საქართველოს ვიზა

რა გავლენას მოახდენს ახალი სავიზო პოლიტიკა ტურიზმზე საქართველოში?

მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან საქართველოს მთავრობამ აამოქმედა ახალი სავიზო რეგულაციები, რომელთა მიხედვითაც, საქართველოსთან ცალმხრივი უვიზო რეჟიმისა და გამარტივებული სავიზო რეჟიმის მქონე ქვეყნებს მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხო. ცვლილებები აისახა მოკლე- და გრძელვადიანი ვიზის მიღების პროცედურებსა და სავიზო გადასახადის წესზე.

უნდა აღინიშნოს, რომ 2005-2014 წლებში საქართველოში მოქმედი სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის შედეგად, ცალმხრივი უვიზო რეჟიმით სარგებლობდა 121 ქვეყნის მოქალაქე, მათ შორის, მოქალაქეები ისეთი მდიდარი სახელმწიფოებისა, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნების რიცხვში შედიან. ყველა დანარჩენი ქვეყნის წარმომადგენელს ვიზის მიღება გამარტივებული წესით საქართველოს საზღვარზევე შეეძლო. ვიზის გაგრძელების პროცედურა საქართველოშივე ხორციელდებოდა. აღნიშნული პოლიტიკის მიზანი საქართველოში ტურისტული მოგზაურობისა და ხანგრძლივი ბინადრობის წახალისება იყო, ქვეყანაში ინვესტიციების ჩადების, ბიზნესის წარმოების, მუშაობისა და სწავლის მიზნით.

სავიზო ლიბერალიზაციის შედეგად, საქართველოში მნიშვნელოვნად იმატა ტურისტულმა ნაკადებმა, რამაც ხელი შეუწყო სექტორის სწრაფ ზრდას. სწორედ ამ გახსნილობის (თუნდაც ცალმხრივად) პოლიტიკის შედეგია ის, რაც ქვეყნის ეკონომიკამ ბოლო წლების მანძილზე მიიღო. კერძოდ:

  • საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ზრდის დინამიკა, UNWTO World Tourism Barometer-ის მიხედვით, აღიარებულ იქნა ევროპაში ყველაზე მაღალ მაჩვენებლად: 2009 წელი – 1,500,049 ვიზიტორი; 2010 წელი – 2,031,717 ვიზიტორი, 2011 წელი – 2,822,363 ვიზიტორი, 2012 წელი – 4,428,221 ვიზიტორი, 2013 წელი – 5,392,303 ვიზიტორი.
  • 2013 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში ტურიზმის მაჩვენებელმა მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა და დასახელდა ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ მიმართულებად საქართველოს ეკონომიკაში;
  • 2013 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა საქართველოს მშპ-ის 6.5% შეადგინა (3 მილიარდი ლარი);
  • 2012 წელს საქართველოს მთლიან დასაქმებაში ტურიზმის სექტორში დასაქმების წილმა 10% შეადგინა;
  • 2013 წელს ტურიზმის წილმა საქართველოს სერვისის ექსპორტში 58% შეადგინა.

საქართველოში ტურიზმის განვითარების პროცესში სავიზო შეზღუდვების დაწესება მნიშვნელოვანად შეაფერხებს სექტორის განვითარებას. მოსალოდნელი შედეგი ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, ვინაიდან ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან წილს შეადგენდა. სავიზო პროცედურების გართულება და გადასახადის დაწესება, რაც ტურისტს დამატებითი დროისა და ფინანსური რესურსის ხარჯვას აიძულებს, საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის ნაკლოვანებებზე მიუთითებს და მას ტურისტულ მიმზიდველობასა და ღირებულებას აკარგვინებს.

ახალი სავიზო პოლიტიკის ფარგლებში, ცალმხრივი უვიზო რეჟიმის ქვეყნების სია 94-მდე შემცირდა, თუმცა სავიზო შეზღუდვები მათაც შეეხოთ: თუ ადრე საქართველოში შემოსასვლელად და ქვეყანაში 360 დღემდე გაჩერებისთვის მათ ვიზა არ სჭირდებოდათ, ახლა, უვიზო მოკლევადიანი ვიზიტის შემთხვევაში, ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში 90 დღით შეუძლიათ ქვეყანაში დარჩენა, ხოლო უფრო ხანგრძლივი დროით დარჩენისთვის მათ საემიგრაციო ვიზის აღება მოუწევთ. მათ იგივე ქმედება უნდა განახორციელონ მოკლევადიანი ვიზიტის დროს, ვიზის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ უვიზო რეჟიმის სიაში ვეღარ მოხვდნენ ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნები – ირანი და ერაყი, ასევე ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები: ჩილე, პერუ, პარაგვაი, ურუგვაი, გვატემალა, ბოლივია, სურინამი, კუბა, სენტ-ლუჩია, დომინიკის თანამეგობრობა, სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაცია, ტრინიდადისა და ტობაგოს რესპუბლიკა.

სავიზო პოლიტიკაში შესული ცვლილებები გავრცელდა საქართველოსთან ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმების მქონე ქვეყნებზეც, რომლებთანაც ქვეყანაში დარჩენის ვადები, წინა რეგულაციებით, განუსაზღვრელი იყო. ესენია: აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ტაჯიკეთი, მოლდოვა, უკრაინა, უზბეკეთი, ყირგიზეთი. ზემოხსენებული პირობები დღეისათვის ამ ქვეყნებზეც ვრცელდება.

გაუქმდა ვიზის საზღვარზე აღების შესაძლებლობა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა: ჩინეთი, ჰონკონგი, ინდოეთი, სინგაპური, ინდონეზია, მალაიზია, პაკისტანი, ავღანეთი, ფილიპინები, შრი-ლანკა, ჩილე და სხვა (70 ქვეყანა). საზღვარზე ვიზის აღების შესაძლებლობა, როგორც ტურისტისათვის ხელსაყრელი პირობა, აღარ არის გათვალისწინებული ახალ რეგულაციებში, რითაც ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობა მნიშვნელოვნად მცირდება. აღსანიშნავია, რომ ეს ქვეყნები მზარდ ტურისტულ ბაზრებს წარმოადგენდნენ და მათი უმრავლესობა წამყვან ადგილზეა საქართველოს ვიზიტორთა ბოლო წლების მონაცემებში, თავიანთი რეგიონის მასშტაბით.

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2013 წლის სტატისტიკური მონაცემები.

ახალი სავიზო პოლიტიკის გატარებამ ასევე გაართულა გრძელვადიანი ვიზის მიღების პროცედურები. იმისათვის, რომ ცალმხრივი უვიზო რეჟიმის მქონე 94 ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში 90 დღეზე მეტი პერიოდით დარჩენის უფლება მიიღონ, მათ უნდა მიმართონ საქართველოს საკონსულოს თავიანთ ქვეყანაში, დააკმაყოფილონ საშუალოდ 14-პუნქტიანი დოკუმენტის ჩამონათვალი (დამოკიდებულია ვიზიტის მიზანზე) და გადაიხადონ 50 აშშ დოლარი, ხოლო დანარჩენი ქვეყნების მოქალაქეებმა იგივე ქმედება უნდა განახორციელონ მოკლევადიანი ვიზის მიღების შემთხვევაშიც.

ამასთან, ახალი პოლიტიკის თანახმად, ვიზის აღება ხდება მხოლოდ საქართველოს საკონსულოში, რომელიც ყველა ქვეყანაში არ არის წარმოდგენილი. ამიტომ ერაყის მოქალაქეები საქართველოს ვიზის მისაღებად უნდა გაემგზავრონ იორდანიაში, ავღანელები – თურქმენეთში, ნიგერიელები – ეგვიპტეში ან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, პაკისტანელები – ირანში, ფილიპინელები – ინდონეზიაში. ხოლო ჩინელმა და ინდოელმა ასობით კილომეტრი უნდა გაიაროს დედაქალაქში ჩასასვლელად, თუკი საქართველოს ვიზის აღება სურს.

ახალი სავიზო პოლიტიკის ყველაზე დიდი ხარვეზი გახლავთ ის, რომ ვიზის ტიპებში არ არის გათვალისწინებული სამოგზაურო/ტურისტული ვიზა. მაშასადამე, საქართველოს ვიზის მიღებისთვის ტურისტმა ფორმალურად უნდა აირჩიოს ჩამონათვალიდან რომელიმე ვიზის ტიპი და დააკმაყოფილოს შესაბამისი მოთხოვნები, რადგანაც საქართველოს ტურისტული ვიზის ტიპი არ გააჩნია.

წარმოვიდგინოთ ჰიპოთეტური სიტუაცია: დავუშვათ, საშუალო ფენის ოჯახს, რომელიც ჰონკონგში ცხოვრობს, სურს იმოგზაუროს საქართველოში, დაათვალიეროს კულტურული ძეგლები და დააგემოვნოს ქართული ღვინო. ახალი რეგულაციების შემოღების გამო, ისინი საზღვარზე ვიზის გაკეთებას ვეღარ შეძლებენ. თუმცა არსებობს მოკლევადიანი ვიზის მოპოვების პროცედურები (ერთადერთი გზა საქართველოში მოგზაურობისთვის). კერძოდ, სტანდარტული სავიზო დოკუმენტების გარდა (პასპორტი, ფოტოსურათი, სავიზო განაცხადი, სავიზო მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (50 აშშ დოლარი ერთ ადამიანზე), ჯანმრთელობის დაზღვევა, დროებითი საცხოვრებელიადგილისცნობა და ფინანსური დოკუმენტები) მათ უნდა მოიპოვონ მოწვევა საქართველოდან და წარადგინონ უკანდაბრუნებისგარანტიებისდოკუმენტები. ამასთან, მათ უნდა მიუთითონ, რომ საქართველოში ეკლესია/მონასტრების მონახულების მიზნით ჩამოდიან (რადგან სხვა, ტურიზმთან მიახლოებული, ვიზის ტიპი ჩამონათვალში არ არის) და ამის დასადასტურებლად უნდა წარადგინონ საქართველოში მოსანახულებელი წმინდა ადგილების სია და მათი მონახულების დროში გაწერილი მარშრუტი. ამ ყველაფრის შედგენისა და შეგროვების შემდგომ ისინი უნდა გაემგზავრონ პეკინში, რისთვისაც უნდა გაიარონ 1778 კილომეტრი. შემდეგ დაბრუნდნენ სახლში და დაელოდონ პასუხს 40 დღის განმავლობაში. ყოველივე ამის გათვალისწინებით, დიდია ალბათობა, რომ ამ პირობების გაცნობის შემდეგ, მათი გადაწყვეტილება შეიცვლება და საქართველოში მოგზაურობის ნაცვლად სხვა ქვეყნებში გამგზავრებას გადაწყვეტენ, სადაც გაცილებით უფრო გრანდიოზული და მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლების მონახულებას შეძლებენ, გაცილებით მარტივ სავიზო პირობებში. საქართველო კი ამით კარგავს პოტენციურ ტურისტს, რომელიც მოგზაურობის დროს საშუალო სტატისტიკური მონაცემებით, მისი სამომხმარებლო სეგმენტიდან, 1 450 აშშ დოლარს ხარჯავს ერთ ადამიანზე.

აბსურდია, რომ ამგვარი სავიზო პოლიტიკით საქართველო მსოფლიო ტურისტულ რუკაზე კონკურენტუნარიანი იყოს. საქართველოში ტურისტული აქტიურობის ზრდა და ტურისტული მიმზიდველობა სწორედ მოგზაურობის სიმარტივით იყო განპირობებული. ჩინეთი და ინდოეთი მზარდ ტურისტულ ბაზრებს წარმოადგენენ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ისინი მოიაზრებიან მომავალ გიგანტ ეკონომიკურ და ტურისტულ ქვეყნებად. წამყვანი ტურისტული ქვეყნების საზრუნავს წარმოადგენს ამ ორ ქვეყანაში წარმომადგენლობების გაზრდისა და მარკეტინგული აქტივობების გააქტიურება, და არა, პირიქით – სამოგზაურო ბარიერების შექმნა.

უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალი სავიზო პოლიტიკა ნეგატიურად იმოქმედებს აზარტული თამაშებით მოტივირებულ ტურიზმზეც, რომელიც აჭარის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ბათუმის სამორინეებს ძირითადად თურქი, ირანელი და აზერბაიჯანელი ვიზიტორები სტუმრობენ, რომელთაც 90 დღეზე ხანგრძლივი ვიზიტებისთვის დაუწესდათ იგივე შეზღუდვები, რაც სხვა ქვეყნების მოქალაქეებს.

მიგრაციის ახალი პოლიტიკა ნეგატიურად იმოქმედებს სასწავლო მიზნით ჩამოსვლის მსურველებზეც. საერთაშორისო სტუდენტი საინტერესო სამომხმარებლო სეგმენტს წარმოადგენს ყველა უნივერსიტეტისთვის, ვინაიდან მათზე ვრცელდება განსხვავებული საგადასახადო პოლიტიკა და მათი სწავლის საფასური 3-ჯერ აღემატება ფიქსირებულ სახელმწიფო სასწავლო გადასახადს. საერთაშორისო სტუდენტების ნაკადის შემცირება მნიშვნელოვნად აისახება იმ უნივერსიტეტების შემოსავლებზე, რომლებიც სწორედ უცხოელ სტუდენტებზე მუშაობენ. უცხოელი სტუდენტების რაოდენობის შემცირება გარდაუვალი იქნება საქართველოში, ვინაიდან ახალი პოლიტიკის თანახმად, გრძელვადიანი ვიზის მისაღებად მკაცრი სავიზო პროცედურების გავლა მოუწევთ აზერბაიჯანელ და თურქ, ისევე როგორც ინდოელ, ნიგერიელ, ერაყელ და შრილანკელ სტუდენტებს. წარმოგიდგენთ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობის სტატისტიკური მონაცემების გრაფას:

წყარო: საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის 2013-2014 აკადემიური წლის მონაცემები, უცხოელი სტუდენტების რაოდენობა საქართველოს კერძო და უმაღლეს სასწავლებლებში.

დალასისა და ბექსლის უნივერსიტეტებში (Cox School of Business, Southern Methodist University; Capital University) ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანიც იყო დაედგინათ, რა ზეგავლენას ახდენს ვიზის მოთხოვნების გამკაცრება ტურისტულ აქტივობაზე. მსოფლიო ბანკისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით მათ შეიმუშავეს უცხოელი ვიზიტორებისთვის მოგზაურობის სიმარტივის ინდექსი (EOTF – Ease of travel for inbound foreign visitors) და მისი ურთიერთქმედება სავიზო ბარიერებთან მიმართებით. EOTF ინდექსი ქვეყნებს აფასებს 0-100-ქულიანი სისტემით. რაც უფრო ნაკლები სავიზო ბარიერები აქვს ქვეყანას, მით უფრო მაღალი ქულები ეწერება მას შეფასებისას. მაგალითად, აშშ-ს EOTF ინდექსში 20-ქულიანი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ მას მსოფლიოს 20%-მდე ქვეყანასთან აქვს მარტივი ან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, ხოლო დანარჩენ 80%-თან აქვს სავიზო რეჟიმი.

კვლევის საფუძველზე, ავტორების გამოთვლით, ქვეყნის მიერ EOTF ცვლადის 2%-ით გაზრდა, რაც საშუალოდ 3 ქვეყანასთან უვიზო რეჟიმის შემოღებას გულისხმობს, იწვევს ტურისტული ნაკადის საშუალოდ 5%-ით ზრდას ერთი ქვეყნისთვის; ეს კი უდრის 90 000-მდე ვიზიტორს. სავიზო ლიბერალიზაცია ტურიზმის ზრდას იწვევს იმ შემთხვევაშიც, თუ ქვეყანა უვიზო რეჟიმის დაწესებასთან ერთად მნიშვნელოვნად ამკაცრებს სასაზღვრო კონტროლს. სწორედ ამიტომ ქვეყნები ტურისტული აქტივობის გაზრდისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების ინსტრუმენტებს მიმართავენ. EOTF მაჩვენებლის კლება კი იწვევს უკუპროპორციულ ეფექტს. კერძოდ, ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის მოსახლეობისთვის სავიზო რეჟიმის შემოღება განაპირობებს მეორე ქვეყნიდან პირველში ტურისტების ნაკადის 33%-ით შემცირებას ყოველწლიურად.

განვიხილოთ საქართველოს შემთხვევა: 2014 წლის სექტემბრამდე საქართველოს EOTF ინდექსით შეფასება შეიძლება 100 ქულით განვსაზღვროთ, ვინაიდან 121 ქვეყანა სარგებლობდა უვიზო რეჟიმით, ხოლო დანარჩენი 70 ქვეყანა გამარტივებული პროცედურებით საქართველოს საზღვარზე იღებდა ვიზას. ახალი სავიზო პოლიტიკით კი საქართველოს EOTF მაჩვენებელი არის 49 ქულა.

საქართველოში უცხოელი ვიზიტორებისთვის მოგზაურობის სიმარტივის ინდექსი

2014 წლის 1 სექტემბრამდე

2014 წლის 1 სექტემბრიდან

სულ ქვეყანა

191

100%

სულ ქვეყანა

191

100%

უვიზო რეჟიმი

121

63%

უვიზო რეჟიმი

94

49%

ვიზა საზღვარზე

70

37%

სავიზო რეჟიმი

97

51%

EOTF ინდექსი

0/191

100ქულა

EOTF ინდექსი

97/191

49ქულა

 

საქართველოში უცხოელი ვიზიტორებისთვის მოგზაურობის სიმარტივის მაჩვენებლის 51%-ით შემცირება აუცილებლად გამოიწვევს ეფექტს მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაში. კერძოდ, 2013 წლის მონაცემებით იმ ქვეყნების ვიზიტორების რაოდენობა, რომელთანაც აღდგა სავიზო რეჟიმი და გაუქმდა ვიზის საზღვარზე მიღების შესაძლებლობა, შეადგენს 300 000-მდე ადამიანს. შესაბამისად, ამ სამომხმარებლო სეგმენტიდან საქართველოში ტურისტული ნაკადი შემცირდება 100 000-მდე ვიზიტორით ყოველწლიურად. ჩვენი პროგნოზით, გრძელვადიან პერიოდში ციფრი საკმაოდ მნიშვნელოვანი გახდება. ძნელია, გამოვთვალოთ ტურისტული დანაკარგები იმ 94 ქვეყნიდან, რომელთათვისაც გართულდა გრძელვადიანი ვიზის მიღების პროცედურა, ვინდაიდან ოფიციალურ მონაცემებში არ არის გამიჯნული ვიზიტორები ქვეყანაში დარჩენის პერიოდის მიხედვით.

მეორე დამაბრკოლებელი ფაქტორი, რაც ზეგავლენას ახდენს ტურისტის გადაწყვეტილებაზე, იმოგზაუროს თუ არა კონკრეტულ ქვეყანაში, არის ვიზის საფასური. ზემოაღნიშნულ კვლევაში განხილულია აშშ-ის მაგალითი, რომელსაც ქვეყნების 80%-თან სავიზო რეჟიმი აქვს და ვიზის საფასური ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. მიუხედავად ამისა, აშშ ახერხებს საერთაშორისო ტურისტული ჩასვლების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილისა და საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებით პირველი ადგილის მყარად შენარჩუნებას. კვლევის გამოთვლების საფუძველზე, თუ აშშ EOTF-ს გაზრდის 19,79-დან მაქსიმალურ შესაძლებლობამდე, 100 ქულამდე, შტატებში ტურისტული ვიზიტები 120%-ით გაიზრდება. ამით აშშ მიიღებს დამატებით 84 მილიონამდე ვიზიტორსა და 168 მილიარდამდე შემოსავალს ყოველწლიურად. ტურიზმიდან მიღებული არაპირდაპირი შემოსავლების გათვალისწინებით კი ეს თანხა 200 მილიარდამდე გაიზრდება. თუმცა მას ამ ეტაპზე ტურისტების დეფიციტზე მეტად უკონტროლო მიგრაციისა და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის პრობლემები აქვს. ამიტომ, ქვეყანა არ საჭიროებს განსაკუთრებულ ზომებს ვიზიტორების რაოდენობის გაზრდისთვის. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, სავარაუდოდ, საქართველოს ვიზის 50 აშშ დოლარამდე გაზრდა მნიშვნელოვან დანაკარგს მოუტანს ქვეყანას ტურისტული აქტივობის თვალსაზრისით, ვინაიდან მისი საფასური ევროკავშირის ქვეყნების სავიზო მოსაკრებელსაც კი აღემატება.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, სავიზო პოლიტიკის გამკაცრებისკენ მიმართული ქმედება განპირობებული იყო მიგრაციის პოლიტიკის დარეგულირებისა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების დაკმაყოფილების საჭიროებებით. თუმცა გაურკვეველია, რატომ უნდა წარმოადგენდეს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის აღდგენა ევროკავშირი-საქართველოს სასაუბრო თემების მნიშვნელოვან ნაწილს. საქართველოს ევროკავშირთან პირდაპირი სახმელეთო კავშირი არა აქვს და რომც ჰქონდეს, ამერიკის კონტინენტის ქვეყნებიდან ევროპაში შესაღწევად საქართველოს არ იყენებენ, ვინაიდან პირდაპირი კავშირი აქვთ ოკეანის გავლით. არც მიგრაციის პრობლემა არის საქართველოში აქტუალური, ვინაიდან მიგრაციის სალდო უარყოფითია. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების საფუძველზე, მიგრაციის სალდო 2012 წლის მონაცემებით არის -21,5, ხოლო 2013 წლის მონაცემებით -2,6. მონაცემები მიუთითებს, რომ საქართველოდან გაცილებით მეტი ადამიანი ემიგრირებს საზღვარგარეთ, ვიდრე ჩამოდის საქართველოში საცხოვრებლად. შესაბამისად, საქართველოსთვის მიგრაციის პოლიტიკა ამ ეტაპზე სასწრაფო წესით რეგულირებას არ საჭიროებს.

დასასრულს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების დონის გათვალისწინებით, ხელისუფლება სწორედ ტურისტების რაოდენობის გაზრდაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას, რაც მოსახლეობის კეთილდღეობის წინაპირობას წარმოადგენს. ტურიზმის განვითარების ამ ეტაპზე, სამთავრობო და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებიდან, საქართველოში სავიზო რეჟიმის გამკაცრებისა და საფასურის შემოღების გასამართლებლად იმ არგუმენტის მოყვანა, რომ აშშ-ში ტურისტული ნაკადებისთვის იგივე სავიზო პოლიტიკა დამაბრკოლებელ ფაქტორს არ წარმოადგენს, ძალიან შეუსაბამოა. ამ ორ ქვეყანას ვერ შევადარებთ ერთმანეთს მათი ტურისტული რესურსებითა და მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე პოზიციონირებით, ვერც ეკონომიკური განვითარების დონითა და ქვეყნის დღის წესრიგში არსებული პრობლემებით.

წინა სტატია

საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა
14 ნოემბერი, 2014

შემდეგი სტატია

ამერიკის უმდიდრესი ოჯახები
17 ნოემბერი, 2014
NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან
კომპანიები | თებ, 15, 2018
The Reform Ambassador
Forbes Georgia in English | იან, 24, 2018
ქართული პროდუქციის 10 უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანია
ახალი ამბები ქართულად | იან, 30, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა