1920-იანების ჩაცმულობა ნიუ-იორკის ჯაზის ეპოქის მდელოზე

ჯაზის ეპოქის მდელოს მიღება ერთადერთი ადგილია ნიუ-იორკში, სადაც უცნობი ადამიანებიც კი ღიმილით, სიცილითა და ჩარლსტონის ცეკვით დაგითმობენ გზას შემთხვევით შეჯახებისას. აქ თქვენ თითქოს წარსულში ბრუნდებით და 1920-იანი წლების ჯაზის ეპოქის ნიუ-იორკში აღმოჩნდებით – ყოველ შემთხვევაში, ისეთში, როგორიც საზოგადოებრივ ელიტას ახსოვს ეს ეპოქა – ჩაიცვით 20-იანი წლების სტილის საუკეთესო ტანსაცმელი, წრუპეთ შამპანური და დატკბით ერთი მშვენიერი დღით, რომელიც მეტროს გადაჭედილ ვაგონებსა და გადატვირთულ ელექტრონულ ფოსტას დაგავიწყებთ.

ეს ღონისძიება, რომლის განმავლობაში დრო თითქოს ჩერდება, უკვე ცხრა წელია, რაც გუბერნატორების კუნძულზე წელიწადში ორჯერ იმართება და 4000-ზე მეტ დამსწრეს უიკენდის განმავლობაში თანამედროვე სამყაროს დაძაბული რეჟიმისა და ტექნოლოგიისაგან განრიდების საშუალებას აძლევს.

„აქ იმდენი რამ არის გასაკეთებელი, საჭიროა მუშაობა ანიმატორებთან, ხალხთან, რომელიც ამ ღონისძიებაზე სტუმრად მოდის, მათთან, ვინც ამ ღონისძიებაზე მუშაობს, ადამიანებს თან ინტერნეტთამაშებიც კი მოაქვთ”, – ამბობს ჯეანა უილი, როდესაც ლამაზ ფერებში გამოწყობილ საზოგადოებას ათვალიერებს.

შეიძლება ითქვს, რომ Instagram-ისთვის აქაურობა ნამდვილი ოქროს საბადოა. ფაქტობრივად, ყველა დამსწრე – 80-ს გადაშორებული ბოამოსხმული ქალბატონებით დაწყებული და ბაფთიან ჰალსტუხსა და აჭიმებში გამოწყობილი ბავშვებით დამთავრებული, უზადოდ არის ჩაცმული 1920-იანი წლების სამოსში - ქალბატონებს მზის საბურავები, ფრთიანი სალტეები და მარგალიტები ამშვენებთ, ხოლო მათი ულვაშიანი თანამგზავრები ღია ფერის საზაფხულო კოსტიუმებსა და გრძელცხვირიან საცეკვაო ფეხსაცმელებში არიან გამოწყობილები.

მშრალი კანონის ეპოქის შეკრებებს სათავე მაიკლ არენელამ დაუდო; სწორედ ამ ღონისძიებებზეა წარმოდგენილი მისი ჯაზის ეპოქის საცეკვაო მუსიკის ორკესტრი, რომელიც 1920-1930-იანი წლების ავთენტური, „ზედმიწევნით ზუსტი” სტილის მელოდიებით არის ცნობილი.

მართალია, მუსიკალური შემსრულებლები, თავად არენელას ორკესტრის, ჯაზის ვოკალისტის – კვინ ესტერისა და პიანისტის, პიტერ მინტუნის ჩათვლით ნამდვილად ღირს იმად, რომ კუნძულს ესტუმროთ, მაგრამ ღონისძიების ამგვარი პოპულარობის მთავარი ფაქტორი მაინც მოდაა.

ფაქტობრივად, აქ წელიწადში ორჯერ რეგულარულად იკრიბებიან ნიუ-იორკის მოდის ბლოგერები და ძველებური ყაიდის ჩაცმულობის მოყვარულები. კიოსკებში მზის ქოლგები, ძველებური ყაიდის ტანისამოსი, არტ-დეკოს სტილისა და ზარისებური ფორმის ქუდები იყიდება; ქალბატონები კი, მოკლედ შეკრეჭილი თმით, ტუჩის წითელი საცხითა და დაბალწელიანი, მაქმანითა და წვრილი მძივით გაწყობილი კაბებით, მოდის ნებისმიერი ფოტოგრაფის საოცნებო მოდელს მოგვაგონებენ.

კრისტინ და ჯინ მინსკი, რომლებიც ერთობლივი შოუს, „დები მინსკის” – 1920-იანი წლებით ინსპირირებული სტეპის – შემსრულებლები არიან, ძველი ყაიდის ტანსაცმელს მაშინაც კი ატარებენ, როდესაც შოუში არ იღებენ მონაწილეობას. აშკარაა, რომ მათთვის, ისევე როგორც ჯაზის ეპოქის მდელოს მიღების მრავალი დამსწრესათვის „რეტრო-ნუვოს” მოძრაობა, როგორც მას Wall Street Journal-მა უწოდა, უკვე ცხოვრების სტილად იქცა.

„ეს არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებაა – გაიხსენო და ხელახლა წარმოიდგინო ის, რაც რეალურად არ განგიცდია”, – ამბობს კრისტინი.

„ბევრი ჩვენგანი, ვინც ამ ღონისძიებას ვესწრებით, ძველი პანკ-როკერები ვართ, ის ეპოქა კი, განსაკუთრებით „ფლეპერი” (1920-იანი წლების თაობის ქალები), ძალიან წააგავს პანკ-როკს იმ გაგებით, რომ ეს მეამბოხეთა თაობაა და მიღებული ნორმების გამოწვევას წარმოადგენს”, – ამბობს ჯინი. „ქალები მოკლედ იჭრიდნენ თმას, ზემოთ იწევდნენ ქვედაბოლოს და გიჟებივით ცეკვავდნენ ჯაზის ჰანგებზე.... ფაქტობრივად, აქაც იმავე პოზიციასთან გვაქვს საქმე”.

წინა სტატია

გურმანთა ახალი დასასვენებელი ადგილი
30 ოქტომბერი, 2014

შემდეგი სტატია

$210 000-იანი საფარი
03 ნოემბერი, 2014
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა