ახალი საბანკო რეგულაციები

ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ახალი რეგულაციები შეიმუშავა, დახვეწა და დანერგა. ამ რეგულაციების შესახებ სები აკეთებდა განცხადებებს, მაგრამ, როგორც ჩანს, საფინანსო სექტორი მას სრულყოფილად მომზადებული ვერ შეხვდა. ეს დაანონსებული ცვლილებები შეიძლება სამ ბლოკად დავყოთ.

1. ცვლილებები ორგანულ კანონში “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ”, რომლის მიხედვით ეროვნულ ბანკს მიეცა სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს მთელ საფინანსო სექტორს (ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორები, საბროკერო კომპანიები, საფონდო ბირჟები, ცენტრალური და სპეციალიზებული დეპოზიტარები, აქტივების მმართველი კომპანიები, ანგარიშვალდებული საწარმოები, საინვესტიციო ფონდები, საგადახდო სისტემის ოპერატორები და საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, ნაწილობრივ ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები) და ცვლილებები კანონში “კომერციული ბანკების საქმიანობის” შესახებ, რომლებიც 2017 წელს განხორციელდა. მათი დიდი ნაწილი მიმართულია სექტორის ფინანსური მდგრადობის, გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და კორპორაციული მართვის კულტურის ასამაღლებლად. კიდევ უფრო გაფართოვდა სების უფლებამოსილება და ცვლილების მიხედვით ის ზედამხედველობას გაუწევს არა მარტო ბანკებს, არამედ საბანკო ჰოლდინგებში შემავალ საბანკო ინსტიტუტებს; სრულებით შეიზღუდა ბანკების მიერ ისედაც რეგულირებული, არასაბანკო აქტივების ფლობა და სებს საშუალება მიეცა, უფრო ეფექტიანი გახადოს საბანკო ჯგუფების კონსოლიდირებული ზედამხედველობა.

2. ზემოთ აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, აღსანიშნავია ცალკეული სიახლეები, რომელთა მიზანია საბანკო ინსტიტუტებში გამჭვირვალობისა და კორპორაციული მართვის სტანდარტების ამაღლება. მაგალითად, ზემოთ აღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა აამაღლა კრიტერიუმები ბანკების აქციონერებისა და ადმინისტრატორების მიმართ და დაამკვიდრა სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის - დამოუკიდებელი დირექტორის ცნება. ამ ცვლილებების მიხედვით, კომერციულმა ბანკებმა აუდიტის კომიტეტი უმრავლესობით უნდა დააკომპლექტონ დამოუკიდებელი დირექტორებით, რაც სამეთვალყურეო საბჭოში მინიმუმ ორი დამოუკიდებელი წევრის არჩევას ნიშნავს. ასევე, გამოირიცხა აღმასრულებელი დირექტორების არჩევა სამეთვალყურეო საბჭოში. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯები კვალიფიციური ზედამხედველობისაკენ.

2017 წელს დამტკიცდა და უკვე ამოქმედდა ბაზელ 3-ის ჩარჩოზე დაფუძნებული “კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესი”, რომლის მიხედვითაც ბანკები ვალდებული არიან, გამოაქვეყნონ რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინფორმაცია კაპიტალის, რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების, მენეჯმენტის ანაზღაურებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. “კორპორაციული მართვის დებულება” და “ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი”, რომელთა მიღებას რეგულატორი უახლოეს მომავალში გეგმავს, კორპორაციული მართვის მაღალი სტანდარტებისა და ბანკების ფუნქციონირების გამჭვირვალობის ამაღლებისაკენ არის მიმართული.

3. სიახლეების შემდეგი რიგი შეეხება კომერციული ბანკების უსაფრთხო ფუნქციონირებას. ბანკების ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის “ეფექტიანი საბანკო ზედამხედველობის ძირითადი პრინციპების” შესაბამისად, ბაზელ 3-ის ფარგლებში, კომერციული ბანკების საზედამხედველო კაპიტალის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შემუშავდა “კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულება” (ცვლილება), “პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკების კაპიტალის დამატებითი ბუფერების განსაზღვრის წესი”, “სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკების განსაზღვრისა და მათთვის სისტემურობის ბუფერის დაწესების თაობაზე”, “კონტრციკლური ბუფერის განაკვეთის განსაზღვრა”. ასევე, პილარ 2-ის ფარგლებში კომერციულ ბანკებს უწესდებათ კაპიტალის დამატებითი ბუფერი რისკების შეფასების საერთო პროგრამის (General Risk Assessment Program - GRAPE) მიხედვით და სხვა. ეს მნიშვნელოვანი და საგრძნობი სიახლეები ბანკებისაგან მოითხოვს კაპიტალის ადეკვატურობის უფრო მაღალ კოეფიციენტს ან შემოსავლიანი აქტივების ზრდის შეზღუდვას, რაც ბანკების აქტივობის შენელებას და მოგებიანობის შემცირებას გამოიწვევს.

2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა სების ახალი ინსტრუქცია ფასს 9-ის (IFRS 9) სტანდარტების დანერგვის შესახებ. “ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების” ახალი სტანდარტი მოწოდებულია ჩაანაცვლოს “აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები” (IAS 39). სების მიერ გამოშვებული შესაბამისი მეთოდური სახელმძღვანელო ძირითადად გამიზნულია “ფინანსური ინსტიტუტების” სასესხო პორტფელის რისკიანობის შეფასებისათვის. არსებითი განსხვავება აქამდე მოქმედ სტანდარტთან მიმართებით ის არის, რომ ფინანსური ინსტრუმენტების გაუფასურების ზარალის რეზერვი უნდა ეფუძნებოდეს მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის აღრიცხვის, და არა დამდგარი ზარალის აღრიცხვის მოდელს. მომავალში სასურველია, რომ სესხების დარეზერვებისა და კლასიფიკაციის ეროვნული სტანდარტები, რომლებიც პარალელურად არსებობს სების ინსტრუქციის სახით, მაქსიმალურად დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ფასს 9 სტანდარტის ამოქმედება საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რაც გამოიწვევს პერსონალის შრომითი დანახარჯების ზრდას და ახალ ინვესტიციებს პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში. შესაბამისად, ესეც აისახება ბანკების მოგებიანობაზე.

2017 წელს განახლებული რეგულაცია “კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ” გულისხმობს ეტაპობრივად, 2018 წლის 31 დეკემბრამდე მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის გაზრდას 50 მილიონ ლარამდე. ასევე, მოსალოდნელია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კაპიტალიზაციის გაზრდისაკენ მიმართული ნორმატიული აქტების გამოშვება.

2018 წლის მაისიდან სებმა შეზღუდა არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების გაცემა ბანკის კაპიტალის 25%-ზე მეტი ოდენობით, რაც ბანკებს უბიძგებს, საკრედიტო დაბანდების გაზრდის შანსები სხვა სეგმენტებში ეძებონ. არსებული მეთოდოლოგიით, ასევე, რეგლამენტირებულია უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხებისათვის მომსახურების კოეფიციენტი. სესხებზე, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ განსაზღვრულ ლიმიტებს, ბანკებს მკვეთრად გაეზარდათ საზედამხედველო ტვირთი კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. სექტორი ელოდება ახალ რეგულაციას - სამომხმარებლო სესხებზე მაქსიმალური ეფექტიანი საპროცენტო განაკვეთის 50%-ით შეზღუდვის შესახებ. აღნიშნულ ღონისძიებებს სები ახორციელებს “ჭარბვალიანობასთან” ბრძოლისა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პოლიტიკის გატარების ნაწილში. იმედია, თავისთავად კეთილშობილური ეს მოთხოვნა წინააღმდეგობაში არ მოვა ციფრული ეკონომიკისაკენ ჩვენს ზოგად მისწრაფებასთან. ამ ნაწილში მნიშვნელოვანია მთავრობის ინიციატივა მცირე ბიზნესის გამარტივებული დაბეგვრის შესახებ, რაც პოტენციურ მსესხებლებს კანონგარეშე აღარ დააყენებს და ბანკებს საშუალებას მისცემს, ასეთი კატეგორიის მსესხებლები გამარტივებული პროცედურებით დააკრედიტონ. ამ ბლოკის სიახლეებიც, ერთი მხრივ, გაზრდის საოპერაციო ხარჯებს და, მეორე მხრივ, შეამცირებს საპროცენტო მარჟას, რაც პირდაპირ აისახება ბანკებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მოგებიანობაზე.

მინიმალური რეზერვების მოთხოვნის გაზრდას (15%-დან, 20%-მდე), ლიკვიდობის ახალ მოთხოვნას და დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ამოქმედებას მოჰყვება მოზიდული სახსრების გაძვირება და/ ან მოგებიანობის შემცირება.

მას შემდეგ, რაც სებმა თავისი რეგულირების ქვეშ მოაქცია ონლაინსესხების კომპანიები, პრუდენციალური ნორმები გაავრცელა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ეს გახდა სიგნალი, რომ დაიწყებოდა ამ სეგმენტის სწრაფი კონსოლიდაცია, კაპიტალიზაციის ზრდა და არაკვალიფიციური მოთამაშეების ბაზრიდან გასვლა, რასაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ.სები ასევე აკეთებს განცხადებას, რომ შემოაქვს “სესხის გამცემი” სუბიექტის დეფინიცია და მასში მოხვედრილი სუბიექტებიც დაექვემდებარებიან რეგულირებას. ამ პროცესში ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ბაზრის ყველა, დიდი და პატარა მოთამაშისათვის თანაბარი და სამართლიანი ეკოსისტემის შექმნა.

ცალკე შეიძლებოდა საუბარი საფონდო ბაზრის ინდუსტრიასა და კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, მაგრამ ამ მიმართულებით მონაწილეთა მიერ გადადგმული ნაბიჯები მოთელვას უფრო ჰგავს.

ყოველივე ეს ნათლად მიუთითებს, რომ საფინანსო ინსტიტუტების ბაზარზე ახალი ეტაპი იწყება - ლიბერალურიდან გადავდივართ რეგულირებად რეჟიმზე. აქამდე ქართული ბანკების ცალკეული წარმომადგენლების წარმატებებისათვის წინა მიდგომას ხელი არ შეუშლია, თუმცა მთლიანად საფინანსო ინსტიტუტებისათვის დრო მოვიდა განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად.

რას მოიტანს ეს სიახლეები?

2019 წელს საბანკო-საფინანსო სექტორის სურათი 2017 წლის ვითარებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება. მოკლევადიან პერიოდში ეს მოიტანს საცალო დაკრედიტების შენელებას, სექტორში ხარჯების ზრდას, კაპიტალზე მოთხოვნის ზრდას და მოგებიანობის შემცირებას, გრძელვადიან პერიოდში კი, იმედი ვიქონიოთ, ქართული საფინანსო სისტემის ხარისხობრივ გაუმჯობესებას.

ავტორი: ტარიელ გვალია, დამოუკიდებელ დირექტორთა გაერთიანების გამგეობის წევრი.

ჩვენ გირჩევთ

გასულ წელთან შედარებით ბანკების მოგება მცირდება

ბანკის მენეჯერები აქციების პორტფელით

გასულ წელთან შედარებით ბანკების მოგება მცირდება

გასულ წელთან შედარებით ბანკების მოგება მცირდება

ეროვნული ბანკი საბანკო რეგულაციები რეზერვები ონლაინსესხები

წინა სტატია

Creating a Blockchain-based Platform for the Green Community
24 ივლისი, 2018

შემდეგი სტატია

Doing Tourism Business
24 ივლისი, 2018
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა