ამერიკის ახალი "სილამაზის ინდუსტრიის" მილიარდერი

დეკორატიული კოსმეტიკის კომპანიის, Anastasia Beverly Hills-ის დამფუძნებელმა ანასტასია სოარმა კარიერა უძველესი ბერძნებისა და ლეონარდო და ვინჩის "ოქროს კვეთის" გამოყენებით შეიქმნა. ამ სილამაზის ფორმულის წყალობით, რომელსაც ანასტასია თავისი კლიენტების წარბების გალამაზებისას იყენებს, ის ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ სელფ-მეიდ ბიზნესქალბატონად იქცა.

Anastasia Beverly Hills-ი დიდი ხანია, რაც ცნობილი ადამიანების ფავორიტი და ერთ-ერთი პირველი კომპანიაა სილამაზის ინდუსტრიაში, რომელმაც სოციალური მედია საკუთარი ბრენდის სტრატეგიად გამოიყენა. ჟურნალ WWD-ის მონაცემებით, კომპანიის წლიური შემოსავალი დაახლოებით $340 მილიონია, ხოლო Pitchbook-ის მონაცემებით Anastasia Beverly Hills-ის დაუბეგრავი საოპერაციო შემოსავალი $200 მილიონს შეადგენს.

Anastasia Beverly Hills-ის პოპულარობამ სილამაზის ინდუსტრიის როგორც მსხვილი კომპანიების, ასევე კერძო საინვესტიციო ფირმების დიდი ინტერესი გამოიწვია, რომლებმაც სოარის სრულყოფილი წარბების საიდუმლოს გაზიარება მოინდომეს. თებერვალში ხმა გავარდა, რომ ანასტასია სოარი მოლაპარაკებებს აწარმოებს თავისი ბიზნესის ნაწილის ან მთლიანად ბიზნესის გაყიდვასთან დაკავშირებით. ოთხშაბათს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ TPG Capital-მა თითქმის მიაღწია შეთანხმებას კომპანიის ნაწილის ყიდვასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალ Forbes-ს ერთ-ერთმა წყარომაც დაუდასტურა, მაგრამ TPG Capital-ი ინვესტიციის ღირებულებასთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. CNBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, TPG-ი, კოსმეტიკურ კომპანიას, სავარაუდოდ, $3 მილიარდად აფასებს.

ახლა ძალიან ხელსაყრელი დროა სილამაზის ინდუსტრიაში სამოღვაწეოდ. მცირე სილამაზის ბრენდების შემოსავალი მილიარდიან ნიშნულს აღწევს. 2016 წელს L’Oréal-მა რვა წლის განმავლობაში თავისი ყველაზე მსხვილი შენაძენი განახორციელა და $1.2 მილიარდად იყიდა კოსმეტიკის კომპანია IT, რაც 6.6-ჯერ აღემატებოდა კომპანიის გაყიდვებს. ამ გარიგების წყალობით, IT-ის დამფუძნებლის, ჯეიმი კერნ ლიმას ქონება, რომელიც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დარჩა, ამჟამად $410 მილიონად არის შეფასებული. იმავე წელს ცნობილმა ბრენდმა Estée Lauder-მა დაახლოებით $1.45 მილიარდი გადაიხადა დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდის, Too Faced-ის შესაძენად მაშინ, როდესაც ეს თანხა კომპანიის გაყიდვებზე 5.5-ჯერ ნაკლები იყო.

"დიდი ხნის დამკვიდრებული ბრენდების ორგანული ზრდა ასე თავისით არ ხდება", – განაცხადა შარშან ჟურნალ Forbes-თან ინტერვიუში გლობალური საკონსულტაციო კომპანიის, A.T. Kearney-ის პარტნიორმა. მისივე თქმით, „სილამაზის ინდუსტრიის კონგლომერატები ვერ დარჩებიან ამ ‘შეძენების’ თამაშს გარეთ, თუკი მათ წარმატების მიღწევა სურთ”.

მაშინ როდესაც კერძო სილამაზის კომპანიებში მათ შემოსავალზე ექვსჯერ მეტ თანხას იხდიან, სწრაფად მზარდი კომპანიის, Anastasia Beverly Hills-ის ღირებულება სულ ცოტა $1.5 მილიარდს შეადგენს. არც პოტენციური ინვესტორი და არც თავად კომპანია Anastasia Beverly Hills-ი არ აკეთებს კომენტარს კომპანიის გაყიდვასთან ან მის ღირებულებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კომპანიის მფლობელს, 2016 წელს გამართულ კონფერენციაზე, ანასტასია სოარმა განაცხადა, რომ იგი თავისი დაფუძნებული კომპანიის 100%-იანი მფლობელია.

რუმინეთში დაბადებული სოარი 1989 წელს საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა. 32 წლის მარტოხელა დედამ, რომელიც არ ფლობდა ინგლისურს და ბანკში საკრედიტო ბარათსაც ვერ იღებდა, ხოლო განათლება ხელოვნებასა და არქიტექტურაში ჰქონდა მიღებული, სილამაზის სალონში დაიწყო მუშაობა. მან ადრევე შეამჩნია, რომ ამერიკელი ქალები დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ თავიანთ წარბებს.

მან სილამაზის სალონის კლიენტებს წარბები თავისი „ოქროს კვეთის” ფორმულით გაულამაზა. „ოქროს კვეთის” მეთოდს, რომელიც სოარმა დააპატენტა, საფუძვლად უდევს მათემატიკური შეფარდება: 1.618 – 1.0-ზე, რაც წარბის „სრულყოფილ ტეხილს” ქმნის და უზრუნველყოფს სახის ნაკვთების სიმეტრიასა და პროპორციას – ყოველ შემთხვევაში, ასე წერია კომპანიის ვებგვერდზე.

სულ რამდენიმე წელიწადში ანასტასია სოარის მიმდევართა შორის ისეთი სუპერმოდელები იყვნენ, როგორიცაა სინდი კროუფორდი, ნაომი კემპბელი და სტეფანი სეიმური. 1992 წელს სოარმა ბევერლი-ჰილზში პატარა ფართი იქირავა, სადაც კლიენტებს წარბების კორექციას, ბიოეპილაციასა და სახის წმენდის სერვისებს სთავაზობდა. ხუთი წლის შემდეგ მისი „წარბების იმპერია” იმდენად გაიზარდა, რომ მან თავისი პირველი სალონი გახსნა ბევერლი-ჰილზში. 2000 წელს ანასტასია სოარმა გამოუშვა თავისი პროდუქციის პირველი ხაზი, რომელიც მთლიანად წარბების მოვლაზე იყო ორიენტირებული. დასაწყისში სოარს დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისათვის, რომ მაღაზიებს მისი წარბის ფილერები და ფუნჯები გაეყიდათ; მისი პროდუქციის შეძენა თავდაპირველად Nordstrom-ის მხოლოდ ოც მაღაზიაში იყო შესაძლებელი, მაგრამ მიმდევართა რაოდენობის ზრდასთან ერთად, სოარის ბრენდიც თანდათანობით გაფართოვდა.

ნამდვილ წარმატებას ბრენდმა აქტიური სოციალური მედიამარკეტინგის საშუალებით მიაღწია. თავისი ქალიშვილისა და კომპანიის პრეზიდენტის, კლაუდია სოარის დაჟინებული რჩევით, ანასტასია სოარმა 2013 წელს, Instagram-ის პლატფორმის გამოყენებით, თავისი ბრენდის მარკეტინგული კამპანია დაიწყო. ისევე, როგორც თავის დროზე მოდელები დაეხმარნენ სოარს პირველი სალონის გახსნაში, ამჯერადაც Instagram-ის მოდელებმა და მისაბაძმა სახეებმა, მათ შორის სოციალური მედიის ყველაზე დიდმა ვარსკვლავმა – კიმ კარდაშიანმა, დიდი წვლილი შეიტანეს ანასტასია სოარის პროდუქციის რეკლამირებაში.

"Instagram-ის მიმდევრებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენმა ვიდეოგაკვეთილებმა და ჩვენც დეკორატიული კოსმეტიკის ახალი ხაზის გამოშვება გადავწყვიტეთ, რომლის სარეკლამო კამპანია ასევე Instagram-ის პლატფორმაზე დავიწყეთ, – განაცხადა ანასტასია სოარმა ჟურნალ The Cut-თან საუბარში. – ამ მარკეტინგულმა სტრატეგიამ გაამართლა და ჩვენი პროდუქცია უკვე ყველგან იყიდებოდა, მათ შორის Sephora-ს მაღაზიათა ქსელში". კლაუდია სოარი კვლავ სათავეში უდგას კომპანიის მარკეტინგულ საქმიანობას, ხოლო Instagram-ის მიმდევართა რიცხვი უკვე 16 მილიონს აჭარბებს. პარალელურად ვითარდება პროდუქციაც.

ანასტასია სოარის კომპანია 485 სახეობის პროდუქციას აწარმოებს — ეს არის ხაზი, რომელიც სცილდება წარბის მოვლის საშუალებებს. მისი პროდუქციის შეძენა მსოფლიოს 2,000 მაღაზიასა და ასევე ონლაინ არის შესაძლებელი. ბრენდის ყველაზე გაყიდვად პროდუქციას შორის არის: ფხვიერი ჰაილაითერი, თვალის ჩრდილები, თხევადი ტუჩსაცხი და, რა თქმა უნდა, წარბის გელი, რომელიც ვიზუალურად გამოკვეთს და ავსებს წარბებს.

სილამაზის პროდუქციის გაყიდვების ზრდის პარალელურად, მისი აქციების ღირებულებამაც საგრძნობლად იმატა.

ჩვენ გირჩევთ

რომელი ქვეყნის მოქალაქეები ხარჯავენ მეტ თანხას საქართველოში მოგზაურობისას

ეტლი, რომელსაც გამარჯვებამდე მიჰყავხარ

რომელი ქვეყნის მოქალაქეები ხარჯავენ მეტ თანხას საქართველოში მოგზაურობისას

რომელი ქვეყნის მოქალაქეები ხარჯავენ მეტ თანხას საქართველოში მოგზაურობისას

წინა სტატია

Граждане каких стран тратят больше всего денег во время путешествия по Грузии
04 ივლისი, 2018

შემდეგი სტატია

ღვინის ექსპორტი 21%-ით გაიზარდა - უმსხვილესი ექსპორტიორების TOP-10
05 ივლისი, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ფინანსები
რეიტინგი | აგვ, 24, 2018
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა