$600-მილიონიანი კერძო მუზეუმი იაკობაშვილისგან

"მხოლოდ ხელოვნებას ძალუძს ჩვენ გარშემო დაგროვილ ნეგატიურ ენერგიასთან გამკლავება".

ანტიკვარული საათების, მუსიკალური ინსტრუმენტებისა და რუსული ბრინჯაოს კოლექციას, რომელიც დღეს მოსკოვში, სოლიანკაზე, მუზეუმ “სობრანიეშია” გამოფენილი, დავით იაკობაშვილი 18 წლის განმავლობაში აგროვებდა.

ზოგჯერ მგონია, რომ ძალიან შევცდი, 18 წლის წინ კოლექციონერობა რომ განვიზრახე, მაგრამ წარსულში დაბრუნების საშუალება რომ მქონდეს, ალბათ იმავეს გავიმეორებდი.

ამ 18 წლის განმავლობაში მსოფლმხედველობა შემეცვალა. ჩემს კოლექციაში უამრავი საგანია, რომლებიც ერთადერთ ეგზემპლარადაა შესრულებული, იქნება ეს ბრინჯაოს ქანდაკებები, ფაიფურის მცირე პლასტიკა თუ ფერწერული, გრაფიკული, საიუველირო და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. მათი შეფასებისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ რა განწყობით ქმნიდა ავტორი ნამუშევარს. ეს ურთიერთობის, განწყობის ქიმია საიუველირო ნაკეთობის, ნახატისა თუ ქანდაკების თითოეულ დეტალში, თითოეულ შტრიხში აისახება. ამ ნამუშევრების შესწავლა, ამოცნობა, თვალიერება უსასრულოდ შეიძლება – ეს რებუსი გიზიდავს და გითრევს. რაც დრო გადის, კოლექციას სულ უფრო მეტი დრო მიაქვს, ის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩემთვის.

ჩემი ახლობლები ჩემს გატაცებას იზიარებენ და პატივისცემით ეკიდებიან. ჩემი ვაჟი, მიხეილი, ახლა მუზეუმის ელექტრონულ აღჭურვაზე და მნახველებისთვის ინტერაქტიური გართობის კონცეფციაზე მუშაობს.

მეც და ჩემი შვილიც დარწმუნებულები ვართ: მუზეუმმა საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია უნდა შეითავსოს, მის კედლებში აუცილებლად უნდა ჩატარდეს ლექციები, სემინარები.

მუზეუმის ქვედა სართულები დათმობილი აქვს სარესტავრაციო სახელოსნოებს, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ, საკუთარი თვალით ნახონ, როგორ მიმდინარეობს ექსპონატების აღდგენის სამუშაოები, როგორ მოჰყავთ მწყობრში მექანიზმები, როგორ მუშაობენ დურგლები და ოქრომჭედლები, როგორ ხდება ოქროთი დაფერვა, რა შრომა დევს ამ ყველაფრის უკან.

ჩემი პირველი კოლექცია იმ პირობით შევიძინე, რომ მუზეუმს გავხსნიდი. ცხადია, მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონდა, რა საქმეს შევეჭიდე. ეს გახლდათ ჩემი პარტნიორის, ბიზნესმენ ბილ ლიდვალის მუსიკალური ზარდახშების კოლექცია -სტოკჰოლმის ცენტრში, 200 კვ/მ ფართობის მუზეუმში გამოფენილი 430 ექსპონატი. მაშინ გავიფიქრე: რა პრობლემაა, ასეთი მუზეუმის გახსნას ბევრი არაფერი უნდა... შემდეგ კიდევ ერთი კოლექციის სანახავად წავედი, მერე – კიდევ ერთის და აღმოჩნდა, რომ აი, ეს ეგზემპლარი არ მაქვს, არც ეს, არც ის... ასე დავიწყე ნამუშევრების შეძენა. შემდეგ ბრინჯაოს მცირე პლასტიკის რამდენიმე ნიმუში მომიტანეს, რომელთა ყიდვას გასაჩუქებლად ვაპირებდი, მაგრამ კარგად რომ დავაკვირდი, გავიფიქრე, ანკი რატომ უნდა ვაჩუქო ვინმეს? და აი, სწორედ მაშინ, ბრინჯაოთი დავიწყე კოლექციონირება.

შესაძლოა, ჩემი მხრიდან არცთუ თავმდაბლად ჟღერდეს, მაგრამ ფაქტია: რუსული ბრინჯაოს ყველაზე დიდი კოლექციის შეგროვება შევძელი - მსოფლიოს არც ერთ მუზეუმს არა აქვს ასეთი კოლექცია. ექსპონატების 20% რუსეთში შევიძინე, დანარჩენი საზღვარგარეთიდან ჩამოვიტანე.

ჩვენ მსოფლიოს ყველა ძირითად აუქციონს ვადევნებთ თვალყურს, კოლექციის შესავსებად ბევრს ვმოგზაურობ, ყოველდღიურად ვეცნობი როგორც ამერიკული, ისე ავსტრალიური, ევროპული, ჰონკონგური ბაზრის შეთავაზებებს. იაპონურ ბაზარსაც შევისწავლი, მაგრამ იქ, ლარნაკების გარდა, ჯერჯერობით საინტერესო ვერაფერი აღმოვაჩინე.

წელიწადში ათობით, ასობით ნივთს ვყიდულობ, მათგან “ნამდვილი” ბრინჯაო სულ 5-7 ნამუშევარზე მეტი არაა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ პაოლო ტრუბეცკოის, მარკ ანტოკოლსკის ან ევგენი ლანსერეს ბრინჯაოს სკულპტურებს მივაგენი. ლანსერეს 170 ცნობილი მცირე პლასტიკიდან 120 ჩემს კოლექციას ამშვენებს. ტრეტიაკოვის გალერეაში ახლა გახსნილ პაოლო ტრუბეცკოის გამოფენის ექსპონატების დიდი ნაწილი ჩემი კოლექციიდანაა.

კოლექციაში დიდი რაოდენობითაა თავმოყრილი ცნობილი ოსტატების მიერ შექმნილი სუფრის ჭურჭელი. 2000-ის დასაწყისსა და შუა პერიოდში რუსეთის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების რევოლუციამდელ ნიმუშებზე დიდი მოთხოვნილება გაჩნდა, ამ აჟიოტაჟმა კი ფასების ზრდა და ბაზრის ყალბი ნამუშევრებით გაჯერება გამოიწვია. ამ მოთხოვნას მსოფლიოს უდიდესი სააუქციონო სახლებიც კი ვერ უმკლავდებოდნენ, ბაზარი გაივსო ყალბი ნამუშევრებით და კომპილატებით (როდესაც, მაგალითად, ძველ ნამუშევარში მინა ან სხვა დეტალია შეცვლილი, ან ძველი ფრაგმენტებით ახალი საგანია აწყობილი).

ამერიკაში, მაგალითად, სახელოსნოებიც კი არის გახსნილი, სადაც იუველირები ნამუშევრებს ფაბერჟეს, ლორიეს, კურლიუკოვის, საზიკოვის ფირმის ისტორიულ დამღას ასვამენ და გამოდის, რომ 150 წლის ოსტატი ცოცხალია, თავსაც მშვენივრად გრძნობს და აქტიურადაც მუშაობს.

ცხადია, გაყალბებული ნამუშევრები მეც შემიძენია.

ფრანგული მინის ნაწარმის კოლექციისთვის ემილ გალეს, ფრანსუა-ემილ დეკორშემონის, გაბრიელ არჟი-რუსოს, ძმები დომებისა და ძმები მიულერების ნამუშევრებს ვყიდულობ - ამჯერად 1700 საგანი მაქვს. როგორც ექსპერტიზამ აჩვენა, მათგან 150 ყალბია. მაგრამ ვინც არ ცდება, ის არც იმარჯვებს!

მე ვაგროვებ XIX საუკუნისა და XX-ის დასაწყისის ქვის მჭრელთა ნამუშევრებს, სპილოს ძვლის მინიატურულ სკულპტურებს, ასევე ზარდახშებს, სათუთუნეებს – სასაჩუქრე საგნებს, არისტოკრატული ოჯახების სიმდიდრის სიმბოლოებს. თითოეული ასეთი სათუთუნის შექმნას რამდენიმე თვეს უნდებოდნენ: სხვადასხვა ფერის ოქროსა და ძვირფას ქვებს იყენებდნენ, ამინანქრებდნენ, ავტომატონებით – ადამიანისა და ცხოველის გამოსახულებიანი დასაქოქი მექანიზმებით – რთავდნენ. კოლექციაში 1500-ზე მეტი ასეთი სათუთუნე გვაქვს, ასევე ვერცხლის ნაკეთობები: თასები, სხვადასხვა სასაჩუქრე საგნები, XVII–XIX საუკუნის რუსული მინანქარი, ფაბერჟეს 800-ზე მეტი ნამუშევარი.

ჩემი კოლექციის მშვენებაა მექანიკური საგნები, მოძრავი თოჯინების ჩათვლით, ასევე 800 მუსიკალური საათი - როგორც მაგიდის, ისე იატაკზე და ბუხარზე დასადგმელი. ყველა მექანიზმი მწყობრშია, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას ერთდროულად ვერ ვრთავთ, რიგრიგობით უნდა ვაჩვენოთ დამთვალიერებლებს.

ასევე გვაქვს ჯიბის მუსიკალური საათები და ავტომატონები. ნაპოლეონის ხანაში ეროტიკული ავტომატონები იყო მოდური, ამავე პერიოდში, იმპერატორის ბრძანებით, მისი არმიის დაბალი ჩინის ოფიცერთათვის ეტლზე დასამაგრებელი საათები გამოუშვეს, რომელთაც იმ დროის საუკეთესო ოსტატები ქმნიდნენ, მაგალითად, აბრაამ ლუი ბრეგე – Breguet-ს მანუფაქტურის დამაარსებელი. მაღალი ჩინის ოფიცერთათვის გამიზნულ ჯიბის საათებს კი Jaquet Droz-ის, Piguet & Meylan-ის, Breguet-სა და Patek Philippe-ის მანუფაქტურები აწარმოებდნენ. ჯიბის საათები უფრო ძვირად ფასობდა – მათი მინიატურული მექანიზმისთვის ბევრად მეტი დრო და ენერგია იხარჯებოდა, ვიდრე ეტლის, სამაგიდე ან საბუხრე საათების ასაწყობად.

ჩემს კოლექციაშია XIX საუკუნის დასაწყისისა და XX-ის ბოლოს დამზადებული აკორდეონები, ასევე ორგანები და მუსიკალური ზარდახშები, სეკრეტერები, კარადებში ჩამონტაჟებული მექანიკური მუსიკალური აპარატები, ქუჩის ორგანები, წინათ ქალაქის მოედნებზე რომ იდგა. მუსიკალური კარადების რეპერტუარი იმის მიხედვით განსხვავდებოდა, თუ რომელ გასართობ ადგილას იდგა – რესტორანში თუ საროსკიპოში.

შემდეგ პატეფონების ხანაც დადგა... ჩემს კოლექციაში პატეფონისთვის განკუთვნილი 30 000 საგანი მოგროვდა: ფირფიტები, ცილინდრები, ქაღალდის დისკები, პერფორირებული ლენტები.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მე-19 საუკუნის რამდენიმე ათასი ფოტო, მათ შორის დმიტრი ერმაკოვის – დაუღალავი მოგზაურის, ომისდროინდელი ფოტოხელოვანის, რომელიც კავკასიის, შუა აზიის, სპარსეთის ყოფას ასახავდა. თავდაპირველად თითოეულ ფოტოს $1000-ად ვყიდულობდით, მოგვიანებით კი ერმაკოვის საყვარლის შვილიშვილს მივაკვლიეთ და მისგან მთელი კოლექცია – 3,500 ფოტო ვიყიდეთ.

გვაქვს სურათებით მორთული ავტომატონები და საათები. ფერწერულ კოლექციაში აღსანიშნავია რუსეთის სამი იმპერატორის: ალექსანდრ I-ის, ალექსანდრ III-ისა და ნიკოლაი II-ის კარის მხატვრის, მიხაი ზიჩის 200 ნამუშევარი, ნიკო ფიროსმანის ტილო, ვლადიმირ მაკოვსკის ტილო, ალექსანდრ ორლოვსკის 60-ზე მეტი ნამუშევარი, ასევე ანტიკვარული წიგნების დიდი კოლექცია.

ჩვენ სამუზეუმო კოლექციის თითოეული მიმართულების მიხედვით სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნებას ვგეგმავთ. ამჟამად ფრანგული ლარნაკებისა და სათუთუნეების კატალოგს ვამზადებთ. ვეძებთ სპეციალისტებს, რომლებიც არა მხოლოდ გამოიკვლევენ და აღწერენ კოლექციას, არამედ ზოგადად ხელოვნების ისტორიის კონტექსტში მისი მნიშვნელობის ანალიზს შესთავაზებენ მკითხველებს.

იმ წვალებამ, რაც სოლიანკაზე მუზეუმის აშენებისას მხვდა წილად – სამუშაოები 18 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რამაც, უნდა ვთქვა, სისხლი გამიშრო – და იმ ძალისხმევამ, კოლექციის შექმნას რომ დასჭირდა, ერთ რამეში დამარწმუნა:

ხელოვნების გარეშე სიცოცხლეს ფასი არა აქვს. მხოლოდ ხელოვნებას ძალუძს ჩვენ გარშემო დაგროვილ ნეგატიურ ენერგიასთან გამკლავება.

ჩვენ გირჩევთ

Forbes Georgia. 2018 წლის აგვისტო-სექტემბრის ნომერი

Forbes Georgia: 30 Under 30 - ქართული ასეული

Forbes Georgia. 2018 წლის აგვისტო-სექტემბრის ნომერი

Forbes Georgia. 2018 წლის აგვისტო-სექტემბრის ნომერი

დავით იაკობაშვილი მუზეუმი სობრანიე

წინა სტატია

ივლისში ფულადი გზავნილები 19 პროცენტით გაიზარდა
15 აგვისტო, 2018

შემდეგი სტატია

უკრაინის ექსპორტში რუსეთის წილი 7.7 პროცენტია, ევროკავშირის - 42%
16 აგვისტო, 2018
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა