ეტლი, რომელსაც გამარჯვებამდე მიჰყავხარ

ეტლი, რომელსაც გამარჯვებამდე მიჰყავხარ

რვა წელი დიდი დროა იმისთვის, რომ იჯდე ეტლში და ელოდო მომენტს, როცა ისევ შეძლებ გავლას ზუსტად ისე, როგორც მთელი 18 წელი დადიოდი, და არაფერი აკეთო, გარდა რუტინული, ყოველდღიური ვარჯიშისა. ვარჯიშის, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს – ხელახლა აიდგა ფეხი. ეს მიზანი აქვს შენს მშობლებსაც, მეგობრებსაც და თავად შენც. როგორც რიგითი ჯარისკაცი, ასრულებ ყველა დავალებას, რომელთა დაძლევაც შენი ვალია. რვა წლის თავზე კი ხვდები, რომ ცხოვრებაში სხვა, უკეთესი მიზნებიც არსებობს, ვიდრე, უბრალოდ, სიარულია.

ირმა ხეცურიანი აფხაზეთიდანაა. 6 წლის იყო, როცა ომის შემდგომ მშობლებთან ერთად წყალტუბოში გადმოვიდა საცხოვრებლად. თავად ირმა აფხაზეთის კონფლიქტს რუსეთ-საქართველოს ომს ეძახის. ძალიან რთული პერიოდის გამოვლა მოუწია. ყველაფერი ცუდ თამაშს ჰგავდა. პატარა იყო და უჭირდა ამ ყველაფრის აღქმა. იყო დაცინვა, შიმშილი, კარდაკარ სიარული და მათხოვრობა. ძალიან მძიმე ტვირთი იყო “დევნილის” სტატუსის ტარებაც.

13 წლის იყო, როცა დედა წავიდა ემიგრაციაში, საბერძნეთში, რომ ოჯახს მეტ-ნაკლებად ამოესუნთქა, საჭმელზე მაინც არ ჰქონოდათ საფიქრალი. დედის გარეშე ძალიან გაუჭირდა. ბევრი რამის გაკეთება დამოუკიდებლად მოუხდა. ირმა ხეცურიანი კარგი მოსწავლე იყო. ჩააბარა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინფორმატიკის ფაკულტეტზე. პირველი კურსი წარმატებით დაასრულა და… იწყება უფრო რთული პერიოდი მის ცხოვრებაში. იმაზე რთული, ვიდრე ეს იყო ზედმეტად ჩუმი და “დევნილი” ბავშვობა.

მოვლენები სწრაფად განვითარდა. თავიდან ოდნავ კოჭლობდა, რაც სიარულის მანერაში გადაიტანა. მერე მარჯვენა ფეხში შეგრძნება დაკარგა, თუმცა უცნაური იყო ის, რომ ტკივილები არ აწუხებდა. 18 წლის ასაკში კი მძიმე დიაგნოზი დაუსვეს – ზურგის ტვინიდან აღმოცენებული ძალიან დიდი, მაგრამ კეთილთვისებიანი სიმსივნე. 16 სექტემბერს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა, რომელიც დაახლოებით 8 საათს მიმდინარეობდა. როცა ნარკოზიდან გამოვიდა, მიხვდა, რომ ზურგს ქვემოთ მისი აღარაფერი იყო.

7-8 წელი მაინც დასჭირდებოდა, რომ ელემენტარულად ფეხი დაედგა და ისიც რეაბილიტაციის არაერთი კურსის შედეგად. ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმე აღმოჩნდა ეს ყველაფერი. ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ დაუმეგობრდა ეტლს და დეპრესიებიც დაიწყო. 3 წელი არ ეძინა. რამდენიმე საათით თუ ახერხებდა დაძინებას საძილე აბების დახმარებით. ხედავდა უცნაურ, არაამქვეყნიურ სიზმრებს და მერე შიში ეუფლებოდა. მოიმატა წონაში, იყო საშინლად აგრესიული, ყველაფერი აღიზიანებდა, სულ ჩხუბობდა და ამ აგრესიის ძირითადი მსხვერპლი ისევ დედა იყო. პირველად ქუჩაში კი ოპერაციიდან მხოლოდ 4 წლის მერე გავიდა.

“ბევრს ვკითხულობდი, თუმცა უნივერსიტეტში აღარ დავბრუნებულვარ, სურვილი მქონდა, მაგრამ შემეშინდა, შემეშინდა გარშემომყოფთა დამოკიდებულების. პირველი სირთულე, რასაც გარეთ გამოსვლისას წავაწყდი, ადამიანების დამოკიდებულება იყო, თუმცა მარტო ადამიანების დამოკიდებულებას ვერ დავაბრალებ, პირველ რიგში მე ვერ მივიღე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვარ. საკუთარი თავი თვითონ მებრალებოდა. შინაგან დამოკიდებულებას იმხელა ძალა აქვს, რომ გარეთ გამოდის ეს ყველაფერი, ყველა ხედავს, თვალებიდან ყველაფერი იკითხება. ჩემი ბრალიც იყო, რომ საზოგადოებას იგივე დამოკიდებულება ჰქონდა ჩემ მიმართ, მე თვითონ მეცოდებოდა საკუთარი თავი და მე თვითონ მესირცხვილებოდა ჩემი ეს მდგომარეობა”. ძალიან რთული იყო ეს პერიოდი, მაგრამ ირმა ხეცურიანმა მაინც შეძლო მისი გადატანა და შესაშურ წარმატებებსაც მიაღწია.

თქვენი ცხოვრება რთული დიაგნოზის დასმის შემდეგ… იწყებთ ახალ ცხოვრებას ოფისმენეჯერის პოზიციაზე პარაოლიმპიურ კომიტეტში. როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

დღემდე არის ასეთი კოალიცია “დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის”, რომელიც ძირითადად უფლებებზე მუშაობს. ამ კოალიციაში შშმ პირთა თემზე მომუშავე ძალიან ბევრი ორგანიზაციაა გაერთიანებული. მათ მიჰყავდათ ხოლმე ეტლით მოსარგებლე პირები და ასწავლიდნენ დამოუკიდებლად ცხოვრების წეს-ჩვეულებებს. სწორედ ამ პროექტით წავედი მეც სენაკში, სადაც ძალიან ნაყოფიერი ერთი კვირა დავყავი. შემდეგ უკვე ამ ორგანიზაციამ გადამამზადა და მე თვითონ გავხდი ტრენერი, ვასწავლიდი სხვა ეტლით მოსარგებლეებს დამოუკიდებლად ცხოვრებას. ერთ დღესაც საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტიდან დამირეკეს, მითხრეს, რომ სჭირდებოდათ კადრი ოფისმენეჯერის პოზიციაზე, თან – ეტლით მოსარგებლე. ეს იყო 2013 წელს. შემოთავაზება ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული აღმოჩნდა. იმ პერიოდში ერთფეროვნებით დაღლილი ვიყავი, რაღაც ახლის კეთება მინდოდა, ვარჯიშისგან ფსიქოლოგიურად იმდენად ვიყავი დაცარიელებული, ეს შემოთავაზება წამალი აღმოჩნდა. ოპერაციის შემდეგ ეს იყო ჩემი პირველი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებასთან შეგუება ყველაზე რთული დედაჩემისთვის აღმოჩნდა. ძალიან გამიჭირდა თბილისში ბინის მოძებნაც, რადგან არანაირი ადაპტაცია არა აქვს შენობებს. პირველ ეტაპზე ჩემი კოლეგები მეხმარებოდნენ. პირველი ორი წელი იყო ჩემი ახალი ცხოვრების დასაწყისი. ამან ჩემში სულიერი გარდატეხა მოახდინა, ამ ორმა წელმა მასწავლა, თუ როგორ არ უნდა მივაქციო ყურადღება უარყოფითს, როგორ არ უნდა მოვუშვა ცუდი ჩემამდე და როგორ უნდა დავრჩე და შევინარჩუნო ის ირმა, რომელიც ამ წლების განმავლობაში გავაღვიძე ჩემს თავში. სულ სხვა ფერებში აღვიქვი ცხოვრება. გავთავისუფლდი ყველა კომპლექსისგან. აღარ ვჩხუბობდი, აგრესია აღარ მქონდა, მივხვდი, რომ ჩემში რაღაც შეიცვალა. ვთვლი, რომ ყველაზე დიდი იარაღი ღიმილია – არც ჩხუბი, არც ყვირილი, არც თითის დაქნევა, და მეც ვისწავლე ღიმილი. რაღაცნაირად ჰარმონიულად შეერწყა ყველაფერი ერთმანეთს. ძველ ირმასა და ახლანდელ ირმას შორის დიდი განსხვავებაა, შედარებაც კი რთულია… დღესაც ვფიქრობ, რამდენი დრო დავკარგე ტყუილად საკუთარი თავის შეცოდებაში. ერთი რამ ყველას უნდა ახსოვდეს: ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთარი სხეული მიიღო ისეთი, როგორიც არის. სხვა გზა ისედაც არ გაქვს. სხვას ვერ ეყვარები, თუ შენ თავად არ გეყვარება საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ.

ოფისმენეჯერობიდან აქტიურ სპორტსმენობამდე – როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? რამდენი ხანია, რაც ფარიკაობით ხართ დაკავებული და როდის მოვიდა პირველი გამარჯვება?

ზუსტად ერთი წელი ვიყავი ოფისმენეჯერი. ძალიან კარგი კოლექტივი შემხვდა, დღესაც ამ კოლექტივში ვარ, მაგრამ მე უკვე სხვა – სპორტსმენის ამპლუაში. მათი დამსახურებაა, რომ მე ეს ადგილი შემიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ უხელფასოდ ვმუშაობდი და ყველანი გამომუშავებაზე ვიყავით. ყველაზე მეტად მიხაროდა, რომ მქონდა რაღაც საკეთებელი და ვგრძნობდი, რომ უსარგებლო არ ვიყავი. მომეწონა მუშაობის სპეციფიკა. ჩემი საქმე კარგად მოვირგე. 2014 წელს კი კომიტეტის ერთ-ერთმა ვიცე-პრეზიდენტმა, თინათინ რევაზიშვილმა, რომელიც ასევე ჩემი კარგი მეგობარია, მითხრა, რომ არის ჯგუფი, რომელსაც საქართველოში პარაფარიკაობის განვითარება უნდა. წარმოუდგენლად მიმაჩნდა ჩემი თავი სპორტში. მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად მივიღე გადაწყვეტილება, რომ უნდა მეცადა. მანამდე ბევრი ჭიდილი მქონდა საკუთარ თავთან, სულ ვფიქრობდი, 27 წლის ასაკში რა დროს სპორტის დაწყება იყო, ამ ასაკში ხალხი სპორტულ კარიერას ამთავრებს და ა.შ. პირველივე დღეს, ვარჯიშზე მისულს, ისეთი გარემო დამხვდა, რომ შეუძლებელი იყო, იქ არ დავრჩენილიყავი. 5 წელი გახდება, რაც სპორტით ვარ დაკავებული.

პირველი გამარჯვება ვარჯიშიდან ორი თვის თავზე მოვიდა, კანადაში. პირველად ავიღე მედალი, ეს იყო ბრინჯაო რაპირით ფარიკაობაში და რომ ჩამოვედი, ჩემს ტრენერს ვუთხარი: მე ამ სპორტიდან არსად არ წავალ! სწორედ ამ გამარჯვებამ მომცა ბიძგი, ამ სპორტში მაქსიმუმი გამეკეთებინა. რეალურად ძალიან დიდი დროა საჭირო იმისთვის, რომ დაიხვეწო და თქვა, რომ შემდგარი მოფარიკავე ხარ.

ანუ საჭირო იყო ერთი გამარჯვება…

საჭირო იყო ერთი გამარჯვება გარდატეხისთვის, თვითრწმენა რომ ამემაღლებინა. მეგონა, რომ ვერ შევძლებდი, ჩემთვის ძალიან რთული სპორტის სახეობა იყო, მაგრამ ამ გამარჯვებამ ყველაფერი თქვა. რასაც მოინდომებ, ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი. იღბალიც დამეხმარა გამარჯვებაში.

თქვენს გამარჯვებებზეც უფრო დაწვრილებით რომ გვიამბოთ? როგორც ვიცი, შვიდგზის მსოფლიო თასის მფლობელი ხართ…

უკვე ათგზის მსოფლიო თასის მფლობელი ვარ. როცა რამდენჯერმე მოიგებ, მერე უფრო და უფრო მეტის მოთხოვნილება გიჩნდება. გარშემო ყველა ჩემგან მოგებას ელის. დამიმძიმდა მხრები ამხელა პასუხისმგებლობისგან. მოგებები ერთმანეთს რომ გადაება, რეალურად მივხვდი – რატომაც არა, შესაძლებელია. ის გამძლეობა, სიძლიერე, მუშაობის სიყვარული, ყოველდღიური რეჟიმი ცხოვრებაშიც ძალიან მეხმარება, ნებისმიერ ცხოვრებისეულ გასაჭირს ძლიერად ვუდგავარ, სპორტის დამსახურებაა, რომ პიროვნულადაც მოხდა ჩემი გარდაქმნა. წარმატებები ძალიან დიდ ენერგიას და თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს. კვირაში ექვსი დღე ვვარჯიშობთ, დღეში მინიმუმ 4-5 საათი. ამ რეჟიმს შევეჩვიე.

რამდენი სპორტსმენია საქართველოში, რომლებიც ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში აქტიურები ხართ? და კიდევ რაიმე სხვა სპორტის სახეობები ხომ არ არის წარმოდგენილი პარაოლიმპიურ ცენტრში?

პარაფარიკაობაში ჩვენ ხუთნი ვართ. არის ასევე პარამშვილდოსნობა, პარაძიუდო, პარაფრენბურთი, პარაჩოგბურთი, უსინათლოთა ფეხბურთი, ბოჩა, მძლეოსნობა, მკლავჭიდი და ა.შ. არის ზამთრის ოლიმპიური სახეობებიც.

როგორ ფიქრობთ, ჩვენი ქალაქის ინფრასტრუქტურა რამდენად პასუხობს შშმ პირების მოთხოვნებს? რამდენად ადაპტირებულია ჩვენი ქალაქი? რა არის კიდევ გასაკეთებელი ამ მხრივ?

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ადაპტაციას და ზოგადად გარემოს მოწყობას, წინა წლებთან შედარებით წინსვლა შეიმჩნევა, ოღონდ – მხოლოდ თბილისში. ალბათ ესეც ბევრი ჩვენი მოთხოვნის, აქტიურობის შედეგად გაჩნდა. ჩვენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები ვართ, უფლებამოსილები ვართ, რომ ვისარგებლოთ იმ ჩვენი ინფრასტრუქტურით, რაც ჩვეულებრივ ფეხით მოსიარულე ადამიანებს სჭირდებათ გადაადგილებისთვის. არაადაპტირებული ინფრასტრუქტურა არ უნდა უსვამდეს ხაზს ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას, რომ ჩემთვის და ჩემნაირებისთვის არ არის ეს ყველაფერი და მე სხვა დანარჩენი სოციუმისგან განვსხვავდები. მე არ მივესალმები იმ გამიჯვნებს, რომ მაგალითად, აქ ეტლით მოსარგებლეების პანდუსია, ან ეტლით მოსარგებლეების პარკინგია ან თუნდაც აქ ეტლით მოსარგებლეების საპირფარეშოა, არა, ეს ყველასია, უბრალოდ ეს ჩემთვის მოსახერხებელია. ყოველთვის უნდა ეცადო, რომ სოციუმს კი არ დაშორდე და განცალკევდე, არამედ პირიქით, მასთან გაერთიანდე. ინფრასტრუქტურას ვუჩივი ნამდვილად. ძალიან ბევრი ბარიერია. თუმცა არ ვჩხუბობ, ნელ-ნელა, ეტაპობრივ რაღაც მაინც კეთდება. ახლა ველოდები გაეროს კონვენციის მეორე ოქმის ძალაში შესვლას, რომელიც დაავალდებულებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს ინფრასტრუქტურა – ასე ჩვენს უფლებებს ადვილად ვეღარ დაარღვევენ. თუმცა როდის შევა ძალაში კონვენცია, არავინ იცის. ფაქტია, დღეს არანაირი ადაპტირებული შენობა-ნაგებობა არ არსებობს ჩვენთვის, ქუჩაში ჩვენ კი არა, ფეხით მოსიარულეს უჭირს გადაადგილება, ტროტუარები გაივსო ავტომობილებით. ადაპტაციები ფასადურია. შედიხარ პანდუსით პირველ სართულზე და მეორე სართულზე კიბეები გხვდება… ხელმისაწვდომი უნდა იყოს გარემო, განათლება, ჯანდაცვა, არ უნდა აგიყვანონ სამსახურში მხოლოდ იმის გამო, რომ ეტლით მოსარგებლე ხარ ან პირიქით. ყველა ადამიანი თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდეს. თუნდაც ის, რომ ავტობუსები შემოიყვანეს ადაპტირებული – კარგია, მაგრამ გაჩერებები არ გვაქვს ადაპტირებული და რად გვინდა ასეთი ტრანსპორტი? ან მძღოლი არის გადამზადებული იმისთვის, რომ მე როდესაც გავაჩერებ ავტობუსს, მან წუწუნით არ გადმომიღოს ის ჩემთვის განკუთვნილი პანდუსი? სოციუმში დამოკიდებულება იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუ შენ მომიწყობ მე სიტუაციას, ინფრასტრუქტურას ისეთს მომარგებ, რომელიც მე მართლა მჭირდება. არ მომწონს მე ადამიანებს შორის სხვაობა. აი, მაგალითად, გზაზე გადასასვლელი ხიდები, რომლებზეც არის ე.წ. პანდუსები, მათი არსებობის აზრს ვერ ვხვდები და დარწმუნებული ვარ, ვერც ის ხვდება, ვინც ეგ გააკეთა. “არაფერი ჩვენი ჩვენ გარეშე” – ეს არის ჩემი მოწოდებაც და თხოვნაც, რადგან მე თუ მიკეთებ, მე უნდა ვიყო ამის მონაწილე, მე უნდა მკითხო, ზომა რამხელა უნდა იყოს პანდუსის, დახრა რამდენი უნდა ჰქონდეს, შევძლებთ თუ არა ამაზე დამოუკიდებლად ასვლა-ჩამოსვლას, ეს ყველაფერი ჩვენთან ერთად უნდა გაკეთდეს.

რა სჭირდება ამ სპორტს, თქვენი გადმოსახედით, განვითარებისთვის? რა გაკეთდა და რა არის კიდევ გასაკეთებელი სახელმწიფოს მხრიდან?

ეს სპორტი განვითარების პროცესშია და რეალურად ყველაზე წარმატებულია დღეს პარასპორტის კუთხით. პარაოლიმპიური კომიტეტი არის მერიის დაქვემდებარების ქვეშ და სახელმწიფოს ხელშეწყობის კუთხით არასდროს დავიწუწუნებ, ყველა შეჯიბრზე ანაზღაურება სახელმწიფოს მხრიდან მოხდა, ცდილობენ, მაქსიმალურად ვიმუშაოთ და კარგი შედეგი დავდოთ. რაც შეეხება რეგიონებს, ძალიან ცუდი მდგომარეობაა ამ კუთხით. სამწუხაროდ, ასეთი ცენტრები არ არსებობს და შესაბამისად მათი განვითარება სპორტის მხრივ ნულია. რეგიონში ჩვენ ძალიან ბევრ ნიჭიერ ადამიანს ვკარგავთ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ სპორტის ეს სახეობები სახელმწიფოს დახმარებით რეგიონებშიც გავრცელდება. მე მზად ვარ, ნებისმიერ დაძახილზე წავიდე რეგიონში, ვინც მეტყვის, რომ ამ მხრივ ჩემი დახმარებაა საჭირო.

სამომავლო გეგმებზეც რომ ვისაუბროთ, რას უნდა ელოდოს ქართველი გულშემატკივარი უახლოეს მომავალში?

მომავლის გეგმებშია 2020 წელს ტოკიოში ოლიმპიადის მოგება. ამის რეალური შანსი გვაქვს. ყველაზე კარგი ამბავი ის არის, რომ ერთ-ერთი მსოფლიო თასი საქართველოში ტარდება 2018 წლის 8-11 ნოემბერს. თბილისს 25 ქვეყნის 350-მდე დელეგატი და სტუმარი ეწვევა. 2018 აქტიური წელია. სექტემბერში უკვე იხსნება ოლიმპიური ათვლის ფანჯარა და ხდება ყველა რეიტინგის განულება და სიის განახლება. გეგმაში გვაქვს მე და ჩემს გუნდს – გუნდში უკვე სამი გოგო ვართ – ამ ორი წლის განმავლობაში მსოფლიო თასების მოპოვება და ამ ტურნირების შედეგად დაგროვილი ქულებით უკვე გახდება ცნობილი, მოვხვდებით თუ არა 2020 წლის ოლიმპიადაზე. წინ გვაქვს ასევე მსოფლიო ჩემპიონატი, მანამდე კი, სექტემბერში, ევროპის ჩემპიონატი გვაქვს მოსაგები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *