იტალიის უახლესი მდიდრული კურორტი 2012 წლისათვის ტოსკანას კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას შესძენს

იტალიის ყველაზე მიმზიდველი რეგიონი ნამდვილად არ განიცდის უმდიდრესი, კომფორტული სასტუმროების ნაკლებობას. მაგრამ Castello di Casole , რომლის გახსნაცგაზაფხულზე, ევროპის ტურისტული სეზონის პიკის დროს არის დაგეგმილი, გამორჩეულია თვით ტოსკანური სტანდარტების ფონზეც კი. მე ეს ვიცი, რამდენადაც ამ 4 200 აკრზე გაშლილ კერძო საკუთრებას თავად ვსტუმრობდი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სასტუმრო მშენებლობის პროცესში იყო - თუ შეიძლება ასე ეწოდოს X საუკუნის ბრწყინვალე ციხესიმაგრის აღდგენა-რესტავრაციას. აღნიშნული პროექტი მთლიანად კოლორადოს შტატში დაფუძნებულმა კომპანიამ - Timbers Resorts-მა - განახორციელა. ეს კომპანია ცნობილია მდიდრული საცხოვრებელი სახლების, წილობრივ საკუთრებაზე დაფუძნებული კლუბებისა და ნახევრად საჯარო კურორტების განვითარებით, როგორიცაა მაგალითად - One Steamboat Place და Sebastian ვაილში, კოლორადოს შტატში (Vail, Colorado); საცხოვრებელი რეზიდენციები მექსიკაში, კერძოდ, ესპერანსაში (Esperanza, Mexico); კერძო კოტეჯები ირლანდიის გოლფის კურორტ დუნბეგში (Doonbeg) და ბევრი სხვა.

Castello di Casole მოიცავს ორ ათეულზე მეტ საოცარ იტალიურ ვილას, რომლებიც რესტავრირებული და მოდერნიზებულია უმცირესი დეტალების გათვალისწინებით. ის უკვე რამდენიმე წელიაფუნქციონირებს, საკუთარი, 100 აკრზე გაშენებული საუკეთესო ვენახებითა და ზეთისხილის ბაღებით, ბუნებრივი ნაკრძალით, ჯანმრთელობის ცენტრის არაჩვეულებრივი შენობითა და შესანიშნავი რესტორნით. - ერთადერთი, რაც ამ ადგილს აკლდა, სასტუმრო იყო. ერთ დროს იტალიელი დიდგვაროვნების კუთვნილი ციხესიმაგრის აღდგენას დაახლოებით ხუთი წელი დასჭირდა, რადგანაც მისი რესტავრირება იმავე სიფრთხილითა და ყურადღებით ხდებოდა, როგორც იტალიური ვილების შემთხვევაში; საბოლოოდ კი მივიღეთ 41-ლუქსნომრიანი პატარა ფეშენებელური სასტუმრო - ძველტოსკანური სოფლური შარმისა და თანამედროვე ტოსკანური ფუფუნების საოცარი სინთეზი. 14 ლუქსს აქვს საკუთარი ბაღი და ტერასები, რომელთა ფანჯრები ვენახებს, ლიმონისა და ზეთისხილის ხეივნებს გადაჰყურებს.

სასტუმრო აპარტამენტების გარდა, ციხესიმაგრეში განთავსებული იქნება რამდენიმე რესტორანი, მათ შორის შესანიშნავი Ristorante Tosca, ორიენტირებული ძირითადად ადგილობრივ ტოსკანურ სამზარეულოზე, რომელიც სტუმრებს შესთავაზებს შინაურულ პასტას, სასტუმროს ბაღებში მოწეულ ახალ პროდუქტსა და იქვე დაკრეფილ ზეთისხილს. ნაკრძალის წყალობით, მენიუში სეზონურად შეიტანენ გარეული ტახის, ირმის, ხოხბის, კურდღლისა და ბოცვერის ხორცს. აქვე იქნება პიცერია გურმანებისათვის, კაფე-ესპრესო, -ჟელატერია (იტალიური კაფე-სანაყინე), ასევე ბარი, რომელიც ბევრ სხვა რამესთან ერთად, სტუმრებს თავად Castello di Casole -ს სამარკო ღვინოებით გაუმასპინძლდება. სასტუმროს აქვს დიდი ღია აუზი, საიდანაც ტოსკანური სოფლების შესანიშნავი ხედები იშლება; ციხესიმაგრის ძველ ღვინის სარდაფში მუშაობს სპა, რომელიც ანტიკურ რომაულ აბანოს გვაგონებს; გამოუსწორებელ რომანტიკოსებს კი შეუძლიათ მიაკითხონ XVIII საუკუნის რესტავრირებულ სამლოცველოს - საუკეთესო ადგილს საქორწილო რიტუალისათვის.

ტოსკანა მუდამ პოპულარულია და ბევრისათვის საოცნებო დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ აქ ყველაფერი საუკეთესოა - დიდებული კლიმატური პირობები, შესანიშნავი ბუნება, მსოფლიო კლასის ღვინოები, არაჩვეულებრივი სამზარეულო, გარშემორტყმულ მთებზე შეფენილი მომაჯადოებელი და სუნთქვისშემკვრელი შუა საუკნეების ქალაქები ანტიკური ქვის კედლებითა და ციხესიმაგრეებით. მეორე მხრივ, აქ მაღაზიების, საკვები ობიექტებისა და კულტურული დაწესებულებების ფართო არჩევანია. Castello di Casole ძალიან მოსახერხებელი ადგილმდებარეობითაც გამოირჩევა - მხოლოდ 20 წუთის სავალზეა ტოსკანის ყველაზე პოპულარული ქალაქიდან, სიენიდან და 45 წუთის სავალზე - რეგიონის კარიბჭიდან, ხელოვნების ნიმუშებით განთქმული ფლორენციიდან; იგი ასევე ახლოსაა ვოლტერასთან, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ „ბინდთან" (პოპულარული წიგნი და ფილმების სერია) დაკავშირებული ტურიზმის უიღბლო მსხვერპლი გახდა (ნაწარმოებში განვითარებული სიუჟეტის თანახმად, სწორედ აქ არის ვამპირთა საზოგადოების რეზიდენცია), მაინც რჩება სან-ჯიმინიანოს დიდებულ, მომაჯადოებელ, შუა საუკუნეების ციხე-კოშკებითა და შთამბეჭდავი „კონტურებით" განთქმულ ქალაქად. ვიზიტორებისათვის ალბათ ძალზე ძნელი იქნება ამ კურორტზე გამეფებული უზრუნველი ცხოვრებისა და ამქვეყნიური სიკეთეებისაგან მოწყვეტა, მაგრამ ტოსკანის მონახულება ნამდვილად ღირს.

ყოველივე იმის გამო, რაც ჩამოვთვალეთ, სასტუმრო Castello di Casole -ს საგაზაფხულო გახსნა 2012 წლის ერთ-ერთ უდიდესი, მსოფლიო მასშტაბის მოვლენა იქნება სასტუმრო ბიზნესის სფეროში.
კურორტი ასევე მოიცავს 28 აღდგენილ ფერმერულ სახლსა და 10 ახალ ვილა-სასტუმროს, რომლის შეძენა შესაძლებელია როგორც წილობრივ მონაწილეობაზე დაფუძნებული საკუთრებისათვის, ასევე სრული საკუთრებისათვის. ახალი სასტუმროს აპარტამენტში ერთი ღამის გატარების საფასური €630-დან იწყება.

 

წინა სტატია

სამომავლო გზა: Gartner-ის პროგნოზი 2012 და მომდევნო წლებისათვის
21 დეკემბერი, 2011

შემდეგი სტატია

რატომ ტოვებენ საუკეთესო თანამშრომლები მსხვილ კომპანიებს?
28 დეკემბერი, 2011
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიას აქვეყნებს
რეიტინგი | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა