კომპანიათა გაერთიანების მაესტრო

პატარ-პატარა კომპანიათა შესყიდვისა და გაერთიანების ოსტატს, მილიარდერ ბრედლი ჯეიკობსს $7 მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული მასშტაბური ლოგისტიკური კომპანიის აწყობაში. ახლა მას დიდი მოგებებისთვის ამზადებს.

ათწლეულების წინ ბრედლი ჯეიკობსი მათემატიკასა და პიანინოზე დაკვრას (კლასიკური მუსიკა და ჯაზი) სწავლობდა Bennington-სა და Brown-ში, მერე კი სწავლა მიატოვა და ფულის გაკეთება დაიწყო. XPO Logistics-ის დღეს უკვე თმაგაცვენილი 61 წლის აღმასრულებელი დირექტორი წარსულს იმისთვის იხსენებს, რომ აგვიხსნას, როგორ აქცია ნაგვის შეგროვების, მძიმე ტექნიკის გაქირავებისა და ადგილზე მიტანის სერვისის ხისტი ბიზნესების წარმომადგენელ კომპანიათა შესყიდვების თანამიმდევრული ჯაჭვი $2.6 მილიარდის ქონებად.

“ყველას შეუძლია კომპანიის ყიდვა. უბრალოდ კონტრაქტს უნდა მოაწერო ხელი და ფული გადაიხადო”, – ამბობს ის. მაგრამ იმის წარმოსახვა, როგორ შეიძლება ამ ნაყიდი ნაწილების ინტეგრირება ორგანულად მზარდ ერთ მთლიან ორგანიზმში, განსაკუთრებულ ნიჭს ითხოვს. “მართალია, [კომპანიათა ინტეგრირება] სიმღერის წერა არ არის, მაგრამ ამ დროს აბსტრაქტულ იდეებზე მიწევს ფიქრი. ეს მათემატიკისა და მუსიკის კომბინაციაა. ამ იდეებს მაქსიმალურად ნათლად წარმოვიდგენ დროსა და სივრცეში და შემდეგ უკვე მათ ხორცშესხმას ვიწყებ”.

მართალია, ეს ცოტათი მაღალფარდოვნად ჟღერს, მაგრამ ასე განსაჯეთ: 2011-ის სექტემბერში ჯეიკობსის ოჯახის საინვესტიციო ფირმამ $62.5 მილიონი გადაიხადა, რათა Express-1-ზე კონტროლი მოეპოვებინა – მიჩიგანში დაფუძნებულ ტვირთის გადამზიდზე, რომლის წლიური გაყიდვები $170 მილიონს შეადგენდა. Express-1-ს ჯეიკობსმა თავისი XPO-ს სიმბოლოს კვალდაკვალ შეუცვალა სახელი, მისი სათავო ოფისი კონექტიკუტში გადაიტანა და ოთხ წელიწადში $7 მილიარდზე მეტი დახარჯა მორიგ 17 შესყიდვაზე. დღეს XPO-ს აქციები $102-ად ბრუნავს, რაც მას $12.3 მილიარდის საბაზრო კაპიტალიზაციას ანიჭებს, ხოლო მოგების პროცენტული მაჩვენებელი, ჯეიკობსის ზედამხედველობის პირობებში, 38%-ს შეადგენს, რაც, სულ მცირე, ორჯერ აღემატება S&P-ის მაჩვენებელს და Amazon-ისაზე უკეთესია.

თავად ჯეიკობსის წილი $2 მილიარდს უტოლდება და სწორედ ეს გახლავთ მისი ქონების უმთავრესი ნაწილი, რომელიც მოიცავს 50 აკრზე გადაჭიმულ მამულს გრინვიჩში, 17,000 კვადრატული ფუტის ზღვისპირა სახლ-კარს პალმ-ბიჩში – პრეზიდენტ ტრამპის მარ-ა-ლაგოსთან ძალიან ახლო, და თანამედროვე ხელოვნების ახალბედა კოლექციას პიკასოს, დე კუნინგის, კალდერისა და ლიხტენშტეინის ნამუშევრებით.

მაგრამ საქმე ისაა, რომ კორპორაციულ შესყიდვებს ცუდი რეპუტაცია აქვთ. ზოგი ოპერატორი არაადეკვატურად ბევრს იხდის, ზედმეტად ბევრ ვალს იღებს, არარსებული კომბინაციების გასაღებას ცდილობს ან, სულაც, უსინდისოდ ცვლის რიცხვებს. მიუხედავად ამისა, 16-დან 14 ანალიტიკოსი, რომლებიც XPO-ს სწავლობენ, მას დადებითად აფასებენ; როგორც ჩანს, მათზე ჯეიკობსის გარიგებათა შორსმჭვრეტელური უნარები მოქმედებს, მისი ეფექტიანობა და ხედვა ინტეგრირებული ლოგისტიკური კომპანიისა, რომელიც, მზარდ ელ-ვაჭრობასა და მსოფლიო მასშტაბის მომარაგების ქსელზე კაპიტალიზების მიზნით, მოხდენილად იყენებს ტექნოლოგიას. გამალებული შესყიდვების შედეგად, XPO-ს მტკიცე პოზიციები აქვს აშშ-ისა და ევროპის სატვირთო საბროკეროებში, ადგილზე მიტანის სწრაფ სერვისებში (კერძოდ, მაცივრების მსგავსი მძიმე ნივთების მიტანა საწყობებიდან მომხმარებელთა სახლებამდე), შედარებით მსუბუქი ტვირთის გადაზიდვასა და ე.წ. კონტრაქტულ ლოგისტიკაში (კომპანიის ლოგისტიკის ყველა დეტალის მოგვარება). გასულ წელს მისმა წმინდა მოგებამ $312 მილიონი შეადგინა ($2.45 ყოველ ე.წ. ღირებულებაშემცირებულ აქციაზე), ხოლო შემოსავალმა – $15.4 მილიარდი. 2017-ში თავისუფალი ფულადი ნაკადი 77%-ით, $374 მილიონამდე, გაიზარდა, XPO-ს პროგნოზით კი ეს მაჩვენებელი 2018-ში $600 მილიონამდე ავა.

აღსანიშნავია, რომ მას მერე, რაც 2015-ში, ამერიკული გადამზიდის, Con-way-სა და ევროპის უფრო ეფექტიანი ლოგისტიკური ბაზრის წამყვანი მოთამაშის, ფრანგული Norbert Dentressangle-ის ყიდვის მიზნით, კომპანიამ თავისი ვალი გაზარდა, ჯეიკობსმა “ონკანი გადაკეტა” და სათავო ოფისში დაბრუნდა, რათა ამ ყველაფრის ამუშავებაზე კონცენტრირებულიყო. სათავო ოფისი გრინვიჩის საზღვარზე მდებარე ერთსართულიანი დაუსრულებელი ბეტონის შენობაა, სადაც მინის კედლები იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლები ვერ დააღწევენ თავს ჯეიკობსის ხედვებს, და რომლის საკონფერენციო ოთახებში კიდია ლოზუნგი “შედეგები მნიშვნელოვანია”. “ცარიელი კუთხეები ჭიანჭველებივითაა. სადაც ერთი, იქ ბევრიც გაჩნდება”, – აცხადებს ჯეიკობსი. Orbis Investment Management-ის ანალიტიკოსი და XPO-ს უმსხვილესი – $2 მილიარდის ოდენობის – მეწილე მეთიუ ადამსი ანტრეპრენიორს ასე ახასიათებს: “კაპიტალის სერიოზული მომხვეჭის დიდ ფინანსურ გონებასთან გვაქვს საქმე, რასაც ჭეშმარიტი მმართველის თვისებები ემატება”.

ძნელი სათქმელია, რამდენად “გადააგდო” ჯეიკობსმა შესყიდვების ვნება; ახლა, როცა, 2015-იდან მოყოლებული, XPO-ს ვალი განახევრდა, ის იმ $8 მილიარდით ტრაბახობს, ფულადი რეზერვების სახით რომ აქვს. მაგრამ დღეს ჯეიკობსი უფრო ორგანულ ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას და $450 მილიონზე, რომელსაც XPO, წლიურად, ავტომატიზებასა და ტექნოლოგიაში ღვრის. კომპანიის 95,000 თანამშრომლიდან 1,700 ტექნოლოგიური პროფესიონალია, მათ შორის 100 – მონაცემთა ანალიტიკოსი. “ყველაფერი, რისი ავტომატიზებაც შეგვიძლია, ან უკვე ავტომატიზებული გვაქვს, ან დაფაზე გვიწერია, რომ უნდა ავტომატიზაცია უნდა ჩავუტაროთ”, – ამბობს ის. ფასწარმოების ალგორითმების გარდა, XPO-მ Uber-ისებრი აპლიკაციები – Drive XPO და Ship XPO – შექმნა, რომლებიც სატვირთო მანქანების მძღოლებს საშუალებას აძლევს, თავიანთი ბარგი აიღონ, მომხმარებლებმა კი რეალურ დროში თვალი ადევნონ თავიანთი ტვირთის მარშრუტს.

“1990-იანებში ვწერდი ანგარიშებს და ვამბობდი, რომ FedEx-ი ტრანსპორტირების კომპანიად შენიღბული ტექნოლოგიური კომპანიაა. დღეს იგივე შეიძლება, ითქვას XPO-ზე”, – აღნიშნავს ანალიტიკოსი დონალდ ბროტონი, რომელიც სენტ-ლუისში დაფუძნებული თავისი ფირმიდან ტრანსპორტირების კომპანიებს აკვირდება.

კარიერის უმეტესი ნაწილი ჯეიკობსს გატარებული აქვს გარიგებების წარმოებაში, აქეთ-იქით რაღაცების გადაადგილებასა და, ინფორმაციულ უპირატესობაზე დაყრდნობით, ფულის შოვნის გზათა ძიებაში. მამამისი პროვიდენსში იუველირი იყო, მაგრამ კოლეჯიდან წამოსულ ჯეიკობსს დიდი მოგებები იზიდავდა, ნავთობში რომ კეთდებოდა, ნავთობში, რომლის ფასი, 1970-იანების მიწურულს, მკვეთრად გაზრდილიყო. გაარკვია ნავთობის ბროკერთა ვინაობები და დაუპატიჟებლად დაიწყო ამ საქმეში გზის გაკაფვა, მენტორად კი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტთა სახლის, Phillip Brothers-ის უფროსი, ლეგენდარული ლუდვიგ ჯესელსონი იქცი (ჯესელსონის ვაჟი ახლა XPO-ს მთავარი დამოუკიდებელი დირექტორია). ერთხანს ჯეიკობსი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა (სადაც თავისი ნავთობით მოვაჭრე ცოლი, ლამია გაიცნო) და მილიონებიც გააკეთა: ნავთობს ისეთ ადგილებში ყიდულობდა, როგორიც რუსეთი და ნიგერიაა, ხოლო შემდეგ ეს ნავთობი დაქირავებული გემებით ევროპაში გადაჰქონდა. ასე იყო თუ ისე, 1989 წლისთვის ე.წ. მომავლის ბაზრებს ჯეიკობსის მსგავსი, მსოფლიოს მოდებული არბიტრაჟული ვაჭრების მოგებები წნეხის ქვეშ მოექციათ, ჰოდა, ჯეიკობსიც აშშ-ში დაბრუნდა და ახალი სარფიანი საქმის ძიება დაიწყო.

ერთი ანალიტიკური ანგარიში წაიკითხა, სადაც Browning-Ferris-ის მსუყე მოგებები იყო აღწერილი, და ნაგვის მოგროვებაზე შეაჩერა ყურადღება. ნიჭიერი ხალხისა და შიდა სამზარეულოს ამბების ძიების პროცესში, ინდუსტრიის ათობით მენეჯერს გაესაუბრა. Browning-Ferris-ის ორმა ყოფილმა აღმასრულებელმა უთხრა, რომ კომპანია რურალურ რეგიონებს იგნორირებას უკეთებდა. ჯეიკობსმა ისინი დაიქირავა და შესყიდვათა სერიის განხორციელებას შეუდგა: თავი მოუყარა საგზაო მარშრუტებით ერთმანეთთან დაკავშირებულ ასობით წვრილ-წვრილ ნაგვის მომგროვებელს ისეთ რეგიონებში, როგორიც სამხრეთი კენტუკი და მიჩიგანია. 1992-ში United Waste-ი საჯარო ბაზარზე გაიტანა, 1997-ში კი $2.2 მილიარდად მიჰყიდა კომპანიას, რომელსაც შემდეგ Waste Management-ი დაერქვა, და საწყისი $3-მილიონიანი ინვესტიციიდან $120 მილიონის წმინდა მოგებაც დარჩა.

გაყიდვის პროცესი ჯერ ლამის არც იყო დასრულებული, რომ ჯეიკობსი უკვე თავის მომდევნო შესყიდვაზე მუშაობდა საინვესტიციო ბანკირებთან ერთად. მძიმე ტექნიკის გაქირავება გვაქვს მხედველობაში. როგორც ამბობს, ეს ბიზნესი იმიტომ მოეწონა, რომ ის არა მხოლოდ ფრაგმენტირებულ, არამედ მზარდ ბაზარს წარმოადგენდა, ეს კი, იმიტომ ხდებოდა, რომ კომპანიები მძიმე ტექნიკის (ბულდოზერები, გენერატორები, ამწეები) ფლობიდან მათ ქირაობაზე გადადიოდნენ. საქმეში $35 მილიონი დააბანდა, ხოლო 1997 წლის დეკემბერში United Rentals Inc.-ი საჯარო ბაზარზე გაიტანა. მარტში ორი წყაროდან $285 მილიონი მოიზიდა, თუმცა 42%-იანი წილის მფლობელი თავად რჩებოდა. შემდეგ ქვეყანა შემოიარა და გზაში Yellow Pages-იდან გამალებით ხევდა განცხადებებს, რათა პატარ-პატარა გამქირავებელი კომპანიები ეპოვა. საბოლოოდ, ასობით გარიგების შემდეგ, URI-მ Hertz-ს გაუსწრო და მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ტექნიკის გამქირავებლად იქცა.

მაგრამ 2004-ში Securities & Exchange Commission-მა URI-ს საბუღალტრო პრაქტიკების გამოძიება დაიწყო. ბოლოს ორმა ყოფილმა აღმასრულებელმა დანაშაული აღიარა: 2000-დან 2002-მდე, ბუღალტერიით ისე ვმანიპულირებდით, რომ შემოსავლების პროგნოზებს დამთხვეოდაო. ჯეიკობსის მონაწილეობის საკითხი დანაშაულებებში არასდროს დასმულა. 2017 წლის ივლისში კერძო სააქციო კაპიტალის ფირმა Cerberus-მა თანხმობა განაცხადა, URI 25%-იანი პრემიუმით, $4 მილიარდად (ან აქცია – $34.50-ად) ეყიდა, პლუს $2.6 მილიარდის სასესხო ვალდებულებები აეღო. ჯეიკობსმა, რომელიც იმ დროს URI-ს თავმჯდომარე იყო, თანამდებობა დატოვა და თავისი კერძო საინვესტიციო კომპანიის მართვაზე კონცენტრირდა. ხუთი თვის შემდეგ, საკრედიტო ბაზრების შემჭიდროების კვალდაკვალ, Cerberus-მა დაფინანსება დაკარგა და თამაშიდან გასვლა არჩია. URI-ს აქციათა ფასი $5-ს ქვემოთ დაეცა. თავად ჯეიკობსს სურდა, კომპანია კვლავ კერძოდ ექცია, მაგრამ ფული ვერ იშოვა. მიუხედავად ამისა, URI-დან მისი წასვლის შემდეგ, მისმა ხედვამ წვრილ-წვრილი კომპანიების შესყიდვასთან დაკავშირებით ლეგიტიმაცია ჰპოვა: აქციათა ფასი დღეს $180-ია, საბაზრო კაპიტალიზაცია – $15 მილიარდი.

მომდევნო სამიზნე ინდუსტრიის მოსაძიებლად, ჯეიკობსს ამჯერად ცოტათი უფრო დიდი დრო დასჭირდა. 2011-ში, მან ლოგისტიკის შიდა სამზარეულოში ჩახედულთა გუნდის შემოკრება დაიწყო, რათა კაპიტალიზება მოეხდინა იმაზე, რასაც თავად ძალიან ფრაგმენტულ, თუმცა მზარდ ბაზარს უწოდებს. ლაპარაკია საქონლის გადაადგილების $3-ტრილიონიან გლობალურ ბაზარზე. მისი თეზა შემდეგია: კომპანიებს სურთ, თავიანთ ლოგისტიკასთან დაკავშირებული თავის ტკივილი აირიდონ და ეს ტკივილი სიხარულით გადაულოცონ XPO-ს მსგავს პლატფორმას, რომელიც ყველაფერს უზრუნველყოფს, დაწყებული ორი ან მეტი სახის ტრანსპორტის შემცველი გადაზიდვებითა და დიდი ოდენობის ტვირთის გადაზიდვებით, დამთავრებული საშუალო ოდენობის ტვირთის გადაზიდვებით, სადისტრიბუციო საწყობებითა და მომხმარებლის კართან მძიმე საქონლის მიტანით.

ჯეიკობსმა განზრახ დაიწყო ბაზრის მსუბუქკაპიტალიან ნიშში მოღვაწეობა. Express-1-ის მსგავსი ბროკერები არ ფლობენ სატვირთო მანქანებს; ისინი შუამავლები არიან გადამზიდებსა და სატვირთო მანქანის მძღოლებს შორის. მაგრამ ეს მხოლოდ ჭკვიანური და ფრთხილი შესავალი იყო მომდევნო შესყიდვებისა. მეტი დაფინანსების მოპოვების შემდეგ ჯეიკობსმა 3PD ჩაიგდო ხელში, რომელიც მას საშუალებას აძლევდა, ცნობილი გამხდარიყო სახლში მიტანისა და დამონტაჟების სერვისში; იყიდა, ასევე, ორი ან მეტი სახის ტრანსპორტის შემცველი გადამზიდი Pacer-ი; ე.წ. კონტრაქტული ლოგისტიკის ლიდერი New Breed-ი, რომელსაც ისეთი “წითელი კოჭი” მომხმარებლები ჰყავს, როგორიცაა Disney, Boeing-ი და Verizon-ი. დიდი გამოწვევა ახლა განყოფილებათაშორისი გაყიდვებია. ჯეიკობსის თქმით, XPO-ს 100 წამყვანი კლიენტიდან 94 მისგან არაერთ სერვისს ყიდულობს, შარშან კი მათი რიცხვი 86 იყო.

რაც შეეხება ჯეიკობსის 2015 წლის ერთობ სადავო გადაწყვეტილებას, $3 მილიარდი Con-way-ზე დაეხარჯა, ის სულაც არ ნანობს. ჯეიკობსი განსაკუთრებით Con-way-ს Menlo Logistics-ის განყოფილებას შენატროდა სილიკონის ხეობაში, და სატვირთო სივრცის დეფიციტის საწინააღმდეგო ზომად მისი სატვირთო მანქანების დაზღვევას განიხილავდა. მართლაც, ეკონომიკის მომძლავრების პირობებში, სატვირთო მანქანების სიმწირე და გადაზიდვის ხარჯების მკვეთრი აღმასვლა XPO-ს ახეირებს. დღეს კომპანია მსოფლიოს მოდებულ თავის ქსელში 16,000 ტრაქტორს, 39,000 ტრეილერს, 53 კვადრატული ფუტის 10,000 ინტერმოდალურ კონტეინერს ფლობს. ამასთან, დამოუკიდებელ მეპატრონეებთან კონტრაქტის საფუძველზე, მის განკარგულებაშია 11,000 სატვირთო მანქანა და კიდევ მილიონი სხვა სატვირთო მანქანა ბროკერული გადაზიდვებისთვის. ფლობს, ასევე, ე.წ. კონტრაქტული ლოგისტიკის 775 საწყობს – 170 მილიონი კვადრატული ფუტის სივრცეს, და დიდი გეგმები აქვს, უფრო მეტი ცენტრი გახსნას ამერიკის ჩრდილოეთსა და ევროპაში, მძიმე ნივთები რომ მიიტანოს მომხმარებელთა კარამდე.

“XPO ლოგისტიკის გლობალური გიგანტი გახდება”, – ამბობს $6-მილიარდიანი Federated Kaufmann Fund-ის პორტფოლიოს მენეჯერი და XPO-ს აქციონერი სტივენ დენიჩილო. მისი აზრით, კომპანიის აქციები არასათანადოდაა შეფასებული, თუ მათ კოლეგა-კომპანიებს, J.B. Hunt-ს, C.H. Robinson-სა და Old Dominion Freight Line-ს შევადარებთ.

და ეკონომიკა თუ შეიცვალა? ჰკითხეთ ეს ჯეიკობსს: მან კარგად იცის იმპროვიზაციის ფასი. “ჯაზში არასწორი ნოტი თუ დაუკარი... ჯაზში არასწორი ნოტი არ არსებობს. ეს ნოტია, ეს რეალობაა. რადიკალურად ითავისებ ამას და ამას ეყრდნობი, – ნახევრად ხუმრობით შენიშნავს. – მუსიკა მართლაც ბიზნესივითაა... ყველა შენი შეგრძნება ერთდროულად უნდა გამოიყენო და გარემოებებსა და ცვლილებებთან ერთად ცეკვა უნდა შეძლო”.

წინა სტატია

ნავთობპროდუქტების იმპორტი იზრდება
09 ივლისი, 2018

შემდეგი სტატია

როგორ მოხვდა საქართველო მსოფლიო მოდის რუკაზე ახალბედა დიზაინერების წყალობით
09 ივლისი, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა