რკინიგზის შემოსავლები კვლავ შემცირდა

რკინიგზის შემოსავლები კვლავ შემცირდა

გასულ წელს, საქართველოს რკინიგზის შემოსავლები კვლავ შემცირდა. კერძოდ, წლიურად სახელმწიფო კომპანიამ 434,5 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2016 წლის მაჩვენებელზე 1.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია. წლის მეოთხე კვარტალში რკინიგზამ 131,2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 12%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

საქართველოს რკინიგზის შემოსავლის უმეტესობა ტვირთების გადაზიდვიდან გენერირდება. წლიურად რკინიგზამ ტვირთების გადაზიდვით 262.7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 29.9 მლნ ლარით ჩამორჩება. 

ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავლიდან ადგილობრივ ტვირთებზე მხოლოდ 6% მოდის. უმეტესობა კი აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან მომავალ ტვირთებზე მოდის (28% და 23%). ამასთან დიდი წილი (38%) მოდის რუსეთზე, ყაზახეთსა და თურქმენეთზე. 

თხევადი ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი მთლიანი მოცულობის 44%-ს იკავებს, დანარჩენი წილი კი მყარ ტვირთებს უკავია.

საქართველოს რკინიგზა საკუთარ წლიურ მიმხილვაში აღნიშნავს, რომ შემოსავლებზე ყველაზე დიდ გავლენას ლარის კურსი ახდენს, რადგან კომპანიის შემოსავლები ლარში ითვლება, ხოლო ტარიფები კი უმეტესად დოლარშია დენომინირებული. 

თხევადი ტვირთების უმეტესობა ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე მოდის. გასული წლის მეოთხე კვარტალში ნავთობპრდუქტების ტრანსპორტირებით მიღებული შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით შემცირდა, თუმცა 2017 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 6%-ით გაიზარდა. 

ნავთობპრდუქტების უმეტესობა აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, რუსეთიდან და ყახაზეთიდან ხდება, თუმცა გასულ წელს მოცულობები მკვეთრად შეიცვალა. კერძოდ, აზერბაიჯანის წილი მთლიან მოცულობაში 19%-მდე შემცირდა, მაშინ როცა 2016 წელს ნავთობპროდუქტების გადაზიდვაში აზერბაიჯანის წილი 36% იყო. სანაცვლოდ გაიზარდა ყაზახეთის წილი და მან 34% შეადგინა, წინა წლის 11%-ის ნაცვლად.

ნედლი ნავთობის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი გასული წლის მეოთხე კვარტალში 75%-ით შემცირდა წლიურად, თუმცა წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით 97%-ით გაიზარდა. მსგავსი ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი 8.1 მლნ ლარს შეადგენს, ნაცვლად 2016 წლის 28.3 მლნ ლარისა. ნედლი ნავთობი საქართველოს დერეფანში უმეტესად აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან ხვდება. მისი საბოლოო დანიშნულების ადგილი კი აშშ და იტალიაა. 

გასულ წელს გაიზარდა მადნების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი. კერძოდ, 2017 წელს რკინიგზამ მადნების გადაზიდვით 25.29 მლნ ლარი მიიღო, ხოლო 2016 წელს კი 24.82 მლნ ლარი.   

მარცვლეულის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი წლის მეოთხე კვარტალში წლიურად 48%-ით შემცირდა, თუმცა 2017 წლის მესამე კვარტალთან შედარებით 16%-ით გაიზარდა. მარცვლეულის გადაზიდვით მიღებული შემოსავალი 2017 წელს რკინიგზას 44%-ით შეუმცირდა და ჯამურად 8 მლნ ლარი შეადგინა.

რაც შეეხება შავ ლითონებსა და ჯართს, – მსგავსი ტვირთების გადაზიდვით მიღებული შემოსავალი 2017 წელს 49%-ით შემცირდა და 10.5 მლნ ლარი შეადგინა. 

წლების მიხედვით საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა და შემოსავლები შემდეგნაირად შეიცვალა:

ტვირთბრუნვა: 

• 2012 წელი – 20,076 მლნ ტონა

• 2013 წელი – 18,185 მლნ ტონა

• 2014 წელი – 16,673 მლნ ტონა

• 2015 წელი – 14,143 მლნ ტონა

• 2016 წელი – 11,882 მლნ ტონა

• 2017 წელი – 10,6 მლნ ტონა

შემოსავლები:

• 2012 – 469.8 მლნ ლარი;

• 2013 – 481.7 მლნ ლარი;

• 2014 – 511.5 მლნ ლარი;

• 2015 – 574.7 მლნ ლარი;

• 2016 – 439,9 მლნ ლარი;

• 2017 – 434,5 მლნ ლარი.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *