ქართული ეკონომიკა და ადამიანის ხასიათის თავისებურებანი

“...იურისტს, რომელსაც ეკონომიკა არ უსწავლია, აქვს დიდი შანსი საზოგადოების მტრად ქცევისა”.

ლუი ბრენდაისი, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს წევრი, ამერიკელი სამართალმცოდნე და განმანათლებელი.

ყველას, ან თითქმის ყველას უყვარს საქართველოში ხინკალი, რომლის წარმოშობას ზოგი მონღოლთა შემოსევას უკავშირებს, ზოგიც ჩვენივე მთის სამზარეულოს მიაწერს. ნებისმიერ შემთხვევაში ხინკლის პოპულარობას ეს არ ემუქრება. მას ასევე ყველა სტუმარსაც დიდი სიამაყით ვასინჯებთ ხოლმე და გულწრფელად აღვფრთოვანდებით, როცა ხინკლის წვენით გაწუწული სტუმარიც ღიმილით აკანტურებს თავს, რაც აშკარა მოწონების ნიშნად უნდა მივიჩნიოთ.

არავის ეგონოს, რომ მისამართი შემეშალა, და შეცდომით კულინარული გამოცემისთვის დაწერილი სტატია გამოვგზავნე. სულაც არა, და შევეცდები აგიხსნათ, რატომ.

ხინკლის პოპულარობა, რომელიც უდავოდ აშკარაა, ჩვენში სულაც არ განაპირობებს მის კარგ ხარისხს. არადა, ყველანაირი ლოგიკით – ეკონომიკურით, ფსიქოლოგიურით, უბრალოდ, საღი აზრით, ის, რაზეც მოთხოვნა დიდია, წესით, კარგი ხარისხით უნდა გამოირჩეოდეს და მიწოდების დიდი რაოდენობით უნდა ხასიათდებოდეს. მიწოდების რაოდენობა, სწორედ რომ, პრობლემა არაა – თითქმის ყველა ქალაქის უბანსა თუ გარეუბანში მრავალი სახინკლეა, მაგრამ არსად, ან თითქმის არსად არ ამზადებენ ნამდვილ, ხარისხიან და ძალიან გემრიელ ხინკალს; აი, ისეთს, რომლის გემოც ბავშვობიდან გვახსოვს და არ გვავიწყდება. ასეთი ხინკალი აღარსადაა. ყველა სახინკლე ყიდის საშუალო, ან ცუდი ხარისხის ხინკალს, ხალხი მაინც მიირთმევს მას და აძალებს იმავეს ხათრიან სტუმარს, ვინც უარს იშვიათად თუ გვიბედავს, მასპინძლის განაწყენების შიშით.

ხანდახან თუ გამოკრთება სადმე ახალი დაწესებულება, სადაც, როგორც კი ხმა დაირხევა, რომ კარგ ხინკალს აკეთებენ, მას მომხმარებელი მიაწყდება ხოლმე. მაგრამ საკმარისია ამ რესტორანს მრავალრიცხოვანი და რეგულარული მუშტარი გაუჩნდეს, ხარისხი იქაც კატასტროფულად ეცემა და პროდუქცია (ხინკალი) ისევ საეჭვო, მაგრამ კარგად ნაცნობ, გემოვნებით ტონალობებს უბრუნდება; ანუ ისევე უვარგისდება, როგორც სხვაგან.

მომხმარებელთა უმეტესობა კი ამაზე ხანმოკლე დაწუწუნების შემდეგ, ბედს შეგუებული, ისევ აგრძელებს იქ რაღაც დროის განმავლობაში სიარულს, სანამ ეს კერძი მთლად აუტანელი არ ხდება, რის მერეც ერთ დროს პოპულარული რესტორანი ან იყიდება, ან საერთოდ იხურება ხოლმე.

აქ ისმის ორი, სრულიად ლეგიტიმური კითხვა: 1. რატომაა, რომ პროდუქტი, რომელზეც დიდი მოთხოვნაა, ასეთი უხარისხოა? და 2. თუ პროდუქტი ასეთი უხარისხოა, რატომაა მასზე ისევ ისეთი მოთხოვნა, ყოველ შემთხვევაში რაღაც პერიოდის განმავლობაში?

აქ დიდია ცდუნება, რომ ყველაფერი ჩვენს სპეციფიკურ, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა იდენტობას გადავაბრალოთ, მაგრამ ეს იოლი პასუხი და მსჯელობის მაგიერ დასკვნის გაკეთება იქნება.

ამიტომ, მოდი, ვიმსჯელოთ.

წესით და რიგით, მოყვანილი მაგალითის ეფექტი ხომ არსებულის საპირისპირო უნდა იყოს: თუ პროდუქტზე მოთხოვნა დიდია, ის ხარისხიანად და მოთხოვნის შესაბამისად არ უნდა მიეწოდოს მომხმარებელს? და პირიქით, თუ პროდუქტი გაფუჭდა და აღარ ვარგა, განა მომხმარებელმა სწრაფადვე არ უნდა განაცხადოს უარი მასზე?

კი, ეს ასეა, თუ პრეზუმფცია გვაქვს ისეთი, რომელიც ამტკიცებს, რომ მომხმარებელიც რაციონალურია და თვითინტერესით მართული და ასეთივეა მიმწოდებელიც (ამ შემთხვევაში პატივცემული მეხინკლე).

მაგრამ, როგორც ვხედავთ, ასე შეიძლება არც იყოს და სრულიად თავისუფალმა ეკონომიკურმა ურთიერთობამ აუხსნელი, პარადოქსული სახე მიიღოს, როგორც მინიმუმ და ფატალური (ვთქვათ, ვიღაცის მოწამვლის) შედეგით დამთავრდეს, როგორც მაქსიმუმ.

პრეზუმფციები, რომელთა გარეშეც გაგვიჭირდებოდა ამგვარი, თუ სხვაგვარი ანალიზის კეთება ჩვენ გარშემო მყოფ სამყაროში არსებულ ურთიერთობებსა თუ მოვლენებზე, ზოგჯერ მცდარია ხოლმე.

მაგრამ ზოგჯერ არც ისე, როგორც ეს ერთი შეხედვით მოჩანს. მოდი, გავყვეთ ხმამაღლა მსჯელობის ძაფს.

მოყვანილ მაგალითში, დიდი ვარაუდით, საქმე გვაქვს საკუთარი ინტერესებისადმი საზიანო ქმედებასთან, როგორც მომხმარებლის, ისე მომწოდებლის მხრიდან.

მომხმარებლის პოზიცია ასე თუ ისე “გასაგებია” – მას შია, და ბევრი სხვა არჩევანის არარსებობის გამო, ისევ იქ მიდის, სადაც მიჩვეულია სიარულს, სანამ იქაურობა მთლად საშინელებად არ გადაიქცევა.

აი, მიმწოდებლის პოზიცია კი უფრო საინტერესოა ჩვენი საუბრისათვის.

მან, ანუ მიმწოდებელმა, ხომ იცის, რომ რაც უფრო დიდხანს შეინარჩუნებს საკუთარი პროდუქტის ხარისხს, მით უფრო სტაბილურად ექნება მას შემოსავალი ერთგული მომხმარებლისგან. მაგრამ, ნურას უკაცრავად – მიმწოდებელი რატომღაც არჩევს სწრაფ, მოკლევადიან მოგებას პირველადი, მაღალი ხარისხით ბევრი ხალხის მოზიდვის ხარჯზე, და შემდეგ საკუთარ კარგ რეპუტაციას ბოროტად იყენებს, როცა ხარისხს აგდებს და ცუდ პროდუქტს, როგორც კარგს, ისე ასაღებს. მას უკვე საკუთარი გრძელვადიანი რეპუტაცია აღარ ადარდებს, რომელიც აუცილებლად შეილახება გაფუჭებული პროდუქტის მიწოდებით და სულ მალე მთელი საქმის კრახიც გარდაუვალი გახდება.

მიუხედავად მიმწოდებლის საქციელის აშკარა ირაციონალობისა, მას ასე მოქმედების რაღაც მოტივაცია მაინც უნდა გააჩნდეს.

საინტერესოა, რაში მდგომარეობს ის?

და თუ დავფიქრდებით, ეს ერთი შეხედვით ალოგიკური და ირაციონალური საქციელი მიმწოდებლისა მაინც ექვემდებარება ახსნას. მის ზემოთ მოყვანილ და ჩვენთვის კარგად ნაცნობ საქციელს განაპირობებს ერთი, ძალიან საბაზისო და კარგად ნაცნობი გრძნობა.

ეს გრძნობა გახლავთ შიში – შიში არაპროგნოზირებადი მომავლის მიმართ, რაც აიძულებს მას მაქსიმალური მოგება მიიღოს დღეს, ახლა, აწმყოში, სანამ ყველაფერი უარესისკენ არ შეცვლილა – სანამ არ დაწყებულა კიდევ ერთი ომი, ან არ მომხდარა კიდევ ერთი გადატრიალება, ან ახალი რევოლუცია, არ გააქტიურებულა მიძინებული დამნაშავეთა და გამომძალველთა სამყარო, არ გაუფასურებულა დღევანდელი ეროვნული ვალუტა, ან არ მომხდარა ეშმაკმა უწყის რა – მოვლენათა ყველანაირი არასასურველი განვითარება.

ამიტომაც მიმწოდებელი არაფრად დაგიდევთ გრძელვადიან პერსპექტივას, ის დღესვე ცდილობს საკუთარი დღევანდელი მაქსიმუმის მიღებას. და თუ მართლა გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის დღევანდელ გეოპოლიტიკურ კონდიციებს, მტერ-მოყვრის მხრიდან მოსალოდნელი ხიფათისა და სიკეთის ურთიერთშეფარდების პროპორციებს, შეიძლება ჩვენი ნაცნობი მეხინკლის საქციელი ირაციონალურად სულაც აღარ გვეჩვენოს. პირიქით – ის, გამომდინარე არსებული გლობალური თუ ლოკალური საფრთხეებიდან, იღებს საკუთარი თავისთვის მაქსიმალურად რაციონალურ გადაწყვეტილებას – მას დღევანდელი, ნაღდი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ, თითქმის ეფემერულ ქათამს, მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდიდან მის ახლომხედველობად შეიძლება მივიჩნიოთ.

მოდი, ერთი წუთით ნაცნობი მეხინკლე ჩავანაცვლოთ რომელიმე უფრო “დალაგებული” და “სოლიდური” პროფესიის ადამიანით, ვთქვათ ბანკირით, და გავიხსენოთ, თუ როგორ იქცევიან ისინი ჩვენს ქვეყანაში. თითქმის ზედაპირული დაკვირვებაც კი საკმარისია, რომ დავინახოთ – ისევე, როგორც ჩვენი მეხინკლეები! აქ განსხვავება ამ ორი პროფესიის წარმომადგენელს შორის მხოლოდ ის გახლავთ, რომ საკვების ხარისხის გაფუჭება (მეხინკლის შემთხვევაში) ბანკირის შემთხვევაში გასაცემ სესხებზე უაზროდ დიდი პროცენტით დაბრუნების მოთხოვნის ფორმას იღებს – თითქმის არსად, მესამე სამყაროს ქვეყნების გარდა, არ არის ბანკის გაცემულ კრედიტებზე ამ სიდიდის პროცენტები დარიცხული. იგივე ითქმის მობილური კავშირების ოპერატორებზეც – აქაც აქცენტი დღევანდელ, ძვირ მომსახურებაზეა და არა იაფი, მაგრამ გრძელვადიანი მოგების გათვლაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ეს არსებული რეალობა ჩვენ ყველას გვაზარალებს, ზემოთ ჩამოთვლილ ბიზნესის წარმომადგენლებს ბრალს ვერ დავდებთ – ისინი ოპერირებენ მოცემულ სიტუაციაში, რომელსაც რეალური და კონკრეტული რისკები გააჩნია, რაც განაპირობებს მათ, ანუ სერვისთა მიმწოდებლების, ქცევასა და აზროვნებას.

იმისათვის, რომ არა მხოლოდ ვირწმუნოთ ჩემი სიტყვების, არამედ შევძლოთ მათი ლოგიკის დაჯერება, საჭიროა მცირე ექსკურსის გაკეთება ადამიანის ზოგადი ხასიათის თავისებურებებში.

მკითხველისთვის შევეცდები ადამიანის ზოგადი ხასიათის თავისებურებათა დემონსტრირებას ე.წ. “კანონის ეკონომიკური ანალიზის” (Economic Analysis of Law) გამოყენებით.

“კანონის ეკონომიკური ანალიზი” შედარებით ახალი ანალიტიკური ინსტრუმენტია. ის 1960-იანი წლებიდან შეიქმნა ამერიკელი იურისტებისა და ეკონომისტების თანამშრომლობის შედეგად. ამ მეთოდმა ამ ორივე დისციპლინის წარმომადგენლებს საშუალება მისცა, რომ ერთიმეორის არსენალს დასესხებოდნენ: ეკონომისტებს კანონი სთავაზობს არა მარტო საინტერესო პრობლემებს, არამედ კონკრეტული კატეგორიებით აზროვნებას; ხოლო ეკონომიკა კანონს მიკროეკონომიკური თეორიისა და მათემატიკური ეკონომიკიდან ჩამოყალიბებულ აბსტრაქციებს აწვდის, რაც კანონს მისი ზოგადი მიზნების (მოგებიანობის, ეფექტიანობის) განზოგადების უნარს ანიჭებს.

ამ მეთოდის გასაგებად ეკონომიკის სფეროში მცირე ექსკურსი დაგვჭირდება. როგორც ვიცით, ეკონომიკა (სხვა მიზნებთან ერთად) წარმოადგენს მეცნიერებას, რომელიც შეისწავლის ადამიანის (ასევე კორპორაციებისა და სხვა ეკონომიკური აქტორების) რაციონალურ საქციელსა და არჩევანს.

მსოფლიოში, ანუ იმ სამყაროში, სადაც რესურსები ადამიანთა უსაზღვრო სურვილებთან შედარებით შეზღუდულია, ადამიანთა მოთხოვნა – სურვილები მთლიანად არასდროს კმაყოფილდება: ჩვენ ყოველთვის გვსურს კიდევ ერთი მოგზაურობა, კიდევ ერთი გართობა, კიდევ ერთი აგარაკი, კიდევ ერთი ახალი მანქანა და ა.შ. ცხადია, ადამიანთა ამ სურვილების მთლიანად შესრულება შეუძლებელია, რადგანაც, როგორც ვთქვით, ჩვენ გარშემო ეს რესურსები ლიმიტირებულია, განსხვავებით ჩვენი სურვილებისაგან, რომლებიც უსასრულოა.

ჩვენც, ადამიანებიც, ანუ ამ რესურსთა მსურველებიც ისეთი სხვადასხვა ფაქტორით ვართ შეზღუდულები, როგორიცაა მხარჯველობითი უნარი, ანუ ფინანსული პოტენციალი, კონკურენცია, ჯანმრთელობა, სიცოცხლის ხანგრძლივობა და ა.შ. ამიტომაც იძულებულები ვართ გავაკეთოთ არჩევანი სასურველ ქმედებათა, საგანთა და სიტუაციათა შორის.

ამგვარად დახასიათებული ეკონომიკის ფუნქცია წარმოადგენს იმ პრეზუმფციის ანალიზს, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანი საკუთარ მიზანთა და სიამოვნებათა “რაციონალური მაქსიმალისტია”, ანუ თვითინტერესის სფეროში მაქსიმუმის მსურველი. ეს გულისხმობს, რომ ადამიანი ირჩევს იმ ნივთს ან ქმედებას, რაც მას, მისი აზრით, მეტ სარგებლობას, მეტ მოგებას, მეტ სიამოვნებას, მეტ კმაყოფილებას მოუტანს. ეს დასკვნა არ გულისხმობს იმას, რომ ადამიანის ყოველი საქციელი აუცილებლად ცივი გონებით განსჯილი ქმედებაა. ეს პრეზუმფცია უფრო იმას ნიშნავს, რომ ადამიანის საქციელი რაციონალური არჩევანის მოდელს შეესაბამება (თვითინტერესი ასევე არ ნიშნავს, რომ ინდივიდები აუცილებლად ხარბი და ანგარებიანი ეგოისტები არიან – რაციონალური გადაწყვეტილების მიმღებმა მოგება, ანუ სიამოვნება, შეიძლება სხვისი გაბედნიერებითაც მიიღოს).

თვითინტერესის პრეზუმფცია იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ის საშუალებას აძლევს ეკონომისტებს იწინასწარმეტყველონ ადამიანის ეკონომიკური ცვლილებებით (მაგალითად, რაიმე რესურსებზე ფასების ცვლით) გამოწვეული რეაქცია. ასეთი ცვლილებების ვითარებაში “რაციონალური მაქსიმალისტის” საქციელი პროგნოზირებადია. ეს ნიშნავს, რომ თუ რეალობის (ანუ, პირობითად, “ფასების”) ცვლილება ადამიანის კეთილდღეობის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა, იგი შესაბამისად შეცვლის საკუთარ საქციელსაც. ამ დასკვნას ისევ დავუბრუნდებით.

ბრიტანულ იურისპრუდენციაში ისტორიულად არსებობს მოსაზრება, რომ “ადამიანი დაარღვევს კანონს, თუ ის ამ საქციელით მოგებას მიიღებს”. ეს საკმაოდ ცინიკური და პესიმისტური პრეზუმფცია ადამიანის საქციელზე ხანგრძლივი დაკვირვებიდან გამომდინარე სასარგებლო რეზულტატია, რომლის გათვალისწინებითაც იქმნებოდა თითქმის ყველა ინგლისური კანონი. თუმცა ეს მოსაზრება არ ნიშნავს, რომ ინგლისელ კანონმდებლებს არ სწამდათ უანგარო და პატიოსანი ხალხის არსებობა. მათ უბრალოდ იცოდნენ, რომ შეუძლებელია ცალ-ცალკე კანონების შექმნა უანგაროთა და ანგარებიანთათვის. მათ კარგად უწყოდნენ, რომ ვერანაირი ორგანიზებული საზოგადოება ვერ იარსებებდა შიშისა და ვალდებულების პრინციპების გარეშე. და რომ პატიოსანი მოქალაქე ვალდებულების მორჩილია, ხოლო უწესო მოქალაქე – მხოლოდ სასჯელის შიშისა.

თუმცა ბრიტანელთა ამ პრაგმატულ შეხედულებას, არცთუ ისე უსაფუძვლო კონტრარგუმენტი გააჩნია. მისი ავტორი მე-18 საუკუნის ბრიტანეთში მტრად შერაცხული, დღეს კი დემოკრატიისა და ამერიკული კონსტიტუციონალიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად აღიარებული თომას ჯეფერსონია, რომელიც ამბობდა, რომ “ადამიანებს სურთ იცხოვრონ პატიოსნად, თუ მათთვის ამის საშუალება არსებობს”.

ჩემი აზრით, ეს ორი მიდგომა (ბრიტანული და ამერიკული) ერთმანეთს სულაც არ გამორიცხავს. პირიქით – ისინი შეიძლება ერთი მედლის ორ მხარედ მივიჩნიოთ, რომლებიც ერთმანეთის მართებულობაში გვარწმუნებს: ადამიანთა ბუნებაზე ზოგადი დაკვირვება გვარწმუნებს, რომ სამართლიან და ეკონომიკურად ზომიერ, არასაზიანო კანონებს ადამიანი ხალისით ემორჩილება და იცავს.

ამ მოსაზრების სამაგალითოდ მივუბრუნდეთ ზემოთ დახასიათებული კანონის ეკონომიკურ ანალიზს. თუ ამ მეთოდს ეკონომიკის ფასადს მოვაცილებთ და ადამიანის ქმედების სხვა კონტექსტს მივუსადაგებთ, შევნიშნავთ, რომ ინდივიდის, როგორც “რაციონალური მაქსიმალისტის” მოტივაცია ისევ ძალაში რჩება. იგივე აბსტრაქცია ადამიანის სავარაუდო, ნებისმიერი საქციელის პროგნოზირებისთვის ისევ კარგ ინსტრუმენტად გამოდგება.

ამის სადემონსტრაციოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: თუ მოქალაქეს კანონისა და სახელმწიფოს მხრიდან პირადი საკუთრების დაცვის მყარი გარანტია ექნება, მას საკუთარი კაპიტალის დაგროვებისა და გაზრდის მოტივაცია, ანუ ინსენტივი (Incentive) გაუჩნდება.

სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებული საკუთრების ხელშეუხებლობის უფლების გარეშე კი მოქალაქეს ამ უფლების საკუთარი ძალებით დაცვა მოუწევს – ისეთით, როგორიცაა შეიარაღება, ხელისუფლების კორუმპირებულ წარმომადგენელთა ან დამნაშავეთა სამყაროსგან პროტექციის ყიდვა და ა.შ. როცა ხელისუფლებას მოქალაქის შრომის პროდუქტის დაცვა მნიშვნელოვან საკითხად არ მიაჩნია, პროდუქტიულობისათვის სუსტი მოტივაცია იქმნება. მაგრამ, თუ სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული კანონი ან რეგულაცია მოქალაქის პირადი ინტერესისთვის მოგებიანობით გამოირჩევა, ადამიანი, როგორც “რაციონალური მაქსიმალისტი”, ასეთი კანონისადმი ლოიალურია. როდესაც მოქალაქე აცნობიერებს, რომ ამა თუ იმ რეგულაციისადმი მორჩილება მისთვის უფრო მოგებიანია, ვიდრე ურჩობა, იგი ავტომატურად, თუმცა საკუთარი ინტერესებით მართული, მთელი საზოგადოებისთვის მართული ხდება; ანუ, თუ მისი “ხარჯი” ურჩობის შემთხვევაში მეტია “დანაკარგზე”, რომელსაც იგი კანონის მორჩილების შემთხვევაში განიცდის, ადამიანი კანონის მორჩილებას ამჯობინებს.

როგორც ვნახეთ, მაშინაც კი, როდესაც ადამიანი ერთი შეხედვით ირაციონალურად იქცევა და დღევანდელ, აწმყოში მიღებულ მოგებას ამჯობინებს სამომავლოდ მისაღებ უფრო მეტ ხეირს, ის სინამდვილეში, იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც მას ხელთა აქვს, რაციონალურად იქცევა – მან იცის, რომ ხვალ, მოვლენათა არასასურველი განვითარების პირობებში, შეიძლება ყველაფერი დაკარგოს, და ამიტომ ის დღევანდელ, უფრო მცირე მოგების სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს.

აქ ვხედავთ, თუ როგორ გადამწყვეტ როლს თამაშობს ე.წ. გარე ფაქტორები, რომლებსაც ეკონომისტები და იურისტები “ექსტერნალობის” (Externality) სახელით მოიხსენიებენ. ამგვარად, სანამ იარსებებს ეს გარე ფაქტორები, ანუ ნეგატიური, საფრთხის შემცველი ექსტერნალობები, ჩვენი ეკონომიკური აქტორებისგან, მეხინკლე იქნება იგი, ბანკირი თუ მობილური ქსელების ოპერატორი, არ იქნება მოსალოდნელი მათივე მოქმედებების უკეთესობისკენ ცვლილება, რაც ჩვენთვის, ანუ მომხმარებლისთვის, ხარისხის გაუმჯობესებასა და სერვისის გაიაფებს ნიშნავს. ეს, ბუნებრივია, ყოველი ჩვენგანის ყოფაზე ძალიან უარყოფითად არის ასახული.

ზემოთ თქმულიდან ორი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი.

პირველი დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი ყველაზე არაპროგნოზირებად სიტუაციებშიც კი “რაციონალურ მაქსიმალისტად” რჩება. მეორე დასკვნა კი ისაა, რომ იმისთვის, რომ ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა არა მოკლევადიან, არამედ გრძელვადიან მოგებაზე და, შესაბამისად, საზოგადოებისთვისაც მეტად მოგებიან ქმედებაზე შეაჩეროს საკუთარი არჩევანი, საჭიროა მას მაქსიმალურად პროგნოზირებადი, უსაფრთხო და მოულოდნელობებისგან თავისუფალი გარემო შეექმნას.

სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ასეთი ჟამი დაისადგურებს, გამოსწორდება ხინკალიც, გაიაფდება კრედიტიც და სხვა ყველაფერიც, რომელთა ჩამოთვლაც აქ საკმაოდ შორს წაგვიყვანს.

ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ამ გრძელმა გზამ იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რაც ინტუიციურად ისედაც ვიცოდით – იმისათვის, რომ ეკონომიკურ აქტორთა საქციელი უფრო მოგებიანი, უფრო ეფექტიანი და ქვეყნისა და საზოგადოებისთვის მეტი სიკეთის მომტანი გახდეს, მას ესაჭიროება ორი რამ: გონივრული, ადამიანის ბუნების ცოდნასა და მის საქციელზე დაკვირვებიდან გამომდინარე და გამოცდილებაზე დაყრდნობით მიღებული კანონები და უსაფრთხო, პროგნოზირებადი გარემო.

დაბოლოს, ალბათ თქმაც ზედმეტია, რომ სწორედ ამიტომაა უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი საქართველოს უსწრაფესი ინტეგრაცია ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში, რაც ყველანაირ ნეგატიურ ექსტერნალობებს, ანუ მოულოდნელ გარე ფაქტორებს ასატან, არასახიფათო ხარისხამდე შეამცირებს და ადამიანებს საკუთარი საქმიანობის გრძელვადიანი დაგეგმვის საშუალებას მისცემს.

მანამდე კი ისევ მოგვიწევს ცუდი ხინკლის ატანა, სხვაზე რომ არაფერზე ვილაპარაკოთ. და ეს სრულიად ბუნებრივი რამ იქნება.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ს ოქტომბრის ნომერში).

წინა სტატია

სახიფათო ცვლილებები
08 ოქტომბერი, 2014

შემდეგი სტატია

საოჯახო ბიზნესი. სიმების თეორია
08 ოქტომბერი, 2014
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა