50 წლის შემდეგ ინტეგრაცია კვლავ მიუღწეველია

1964 წლის ივლისში, ლინდონ ჯონსონის მიერ “სამოქალაქო უფლებების აქტზე” ხელის მოწერიდან 50 წელი გავიდა. “სამოქალაქო უფლებების აქტის” მნიშვნელობას არავინ უარყოფს. 1964 წელს ადამიანი ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ ჩვენ შავკანიანი პრეზიდენტი, შავკანიანი მილიარდერები და შავკანიანთა ფართო საშუალო ფენა ასე მალე გვეყოლებოდა, მაგრამ მეოცე საუკუნის ორმოცდაათიანი წლების ამერიკელები ალბათ შავკანიანთა სიღარიბის დომინირების გამოც გაოცებულნი დარჩებოდნენ, მიუხედავად ისეთი ყურადღებისა, როგორსაც ამ პრობლემას ფედერალური მთავრობა უთმობს.

აშშ-ის აღწერის ბიუროს მონაცემებით, 2011 წელს თეთრკანიანთა 12% სიღარიბეში ცხოვრობდა, ამასთან იგივე მონაცემები შავკანიანებისთვის 26%-ს შეადგენდა. 1959 წლის მონაცემებთან შედარებით, როცა შავკანიან ოჯახთა შორის სიღარიბის მაჩვენებელი 55%-ს აღწევდა, სიტუაცია გაუმჯობესებულია, მაგრამ, როგორც ჩანს, მაქსიმუმს მივაღწიეთ. მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბის აღმოფხვრის პროგრამებზე წლიურად 1 ტრილიონი აშშ დოლარი იხარჯება, 2000 წლის შემდეგ სიღარიბის მაჩვენებელი შავკანიანებს შორის გაიზარდა.

მემარცხენეებისათვის, შავკანიანთა შორის სიღარიბის დომინირება, სისტემური რასიზმისა და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების არაადეკვატური სიდიდისა და მასშტაბების შედეგს წარმოადგენს. კონსერვატორები ხშირად საწინააღმდეგოზე მიუთითებენ. მათი აზრით, სახელმწიფო პროგრამები შავკანიანთა წარმატების შეფერხებას ახდენენ და არა მის ხელშეწყობას.

ორივე თვალსაზრისს თავისი ძლიერი და სუსტი მხარე გააჩნია. ერთი რამ, რაც გასული რამდენიმე ათწლეულის მანძილზე კარგად გავიაზრეთ, არის ის, რომ ფედერალური ხელისუფლების შესაძლებლობები, რომლებიც ამ პრობლემების გადაწყვეტისთვისაა აუცილებელი, შეზღუდულია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სამედიცინო დახმარებაზე წლიურად 450 მილიარდ აშშ დოლარს ვხარჯავთ, სამედიცინო დახმარებაზე მყოფ შავკანიანთა შორის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ განსხვავდება იმ შავკანიანთა ჯანმრთელობის მდგომარეობისგან, რომელთაც დაზღვევა საერთოდ არ გააჩნიათ.

მაგრამ ტრადიციული კონსერვატიული პოზიცია – მთავრობა ჩამოვიშოროთ და ყველა პრობლემის გადაწყვეტის გზა მოიძებნება – შავკანიანთა შორის არსებული ქრონიკული, თაობიდან თაობაზე გადასული სიღარიბის დასაძლევად საკმარისი არ არის.

ამერიკაში მონათა შთამომავალი ოჯახები ცხოვრობენ, რომელთაც საშუალო კლასის კეთილდღეობის გემო არასოდეს გაუგიათ; რომელთაც კარიერული კავშირები, საგანმანათლებლო შესაძლებლობები ან კულტურული რესურსები არ გააჩნიათ – ის ყველაფერი, რასაც სხვა ამერიკელები ჩვეულებრივ მოცემულობად აღიქვამენ. მათ წინაშე არსებული სირთულეები ჩვენს ყურადღებას საჭიროებს.

საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ შავკანიანთა სხვა ამერიკელებთან ინტეგრაცია სრულყოფილი არ არის. ამ მოვლენის ერთ-ერთ საზომს შერეული ქორწინებების მაჩვენებელი წარმოადგენს. მოდი, ამ ფაქტს ასე შევხედოთ: გსურს თუ არა მიიღო სხვა ეთნიკური წარმომავლობის პირი შენს ოჯახში – ინტეგრაციის ზუსტი განმსაზღვრელი სწორედ ეს გახლავთ.

შერეული ქორწინება იმ ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს, რომელიც ემიგრანტების უფრო ფართო ამერიკულ საზოგადოებაში შერევას განაპირობებს. “პიუს კვლევითმა ცენტრმა” დაადგინა, რომ “მეორე თაობის ამერიკელების სოციალურ-ეკონომიკური მიჯაჭვულობის ძირითადი მაჩვენებლები [პირველი თაობის] ემიგრანტების იმავე მაჩვენებლებთან შედარებით, ბევრად უფრო მაღალია. მათ უფრო დიდი შემოსავლები გააჩნიათ; კოლეჯდამთავრებულთა და სახლის მეპატრონეთა მაჩვენებელიც უფრო მაღალია; სიღარიბეში უფრო მცირე რაოდენობა ცხოვრობს. ყველა ამ განზომილებაში მათი მაჩვენებლები მსგავსია აშშ-ის მთლიანი ზრდასრული მოსახლეობის იმავე მაჩვენებლებისა”.

სხვა კვლევამ აჩვენა, რომ 2010 წელს ესპანური წარმოშობის პირთა 26% დაქორწინდა არაესპანური წარმოშობის ამერიკელზე; აზიური წარმოშობის პირთა 28% დაქორწინდა არააზიური წარმოშობის პირზე. ამასთან, შავკანიან პირთა მხოლოდ 17% დაქორწინდა სხვა ეთნიკური წარმოშობის პირზე. მაჩვენებლებს შორის ამ ტიპის სხვაობამ აფრიკულ-ამერიკული საზოგადოების კვლავ მიმდინარე გეოგრაფიულ სეგრეგაციაში ასევე გარკვეული როლი ითამაშა.

გეოგრაფიული კონცენტრაცია ნიშნავს იმას, რომ შავკანიანებს ძვირად უჯდებათ, ქალაქის სკოლებში სწავლას რომ ვერ ახერხებენ. ადგილობრივი ხელისუფლებები მშობლებს მათი შვილებისთვის უკეთესი განათლების ძიებაში ხელს უშლიან და კოლეჯის დამთავრებას ღარიბ შავკანიანთა უფრო ნაკლები რაოდენობა ახერხებს. კოლეჯები, თავიანთი დადებითი ხასიათის სამოქმედო პოლიტიკის მიუხედავად, საბოლოო ჯამში, ხარისხს ძირითადად მაინც მდიდარი შავკანიანი მშობლების ბავშვებს ანიჭებენ. უკეთეს პოლიტიკას მოკლებული, მოუქნელი ფედერალური სასჯელაღსრულებითი კანონები შავკანიანთა საზოგადოებას ახალგაზრდა მამაკაცებს ართმევენ. აბა, სცადეთ სამსახურის შოვნა, თუკი ციხეში ხართ ნაჯდომი. ყოფილ დამნაშავეებს შორის ოჯახის არშექმნის ტენდენცია არსებობს; ეს ძალზე დიდი პრობლემაა, რადგან შავკანიანი მარტოხელა დედების სიღარიბის მაჩვენებელი 48%-ს აღწევს (დაქორწინებული შავკანიანი წყვილების მაჩვენებელი მხოლოდ 8%-ია).

შავკანიანთა ეკონომიკური თანასწორობა არც ფედერალური დანახარჯების გაზრდით იქნება მიღწეული და არც გადასახადების შემცირებით. 1964 წლის დანაპირების სრულად შესასრულებლად, ყველა ჩვენგანმა – რესპუბლიკელმა და დემოკრატმა; ქალაქის თუ დასახლებული პუნქტის მცხოვრებმა; შავკანიანმა, თეთრკანიანმა და ყავისფერკანიანმა – უბრალოდ მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთად ვიცხოვროთ, როგორც მეზობლებმა და ნათესავებმა. ყველაფრის კანონმდებლობის ჩარჩოში მოქცევა შეუძლებელია.

ავიკ როი (Avik Roy) – “ფორბსის” მოსაზრებათა რუბრიკის რედაქტორი და მანჰეტენის პოლიტიკური კვლევის ინსტიტუტის სამეცნიერო საზოგადოების წევრია.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Georgia-ს ოქტომბრის ნომერში)

წინა სტატია

ყველაზე პატარა ავტო
20 ოქტომბერი, 2014

შემდეგი სტატია

რატომ უნდა გამოიყენოს თქვენი კომპანიის ყველა თანამშრომელმა LinkedIn-ი
21 ოქტომბერი, 2014
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
ქებურიების ამბასადორიალი
კომპანიები | აგვ, 03, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა