიაბამდა“.

პრეზიდენტ ობამას შესაძლოა სურს მსოფლიოს იგნორირება გაუკეთოს, მაგრამ მსოფლიო ჩვენ იგნორირებას არ გაგვიწევს.

გზავნილი ვლადიმირ პუტინს: წაიკითხეთ ადამ სმიტის ნაშრომები

რუსეთმა აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებს უცნაური, თვითგამანადგურებელი რეპრესიული ზომებით უპასუხა: მან სანქციების დამწესებელი ქვეყნებიდან ერთი წლით აკრძალა სხვადასხვა საკვები პროდუქციის იმპორტი. მათ შორისაა: ორაგული ნორვეგიიდან, ვაშლი პოლონეთიდან, ყველი დანია-ნიდერლანდებიდან, მსხალი ბელგიიდან და ქათმის ხორცი აშშ-დან. მაგრამ მოდი, კარგად გავიაზროთ, თუ რა გააკეთა რუსეთმა. მან, არსებითად, სავაჭრო ემბარგო საკუთარ თავს დაუწესა. წარმოიდგინეთ, როგორ გაცეცხლდებოდა ოპოზიცია, თუკი ვაშინგტონი ან ბრიუსელი განაცხადებდა, რომ ისინი რუსეთში სურსათის ექსპორტს კრძალავენ, რითაც, რეალურად, რუსეთის მოქალაქეთა კვების რეჟიმს დააზარალებდნენ და რუსეთში წარმოებულ სურსათზე ფასების ზრდას ხელს შეუწყობდნენ (რადგან იმპორტის შემცირების პირობებში, მოთხოვნა რუსულ საკვებ პროდუქტებზე გაიზრდება). კრიტიკოსები ერთ ამბავს ატეხდნენ, რომ ჩვენ ამ ნაბიჯით უბრალო, უდანაშაულო რუს ხალხს ვსჯით, იმის მაგივრად, რომ მიზანში პუტინი, მისი ოლიგარქები, მათი ბანკები და კომპანიები ამოვიღოთ. მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთმა ეს ყოველივე საკუთარ თავს და ხალხს თავად გაუკეთა. რუსეთის ხელისუფლება „ფასების გაზრდისა“ და „მარაგების შექმნის“ წინააღმდეგ დეკრეტებს უკვე ამზადებს.

მსგავსი რამ არ მომხდარა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტომას ჯეფერსონმა აშშ-ის იმპორტზე, 1807 წელს, ანალოგიური თვითდესტრუქციული ბლოკადა დააწესა. ჩვენმა „აღმასრულებელმა დირექტორმა“ ბრიტანეთსა და საფრანგეთთან ვაჭრობა აკრძალა, რადგან ომში ჩართული ქვეყნები ამერიკულ ხომალდებს ხელში იგდებდნენ. ჯეფერსონმა რატომღაც დაასკვნა, რომ თუ იგი ამ ორ ქვეყანასთან სავაჭრო ურთიერთობებს შეამცირებდა ან საერთოდ შეაჩერებდა, ისინი გონს მოეგებოდნენ და აღარ შეგვაწუხებდნენ. თუმცა ამ გადაწყვეტილების რეალური შედეგი, ახალ ინგლისსა და აშშ-ის სხვა, ვაჭრობაზე დამოკიდებულ რეგიონებში მკვეთრი ეკონომიკური ვარდნა იყო, რადგან ამერიკული ხომალდები მშობლიურ პორტებში ბლოკირებულნი აღმოჩნდნენ არა მოწინააღმდეგის ბლოკადის გამო, არამედ საკუთარი პრეზიდენტის ბრძანებით. ახალი ინგლისი ამ გადაწყვეტილებით იმდენად აღშფოთდა, რომ აშშ-გან გამოყოფის სერიოზული მოძრაობა დაიწყო. ჯეფერსონის გადაწყვეტილება სრული კრახი იყო. (საბოლოოდ ჩვენ, 1812 წელს, ჩავერთეთ ბრიტანეთის წინააღმდეგ კონფლიქტში, რომელსაც ჩვენი ქვეყნისათვის ერთმნიშვნელოვანი შედეგები არ მოუტანია, მაგრამ რომელიც მეხსიერებაში დაგვრჩა ნიუ-ორლეანთან ბრწყინვალე გამარჯვებით. ბრძოლა მას შემდეგ გაიმართა, რაც სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწერა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციამ აშშ-ში გვიან ჩამოაღწია).

მოსკოვმა აშკარად გათვალა, რომ ამ ემბარგოთი საკვები პროდუქტების დაზარალებული მწარმოებლები წინააღმდეგობას გაწევენ, რის გამოც მათი მთავრობები იძულებულნი გახდებიან, უკან დაიხიონ და პუტინის აგრესიულ ზრახვებზე უკრაინასთან მიმართებით, ასევე მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ბარბაროსულ ჩამოგდებაზე თვალი დახუჭონ. სულ მცირე, ამის შემდეგ დასავლური სამყაროს ქვეყნების ხელისუფლებანი ორჯერ დაფიქრდებიან იმაზე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდეთ პუტინის შემდგომ ნაბიჯებზე, რომლის მიზანი უკრაინის რუსეთის ვასალად გადაქცევაა.

თუმცა კონკრეტულად აღებული კომპანიებისათვის დამდგარი უარყოფითი შედეგის გარდა, პუტინის ემბარგო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეკონომიკაზე რაიმე გავლენას ნაკლებად თუ მოახდენს. აშშ-ის ეკონომიკაც მას სულ მცირედ თუ იგრძნობს. უფრო მეტიც, ეს ემბარგო რუს მომხმარებლებს გაცილებით უფრო დააზარალებს და ისედაც სუსტ რუსულ ეკონომიკას კიდევ უფრო შეარყევს.

კრემლი იმ ილუზიის ტყვეობაში აღმოჩნდა, რომ ბუნებრივი რესურსების სიუხვე – განსაკუთრებით ნავთობისა და გაზის – რუსეთს გლობალურ იმპერიად აქცევს. ცუდი ხელისუფლება ქვეყნის ენერგოპოტენციალს კიდევ უფრო აზარალებს და ახალი მიღწევები ნავთობის მოპოვების ტექნოლოგიის სფეროში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მოსკოვის მნიშვნელობასა და გავლენას კიდევ უფრო შეამცირებს.

მოსკოვისათვის მეტად ავისმომასწავლებელია ის ფაქტი, რომ უკანასკნელი ათწლეულის დასაწყისიდან მოყოლებული, სუსტი დოლარის გამო, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასები ხელოვნურად იყო გაზრდილი. საბოლოოდ აშშ მის მცდარ მონეტარულ პოლიტიკას გამოასწორებს ისევე, როგორც ეს ადრეულ, 1980-იან წლებში მოხდა, როდესაც ათწლეულის მანძილზე არასწორი მონეტარული პოლიტიკის წყალობით ერთი ბარელი ნავთობის ფასი 3 დოლარიდან 40 დოლარამდე გაიზარდა. ეს ცუდი პერიოდი დასრულდა თუ არა, რონალდ რეიგანისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის იმჟამინდელი პრეზიდენტის, პოლ ვოლკერის დამსახურებით, ნავთობის ფასი 10 დოლარამდე დაეცა. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული საუკუნის დასასრულამდე, ბარელი ნავთობის საშუალო ფასი 21 დოლარს შეადგენდა. ნავთობის ფასების ეს მკვეთრი შემცირება იყო ის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელმაც საბჭოთა კავშირის ნგრევა გამოიწვია – დოლარების შადრევანი უცებ დაშრა და რეჟიმის მთავარი დასაყრდენიც ჩამოიშალა. დღესაც რუსეთის ეკონომიკა, როგორც საბჭოთა კავშირისა, ნასესხები დროით ცხოვრობს.

ამ უკანასკნელი წლების მანძილზე, პუტინმა ვერ დაგვარწმუნა იმაში, რომ მის საბჭოთა წინამორბედებთან შედარებით, ეროვნული ძლიერების წყაროს უკეთესად აცნობიერებდეს.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ს ოქტომბრის ნომერში)

წინა სტატია

პაშა ბანკი - პირველი ქართული ბანკი SIBOS -ზე
06 ოქტომბერი, 2014

შემდეგი სტატია

პაშა ბანკის სპონსორობით ჩატარდა საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის ეგიდით
08 ოქტომბერი, 2014
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა