საქართველოს ენერგობალანსი და მისი გამოწვევები

საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეებს (ნახშირი, ნავთობი, ბუნებრივი აირი და სხვა) შორის პირველ ადგილზე წყალთან დაკავშირებული რესურსები დგას. ქვეყნის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი (მდინარეები, ტბები, მყინვარები, წყალსაცავები, მიწისქვეშა წყლები, ჭაობები), ქვეყნის მთლიანი ფართის გათვალისწინებით მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს. საქართველოს ტერიტორიაზე 26 060 მდინარე და 860-მდე ტბაა. მდინარეების საერთო სიგრძე 60 ათას კმ-ს აღწევს. ტბების უმეტესობა მცირე ზომისაა და ამიტომაც მათი საერთო ფართობი 170 კვ.კმ-ს არ აღემატება (ქვეყნის ტერიტორიის 0.24%). საქართველოში ჰიდროელექტროსადგურებსა და ირიგაციულ სისტემებს 43 წყალსაცავი ემსახურება. მათგან 35 აღმოსავლეთ საქართველოში მდებარეობს. დღეს ქვეყანაში ელექტროენერგიის 80%-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურებში გამომუშავდება.

საქართველოში ჰესების ფართო მშენებლობა მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან დაიწყო. 1927 წელს ავჭალის ჰიდროელექტროსადგური „ზაჰესი“ (დადგმული სიმძლავრე-36,8 მგვტ.) აშენდა, 1928 წელს – „აბჰესი“, 1934 წელს კი – „რიონჰესი“. 1941 წლისთვის საქართველოს ელექტროსადგურების საერთო სიმძლავრემ 180 მგვტ შედგინა. 1945-1960 წლებში სულ ექსპლუატაციაში 11 ჰიდროელექტროსადგური შევიდა. 2013 წლის მონაცემებით, საქართველოში 58 ჰიდროსადგური ფუნქციონირებს, რომელთაგან 10 მხოლოდ სეზონურია. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის – „საქართველო 2020“ პროექტის მიხედვით, დღეს ჰიდრორესურსების წლიური ჯამური პოტენციური სიმძლავრე 15 ათასი მგვტ-ის, საშუალო წლიური ენერგია კი 50 მლრდ კვტ. საათის ეკვივალენტურია. ამასთან, ჰიდრორესურსების პოტენციალის 80% აუთვისებელია, ანუ საქართველოს მთლიანი ჰიდრორესურსების მხოლოდ 20%-ია გამოყენებული. 

იმის გასაგებად, თუ ქვეყანაში რა ოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავება (რა წილი მოდის თბო- და ჰიდროსადგურებიდან მიღებულ ენერგიაზე), გამოყენება, ექსპორტი და იმპორტი ხდება და ზოგადად რა პრობლემებია ამ სფეროში დღეს, ქვეყნის ენერგობალანსი დაწვრილებით მიმოვიხილოთ.

საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსი დინამიკაში

 

წყარო: ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი; esco.ge

ელექტროენერგიის გამომუშავება 2006 წლიდან დღემდე ძირითადად ზრდის ტენდენციით ხასიათდება. გამონაკლისი მხოლოდ 2009 და 2012 წლებია: 2009 წელს 2008 წელთან შედარებით ელექტროენერგიის გამომუშავება 42.3 მლნ კვტ. საათით, ხოლო 2012 წელს წინა წელთან შედარებით 406.9 მლნკვტ. საათით შემცირდა (2009 წელს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და რუსეთ-საქართველოს შორის ომის შემდეგ თითქმის ყველა მაკროეკონომიკური ინდიკატორი გაუარესდა, ხოლო 2012 წელს საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა ქვეყანაში ეკონომიკურ და პოლიტიკურ არასტაბილურობას შეუწყო ხელი, რაც ასევე არაერთი მაკროეკონომიკური ინდიკატორის გაუარესებაში გამოიხატა). აქედან, ჰიდროსადგურებიდან მიღებული ელექტროენერგიის პროცენტული წილი მთლიან გამომუშავებაში 65.7% – 93.2% ფარგლებში მერყეობს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ დღეს საქართველოში ელექტროენერგიას ძირითადად ჰესები გამოიმუშავებენ. ასევე ცხრილიდან აღსანიშნავია ისიც, რომ 2006 წლიდან დღემდე ექსპლუატაციაში მყოფი ჰიდროსადგურების ოდენობა ძირითადად ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რაც ქვეყნისთვის დადებითი ფაქტია.

რაც შეეხება იმპორტირებული ელექტროენერგიის პროცენტულ წილს ელექტროენერგიის მთლიან მოხმარებაში (რაც მომხმარებლისთვის მიწოდებისა და ექსპორტის ჯამია) ის 2.2% – 7.4% ფარგლებში მერყეობს, ხოლო ექსპორტის პროცენტული წილი – 2.3%-15.3% ფარგლებში. შედეგად, ელექტროენერგიის ექსპორტის პროცენტული წილი თითქმის ყველა წელს იმპორტის წილზე მეტია, რაც უხეშად (გააჩნია, რა ფასად ხდება ექსპორტი და იმპორტი ამა თუ იმ ქვეყანაში) ელექტროენერგიის ვაჭრობიდან ქვეყნის მიერ სარგებლის მიღებაზე მიუთითებს. ერთადერთი გამონაკლისი უკანასკნელი 2012 და 2013 წლებია – ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდი, როცა იმპორტის წილი ექსპორტს აღემატებოდა.

ყოველ წელს გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობაზე მეტია. ამის მიზეზი კი ელექტროენერგიის გამომუშავების სეზონურობა და სასადგურე და ასევე ელექტროგადამცემ ხაზებში არსებული დანაკარგებია. ამ გარემოებების გამო კი ქვეყანა წლის გარკვეულ პერიოდებში ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტს საჭიროებს.

იმისათვის, რომ ვნახოთ, თუ რომელ ქვეყანასთან როგორი სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს, რომელ ქვეყანაზე ვართ შედარებით დამოკიდებულნი და რომელია ჩვენზე შედარებით უფრო დამოკიდებული, ამისთვის ელექტროენერგიის საექსპორტო და საიმპორტო ქვეყნების მონაცემები მიმოვიხილოთ.

რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის პროცენტული წილი მთლიან იმპორტში

წყარო: ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი; esco.ge

2007 წლიდან დღემდე ელექტროენერგიის იმპორტის ყველაზე დიდი პროცენტული წილით საქართველოს მთლიან იმპორტში რუსეთი გამოირჩევა. მისი მაჩვენებლები 40.8% – 95.1%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც საკმაოდ მაღალი მონაცემია; რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზე ძირითადად აზერბაიჯანი დგას, მესამე ადგილზე – თურქეთი, ხოლო მეოთხეზე – სომხეთი.

რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში ექსპორტირებული ელექტროენერგიის პროცენტული წილი მთლიან ექსპორტში.

წყარო: ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი; esco.ge

რაც შეეხება საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტის მაჩვენებლებს, 2007 წლიდან დღემდე ყველაზე დიდი ოდენობით ელექტროენერგიის ექსპორტი ასევე რუსეთში ხდება. მისი მაჩვენებლები 48.0% – 82.3%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც ასევე საკმაოდ მაღალი მონაცემებია. ელექტროენერგიის ექსპორტით მეორე ადგილზე ძირითადად თურქეთი დგას, ხოლო მესამე ადგილზე სომხეთი და აზერბაიჯანი ენაცვლებიან ერთმანეთს.

საქართველო, მის ოთხ მეზობელ ქვეყანას შორის, ყველაზე მეტად რუსეთის ბაზარზეა დამოკიდებული (როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის მხრივ), რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გაფუჭების შემდეგ მოსალოდნელ უარყოფით შედეგებზე (მანამდე, სანამ ჩვენს რესურსებს სრულად არ გამოვიყენებთ, ან სხვა ალტერნატიული და უფრო რაციონალური სავაჭრო ბაზრები არ მოიძებნება, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია).

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში ელექტროენერგიას ძირითადად ჰესები გამოიმუშავებენ, თუმცა ამის მიუხედავად, დღეს ჰიდრორესურსების მხოლოდ 20%-ია გამოყენებული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ინვესტირება ენერგეტიკაში, განსაკუთრებით კი ჰესების მშენებლობაში მოხდეს, რაც, სეზონურობიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის იმპორტის შემცირებასა და ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს.

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკური სექტორების მიხედვით (პროცენტული მაჩვენებლები)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; geostat.ge

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველაზე დიდი ოდენობით 2007, 2008 და 2010 წლებში ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა; 2009 და 2011 წლებში – უძრავ ქონებაში, 2012 და 2013 წლებში კი – ენერგეტიკაში (2012 წელს – 19.7% და 2013 წელს – 26.0%, ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდი). აქედან ნათელია, რომ ენერგეტიკის სექტორში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა გასულ წლებთან შედარებით მის მაქსიმუმს 2013 წელს – 26.0%-იანი მაჩვენებლით მიაღწია (თუმცა 2012 და 2013 წლებში სულ FDI-ს მოცულობა წინა – 2011 წელთან შედარებით შემცირდა). რაც შეეხება 2014 წლის ბოლოსთვის არსებულ მონაცემს, იანვარი-აგვისტოს წინასწარ მაჩვენებელზე – 13.7%-ზე დაყრდნობით წლის ბოლოსთვის ენერგეტიკის სექტორში განხორციელებული ინვესტიციების პროცენტული წილი დაახლოებით 2013 წლის მაჩვენებლის მსგავსი იქნება, თუმცა ამჯერად დამამუშავებელი მრეწველობის დარგი – 25.1%-იანი მაჩვენებლით, სავარაუდოდ, ინვესტორებისთვის უფრო პრიორიტეტული სფერო გახდება.

ზემოთ არსებული მონაცემებიდან და ანალიზიდან ნათელია, რომ დღეს საქართველოში ქვეყნის ჰიდრორესურსების მხოლოდ მეხუთედია გამოყენებული. ასევე, ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის მხრივ საქართველო ყველაზე მეტად რუსეთის ბაზარზეა დამოკიდებული, რაც ჩვენი და რუსეთის ურთიერთობიდან გამომდინარე არც იმდენად სახარბიელო ფაქტია. ვინაიდან საქართველოს ჰესების მშენებლობის კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია, ამიტომ ამ სფეროში ინვესტიციების განხორციელება, რაც ელექროენერგიის იმპორტს შეამცირებს, ხოლო ექსპორტს გაზრდისკენ უბიძგებს, მართლაც მნიშვნელოვანია. ამასთან ერთად უმჯობესია ორიენტირი სხვადასხვა რეგიონში, მცირე ჰესების მშენებლობაზე გაკეთდეს, რაც, როგორც გარემოს ზიანს, ასევე სტიქიური მოვლენების რისკსა და ელექტროენერგიის შორ მანძილზე განაწილების ხარჯებსაც შეამცირებს.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ს ოქტომბრის ნომერში)

წინა სტატია

ჰერმესი – ფუფუნების საიდუმლო იმპერია
16 ოქტომბერი, 2014

შემდეგი სტატია

რადისონ ბლუ წარმოგიდგენთ BLUROUTES ფიტნეს-ენთუზიასტებისთვის
17 ოქტომბერი, 2014
"აჭარა ჯგუფი" თბილისში ახალ სასტუმრო "სტამბას" ხსნის
ახალი ამბები ქართულად | მაი, 01, 2018
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
რიცხვები პოპულიზმის წინააღმდეგ
ფინანსები | მაი, 09, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა