თქვენ უკვე ყველაფერი იცით, რისი ცოდნაც გჭირდებათ, ამიტომ საქმეს შეუდექით!

სწავლასა და მომზადების რეჟიმში ყოფნაზე ზოგიერთი ჩვენგანი ძალიან დიდ დროს ხარჯავს. დროა უკვე, საქმეს შეუდგეთ!

ცოტა ხნის წინ Breaking Into Startups Podcast-ის პლატფორმისათვის ინტერვიუ ჩავწერე, ხოლო ეპიზოდის ბოლოს მთხოვეს, რჩევა მიმეცა დედებისათვის, რომლებიც კარიერის ხელახლა დაწყებას გეგმავენ. მე მათ ვუთხარი: “თქვენ უკვე ყველაფერი იცით, რისი ცოდნაც გჭირდებათ, ამიტომ უბრალოდ საქმეს შეუდექით!”

ჩემი რჩევა ეფუძნებოდა ბოლო ორი წლის მანძილზე იმ ქალბატონებზე დაკვირვებას, რომლებიც დეკრეტული შვებულების შემდეგ ყოყმანობდნენ კარიერის გაგრძელებას. ერთი მხრივ, მიზეზი არის ის, რომ მათ სამსახურში დაბრუნების პერსპექტივა აშინებთ, ხოლო მეორე მხრივ, მათ აქვთ ბუნდოვანი შეგრძნება იმისა, თითქოს “ჯერ ამისათვის მზად არ არიან”. ეს “მზადყოფნა” ყოველთვის ოჯახთან დაკავშირებული როდია - მე იმ ქალბატონებთანაც მისაუბრია, ვინც წლებია უკვე, მზად არის სამსახურში დასაბრუნებლად. ხშირ შემთხვევაში მათ აქვთ შეგრძნება, რომ კარიერის გასაგრძელებლად “რაღაც” სჭირდებათ - ახალი უნარ-ჩვევები, ამ უნარ-ჩვევების წარმოჩენა და ამჟამინდელი სამუშაო ბაზრის უკეთესი ცოდნა.

პრობლემა ის გახლავთ, რომ ბევრ “ანალიზს” შეიძლება მოჰყვეს “პარალიზი”, ამ დროს თქვენ ექცევით სწავლის, ფიქრისა და დაგეგმვის მარყუჟში და რეალურად არაფერს მოიმოქმედებთ. მე მომსწრე ვარ ბევრი ამგვარი კარიერის ხელახლა დაწყებისა და მინდა აღვნიშნო, რომ ზუსტად იმავეს განიცდიან ქალები ნებისმიერი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისას. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცები ხშირად იჩენენ ახალი სამსახურის ან დაწინაურების ინიციატივას და ვარაუდობენ, რომ საქმის პროცესში გაიგებენ ყველაფერს, რისი ცოდნაც სჭირდებათ. ქალები კი პირიქით, ელოდებიან იმ მომენტს, როდესაც ასეთი ნაბიჯისათვის ბოლომდე მომზადებულად იგრძნობენ თავს. არა აქვს მნიშვნელობა, ქალი ხართ თუ მამაკაცი, თუკი თქვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად ელოდებით, “საკმარისი ცოდნა” როდის გექნებათ, გთავაზობთ სამ რჩევას, რომლებიც ამ ნაბიჯის უფრო ადვილად გადადგმაში დაგეხმარებათ.

გეყოთ კომპიუტერის უკან ამოფარება. ინტერნეტი სამსახურის მაძიებლებისათვის ნამდვილი ღვთის საჩუქარია, განსაკუთრებით იმ დედებისათვის, რომლებიც მცირეწლოვანი შვილების გამო სახლს არიან მიჯაჭვული. მაგრამ ონლაინ ხანგრძლივი დროის გატარებით თქვენ შეიძლება დიდი დრო დახარჯოთ მომზადებაში და რეალურად არაფერი მოიმოქმედოთ. ის, რასაც თქვენ ონლაინრეჟიმში მოიმოქმედებთ, ყოველთვის ეფექტიანი როდია, მაგალითად, - დასაქმების საიტზე განცხადების განთავსება. ნაცვლად ამისა, შეეცადეთ, სტრატეგიულად გამოიყენოთ ონლაინ დახარჯული დრო და იპოვოთ რაიმე ხერხი, რომელიც სახლიდან გაღწევაში დაგეხმარებათ. მოიძიეთ ისეთი ღონისძიებები, სადაც “ნეტვორკინგის”, ანუ სხვა პროფესიონალებთან ურთიერთობის შესაძლებლობა გექნებათ და ასევე ჩაეწერეთ კურსებზე, სადაც არა ინტერნეტით, არამედ ფიზიკურად მოგიწევთ სიარული (რაც სწავლის პარალელურად “ნეტვორკინგის” დამატებით საშუალებას მოგცემთ). ამჟამინდელ და ყოფილ კოლეგებთან სადილის დასაგეგმად გამოიყენეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა და LinkedIn-ის პლატფორმა.

ისწავლეთ, როგორ გაარჩიოთ ერთმანეთისაგან კეთილმოსურნეთა და არაკეთილმოსურნეთა რჩევები. ძალიან კარგია ხალხთან ურთიერთობა და მათი რჩევების მოსმენა, მაგრამ ასეთ დროს აუცილებლად გაითვალისწინეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი. პირველ რიგში, ჩამოყალიბდით, რისი მიღება გსურთ ამ ურთიერთობისაგან. როდესაც თქვენ მკაფიო წარმოდგენა გაქვთ იმის შესახებ, თუ რა დაგეხმარებათ ამ კარიერული ნაბიჯის გადადგმაში და ამავდროულად იღბლიანი შანსისთვისაც იტოვებთ ადგილს, თქვენი თანამოსაუბრე უფრო ფოკუსირებულია თქვენთვის სასარგებლო ინფორმაციაზე და ნაკლებად გიზიარებთ გაცვეთილ კლიშეებსა და ზოგად ინფორმაციას. სწორედ ასე ვიქცევით ჩვენ ხშირად, როდესაც არ ვიცით ზუსტად, როგორ დავეხმაროთ სხვა ადამიანს. გააზრებულად და სიფრთხილით შეარჩიეთ ის რჩევები, რომელთა გათვალისწინებასაც აპირებთ. როდესაც ერთი ადამიანი გეუბნებათ, რომ შეუძლებელია კონკრეტული უნარ-ჩვევების გარეშე სამუშაოს პოვნა, მიუდექით ამას ცოტათი სკეპტიკურად, ხოლო თუკი ხუთი ადამიანი მოგცემთ იმავე რჩევას, მაშინ ეს რჩევა გასათვალისწინებელია.

ფიქრსა თუ დაგეგმვაზე დახარჯულ ყოველ ერთ საათზე, გამოყავით ერთი საათი რეალური საქმის კეთებისათვის. დიდი ნაბიჯის გადადგმა ნამდვილად საჭიროებს ფიქრსა და დაგეგმვას, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია ბალანსის პოვნა ფიქრსა და საქმის კეთებას შორის. შეხედეთ ამას, როგორც “ფიდბეკს” (მომხმარებლის გამოხმაურებას) - იფიქრეთ და დაგეგმეთ. შეეცადეთ, მიიღოთ მეტი ინფორმაცია, რაც დაგეგმვაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, რომ თქვენი ძირითადი საქმიანობები დაყოთ ამოცანებად: “გააზრების” ნაწილი (კურსებზე სიარული, კვლევის წარმოება) და “საქმის კეთების” ნაწილი (ღონისძიებებზე დასწრება, გასაუბრებებზე სიარული, თქვენს მენეჯერთან ან მენტორთან კარიერული ბილიკების განხილვა). როგორ უნდა გაარჩიოთ ერთმანეთისაგენ ფიქრი და რეალურად საქმის კეთება? ზოგადად ნებისმიერი დიდი ნაბიჯის გადადგმის შესახებ ფიქრისას თქვენ კომფორტულ ზონაში რჩებით, ხოლო როდესაც რეალურად მოიმოქმედებთ რამეს, უკვე იძულებული ხდებით, გამოხვიდეთ ამ კომფორტის ზონიდან. თუკი თქვენ თავს არაკომფორტულად არ გრძნობთ, ესე იგი “ფიქრის” რეჟიმში ხართ გაჩერებული. უბრალოდ იმოქმედეთ, გადადგით ნაბიჯი და შესაძლოა, თავადაც გაკვირვებული დარჩეთ იმით, რასაც ისწავლით და სადაც აღმოჩნდებით.

ჩვენ გირჩევთ

გლობალური ქსელის თბილისელი შვილობილი

დიდი ბიზნესის დიდი დეტალები

გლობალური ქსელის თბილისელი შვილობილი

გლობალური ქსელის თბილისელი შვილობილი

წინა სტატია

5G და საქართველო
02 ივლისი, 2018

შემდეგი სტატია

Where do people borrow most in Georgia
27 ივნისი, 2018
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა