ნავთი, ფული და როიალ ბატონი

სვეტი სამ მოქმედებად.

მოქმედება 1: სადღაც უდაბნოში. იანვარი. გარეთ +40°C. უამრავი ვარსკვლავით შემკობილ სასტუმროში შეუკრებიათ (ხაზს ვუსვამ – შეუკრებიათ და არა შეკრებილან) დიდგვაროვანნი. პირობები საუცხოო, საკვები არანორმირებული, არაგენმოდიფიცირებული, მოკლედ – არაამქვეყნიური. მას მერე, რაც ამ ზღაპრულ სამყოფელში განათავსეს, ზოგი დიდგვაროვანი საკუთარი საფეხბურთო კლუბის მორიგ წარმატებულ მატჩს ადევნებს თვალს, ზოგი Formula 1-ში მის საჯინიბოს გრან პრიზე გულშემატკივრობს, ზოგი Skype-ით მის საყვარელ, ახლადშობილ უცისფერსისხლიანეს კვიცს შორიდან ეფერება და ყველა ერთად თუ ცალ-ცალკე ბირჟებზე მათი აქციების მდგომარეობას აკვირდება. ამ სასტუმროში, ამ უდაბნოში ნავთიც იმდენია, ფულიც იმდენია და სამეფო დიდგვაროვანიც იმდენია, რომ გადაანაწილო, ერთ-ორ ათეულ ქვეყანას დიდი ოცეულის შემადგენლობაშიც გარანტირებული აქვს ადგილი და აი, ასეთი ჩამონათვალი თუ არსებობს – მდიდარი სამეფოების პირველი 50-ეული, უეჭველი იქ იქნებოდნენ და თან მაგრად წინ.

მოკლედ, ამ სასწაულ სასტუმროში თითქოს ყველაფერი ისეა, როგორც ჰოლივუდურ კინოებში და ჩვენს საუკეთესო, ყველაზე ფერად სიზმრებში, მაგრამ შექსპირისეულად რომ ვთქვათ, something is rotten in the kingdom of... (თქვენ დაასრულეთ): რაღაც უცნაური დაძაბულობის სუნი ტრიალებს ჰაერში. სიმშვიდეს ვერ დაარქმევ, უფრო დაზაფრული სიჩუმეა. აი, როგორი განცდაა, იცით? ეს ფრაზა ამ ფორმულირებით ჩემი მეგობრის შვილს ეკუთვნის და თან დღეს ძალიან აქტუალურია: ვიღაცა გუგულის ბუდეს გადაუფრეეეენს. ჰოდა, ნეტავ რამ მოიყვანა ეს მადლიანები ყველა ერთად ამ ერთ სასტუმროში? რამ თუ ვინ? პრინციპში, ორივემ, მაგრამ მაინც მთავარია – ვინ. აკი გითხარით, დიდგვაროვანნი უხვად შეუკრებიათ-მეთქი, ყველას ეკუთვნის თავისი ტიტული „როიალი“, მაგრამ ნაღდი, მემკვიდრე ROYAL და თანაც ბატონი, ერთადერთია. ერთადერთია, მაგრამ როგორი? თან როიალი, თან წარსული და თან მომავალი.

ჯერ წამოვიდა ხმები, ქალები საჭეს მიუსხდებიანო, მერე მოჰყვა ნიუსები, ქალები სახელმწიფოს მართვასა და ტოპ-მენეჯმენტშიც ჩაერთვებიანო. დაბოლოს, უცებ, ეს საგვარეულო შეკრება ერთ სასტუმროში. ბატონმა ბრძანა, გეყოფათ, რაც ყვლიფეთ, დაყაჭეთ 100 მილიარდი მწვანეებით და წადით თქვენ თქვენს ჰარემებშიო. ერთმა სამეფო ბიძაშვილმა ცოტა ხნის წინ ვრცელ ინტერვიუში ბრძანა, ძალიან კულტურულად მექცეოდნენ, უმაგრესი ნომერიც მქონდა, მოკლედ, ყველაფერს ვერ ვიტყვი, 6 მილიარდი დოლარის ართმევას ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებო, მაგრამ სულ ჩემი ბიძაშვილის სიყვარულით რომ „გავიღე“ რეფორმებისთვის, ახლა რომ ისევ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და ჩემს ბიძაშვილთან რომ ეს-ემ-ესით ყოველდღე ხაზზე ვარ, ამას დიდი სიხარულით დაგიდასტურებთო. მოკლედ, ბიუჯეტში დაიდო 100 მილიარდი დოლარი ნაღდი ფული, კრება დარჩა მხიარული. 

ყოჩაღ ROYAL ბატონი. ეგ ყოფილა ქვეყნის პატრიოტი და ნაღდი პატრონი. 

მოქმედება 2: სადღაც ...ოვებში. მაისი. გარეთ -40°C. სასახლეში ბრჭყვიალებს, ბზინავს ოქროსფრად ყველაფერი. უამრავი, სამხრეებზე ვარსკვლავებით (თუ გარედან, თუ შიგნიდან) დახუნძლული, დაძაბული, ნაცნობი თუ უცნობი სახეები. ამ დარბაზშიც იმდენი ფულია და იმდენი ნავთობი (დიდგვაროვნებზე ბოდიში, რაც ნამდვილი ROYAL იყო, მათმა იდეოლოგიურმა წინაპრებმა გაანადგურეს), ეგ ხალხი კარგად რომ იქცეოდეს, მათივე ქვეყანა დიდი შვიდეულის პირველ სამეულში და ბედნიერების ყოველწლიური რეიტინგის პირველ ოცდაათეულში ნაღდად იქნებოდა, მაგრამ ეგრე სადაა. აბა, დააკვირდით: თითქოს რაღაც საზეიმო ხდება, ყველა კარგ ხასიათზე უნდა იყოს, მაგრამ ყველა გატრუნულია, თან შეშინებული, ემანდ ფურშეტის მერე არ წამაცალონ თავი და ჩემი იარდებიო (ასე ეძახიან იქ მოფერებით მილიარდებს). ალბათ ოცნებობენ, ნეტა მალე მორჩებოდეს და გავეცალო აქაურობას ჩემს იახტაზე და საგვარეულო მამულებშიო. თუმცა იქაც დასდევენ უკვე სკოტლანდ იარდები, მოკლედ, სხვაგანაა მათი ფიქრები და ამ სასახლეში არის მხოლოდ დარდები. ჰიმნის შესრულებისას დააკვირდით მათ სახეებს და დარწმუნდებით, რომ ასეა.

და აი, მოდის ბატონი. მერამდენედ მოდის? უჰ, რა მოთვლის. მოდის, მოდის და აღარასდროს მიდის. თითქოს ბედნიერი უნდა იყოს ისიც, იარდები მასაც იმდენი აქვს, გიყვარდეს, ცნობილმა ტაბლოიდებმა ტიტულიც კი მიანიჭეს „THE TZAR“, მაგრამ მის ამ სტატუსზე სულ მეღიმება, იმიტომ რომ მახსენდება კალიფორნიაში გაქცეული, ემიგრაციაში გარდაცვლილი საველი კ.-ს სახე ერთ-ერთი კინოფილმიდან (ჩემი თაობა უცებ მიხვდება). გახსოვთ ის მომენტი, რომ დაიძახებენ, „ამბობენ, მეფე ნამდვილი არ არისო“. აი ეგეთი გამომეტყველება ეკუთვნის მის სამეფო ტიტულს. ფილმში ცრუ მეფეს დასდევენ, ცხადში კი ბავშვებს სცემენ და იჭერენ. მაგ ამბების მერე ასეთი სახუმარო თქმაც კი გაჩნდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ბავშვთან ერთად თუ ჩამოხვალთ და უცებ თუ დაგეკარგათ, დაიყვიროს „მეფე ნამდვილი არ არის“ და მილიცია ძალიან სწრაფად იპოვისო.

მოკლედ, ისევ ის არის ბატონი, მაგრამ არც როიალია და არც ხალხის პატრონი.

მოქმედება 3: საქართველო. დღევანდელი დღე. კაი მაგრათა ცხელა ალაზნის ველზე, ღამით უამრავი ვარსკვლავია ცაზე და ჯერ კიდევ თოვლია კავკასიონის მთაზე. აქ არც ნავთია და არც ბევრი ფული, მაგრამ სამაგიეროდ იმდენია თეთრი ღვინო, გუდა, დედას პური და, რაც მთავარია, კეთილი გული, უდაბნოდან ყოველდღე პირდაპირი რეისებით ჩამოჰყავთ მდიდარნი და დიდგვაროვანნი, ...ოვებიდან კი თავისით, თავქუდმოგლეჯილი მოქრიან შაბათ-კვირას უბრალონიც და ბრალიანი ჩრდილოვანნიც. ყველა გალაღებულია, ყველა დარელაქსებული, უჟმური სახეებიც კი გაბრწყინებული (ჭაჭა მაგარია, თავისას შვრება). ღმერთმა ასე გაანაწილა – ნავთი იქა, ღვინო აქა, დარდი იქა, ლხინი აქა.

დიდგვაროვანი და ნამდვილი ROYAL ბატონი ჩვენიც იმდენი და ისეთი გვყავდა, ერთ სულ მოსახლეზე რეიტინგებში უეჭველი ძალიან წინ ვიქნებოდით, მაგრამ... მოუკითხეთ მეორე მოქმედების მთავარ გმირებს და მათ ინსპირატორებს. ზღაპრის ბოლო მაინც კეთილია: საქართველოში ყოველწლიურად ჩამოსული მილიონობით სტუმრისთვის, მისი აღმატებულება შრომისმოყვარე, ჭკვიანი, ნიჭიერი, სამშობლოსა და თავის საქმეზე შეყვარებული ხალხია ბატონიცა და პატრონიც.

ბრძენი იყო დიდი ილია: LET US BE OURSELVES ROYALS & BATONI!

ჩვენ გირჩევთ

ახალი ინდუსტრიული კონცეფცია

მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ყველაზე მდიდარი და ღარიბი ქვეყნები

ახალი ინდუსტრიული კონცეფცია

ახალი ინდუსტრიული კონცეფცია

წინა სტატია

GOGC’in kazancı 2.8 kat ile artmıştır
26 ივნისი, 2018

შემდეგი სტატია

გლობალური ქსელის თბილისელი შვილობილი
28 ივნისი, 2018
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა