როგორ მოხვდა საქართველო მსოფლიო მოდის რუკაზე ახალბედა დიზაინერების წყალობით

მოდის საზღვრები სულ უფრო და უფრო ფართოვდება. პირველ რიგში, მოდა უფრო თვალსაჩინო და ხელმისაწვდომი გახდა, რაც ინტერნეტისა და სოციალური მედიაპლატფორმების დამსახურებაა. სწორედ ინტერნეტმა და სოციალურმა მედიამ მისცა ახალბედა დიზაინერებსა და მათ ბრენდებს წარმოჩენის საშუალება, რადგანაც სხვაგვარად ისინი ვერ შეძლებდნენ მოდის ჩვენებების გამართვას და პოტენციურ რიტეილერებთან ან მოდური პრესის წარმომადგენლებთან დაკავშირებას. პირველსავე ცდაზე წარმატების მიღწევისათვის აუცილებელია მოდის დედაქალაქებში - პარიზში, მილანში, ნიუ-იორკში ან ლონდონში - შეღწევა, იქ საკუთარი პოზიციის გამაგრება და ფურორის მოხდენა. ის დრო წარსულს ჩაჰბარდა. Instagram-ისა და Twitter-ის გარდა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ახალი მოდის კვირეული იმართება, რითაც მეტი ყურადღება ეთმობა სწორედ იმ ადგილობრივ დიზაინერებს, რომლებიც მოდის ინდუსტრიის დადგენილ საზღვრებს მიღმა მოღვაწეობენ.

საქართველოს დედაქალაქი თბილისი (ყველა შესაძლო ადგილებს შორის) კრეატიულობის კულტურულ ეპიცენტრად იქცა და წამყვანი მოდური გამომცემლობების, სოციალური მედიის ნიუსფიდების, ქუჩის მოდის ფოტოგრაფების, მაღაზიებისა და მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ყველა წარმომადგენლის ყურადღების ცენტრში მოხვედრა მოახერხა. გაინტერესებთ, რამ განაპირობა ასეთი ინტერესი მტკვრის სანაპიროზე გაშენებული ამ ბორცვიანი ქალაქის მიმართ? ეს გახლავთ Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული: ერთკვირიანი ღონისძიება, რომელზეც წარმოდგენილი იყო უამრავი ნიჭიერი და იმედისმომცემი დიზაინერი საქართველოს ყველა კუთხიდან. ღონისძიების კორპორაციული სპონსორი, გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია Mercedes-Benz-ი, რომელიც ანალოგიურ ღონისძიებებს სხვა ნაკლებად ცნობილ ადგილებშიც ატარებს, განსაკუთრებით მოწადინებული იყო დაემტკიცებინა, რომ ავანგარდული, პროგრესული მოდა მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას შეიძლება იქმნებოდეს.

“ყველაფერი 23 წლის წინ, ავსტრალიაში დაიწყო. სწორედ იქ ჩატარდა პირველი მოდის კვირეული, - განმარტავს Mercedes-Benz-ის პროდუქციის განთავსებისა და მოდის სპონსორობის განყოფილების უფროსი, კეროლინ პილცი. - 2007 წლიდან კი წამოვიწყეთ პროცესი, რომლითაც ხელს ვუწყობთ მოდის გლობალურ სპონსორულ პლატფორმად ჩამოყალიბებას”.

“ჩვენ წარმოვადგენთ უზარმაზარ ბრენდს და ყველას მეტი ჩართულობისკენ მოვუწოდებთ, - დასძინა კომპანიის გლობალური კომუნიკაციების გუნდის ოფიცერმა, მონა მოლმა. - ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ ახალბედა ნიჭიერ დიზაინერებს ისე, რომ მათ არ მოუწიოთ ნიუ-იორკში გამგზავრება. მსოფლიო მასშტაბით ჩვენ 50 პლატფორმა გვაქვს, სადაც დამწყები მოდელიერები დიზაინერთა საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ ვეხმარებით დიზაინერებს, რომლებიც თავიანთ ადგილობრივ ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობენ და დახმარება სჭირდებათ საერთაშორისო ბაზარზე გასვლის კუთხით”.

საერთაშორისო აღიარების მიღწევა გამოწვევებით სავსე რთული გზაა, რომლის გავლაც ბევრ დამწყებ დიზაინერს უწევს, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა, მაგრამ საქართველოს მოდის სამყაროში ცნობადობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც 2014 წელს დემნა გვასალიამ ბრენდი Vetements-ი დააარსა. საქართველოში დაბადებულმა დიზაინერმა თავისი პირველივე რამდენიმე კოლექციით მოდის კრიტიკოსთა დიდი მოწონება დაიმსახურა, მისი დიზაინით შექმნილი ტანისამოსი კი მსოფლიოს საუკეთესო ბუტიკებში გამოჩნდა. დემნა გვასალიამ ქუჩის, პოსტმოდერნისტული ელემენტი შეიტანა მოდაში, მისი პიჯაკები და პალტოები დიდი პროპორციებით გამოირჩევა, ქვედაბოლოებსა და სახელოებს ასიმეტრიული დაბოლოებები აქვს. გვასალია ოსტატურად ახერხებს ოფიციალური და სპორტული სტილის შერწყმას, წარმოიდგინეთ: ბუმბულის ქურთუკი ოფიციალურ კოსტიუმზე (დემნა გვასალია ასევე ძალიან, ძალიან ძვირად ღირებულ კაპიუშონიან ზედებს კერავს). მისმა ინოვაციურმა ხედვამ მალევე მიიპყრო მოდის ყველაზე გავლენიანი კონგლომერატის, Kering-ის ხელმძღვანელობის ყურადღება დაიმსახურა და 2015 წელს დემნა გვასალია Balenciaga-ს შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა. მას შემდეგ ქართული მოდა მსოფლიოს დიზაინერების ყურადღების ცენტრში მოექცა.

თბილისის Mercede-Benz-ის მოდის კვირეულის შემოქმედებითმა დირექტორმა, სოფო ჭყონიამ, ისარგებლა ამ ხელსაყრელი მომენტით და თითქმის მარტომ წამოიწყო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიო მასშტაბით სხვა ნიჭიერი ქართველი დიზაინერების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. სოფო ჭყონიას სურს, მსოფლიო მოდის საზოგადოებას დაანახოს, რომ გვასალია არ არის ერთადერთი დიზაინერი, რომელიც ქართულ მოდასთან ასოცირდება და რომ კიდევ ბევრი ნიჭიერი დიზაინერი არსებობს, რომელთაც ასევე საინტერესო ხედვა და ასეთივე ბექგრაუნდი აქვთ.

მართლაც, ამ დიზაინერთა უმეტესობა 80-იანი წლების თაობის წარმომადგენელია. სწორედ იმ პერიოდის, როდესაც საქართველომ საბჭოთა კავშირისაგან გამოყოფა დაიწყო. ოთხკუთხედი მხრები, მასიური სამკაულები, ჩაჩაჩული სტილის ჩექმა და იმ ეპოქის დროინდელი სხვა ნიუანსები, რომლებიც გვასალიას მიერ Vetements-ისა და Balenciaga-სთვის შექმნილ კოლექციებში სჭარბობს, ასევე უხვად იგრძნობოდა მისი თანამემამულე დიზაინერების კოლექციაში. განსაკუთრებით გამოირჩეოდა შვიდი დიზაინერი, რომლებმაც ნათლად დაგვანახეს, რომ Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული თბილისში ის ძალა გახლავთ, რომელიც ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.

SITUATIONIST

ბრენდ Situationist-ის დიზაინერი ირაკლი რუსაძე ძალიან ახალგაზრდაა იმისათვის, რომ საბჭოთა ეპოქაში ეცხოვრა (იგი მხოლოდ 27 წლის გახლავთ). მაგრამ იმ ეპოქის ნარჩენებმა უდავოდ მოახდინა გავლენა მისი დიზაინით შექმნილ კოლექციაზე. “ჩვენ არ ვართ ბრენდი, რომელიც მხოლოდ ტანისამოსს წარმოადგენს, - განაცხადა რუსაძემ. - მე ვფიქრობ, რომ მოდა პროტესტის გამოხატვის საშუალებაა. საქართველოს ძალიან მდიდარი კულტურა აქვს და ჩემი კოლექციით იმის დემონსტრირება მინდოდა, რომ სულაც არ არის აუცილებელი, ჩვენ საბჭოთა კავშირთან გაგვაიგივონ”.

რუსაძემ ეს გზავნილი თავის რამდენიმე დიზაინში კარგად გამოხატა გრძელი, რუხი ფერის შალის პიჯაკებითა და ყავისფერი ტყავის თრენჩით (წაიკითხეთ ქართული ეროვნული სამოსის მახასიათებლები). მიუხედავად იმისა, რომ 80-იანი წლების სურათებით შთაგონებულმა დიზაინერმა აქცენტი შავი ფერის ტანისამოსზე გააკეთა, მისი ვარსკვლავური კოლექცია ქართული ტრადიციული სტილის ელეგანტურ და დახვეწილ გაგრძელებას წარმოადგენდა.

ლაკო ბუკია

ლაკო ბუკიას კარგად იცნობენ საერთაშორისო მოდის სცენაზე. მან საკუთარი კოლექცია ლონდონის მოდის კვირეულზე და ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პოდიუმებზე წარადგინა. მის მიერ საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება აშკარად შეეტყო თბილისის მოდის კვირეულზე გამოტანილ კოლექციას, რომელიც ოსტატურად გამოჭრილი ფორმებით, პროპორციებით და ასევე ორიგინალური პრინტებით, ფერებითა და ქსოვილებით გამოირჩეოდა. ხალასი ფერის ღილებიან, კოჭამდე კაბებს მხრებზე და ფეხებთან მურიანო ფორტუნის სტილში გადაწყვეტილი კანტები ამშვენებდა. გრძელი დალიანდაგებული სვიტერები, ბოლოში დიდი ზომის ვისკოზის ნაწნავით, ჰარმონიულად ერწყმოდა პლისირებულ ქვედაბოლოებს. კოლექციის შედევრი კი ნამდვილად მისი კაბები და ქურთუკი “ბომბერები” იყო 60-იანი და 70-იანი წლების თბილისის ქუჩების გამოსახულებებით. “კოლექციის შთაგონება ჩემი მშობლების საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში ცხოვრების გამოცდილება იყო, - ამბობს ლაკო ბუკია. - შესაბამისად, ჩემს კოლექციაში გამოყენებულ ყველა პრინტს საოჯახო ფოტოები უდევს საფუძვლად”.

აკა ნანიტა

ლაკო ბუკიას მსგავსად, აკა ნანიტასაც არ დასჭირვებია შთაგონებისათვის შორს წასვლა. როგორც თავად დიზაინერმა განაცხადა, “მუსიკა, ქსოვილები, გაფორმება - ყველაფერი ჩემი ბავშვობიდან, 80-იანებიდან მოდის, როდესაც საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით”. თავისი ჩვენება მან თეატრის შენობაში გამართა, სადაც მოდელები 50-იანი წლების თმის საშრობების ქვეშ იყვნენ მოკალათებული. ზოლებიან-კუბოკრული პრინტის მქონე შორტები, ქურთუკები და შარვალ-პიჯაკები, რბილ ავეჯზე გადასაკრავი ქსოვილისაგან დამზადებული აქსესუარები, მარგალიტებით მოქარგული ქურთუკები და ცნობილი ჯგუფების გამოსახულებიანი მაისურები, განსაკუთრებით დევიდ ბოუის მაისური, იმ ეპოქის გამოძახილია. “ეს კოლექცია ასახავს ჩემი ბავშვობის ჩვეულ დღეებს, როდესაც ბებიას სილამაზის სალონში დავყვებოდი, - ამბობს აკა ნანიტა. - ასევე აქტუალურია იმ პერიოდის მუსიკა: ბიტლზი და დევიდ ბოუი”.

კოლექციის მთავარი ელემენტი იყო ის, რომ დიზაინერმა 80-იანი წლების თემატიკა სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოაჩინა. თუკი სხვა დიზაინერების კოლექციაში აქცენტი იმ ათწლეულის ულტრაგლამურულ ლუქზე - განიერ მხრებსა და მასიურ სამკაულებზე იყო გაკეთებული, ლაკო ბუკია შეეცადა, ეჩვენებინა საკუთარი თავი იმ პერიოდში. სწორედ ამიტომ მისი კოლექცია საოცრად მიმზიდველი “გოგოშკური” ხასიათით გამოირჩეოდა.

სელია ვალვერდე

სელია ვალვერდე ერთადერთი ესპანელი დიზაინერი იყო, რომელმაც საკუთარი კოლექცია თბილისში წარმოადგინა. Mercedes-Benz-ის თბილისის მოდის კვირეულზე კოლექციის ჩვენების შესაძლებლობა სელია ვალვერდემ მადრიდის მოდის კვირეულზე გამარჯვების წყალობითა და საერთაშორისო დიზაინერთა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიიღო. “ქართველი დიზაინერი მონაწილეობას იღებდა წინა მოდის კვირეულზე, რომელიც იანვარში მადრიდში ჩატარდა. შესაბამისად მე, როგორც მადრიდის კვირეულის გამარჯვებული, საქართველოში მომიწვიეს მოდის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად”, - ამბობს ვალვერდე.

ვალვერდემ ძალზე ბუნდოვნად განმარტა ის, თუ რით აჯობა მისმა კოლექციამ სხვა დიზაინერების მიერ წარმოდგენილ ტანისამოსს და უბრალოდ თქვა, რომ კოლექციის შექმნაზე ბევრი იმუშავა. მიუხედავად ამისა, ვალვერდეს ერთაზროვანი შეხედულება ძალზე ბევრის მთქმელი აღმოჩნდა. “მოტაუნი ყოველთვის იყო ჩემთვის შთაგონების წყარო”, - ამბობს ვალვერდე, რაც კოლექციაში ვარდისფერი ტონების სიუხვისა და თავისუფალი, დაიანა როსის სტილში გადაწყვეტილი კაბების წყალობით ისედაც ყველასთვის აშკარა იყო.

ალექსანდრე ახალკაციშვილი

ალექსანდრე ახალკაციშვილი - ეს ის სახელია, რომლის გარშემოც თბილისში უამრავი ადამიანი იყრის თავს. საქართველოში მოქმედი ტანისამოსის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბრენდის, Matérial-ის დიზაინერს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული და ქალაქში საუკეთესოდ ჩაცმულ ქალბატონთა შორის ბევრი მიმდევარი ჰყავს. სწორედ ამიტომ ჰქონდა ყველას დიდი ინტერესი მისი სადებიუტო კოლექციის მიმართ. საბედნიეროდ, მან წარმატებით გაართვა თავი გამოწვევას და ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

ახალკაციშვილმა წარმოადგინა ძალიან ძლიერი კოლექცია, რომელმაც მთლიანად შთანთქა 80-იანების ის სულისკვეთება, რითაც თბილისური მოდა ასეა გაჯერებული.

მის კოლექციაში უხვად იყო ფართომხრებიანი პიჯაკები, დიდი ზომის ქურთუკები, ობი-ქამრები, მუხლს ზემოთ ჩექმები, ტყავის ხელთათმანები და ე.წ. ფანქარი-ქვედაბოლოები. მიუხედავად იმისა, რომ “ოფისის გოგონას” მოტივი მის კოლექციაში ჭარბად იგრძნობოდა, ახალკაციშვილმა ძვირფასი ქვების ფერებითა და თავისუფალი, მოშვებული სილუეტებით სიხალასე შემატა ტანისამოსს. “გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩემი საკუთარი ჩვენების პირველი სეზონია, შევეცადე, ყველაფერი უფრო ქალური და ფერადი ყოფილიყო, - თქვა ახალკაციშვილმა. - როგორც წესი, ჩემი სტილი ძალზე მინიმალისტურია, მაგრამ პირველი კოლექციისათვის მსურდა, რაღაც ახალსა და განსხვავებულზე გამეკეთებინა აქცენტი.

ლადო ბოკუჩავა

ახალკაციშვილის მსგავსად, ლადო ბოკუჩავაც Matérial-ის დიზაინერია და 80-იანი წლების გადაჭარბებულ სტილს ემხრობა. პასტელის ფერებში გადაწყვეტილი დიდი ზომის კოსტიუმები და კაბები, ასევე დიდი ზომის მხრებითა და “ლიპებით” არავის გაჰკვირვებია დიზაინერისაგან, რომელიც საკუთარ სტილს აღწერს როგორც “ვინტაჟისა და კლასიკის შეხვედრას 80-იანების ანდერგრაუნდთან”. მაგრამ ის, რამაც ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა და რაშიც განსაკუთრებულად გამოიხატა მისი გადახვევა ნორმიდან, იყო ბოკუჩავას თამაში პროპორციებით და ზედმიწევნით შერჩეული დეტალები.

მაგალითად, სალათისფერი ქვედაბოლო და პიჯაკი ოქროსფერი ღილებით თეთრი შიფონის ლაბადასთან ერთად: საოცრად ნაზი და ჰაეროვანი წინიდან, ხოლო ზურგიდან - თითქმის დრამატული. ეს ანსამბლი ყველა კუთხიდან ძალიან ამაღელვებელი სანახაობა იყო. ასეთივე განწყობას ქმნიდა ბოკუჩავას ყველა სხვა დიზაინი, მაგალითად, მის მიერ შემოთავაზებული უფრო გაშლილი ქვედაბოლო, ან დაგრძელებული შარვლები. ასევე უნდა აღვნიშნოთ ცისფერი და ფორთოხლისფერი ხავერდის პიჯაკები. უდავოა, რომ მის დიზაინში არის რაღაც არაამქვეყნიური ელემენტი, რომელიც შეიძლება კარგ ტანისამოსს არა, მაგრამ ნამდვილად დიდებულ მოდას ქმნის. არც არის გასაკვირი, ლადო ბოკუჩავა ხომ არ მალავს საკუთარ გატაცებას კოსმოსური ხომალდებით.

ბაბუხადია

ნინო ბაბუხადია იმ მცირერიცხოვან დიზაინერთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც თითქმის მთლიანად მამაკაცის ტანისამოსის შექმნაზე არის ორიენტირებული. თავის კოლექციაში ბაბუხადიამ გააერთიანა კლასიკურად მორგებული სპორტული ელემენტები და ქუჩის სტილით შთაგონებული სილუეტები როგორც მამაკაცებისათვის, ასევე ქალბატონებისთვის. “ჩემი სტილი უფრო მეტად უნისექს წარმოადგენს”, - ამბობს ნინო ბაბუხადია.

ვალვერდეს მსგავსად, ბაბუხადიაც საერთაშორისო დიზაინერთა გაცვლითი პროგრამის მონაწილეა. მადრიდის მოდის კვირეულში მონაწილეობის მიღების შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული, იგი ახლა უფრო მეტ შესაძლებლობას ხედავს, მაგრამ იმასაც კარგად აცნობიერებს, რომ ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი: “ჩემთვის, ისევე როგორც ჩემი კოლეგებისათვის, ეს ძალიან რთულია და ამავდროულად საინტერესო”.

წინა სტატია

კომპანიათა გაერთიანების მაესტრო
09 ივლისი, 2018

შემდეგი სტატია

Space starts here
09 ივლისი, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა