რატომ უნდა გამოიყენოს თქვენი კომპანიის ყველა თანამშრომელმა LinkedIn-ი

“ადამიანი საიდუმლოებაა. თუ თქვენ მთელ ცხოვრებას მის ამოცნობაზე დახარჯავთ, არ თქვათ, რომ დრო უქმად დაკარგეთ. მე დაინტერესებული ვარ ამ საიდუმლოებით იმიტომ, რომ მინდა, ადამიანი ვიყო”. – ფიოდორ დოსტოევსკი

თანამშრომელთა მთელი შემადგენლობის მიერ LinkedIn-ის სრულად გამოყენება – ეს რეაქტიული საწვავია თქვენი კომპანიისთვის. სამწუხაროდ, დამსაქმებელთა გარკვეული რაოდენობა ბლოკავს კომპიუტერების მიერ LinkedIn-ის წვდომას, ვინაიდან მათ ეშინიათ, რომ თანამშრომლები ახალი სამსახურის ძებნას დაიწყებენ, ან მათ პერსონალის შერჩევის სპეციალისტი გადაიბირებს, ან შესაძლოა, მათ ძვირფასი სამუშაო დრო ინტერნეტით სოციალურ ურთიერთობებზე დახარჯონ. Statista-ს მიერ ჩატარებული უახლესი კვლევის თანახმად, აშშ-ის მუშაკების 10%-ს სამსახურში LinkedIn-ის გამოყენების უფლება არა აქვს – წვდომა დაბლოკილია. ასეთი კომპანიები კარგავენ იმ უმთავრეს შესაძლებლობას, რომელიც აუცილებელია ბიზნესის სწორად აგებისათვის, ლოიალურობის ხარისხის გაზრდისა და თანამშრომელთა მეტი ჩართულობისათვის. იხილეთ, თუ როგორ უნდა ისარგებლოს კომპანიამ მიზანმიმართული პროგრამით, რომელიც წაახალისებს თანამშრომლების მიერ LinkedIn-ის გამოყენებას... ყოველდღე.

თქვენი კომპანიის პოპულარულობის გაზრდა

LinkedIn-ის მოწინავე პრაქტიკის ბლოგი (Best Practices Blog) ამტკიცებს, რომ მუშაკები, 70%-ზე მეტ შემთხვევაში, განწყობილნი არიან მონაწილეობა მიიღონ კომპანიის შესახებ ინფორმაციის განახლებაში. „იწონებენ” ან „იზიარებენ” რა სტატუსის განახლებებს, ისინი უფრო ხილვადს ხდიან მათ თავიანთი კონტაქტებისთვის. ამ შემთხვევაში, თითოეული მუშაკი ბრენდის ნამდვილ ელჩს წარმოადგენს. კომპანიის გვერდზე შემოსულ დამთვალიერებელთა რიცხვის ზრდასთან ერთად, მატულობს მისი პოტენციური მიმდევრების რაოდენობაც. ამ ვარაუდს მხარს უჭერს BrightEdge-ის კვლევის შედეგად გამოტანილი დასკვნა: „კომპანიებს, რომელთაც არა აქვთ აკრძალული LinkedIn-ზე წვდომა, მათი საკუთარი გვერდის ძალიან ბევრი მიმდევარი ჰყავთ. ფაქტობრივად, ათი სოლიდური ბრენდიდან ცხრა დასაქმებულთა მინიმუმ 60%-ს მაინც აძლევს LinkedIn-ით სარგებლობის უფლებას. შედეგად კი თანამშრომლების მიერ საინფორმაციო მასალაზე გაკეთებული ყოველი კომენტარი აფართოებს ხილვადობას. რაც მეტი მიმდევარი ჰყავს კომპანიის გვერდს, მით უფრო მაღალია მისი რეიტინგი LinkedIn-ის ძიების შედეგებში, ეს კი ხელს უწყობს მეტ დაფარვას და პოტენციურ ურთიერთქმედებას თქვენს კონტენტთან.

იმ შემთხვევაში, როცა თქვენი თანამშრომლები ირჩევენ კომპანიას LinkedIn-ის სიიდან, წარმოდგენის შესაქმნელად თუ გასაახლებლად, ისინი ავტომატურად ხვდებიან თქვენი კომპანიის LinkedIn-ის გვერდზე, რის შედეგადაც კომპანიის ლოგო მათ გვერდზე გამოჩნდება. ბმული კი მას კვლავ თქვენს გვერდს დაუკავშირებს. ასევე, ისინი ავტომატურად თქვენი კომპანიის მიმდევრები ხდებიან.

როცა თანამშრომლები, თქვენს ვებსაიტს (გვერდს) თავისი საკონტაქტო ინფორმაციის ერთ-ერთ ბმულში უთითებენ, ეს კომპანიისთვის მოგებიანია, რადგან მათი შთამბეჭდავი პროფილის სახით წამოიქმნება კიდევ ერთი დამატებითი ვექტორი თქვენი სივრცის მიმართულებით. ამას გარდა, ისინი შემომავალ ბმულებს ქმნიან მთავარ გვერდზე, რითაც მას უფრო მეტ Google-ღირებულებას ანიჭებენ. ახლა გაამრავლეთ ეს ყველაფერი თქვენი თანამშრომლების რაოდენობაზე და თვალნათლივ დაინახავთ, რა სიკეთის მომტანია LinkedIn-ი.

ამგვარად, თუ თქვენი თანამშრომლები არ არიან დარეგისტრირებულები LinkedIn-ზე და არც გვერდის შინაარსის – სტატიების, მარკეტინგული აქციების, ვიდეოების, პრესრელიზების – გაზიარება არ ხდება, ამით თქვენ ზღუდავთ თქვენივე ინფორმაციის დაფარვის ზონას. ნუ გამოტოვებთ ეფექტიან შესაძლებლობას, იყოთ ხილვადი თქვენთვის მეტად საჭირო აუდიტორიისთვის.

ბრენდის შესაბამისი წარმომადგენლები

ყოველი თქვენი თანამშრომლის პროფილი საუბრობს არა მარტო ამ პიროვნების პერსონალურ ბრენდზე, არამედ თქვენი კომპანიის ბრენდზეც. შეუწყვეთ ხელი პერსონალს შესანიშნავი, დამაჯერებელი პროფილის შექმნაში. უჩვენეთ, როგორ მიიზიდოს მისი ბრენდის მოყვარულები, როგორ იყოს მუდმივ კავშირში მათთან და თქვენ, ამავე დროს, მოახერხებთ მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენი კომპანიის ბრენდის შესახებ ყველას, ვინც მათ გვერდზე შედის, ან ურთიერთობს მათთან. ეს მეტად ღირებულია როგორც კლიენტებისთვის, ისე პოტენციური მომხმარებლებისთვის, ბიზნესპარტნიორებისთვის, არსებული და მომავალი თანამშრომლებისთვის. ეს ასევე ხელს უწყობს კონკურენციის ხარჯზე უპირატესობის გამოვლენას. თქვენი თანამშრომლების კოლექტიური პროფილების მეშვეობით, ხალხს შეუძლია ფირმის პერსონალის ნიჭისა და კონკრეტული უნარების დანახვა. თუ თქვენ პროფესიული მომსახურების ბიზნესში მოღვაწეობთ, ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მიიღეთ თითოეული თანამშრომლის LinkedIn-ის გვერდი, როგორც პროდუქტის გვერდი, რადგან იქ წარმოჩენილი ნიჭი შესანიშნავ შემოთავაზებას წარმოადგენს. საუკეთესო აქტივების დემონსტრირებით, თქვენ აკეთებთ განაცხადს საკუთარი ფირმისა და მასში დასაქმებული პერსონალის უმაღლესი კატეგორიის შესახებ. ბრაკონიერთა არსებობა გაშფოთებთ? გეშინიათ, რომ თქვენს თანამშრომლებს სხვები გადაიბირებენ? არაფერი გემუქრებათ მანამ, სანამ ღირსეულ სამუშაო პირობებს სთავაზობთ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს.

სოციალური მედიის ძირითადი უპირატესობა ის გახლავთ, რომ მან ბიზნესი უფრო მეტად ჰუმანური გახადა. თანამშრომლების მიერ ბრენდის მოყვარულთა თანასაზოგადოებასთან კონტაქტების დასამყარებლად სოციალური მედიის ხშირი გამოყენება კიდევ უფრო აახლოებს მათ კომპანიის ინდივიდუალურობასთან. გარეგნულად, რაც უფრო მეტად ახდენს ადამიანზე ორიენტაციას თქვენი ბრენდი, მით უფრო იოლად ხერხდება კლიენტებსა და აქციონერებთან ემოციური კავშირების მონახვა, ნდობის მოპოვება. ამავე დროს, ორიენტირებულობას განაპირობებენ თანამშრომლები და არა თქვენი პროდუქტი. თუ თქვენ მართლაც გსურთ ისეთი სანდო ორგანიზაციის შექმნა, რომელსაც ექნება ძლიერი ემოციური კავშირი მომხმარებლებთან, დროა ამ პროცესში ჩართოთ არა მხოლოდ გაყიდვების სპეციალისტები, არამედ ყველა თანამშრომელი.

გაუმჯობესებული მორალური სულისკვეთება

თუ კომპანიის მუშაკებს LinkedIn-ის წვდომის საშუალებას არ აძლევთ, ან პროფილის შექმნაში ხელს უშლით, თქვენ მათ უგზავნით მესიჯს, რომ არ ენდობით. ნდობა კი აუცილებელია მყარი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. თუკი თანამშრომლებს მხოლოდ ბრალდებებს უყენებთ, ეს იმის საწინდარია, რომ ისინი თქვენგან წასვლას მოისურვებენ. მიმართეთ წახალისების მეთოდს, როგორც ხელშემწყობს კოლექტივის შემჭიდროებაში. ამ შემთხვევაში, კომპანია იქნება საძირკველი ამ დიდი კავშირისა. LinkedIn-ი შესანიშნავად ასრულებს საინფორმაციო ინსტრუმენტის ფუნქციასაც, ეხმარება რა ცალკეულ განყოფილებებს, იყვნენ თავიანთ სიმაღლეზე, მუდმივად ჰქონდეთ ცნობები სხვების საქმიანობის შესახებ მათ მიერ გაზიარებული მასალების საფუძველზე. ახალი ატესტაციის ფუნქცია (endorsements feature), რეკომენდაციებთან ერთად, ასევე სასარგებლო შეიძლება იყოს. კოლეგასთან შეხვედრის დროს, მისი მუშაობისა და კონკრეტული უნარების დადებითად შეფასებას თუ ონლაინრეჟიმშიც გააკეთებთ, აღიარება გაცილებით დიდი აუდიტორიისთვის გახდება ხილვადი. საჯარო შექება და აღიარება კი ფასეულ ჯილდოს წარმოადგენს შესანიშნავად შესრულებული სამუშაოსთვის. მადლიერების ასეთი გამოხატულება ურთიერთკავშირებსაც აძლიერებს და ნდობასაც აღრმავებს.

აი, ზოგიერთი ჩემი კლიენტის მიერ LinkedIn-ის შესაძლებლობების სრულად გამოყენების მოწინავე გამოცდილება:

  • დაიწყეთ ზევიდან. თქვენმა ლიდერებმა უნდა შექმნან საფუძველი და დააწესონ სტანდარტი უმაღლესი კლასის პროფილების შექმნის გზით.
  • ჩართეთ ახალი თანამშრომლები მოსვლისთანავე. ნამდვილად მოახდენთ შთაბეჭდილებას, თუ მათი ადაპტაციის პროგრამაში LinkedIn-ის პროფილების მოდულს დააინტეგრირებთ.
  • კარგად ასწავლეთ მათ. შექმენით კადრების რეზერვის სწავლების პროგრამა, რომელიც სპეციალურად პერსონალურ ბრენდინგსა და LinkedIn-ზე იქნება მიმართული. ეს შესძენს თქვენს თანამშრომლებს აუცილებელ უნარებს, რათა მათ განსაკუთრებული პროფილები შექმნან და LinkedIn თავიანთი სამუშაოს უკეთესად შესრულებისთვის გამოიყენონ.
  • ეს პროცესი საინტერესო რომგახადოთ, გამოიყენეთ კონკურსები გუნდების წახალისების მიზნით, სტიმული მიეცით ცალკეულ თანამშრომლებს.

შიში ხელს უშლის წარმატებას და, როგორც წესი, სწორედ შიში დგას იმ კომპანიის უკან, რომელიც LinkedIn-ს ეწინააღმდეგება. თუ თქვენ სიფრთხილით შესცქერით კომპანიის მომავალს, მთელი ყურადღება გამახვილებული გაქვთ კადრების გადინებაზე, რაღაც განგებით, ეს ცუდი მოლოდინი მართლდება და თქვენ კარგავთ ნიჭიერ, წარმატებულ თანამშრომლებს. ვცადოთ და საპირისპიროდ ვიმოქმედოთ: მოვახდინოთ ყურადღების კონცენტრაცია ლოიალურობასა და ჩართულობაზე. ნახავთ, რომ კომპანიის დაფარვის ზონა მაქსიმალურად გაიზრდება,თანამშრომლებთან ურთიერთობაც გაუმჯობესდება და ამ ყველაფერში LinkedIn-ია საუკეთესო დამხმარე.

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Life Georgia-ს ოქტომბრის ნომერში).

წინა სტატია

50 წლის შემდეგ ინტეგრაცია კვლავ მიუღწეველია
21 ოქტომბერი, 2014

შემდეგი სტატია

ეკრანზეა იდეალური საქართველო
22 ოქტომბერი, 2014
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა